მეორე მსოფლიო ომის დამთავრების წინ მსოფლიოს სამი სახელმწიფოს ლიდერები შეიკრიბნენ საბჭოთა იალტაში მსოფლიოს ბედის გადასაწყვეტად. 70 წლის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის გავლენიანი სახელმწიფოები შეიკრიბნენ სოჭში, რათა განესაზღვრათ ომისშემდგომი სირიის მომავალი, _ აღნიშნავს CNN.
ამ არხის აზრით, ირანმა, თურქეთმა და რუსეთმა, საზოგადოდ, შეასრულეს მათ წინაშე მდგარი მიზნები და განიმტკიცეს გავლენა რეგიონში.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ იწყება ახალი ეტაპი სირიის კრიზისში. CNN შენიშნავს, რომ ისინი დაბეჯითებით ვერაფერს იტყვიან, რა განიხილეს ამ შეხვედრაზე და რა გამოვა აქედან, მაგრამ მონაწილეთა სია ბევრის მთქმელია.
მეთიუ ჩანსი,CNN-ის მთავარი საერთაშორისო კორესპონდენტი, აცხადებს: ჩვენ ვიცით, რომ ეს სამი ფიგურა _ თურქეთის, ირანისა და რუსეთის პრეზიდენტები _ ერთმანეთს ულოცავენ სირიასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულებას. სამმხრივი შეხვედრის დაწყებამდე პუტინმა მადლობა გადაუხადა ირანისა და თურქეთის ლიდერებს და რომ ისინი დაეხმარნენ სირიას და იხსნეს ეს ქვეყანა დანაწევრებისგან. მან თქვა: “თქვენი პოზიცია რომ არა, არ დამთავრდებოდა საომარი მოქმედება, არ შეწყდებოდა ცეცხლი, ვერ შეიქმნებოდა დესკალაციის ზონები”.
“ასე რომ, პუტინის აზრით, ამოცანა ფრიადზე შესრულდა. და მართლაც, ამ ქვეყნებმა გარკვეულად მიაღწიეს დასახულ მიზნებს სირიაში. ირანელებმა გააფართოეს თავიანთი გავლენა როგორც სირიაში, ასევე, მთელ ახლო აღმოსავლეთში; თურქები არავითარ შესაძლებლობას არ აძლევენ ქურთებს, სირიის ტერიტორიაზე შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო. რუსებმა კი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვაჩვენეს, რომ ერთგულებენ თავიანთ მოკავშირეებს, რომ ისინი სერიოზულ ძალას წარმოადგენენ, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე მის საზღვრებს მიღმადაც.
ვფიქრობ, რომ პუტინისა და კრემლის აზრით, ეს არის მთავარი წარმატება. ახლა უკვე აშკარაა, რომ რუსეთი სერიოზული მოთამაშეა, რომელთანაც საქმე უნდა დაიჭირო, როცა საკითხი ეხება ახლო აღმოსავლეთს”, _ ასკვნის რობინი.