2013 წლის 14 თებერვალს – სიყვარულის დღეს ლიკა ყაზბეგმა და პატიმარმა გიორგი ჯელაძემ ციხეში ხელი მოაწერეს. მაშინ ყველა ამ ქორწინებაზე ლაპარაკობდა.
მაგრამ ციხეში შექმნილი ოჯახი ციხეშივე დაინგრა. მომხდარის მიზეზებზე ლიკა ყაზბეგი „პრაიმტაიმთან“დიდი ხნის შემდეგ ყვება.
– ლიკა, როგორ შეგაყვარა გიორგიმ თავი?
– … სამი მოწმე მყავს, რამდენ ხანს მთხოვდა თუნდაც ერთ ზარზე მეპასუხა პატიმრისთვის, რომელიც უდანაშაულოდ იხდიდა სხვის მაგივრად სასჯელს. დალი არჩვაძე, დედამისი, მიხატავდა სიურრიალისტურ სურათებს, რომ ჩემზე ბედნიერი ქალი არავინ იქნებოდა, რომ გიორგი ისეთი მაგარი ბიჭი იყო, რომ ციხიდან არჩენდა ოჯახს, რომ იყო „ადნალუბი“. მისი პირველი სიყვარული ვიყავი (ამას ჩემი ქმარი მწერდა. ჩვევა მაქვს, ყველაფერს ვინახავ და ამას წინათ ვნახე შენახული გზავნილები)
ჩემი ქმარი თავის ფბ-ზე ყველას ემუქრებოდა, ვინც ჩემთან ურთიერთობაში ხელს შეუშლიდა. როდესაც ეს ხელისშემშლელები შინაური მტრები აღმოჩნდნენ, მერე უკან დაიხია. ვერ გავკიცხავ ძალიან ამის გამო. ქართველი მამაკაცების 70 პროცენტი ასეთია. ვერ უწევენ წინააღმდეგობას ქალებს დედებთან ჭიპლარით მიბმული კაცები.
– ფბ აქვთ პატიმრებს?
– ის უკვე გარეთ არის.
– როდის გამოვიდა?
– 18 იანვარს, 17-ში ღამით. იმედია, მალე დატოვებს ქვეყანას. მთელი ვერისა და საბურთალოს პოლიცია ფეხზე დგას, რომ 100 მეტრზე არ მომიახლოვდეს.
– შემთხვევით რომ შეხვდეთ ერთმანეთს?
– ჩვენი გზები სამუდამოდ გაიყარა და მადლობა ღმერთს. სხვათა შორის თვითონ მასაც ვუხდი მადლობას, თავისი მარწუხებიდან რომ მიხსნა. მე უძლური ვიყავი, ეტყობა, ვერ ველეოდი ამდენ ამაგს. გამოსვლამდე სამი დღით ადრე ვრცელი წერილი მივწერე ჩემს ყოფილ ქმარს. კარგად იცის გიორგიმ, თმის ღერიც რომ ჩამომივარდეს, ყველაფერი მას და მის ხელისბიჭებს დაჰბრალდებათ. წერილში ჩემი სათქმელი ვუთხარი, სხვა არაფერი მაქვს სალაპარაკო.
– ცოტა უცნაურია, ელოდებოდი ქმრის გამოსვლას, დღეებს ითვლიდი და ახლა… მისი გეშინია.
– სინამდვილეში ჩემს ყოფილ ქმარს უნდა ეშინოდეს ჩემი. უფრო სწორად ჩემი კი არა… ღმერთის. არასოდეს დამავიწყდება, ბოლოს რომ დამირეკა ვიჩხუბეთ, ქუჩაში ვიყავი, დაქალი მახლდა. ყველაფერს შეესწრო, ყველაფერი ესმოდა… ქმარს ვეუბნებოდი, იცოდე, გიორგი, ღმერთი არსებობს-მეთქი. იმხელა პაუზა ჰქონდა, არასდროს დამავიწყდება ეს მომენტი. მერე ბევრჯერ მოვუსმინე (ჩემი ტელეფონი იწერს ყველა საუბარს)… ის სასოწარკვეთილი პაუზა არასდროს დამავიწყდება. ვიციო, მითხრა ბოლოს, ძლივს ამოღერღა. ეს არ იყო ქედმაღალი, ამპარტავნული პასუხი… ახლა მეტირება, ეს რომ მახსენდება. სიბრალული და სიძულვილი ერთად მაქვს ზოგჯერ არეული. მიჭირს პატიება, მაგრამ ბოლოს ვიცი, მაინც მივუტევებ, რაც არ უნდა დიდი დრო დამჭირდეს. როცა მახსენდება, დედაჩემი ღამეებს როგორ ათენებდა, დილით რომ ქმართან საჭმელი წამეღო, სისხლი მეყინება ძარღვებში ტკივილისგან. გიორგის დიაბეტი აქვს წლებია და განსაკუთრებული მენიუ სჭირდებოდა. დანდური უყვარდა დედაჩემის გაკეთებული. დედა ავად არის. ხელები უბუჟდება. არ მიმატოვა ამდენ პრობლემებთან, მხარში მედგა მთელი ოთხი წლის განმავლობაში და როგორც შეეძლო, მეხმარებოდა. სააგენტოს დაკეტვა მომიწია, წლების განმავლობაში შეგროვებული ბავშვები გამექცნენ, სულ ვუცდენდი გაკვეთილს. შემოსავალი აღარ მქონდა, გასავალი გამიათმაგდა. დედაჩემისა და მამაჩემის პენსიით ვახერხებდი ასე თუ ისე მის პატრონობას.
– ძნელია პატიება, დავიწყება?…
– სამწუხაროდ, ალბათ, ჯერ ვერ ვარ კარგი ქრისტიანი. დრო სჭირდება ყველაფრის გადახარშვას.
– ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა შენს უცაბედ დაოჯახებას, არავინ ელოდა შენგან ასეთი ნაბიჯის გადადგმას. ვიცი, რომ დიდი პროექტისთვის ემზადებოდი.
– რომ გავთხოვდი, ჩემი ახლობლები შეცდომით სხვაზე დაქორწინებას მილოცავდნენ. მანამდე ერთ კარგ ადამიანზე ვიყავი შეყვარებული, სერიოზული ურთიერთობა გვქონდა. ეგონათ… მას გავყევი ცოლად. მე კი ნაჩხუბარი ვიყავი შეყვარებულთან და სწორედ ამ პერიოდში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე გიორგი ჯელაძე. ყველასთვის მოულოდნელი იყო ჩემი გადაწყვეტილება… სანამ ჩემი მეგობრები იმას არკვევდნენ, რატომ იჯდა ჩემი საქმრო ციხეში, ვინ იყო, რა მენტალობის, როგორი წარსულის, რა ოჯახიდან, რა გარემოცვა ჰყავდა, რა მიზნები ამოძრავებდა მის ოჯახს და ა.შ. მე უკვე „მომსახურების ზონიდან“ ვიყავი გასული. ჩემი დაქალები ერთმანეთს ურეკავდნენ თურმე, რა ვქნათ, ლიკა როგორ მოვიყვანოთო გონს, მაგრამ ამაო იყო ყველაფერი.
– კრიმინალურმა წარსულმა არ დაგაფიქრა, რატომ გადადგი ეს ნაბიჯი?
– დავიწყებ იქიდან, რომ მე ის კაცი, ვისაც ცოლად მივყვებოდი, მეგონა, ნაციონალური რეჟიმის მსხვერპლი და უკანონო პატიმარი, მართალი, სუფთა. მის უდანაშაულობაში მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული. ჩემი ოჯახი ნაციონალური რეჟიმის წინააღმდეგი იყო. რამდენჯერ უტირიათ ჩემს მშობლებს, ციხეში პატიმრების წამების შესახებ რომ ყვებოდნენ. ამიტომ ძნელად, მაგრამ მაინც შევძელი ჩემი ოჯახის დაყოლიება. მე ვიცოდი, რომ რამდენიმე თვეში გიორგის უდო უნდა შეხებოდა 1000 პროცენტით და გამოვიდოდა. ერთად ვიქნებოდი.
მერე… მერე ლამის კაბინეტში ვუვარდებოდი მინისტრებს, მათ მოადგილეებს.
მოგვიანებით შევიტყვე (უკვე ხელი გვქონდა მოწერილი და ჯვარი დაწერილი), რომ ის… სამჯერ იყო ნასამართლევი.
მინდა გითხრათ, რომ ვაპირებ ჩემი ოთხწლიანი ბიოგრაფიის დაწერას. შავი მასალა უკვე დაწერილი მაქვს და რამდენიმე ადამიანს გადავუგზავნე, რამე რომ იყოს, რომ გამოაქვეყნონ მაშინვე. ჩემი ეს 5-წლიანი პერიოდი დაწვრილებით აღვწერე. როცა სხვა პატიმრები ცოლებმა მიატოვეს, მე მაშინ გავყევი პატიმარს.
– რა იყო შენი მთავარი შეცდომა?
– მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი ამ ეტაპზე. მათ, ეგონათ, ალბათ, რომ ცნობილი სახე თუ ხარ, ყველაფერი შეგიძლია. გულწრფელ გაოცებას ვხედავდი მათ სახეებზე, რომ ვერ გამომყავდა გიორგი ციხიდან.
– თქვენი ხელმოწერა ციხეში მახსოვს… ახლა როგორ ხარ?
– იუმორი, ფსიქოლოგთა კოლონა და მამების, დედაოების, ბერების, მეუფეების ჯარი მეხმარება იმის გააზრებაში, რაც თავს გადამხდა.
– ძვირი დაგიჯდა მკურნალობა?
– დაახლოებით 10000 ლარი. მეუბნებიან, რომ სხვებთან შედარებით მე გამიმართლა.
– შენი ოჯახი როგორ შეხვდა ასეთ პირთან შენს დაქორწინებას?
– ნებისმიერი მშობლისთვის ძალიან მძიმეა იმასთან შეგუება, რომ შვილი თავის ბედს პატიმრობაში მყოფ პიროვნებას უკავშირებს.
თავიდან 100%-ით მჯეროდა ყველაფერი, მერე – 90-ით, მერე – 80-ით და ასე ჩამოვიდა 0 პროცენტამდე ბოლოს კი მინუსებში გადავიდა ჩემი ნდობა მის მიმართ. ახლა მრცხვენია, რომ მახსენდება, ხალხს ტრაგიკულ ისტორიებს რომ ვუყვებოდი მასზე. მეც ვტიროდი და სხვასაც გულს ვუჩუყებდი. ყველაფერი ნამდვილი იყო, ყველაფერი გულწრფელი. მე მაშინ მჯეროდა იმის, რასაც ვამბობდი”,- იხსენებს ლიკა ყაზბეგი.