პალინდრომი სიტყვათაწყობაა, როდესაც ტექსტი წაღმა და უკუღმა ერთნაირად იკითხება. აი, ერთი მაგალითი: ”აი რა მზის სიზმარია, აირევი, ივერია… აი დროშა, აშორდია, აერების სიბერეა“ (გალაკტიონი). აქ მთავარი, აზრი კი არა, ფონეტიკაა, თუმცა მთლად ცარიელი ფონეტიკით პალინდრომი ვერ შეიქმნება. სიტყვას (სიტყვებს) აუცილებლად უნდა ჰქონდეს სემანტიკური მნიშვნელობა. საბოლოო ჯამში, ეს მაინც ლიტერატურული თამაშია, ჟონგლიორობაა და მეტი არაფერი. მიუხედავად ამისა, ეს ”აირევი ივერია” ცოტა მეტი მგონია, ვიდრე ლიტერატურული ჟონგლიორობა. მე წინასწარმეტყველების ელემენტებს ვკითხულობ ამ სიტყვებში: დროშა გადაგრევთ ქართველებს და აირევა ივერია, – გვაფრთხილებდა პოეტი.
1988 წლიდან ნოე ჟორდანიას მენშევიკური დროშა აფრიალეს ქუჩებში, 2003 წლიდან კი ”ნაციონალური მოძრაობის” (პარტიული) ხუთჯვრიანი დროშა აბაზანის ხალათივით აქვთ მოხურული და კვლავ ქუჩებში დარბიან. ივერია კი არეულია მთელი ამ ხნის განმავლობაში. არ ვიცი, რა ვადებსა და მასშტაბებს გულისხმობს გალაკტიონის წინასწარმეტყველება, ამიტომ ვშიშობ, უფრო მეტად, უფრო სასტიკად არ აირიოს ივერია…
ცოტა ხნის წინათ ტრამპის მეორედ მოსვლა ეიმედებოდა ივერიაზე არანაკლებად არეულ მსოფლიოს, მაგრამ მან იმედების გაცრუების განცდა უფრო მოიყოლა, ვიდრე მათი ახდენისა. ტრამპის მოსვლის შემდეგ გაცილებით მწვავედ იგრძნობა მსოფლიო წესრიგის ნგრევისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების ფეხქვეშ გათელვის შემაშფოთებელი რეალობა. ძალმომრეობის კანონი მართავს დღევანდელ მსოფლიოს.
კანადას მივიტაცებ!
გრენლანდიას ვიყიდი!
პანამის არხს დავიბრუნებ!
– მსოფლიოს გასაგონად აცხადებს პრეზიდენტი ტრამპი. ამ განცხადებებში ყველაფერზე საგანგაშო არის ის, რომ, არათუ შემაკავებელი, პროტესტის გამომხატველი საერთაშორისო ორგანიზაციაც არ არსებობს მსოფლიოში. გაერო გააბითურეს, მისი უშიშროების საბჭო თითქმის უმოქმედოა, გადაწყვეტილების მიმღები რომც იყოს ვინმე, შემსრულებელი არავინაა, იმიტომ, რომ აშშ-მა წესების მიხედვით ცხოვრებას წესების გარეშე ბრძოლა ამჯობინა. რაკი ერთ-ერთი (თანაც ყველაზე ძლიერი მოთამაშე) წესების გარეშე ბრძოლაზე გადავიდა, საერთაშორისო ცხოვრებაში ქაოსი და ძალმომრეობა გაბატონდა. ახლა ვერავინ ვერავის ვერ მოსთხოვს წესების დაცვას, ვინც რას მოახერხებს და რამდენს მოახერხებს, იმდენს მიიტაცებს. ამ ვითარებაში ძალა ცუდ როლს ასრულებს, მაგრამ მას დადებითი როლიც აკისრია, ვინაიდან ძალმომრეობის გაბატონების ვითარებაში ძალას მხოლოდ ძალა აბალანსებს, ძალა მხოლოდ ძალას უწევს ანგარიშს. ძლიერები ერთმანეთთან დაპირისპირებაშიც შედიან, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეთანხმებას ამჯობინებენ. ეს, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, ცუდიც არის, რადგან, რაც უფრო შეთანხმდებიან ძლიერები, მით მეტად დაუცველები დარჩებიან სუსტები. დაუცველად დარჩენილ სუსტებს კი, საბოლოო ჯამში, ძლიერები გადაინაწილებენ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დასრულდება, კვლავ ამოქმედდება წესრიგი, რომელიც ამ ახალი გადანაწილების ბაზაზე აღმოცენდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის წესრიგიც მოძველდება და მოიშლება. ასეთი მონაცვლეობა წესრიგისა და უწესრიგობისა იქამდე გაგრძელდება, სანამ ახალ თვისებრიობაში არ გადავა დედამიწაზე ცხოვრება. ახალ თვისებრიობაში შინაგანი წინააღმდეგობისა და დაპირისპირების პრიმატის შინაგანი ჰარმონიისა და თანამშრომლობის პრიმატით შეცვლას ვგულისხმობ. ეს რევოლუციაა. წარმოიდგინეთ, რომ ის ტრილიონები, რომლებიც მსოფლიოში სამხედრო მიმართულებაზე იხარჯება, ერთბაშად გამოთავისუფლდეს და სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სახელოვნებო, სამედიცინო, კულტურულ და ჰუმანიტარულ მიმართულებებში ჩაიდოს; ომი და ძალადობა არ იყოს, სისხლისღვრისა და ნგრევის საშიშროება მოიხსნას, ჯაშუშობისა და სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაციების ფაქტები არ ხდებოდეს, ტერორიზმი არ მძვინვარებდეს და ადამიანები თავს ყველგან უშიშრად გრძნობდნენ. ოდესმე იქნებ მართლა დადგეს ასეთი ოქროს ხანა, მაგრამ დღეს ეს წმინდა წყლის უტოპიად ჩანს. ჯერჯერობით სხვა რეალობა გვაქვს – წინააღმდეგობათა და დაპირისპირებათა რეალობა, რომელსაც თავისი ფილოსოფია, თავისი ლოგიკა და თავისი წესები აქვს. ეს ყველაფერი რომ ჩამოვწეროთ, შეიძლება ენციკლოპედიის მასშტაბის ნაშრომი გამოგვივიდეს, მაგრამ, მათგან უმთავრესსა და უძირითადესს თუ გამოვყოფთ, შესაძლებელია, ორიოდე სიტყვამაც იკმაროს, მაგალითად: ზნეობა და პრაგმატიზმი. როგორ რთულ ეპოქასა და ვითარებაშიც უნდა აღმოჩნდეს (გნებავთ, ადამიანი და, გნებავთ, ხალხი), ორ რამეზე მუდმივად ფიქრობს (უნდა ფიქრობდეს): იმაზე, რა არის მისთვის სასიკეთო, და იმაზეც, თუ რა არის სწორი და ზნეობრივი. სასარგებლო და ზნეობრივი ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია. ასეა ფილოსოფიაშიც, ლიტერატურაშიც და ცხოვრებაშიც. პრაგმატიზმისკენ გადახრა ზნეობასთან კომპრომისზე წასვლის ნიშანია, ზნეობისკენ გადახრა კი პრაგმატიზმის თვალსაზრისით დამაზიანებელია. დილემა სწორედ აქ იჩენს თავს. როგორი საკვირველიც უნდა ჩანდეს, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ამ საზოგადო ტენდენციის საწინააღმდეგო ვითარება გვაქვს. რაც პრაგმატულია, სწორედ ისაა ზნეობრივი და, რაც ზნეობრივია, პრაგმატულიც ის არის. მხედველობაში მაქვს დიდებთან ჩვენი (პატარის) ურთიერთობის ანუ საგარეო ორიენტაციის საკითხი. განგებამ თუ ისტორიამ ისე ინება, რომ ორი საუკუნის (მეცხრამეტე, მეოცე) მანძილზე სასიცოცხლო არტერიით ვიყავით დაკავშირებული რუსეთთან. მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან კი (მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა), როგორც პერსპექტივა, მეტიც, როგორც აუცილებლობა, შემოდის დასავლეთის ვექტორი, მაგრამ ეს მიმართულება გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. ნატოს კარი თქვენთვის ღიაა, – გვიმტკიცებდნენ ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ იმ ”ღია” კარში ჩვენი შეშვება დღემდე არავის მოსდის თავში. ანალოგიური ვითარებაა ევროკავშირის წევრობის მიმართაც. მართალია, კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, მაგრამ ამ თვალსაზრისით ცუდი მაგალითები გვაქვს: ჩვენი მეზობელი თურქეთი მეოთხედი საუკუნეა, რაც კანდიდატის სტატუსით აღჭურვეს, მაგრამ ევროკავშირის წევრობის საკითხი კვლავაც გაყინულია…
აქ დროებით უნდა შევჩერდეთ და დღევანდელ დღეს (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) განვითარებულ მოვლენას შევეხოთ. 2025 წლის 29 იანვარია. ამ სტატიას, რომელიც ხვალ (2025 წლის 30 იანვარს) უნდა გამოქვეყნდეს, ვწერ, მაგრამ ერთდროულად ყურადღება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობისკენ მაქვს მიპყრობილი, სადაც საქართველოს დარჩენა-არდარჩენის საკითხი იხილება. აჰა, ეს ინფორმაციაც გამოჩნდა: ”ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისა და ყველა დაპატიმრებული პირის განთავისუფლებისკენ მოუწოდებს”. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპა ქართველი ხალხის არჩევანს არად აგდებს და მასზე ძალადობს. ამის შემდეგ სავსებით ბუნებრივი და ლოგიკურია მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა გაახმოვანა: ”ეს დათქმები სცდება ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს მილიონ ას ოცი ათასზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს. ჩვენი მხრიდან ამ დათქმის მიღება ჩვენი ამომრჩევლისა და საზოგადოების დიდი უმრავლსობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა. მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი, არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს, განხილვები მიკერძოებულია და გამოირჩევა ჩვენი მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით, ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში“.
ეს სწორი და ღირსეული გადაწყვეტილებაა.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპის კარი გამოვიჯახუნეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთმა საქართველოს ოცდაათ წელიწადზე მეტი დააკარგვინა. არც ერთ ”ღია” კარში არ შეგვიშვა, ბოლოს კი იმ ორგანიზაციიდან წამოსვლაც გვაიძულა, რომლის წევრიც ვიყავით, მაგრამ რეალურად არაფერს გვაძლევდა.
ასეთია ევროპასთან და, საერთოდ, კოლექტიურ დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობის სევდიანი ისტორია. სიტყვა სევდიანი შეურაცხმყოფელის სინონიმად გამოვიყენე.
ახლა კი კვლავ განსახილველ თემას დავუბრუნდეთ. პრაგმატული და ზნეობრივი, რომლებიც, წესისამებრ, ერთმანეთს უპირისპირდება, ჩვენი საგარეო ორიენტაციის განსაზღვრისას ერთმანეთს დაემთხვა. კორუფციაში, უიდეობასა და გარყვნილებაში ჩამხრჩვალ დასავლეთზე სწორება არამხოლოდ უზნეო, არამედ არაპრაგმატულიც გამოდგა. რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე სწორება (რაც მომავალში აუცილებლად მოგვიწევს) ზნეობრივიც იქნება და პრაგმატულიც. პრაგმატული იმიტომ, რომ რუსეთმა გაიმარჯვა, დასავლეთი კი მასთან ჭიდილში დამარცხდა (ეს მერამდენედ?!); ზნეობრივი კი იმიტომ, რომ რუსეთი დასავლეთთან დაპირისპირებაში ცამდე მართალია. იგი იცავს სამშობლოს, მართლმადიდებლობას, ოჯახს, ტრადიციულ ღირებულებებს, ანუ ყველა იმ სიწმინდეს, რომლებსაც დასავლეთი დაუნდობლად ანადგურებს. ვფიქრობ, აქ შეკითხვაც კი არ უნდა დაისვას, რომელ მხარეს დგომაა ზნეობრივად სწორი და სარგებლის თვალსაზრისითაც გამართლებული.
რაც შეეხება ახალ რეალობას, რომელიც აშშ-ში პრეზიდენტად ტრამპის მოსვლის შემდეგ იკვეთება, მასში, მიუხედავად ზოგიერთი დადებითი ტენდენციისა, სახარბიელო არაფერი ჩანს. შესაძლებელია, მსოფლიოში ვითარება უფრო აირიოს და დამძიმდეს, ვიდრე ბაიდენის პრეზიდენტობის დროს იყო. არეული და დამძიმებული მსოფლიო არეულ და დამძიმებულ საქართველოს ნიშნავს. იმიტომაც გამოვთქვი შიში სტატიის დასაწყისში, რომ დროშების უთავბოლო ფრიალმა და სხვა ვარსკვლავის ძიების დაუოკებელმა სურვილმა ისტორიულ გეზს აგვაცდინა და განვითარების მაგისტრალური ხაზიდან გადაგვიყვანა. ეს სათქმელად არის იოლი, მაგრამ რეალურად უდიდესი რისკების შემცველია. დასაწყისში ისიც ვთქვი, რომ გალაკტიონის შესანიშნავი პალინდრომი საშიშ წინასწარმეტყველებას ჰგავს. სამ ნაწილად დაშლილი და მოსახლეობის თვალსაზრისითაც განახევრებული საქართველო უფრო როგორ უნდა აირიოს, მაგრამ ბოლო დროს, მსოფლიო არეულობის ფონზე აქ იმდენ დეგრადირებულს ვხედავთ, რომ გალაკტიონის წინასწარმეტყველება და მასთან დაკავშირებული შიშები მთლად უსაფუძვლო არ ჩანს. ამ ეტაპზე მაინც თუ არ მოვთოკავთ ემოციებს და გონებას არ მოვუხმობთ, ”აირევი, ივერია!”
ვალერი კვარაცხელია