Home რუბრიკები ეკონომიკა წყალწაღებული ლარს ეჭიდებოდაო

წყალწაღებული ლარს ეჭიდებოდაო

საქართველოს მთავრობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი და საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც, ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების ფონზე, გასული კვირის მთავარ თემად იქცა. ლარის კონვულსიები გრძელდებოდა, მოსახლეობის გაღიზიანება კი სწრაფად იზრდებოდა.

ვის აძლევს ხელსლარიზაცია”?

პრემიერმინისტრის განცხადებით, “გეგმის მიხედვით, როგორც ერთჯერადი სოციალური აქცია, მოხდება 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნვეყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებული კურსის მინუს 20 პუნქტის ოდენობით. ერთ კლიენტზე ერთ ბანკში 100 ათას ლარამდე ნარჩენი თანხის სუბსიდიაა გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში. მაგალითად, თუ კურსია 2,5, მოხდება ლარში კონვერტაცია კურსით 2,3. ამ სესხებზე გაუქმდება წინასწარ დაფარვის საკომისიო. ბანკები ვალდებულნი იქნებიან, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში შეტყობინება გაუგზავნონ ყველა კლიენტს, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება პოტენციურად შეეხება, რაც საგრძნობლად შეამცირებას ზეწოლას ლარის კურსზე. 400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევთ ადამიანებს, რომლებიც არსებული სესხის გამო ყიდულობდა დოლარს” (“ინტერპრესნიუსი”). საინტერესოა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა წარმოაჩინა ეს გადაწყვეტილება, როგორც “სოციალური აქცია”, თითქმის ქველმოქმედება, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ.

საზოგადოდ, დედოლარიზაცია მისასალმებელია და აქ მთავრობას შეიძლება მხოლოდ იმის გამო ვუსაყვედუროთ, რომ მოქმედება მაშინ დაიწყო, როდესაც სიტუაცია უკიდურესად გართულდა. მსგავსი გადაწყვეტილება უნგრეთში 2011 წელს მიიღეს და მან ასე თუ ისე დადებითი როლი შეასრულა. იგულისხმება, რომ დაახლოებით 33 ათასი ადამიანი (უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი კრედიტი უცხოურ ვალუტაში აღებული აქვს 75 ათასამდე მოქალაქეს) ყოველთვიურად კრედიტის დასაფარავად საჭირო უცხოური ვალუტის შეძენას შეწყვეტს. შესაბამისად, შემცირდება ზეწოლა ეროვნულ ვალუტაზე, რომლის კურსი დოლარის მიმართ ბოლო პერიოდში შეუჩერებლად ეცემა.

იმ ოჯახების მდგომარეობა, რომელთაც შემოსავალი ლარში აქვთ, ხოლო კრედიტი _ დოლარში, საგრძნობლად გართულდა და ისინი გარკვეულ შვებას იგრძნობენ (თუ კრედიტი 2015 წლამდე აიღეს), მაგრამ პრობლემა არის ის, რომ სუბსიდირება მოხდება ბიუჯეტიდან, შესაბამისად მოაკლდება სხვა პროგრამებს და ეს, ამა თუ იმ ფორმით, სხვა კატეგორიის მოქალაქეებზე აისახება. მარტივად რომ ვთქვათ, მთავრობა ამოიღებს ამ ფულს გადამხდელთა ჯიბიდან და ბანკირების ჯიბეში ჩადებს. ფინანსთა მინისტრის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტში კრედიტების “ლარიზაციის” სუბსიდირებისთვის 65 მილიონი დოლარი ჩაიდება. ერთი შეხედვით, ეს არც ისე ბევრია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია პრინციპი. ნებისმიერ შემთხვევაში, საუბარი “სოციალურ აქციაზე” ასეთ შემთხვევაში ერთობ უადგილო ჩანს.

ვინაიდან მთავრობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია დამატებითი შემოსავლების მოზიდვა, მან თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებსა და იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდა გადაწყვიტა. იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელიც. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, “დაგეგმილი ცვლილებები გაზიარებულია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ და მათი განხორციელების შემდეგ საერთაშორისო ფონდებიდან ქვეყანაში დამატებით რამდენიმე მილიარდი დოლარის მოზიდვის შესაძლებლობა გვიჩნდება. აღნიშნული ღონისძიებები ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციაში”, მაგრამ ამ მედალს, ისევე, როგორც ყველაფერს ეკონომიკაში, ორი მხარე აქვს: ეს ცვლილებები გარდაუვალს ხდის საწვავის ფასის მომატებას, რომელიც, როგორც ცნობილია, “რიკოშეტით” მთელ ეკონომიკაზე აისახება და ფასების ზრდას გამოიწვევს. მართალია, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ ის ერთ პროცენტზე მაღალი არ იქნება, მაგრამ მოსახლეობის გამოცდილება გაცილებით დიდი ზრდის შესაძლებლობაზე მიუთითებს. საზოგადოების დამშვიდება პრემიერმა სცადა. მან თქვა, რომ ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდა მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის ფასზე არ აისახება, თუმცა აშკარაა, რომ პრობლემა მხოლოდ ავტობუსებით არ შემოიფარგლება.

როდის გაძვირდება სურსათი?

მთავრობა, სავარაუდოდ, მალე დაკარგავს არგუმენტს, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში იყენებდა, როდესაც ამბობდა, რომ ინფლაცია დაბალია და მათ, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს (და დოლარში კრედიტი არ აუღიათ), შეუძლიათ, იმავე რაოდენობის პროდუქცია იყიდონ, რაც წინა თვეებში, მიუხედავად იმისა, რომ ლარის მდგომარეობა დოლარის მიმართ გაუარესდა. ეს თითქოს ლოგიკურია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია იმის დადგენა, როგორ იცვლება ფასები არა ზოგადად, არამედ პირველადი მოხმარების საქონლის მიმართ. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, გაჭირვების გამო მნიშვნელოვნად შემცირდა სხვა საქონლის შეძენა და ბიზნესმენები იძულებულნი არიან, მასზე ფასი დაწიონ, თორემ კვების პროდუქტების და ნაწილობრივ მედიკამენტების ფასი იზრდება და ამას, ალბათ, საქართველოს თითოეული მოქალაქე ამჩნევს. ოფიციალური სტატისტიკის, ეროვნული ბანკის “თვის ანგარიშის” მიხედვით, 2016 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ხანმოკლე მოხმარების საქონელზე ფასები 1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე _ 0,4 პროცენტით შემცირდა, საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონელზე _ 1,5 პროცენტით გაიზარდა, მომსახურების ფასები კი 0,2 პროცენტით შემცირდა.

ასეა თუ ისე, მალე მთავრობა ამ არგუმენტაციის გამოყენების შესაძლებლობას, სავარაუდოდ, დაკარგავს. “პალიტრანიუსის” ეთერში დიმიტრი ქუმსიშვილმა ინფლაციის 2%-მდე გაზრდა არ გამორიცხა. ერთი შეხედვით, ამაში კატასტროფული არაფერია და მთავრობას ნეგატიური ეფექტის განეიტრალების შესაძლებლობა აქვს, მაგრამ პრობლემაა ის, რომ საქართველოში ეკონომიკურ პროცესებში უდიდესი მნიშვნელობა ფსიქოლოგიურ ფაქტორებს ენიჭება და იმ მოქალაქეთა უმრავლესობა, რომლებიც მსგავს განცხადებებს უსმენენ, დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მოწადინებულია, რეალობა შეალამაზოს და მინისტრის მიერ ნათქვამ ციფრებს ორზე ან სამზე ამრავლებს. მძიმე მოლოდინის ფონზე, რომელსაც ლარის კურსის ყოველდღიური ცვლილება, საწვავის, ხოლო შემდგომ სურსათისა და სხვა საქონლის გარდაუვალი გაძვირება ქმნის, შეიძლება განვითარდეს ზვავისებური პროცესები, რომელთა საფუძველი გახდება არა ობიექტური ეკონომიკური მოცემულობა, არამედ ჩვეულებრივი ადამიანური პანიკა.

გაჭირვებული ფენების მდგომარეობის ბოლოდროინდელ გაუარესებაში დიდ როლს ასრულებს ვალები, რომლებიც მოსახლეობას “ონლაინმევახშეების” მიმართ დაუგროვდათ, ამიტომ განსაკუთრებული რეზონანსი პრემიერმინისტრის შემდეგ განცხადებას მოჰყვა: “ ეროვნულ ბანკთან ერთად ჩვენ ვამზადებთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ონლაინსესხების გაცემა, რაც ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან”. თუმცა მოგვიანებით, დიმიტრი ქუმსიშვილის თანმდევი განცხადებიდან გაირკვა, რომ საუბარია არა აკრძალვაზე, არამედ გარკვეულ რეგულირებაზე: “განვმარტავ, რომ არავინ აპირებს, აკრძალოს სესხის შეთავაზება ინტერნეტში. ჩვენ ონლაინსესხები დავარქვით ისეთ ბიზნესმოდელს, რომლის წლიური საპროცენტო განაკვეთი არის 200-დან 1000%-მდე… ასეთი ბიზნესმოდელი ქვეყანაში არ ქმნის იმდენ დამატებით ღირებულებას, რამდენიც მოაქვს უარყოფითი ჩვენი მოსახლეობისთვის” (“პალიტრანიუსი”). საინტერესოა, რომ ამ ტერმინოლოგიური გაუგებრობის ფონზე სოცქსელებში მყისვე გავრცელდა მოწოდებები ვალების არგადახდის თაობაზე და გამორიცხული არ არის, მალე დაძაბულობამ “ონლაინმევახშეებისა” და მათი კლიენტების ურთიერთობაში მკვეთრად მოიმატოს. ცხადია, ამაზრზენი, თანამემამულეების ფაქტობრივ ძარცვაზე დაფუძნებული “ბიზნესი” უნდა აღიკვეთოს, მაგრამ მთავრობის წარმომადგენლებს მსგავს შემთხვევებში მკაფიო და არაორაზროვანი ფორმულირებების გამოყენება მართებთ.

კიდევ ერთ ფართოდ გავრცელებულ სოციალურ პრობლემაზე _ ონლაინკაზინოებზე, რომლებმაც უამრავი მოზარდი და მათი ოჯახები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი, გამკაცრებული რეგულაციების შემოღების შესაძლებლობაზე ისაუბრა. თუმცა, ალბათ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ თემაზე რამდენიმე წლის განმავლობაში მსჯელობენ, შედეგი კი არ ჩანს.

რამდენად შეამცირებენ ხარჯებს?

დამატებითი შემოსავლების მოზიდვის გარდა, მთავრობის სხდომაზე ხარჯების შემცირებაზეც ისაუბრეს. “ბიუჯეტის დაფინანსებაზე არსებული ორგანიზაციების უმრავლესობაში 10%-ით შევამცირეთ შრომის ანაზღაურების ფონდი და ასევე 10%-ით შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები”, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. განსაკუთრებული რეზონანსი ამ განცხადებას არ მოჰყოლია, შესაძლოა იმიტომ, რომ, საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, შესაძლებელია გაცილებით რადიკალური ოპტიმიზაცია, მეტიც, ის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან ამდენი სამინისტრო და საშტატო ერთეული ესოდენ ღარიბი ქვეყნისთვის ზედმეტი ფუფუნებაა.

ივანიშვილის ხელისუფლება გარკვეულწილად ჩიხში აღმოჩნდა – მასშტაბური საარჩევნო დაპირებები, რომლებიც ჯერ კიდევ 2012-ში გასცა და 2016-ში დაადასტურა, აიძულებს, სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო შექმნას, მაგრამ ამის გაკეთება კომაში მყოფი ეკონომიკის პირობებში შეუძლებელია. ამასთანავე, ხელისუფლება ცდილობს, არ გადაიმტეროს მაღალჩინოსნები და ვერ ბედავს მასშტაბურ შემცირებებზე წასვლას ან თუნდაც იმ აღვირახსნილობის შეზღუდვას, რომელიც პრემია-დანამატების მიმართ ხდება. მთავრობის წარმომადგენლები თითოეულ ნაბიჯს მოსახლეობაზე ზრუნვის აქტად წარმოაჩენენ, ისე, როგორც ეს კრედიტების “ლარიზაციის” შემთხვევაში მოხდა, ხოლო ნეგატივს, მაგალითად, ფასების მოსალოდნელ ზრდას, ნაკლებად ეხებიან, მაგრამ ეს მხოლოდ მოკლევადიან პროპაგანდისტულ ეფექტს თუ მოიტანს.

ონლაინსესხებზე რეზონანსულმა განცხადებამ გადაფარა აქციზის თემა, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანია. ზოგიერთ კომეტატორს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ გზით მთავრობა ცდილობს, შეავსოს ის დანაკარგი, რომელიც მოგების გადასახადის გაუქმების (და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრის) შედეგად წარმოიქმნება, მაგრამ ეს არ არის შესაკრებთა მექანიკური გადანაცვლება და საწვავის გაძვირება მთელ ეკონომიკაზე იმოქმედებს, მას შორსმიმავალი შედეგები ექნება. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ მთავრობა საზოგადოებასთან პირდაპირ და პატიოსან დიალოგს გამართავს, თუნდაც საუბარი მდგომარეობის გაუარესებას ეხებოდეს, არ შეალამაზებს სიტუაციას და არ შეეცდება, ჩვენი ყურადღება მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანოს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here