„დასავლეთმა ვერ გადაიყვანა რუსეთის მეგობრები უკრაინის მხარეზე, – წერს The Wall Street Journal–ი სტატიის სათაურში და გულისხმობს „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებს. გამოცემის თანახმად, კიევისა და დასავლეთის დედაქალაქების ძალისხმევის მიუხედავად, „ბევრი უმსხვილესი განვითარებადი ეკონომიკა, მათ შორის ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთი აფრიკა, ნეიტრალური რჩებიან ომის მიმართ და რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან, – წერს ტელეგრამ-არხი „Политика Страны“.
„ბოლო თვეების განმავლობაში დიპლომატები და დამკვირვებლები ამბობენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მზადყოფნა, საჯაროდ გააკრიტიკოს რუსეთი, შემცირდა. არაერთი განვითარებადი ქვეყანა გამოვიდა უკრაინისა და მისი მხარდამჭერების მოწოდებების წინააღმდეგ, რუსეთისგან მოითხოვონ რეპარაციები ომით გამოწვეული ზარალისთვის და შექმნან საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც დაიწყებს რუსეთის ხელმძღვანელობის დევნას“, – წერს WSJ.
ექსპერტთა თქმით, დასავლეთმა სათანადოდ ვერ შეაფასა აშშ-ისა და ევროპის მიმართ მტრობის ხარისხი მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში, აგრეთვე, სურვილი ისეთი წამყვანი მოთამაშეებისა, როგორიცაა ბრაზილია და სამხრეთი აფრიკა, „დაიცვან თავიანთი დამოუკიდებლობა და ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე“.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომავალ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერების შეხვედრისას განვითარებად ქვეყნებს სურთ „გლობალური ყურადღების გადატანა თავიანთ პრიორიტეტებზე: გლობალურ უთანასწორობასა და ვალის შემცირებაზე”, თუმცა ისიც აღნიშნულია, რომ „თანდათანობითი პროგრესი“ მაინც მიღწეულია. კერძოდ, ინდოეთში გამართულ G20-ის ბოლო სამიტზე ჩავარდა „რუსეთის მცდელობა, გამოეყენებინა დასავლეთის ეკონომიკური სანქციების კრიტიკული ფორმულირებები“.
ამასთანავე, მათ დაიწყეს თანამშრომლობა გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან ომის კონკრეტულ ასპექტებზე, თანაც „ისე, რომ არ აიძულებდნენ მათ, საჯაროდ დაეგმოთ მოსკოვი“. გარდა ამისა, უკრაინა წლის ბოლომდე გეგმავს ჯიდაში გამართული სამიტის მსგავსი შეხვედრის ორგანიზებას.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ
https://uk.tgstat.com/channel/@stranaua/122577