Home რუბრიკები ეკონომიკა ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

საბეჭდ დაზგას” ვალები ახრჩობს, ანუ რატომ კეთდება კრიზისი?

წარმოიდგინეთ, რომ ბედმა “გაგიღიმათ”: საშინელი დანაშაულების ჩადენის შედეგად თქვენს სამზარეულოში გაჩნდა საბეჭდი დაზგა, რომელსაც შეუძლია ჩამოგიბეჭდოთ ფულის იმდენი ნიშანი, რამდენიც გსურთ. მაგრამ “ბედის გაღიმება” შემთხვევითი კი არა, ლამაზად და ვირტუოზულად გაჩარხული საქმის შედეგია და თქვენ შეძელით უმთავრესის გაკეთება _ ყველა დააჯერეთ, რომ თქვენ მიერ წარმოებული კუპიურები ნამდვილია. ანუ, ყველაზე უკეთესია, ყველაზე სანდო. პოლიცია, პროკურატურა, უფლებადამცველები, სავაჭრო ქსელის მუშაკები, მყიდველი და გამყიდველი მზად არიან, მიიღონ თქვენს დაზგაზე ჩამობეჭდილი კუპიურები. თქვენს გარშემო საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს. ასეთი სიტუაცია ყველას ხელს აძლევს.

რასა იქმთ ასეთ ვითარებაში?

რა თქმა უნდა, დღესა და ღამეს ფულის ბეჭდვაში გაასწორებთ. რა ემართება ამ დროს თქვენი ცხოვრების დონეს? _ იზრდება არნახული ტემპით. თქვენთან ერთად მდიდრდებიან თქვენი ნათესავები, ახლობლები და მეგობრები. კეთილდღეობის მადლი შემდეგ თქვენს მეზობლებზეც გავრცელდება. შეგეძლებათ დაიქირავოთ მომსახურე პერსონალი, შოფრები, მცველები, ბუღალტრები. მათი ცხოვრების დონეც ამაღლდება. თქვენი საბეჭდი დაზგა ნებისმიერ ხარჯს გასწვდება. მადის დაოკება არ დაგჭირდებათ. საჭირო აღარ იქნება, გქონდეთ თქვენ მიერ დაშტამპული კუპიურების ფარდი ოქროს ზოდები, არც არავითარი სხვა “ოქროვალუტის მარაგი”.

თქვენ მიერ ჩამობეჭდილი ფული უმაღლესი ხარისხის ვალუტად წარმოდგება. ამ ვალუტით ნებისმიერ მომენტში შეგეძლებათ ოქროს შესყიდვა. უაზრობად იქცევა საკუთარი ქაღალდების შინ შენახვა.

პროგრესი წინ მიიწევს _ ქაღალდზე ფულის ბეჭდვა გუშინდელი დღეა და თქვენ იწყებთ ელექტრონული ფულის გამოშვებას. ამ შემთხვევაში თქვენი ხარჯი პრაქტიკულად ნულის ტოლია. ხოლო ვირტუალური პროდუქციაზე მოთხოვნაა, მას ყველა ანგარიშსწორებაში გასავალი აქვს. დაგჭირდებათ? ჩართავთ კომპიუტერს და იმდენს დახატავთ, რამდენიც გსურთ.

კიდევ რასა იქმთ? საკუთარ ნებას უმორჩილეთ სხვა ადამიანებს. მოქრთამავთ, ასესხებთ, გასცემთ კრედიტებს. თქვენთვის ხომ ფულს მნიშვნელობა არ აქვს. პირიქით _ თქვენი მიზანია, ვალად გასცეთ ისე, რომ აღარ დაგიბრუნონ.

არ იხდიან ვალს? სანაცვლოდ შეგიძლიათ წაართვათ ქონება და თქვენს ნებას დაუმორჩილოთ მავანი. სწორედ ასე იქცევა აშშ. საჭესთან “სწორ” პოლიტიკოსს აყენებს და ისიც თავის ტერიტორიაზე განალაგებს “სწორ” სამხედრო ბაზებს. ასე მეორდება სახელმწიფოდან სახელმწიფომდე.

თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, გარდა ერთისა: არ შეგიძლიათ გახდეთ მოვალე.

მაშ, რატომ აწევს ტვირთად აშშ-ს მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფო ვალი? განა შეიძლება ფულის საბეჭდ დაზგას ვალი დაედოს?

წარმოუდგენელია! სასწაულზე სასწაულია!..

ამ სასწაულის შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ. ახლა კი წუთით დავივიწყოთ კრიზისის ორგანიზების მექანიზმი და არანაკლებ მნიშვნელოვან თემაზე ვილაპარაკოთ _ მის მიზნებზე. რისთვის სჭირდებათ კრიზისი მის ორგანიზატორებს? რატომ შეუქმნეს პრობლემები ჩვენი პლანეტის მოქალაქეებს?

პირველი მნიშვნელოვანი ამოცანა მსოფლიო აქტივების ბანალური შესყიდვაა.

უპირველესად _ სად? რუსეთში? _ არა აშშ-ში ერთ წელიწადში, ისეთში, როგორიც თუნდაც დიდი დეპრესიის პერიოდში იყო. ყველას შესყიდვა შეუძლებელია. მსოფლიო დემოკრატიის თვით ციტადელშიც კი დარჩა დამოუკიდებელი ფინანსური ოაზისები. მართალია, ამ სტრუქტურებს არ უცდიათ ფულის საბეჭდი დაზგის წართმევა ფსს-ს მფლობელი ბანკირებისთვის, მაგრამ მათი არსებობა გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა დედამიწის დასამორჩილებლად მდორედ მიმდინარე დამპყრობლურ საქმიანობაში.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ შეერთებულ შტატებში კარგად შეისწავლეს ერთი მწარე გაკვეთილი: შეიარაღებული ძალით ვერ შეძლეს ვერც ერთი გეოპოლიტიკური ამოცანის გადაწყვეტა. კორეა, ვიეტნამი, კამბოჯა, კუბა _ ამერიკის “იმპერიალიზმის” მარცხის ამ სიის გაგრძელება, ცხადია, შეიძლება. გასაკვირი აქ არაფერია. გასაოცარია სულ სხვა რამ: აშშ-მა თავად დაიწყო ახალი ერა კაცობრიობის ისტორიაში, როცა ეკონომიკური და საფინანსო ცხოვრება საბოლოოდ გაათავისუფლა “ოქროს სტანდარტის უღლისგან”. ახალ მსოფლმოწყობაში სწორედ ფული ხდება არა მხოლოდ მთავარი საქონელი, არამედ მთავარი იარაღიც. თავიანთი შეცდომა რომ შეიგნეს, ამერიკელებმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ დოლარის გამოყენებით წარმართეს და გაიმარჯვეს.

ეკონომიკური იარაღი საშინელი ძალაა, ფარული და შეუმჩნეველი. ათობით ბანკი სხვადასხვა აბრით, სხვადასხვა სახელწოდებით. და უცებ ყველა, თითქოს ერთ ბრძანებას დამორჩილებული, ერთი და იმავეს გაკეთებას იწყებს. მაგალითად, რომელიმე ქვეყნიდან თავიანთი კაპიტალის გამოტანას. რადგან იქ “არადემოკრატიული” არჩევნები გაიმართა, რომელიც ადამიანურ ენაზე ნიშნავს, რომ იმ ქვეყნის ხელმძღვანელობამ არ მოისურვა ამერიკის დაკრულზე ცეკვა, არ მოისურვა თავისი ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულის ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის გადაცემა, გაბედა საკუთარი და არა “საერთო საკაცობრიო” ინტერესების დაცვა.

ეკონომიკების სრულად ჩამოშლისა და ქვეყნების გასაკოტრებლად საჭიროა, რომ ყველა და არა მხოლოდ რამდენიმე ფულადი ნაკადი თქვენ კონტროლს დაემორჩილოს. საჭიროა, ყველა უმსხვილესი ბანკის აბრის მიღმა იგულისხმებოდეს ერთი და იგივე საფინანსო სტრუქტურა, ისევე, როგორც ამერიკის პოლიტიკური პარტიების ნიღბით, უკვე დიდი ხანია, იმალება ფსს პატრონი ბანკირების ერთი და იგივე ჯგუფი. მსოფლიო შეიცვალა: ხელისუფლებისთვის მებრძოლების მთავარი მიზანი დღეს ქარხნები კი არ არის, ტელეგრაფი და ტელეფონი, ხიდები და ფოსტა, არამედ ბანკები!

სადაა თავმოყრილი მსოფლიოს მთავარი საფინანსო რესურსები? რა თქმა უნდა, აშშ-ში. ამერიკული ბანკების შესყიდვა იყო პირველი, რაც კრიზისის ორგანიზატორებმა გააკეთეს, მაგრამ კრიზისმა, უწინარეს ყოვლისა, ბანკებს დაარტყა. დიახ, ასე იყო. ბანკების დღეს არ შეგშურდებათ, მაგრამ დიდი დეპრესიის პერიოდში ყველა ინვესტორი კი არ გაკოტრდა, არამედ ისინი, ვინც არ იცოდა, როდის დაიწყებოდა ჩამოშლა. ასევე, ბევრმა საბანკო სტრუქტურამ სწორედ კრიზისისას გაუგებარი დაჟინებით დაიწყო კონკურენტების შესყიდვა.

კრიზისამდელ პერიოდში შეერთებული შტატების უდიდეს საინვესტიციო ბანკებად ითვლებოდა “ბირ სტენსი”, “ლემან ბრაზერსი”, “მერილ ლინჩი”, “მორგან სტენლი”, “გოლდმან საკსი”.

იცით, რა დაემართა ყველა მათგანს?

თუ მრავალბინიანი სახლი დაინგრევა, ყველა იქ მცხოვრებს თავზე დაემხობა ჭერი. თუ ყველა ბანკი საინვესტიციო სამორინეს თამაშობს, თუ ისინი ერთმანეთს მიჰყიდიან დერივატივებს, თუ ყველა აღიარებს სამართლიანი ღირებულების განზომილებას, მაშინ ყველა მათგანის მდგომარეობაც ერთნაირი უნდა იყოს.

ცხოვრებაში კი საოცარ რამეს ვხედავთ _ ბანკების ერთი ნაწილი სასწრაფოდ ყიდულობს სხვების “ნანგრევებს”. აქ მთავარია, ვის ყიდულობენ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვინ ყიდულობს.

პირველი “გარდაიცვალა” ბანკი “ბირ სტერნსი”. 2008 წლის მარტში იგი საფინანსო კომპანია “ჯეი მორგანმა” იყიდა. შესყიდვა განახორციელა ბანკმა “ჯეი პი მორგანმა”, ფსს შემქმნელმა და დიდი დეპრესიის ორგანიზატორმა. “გასაკვირი” დამთხვევაა?!

შემდეგ უფრო საინტერესო ამბები ხდება.

ბანკი “ჯეი პი მორგანი” ყიდულობს “ბირ სტერნსის” აქციას ორ დოლარად, მაშინ, როცა ერთი კვირის წინათ “ბირ სტერნსის” ერთი აქცია უოლ-სტრიტზე 30 დოლარი ღირდა.

ესეც თქვენი კრიზისი: მსხვილ კონკურენტს 15-ჯერ იაფად ყიდულობენ. არანაკლებ საინტერესოა, რომ აშშ-ის ყველა საფინანსო ძალა “რატომღაც” ბანკ “მორგანს” უჭერს მხარს.

მაშინდელი მასმედია აღნიშნავდა:

გასული კვირის ბოლოს “ბირ სტერნსმა” აღიარა, რომ ლიკვიდურობის კრიზისს განიცდის. ფსს-პირდაპირი საფინანსო დახმარება აღმოუჩინოს გაჭირვებაში მყოფ ბანკს, ამან სპეციალისტების არაერთგვარი რეაქცია გამოიწვია. ფსს-ის გადაწყვეტილების დაცვით ამერიკულ ტელეარხებით გამოვიდა აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჰენრი პოლსონი”.

“გარიგებას მხარს დაუჭერს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა… შეგახსენებთ, რომ “ბირ სტერნსი” გაკოტრების წინაშე აღმოჩნდა შუა მარტში, როცა კრედიტორებმა შეწყვიტეს მისი დაფინანსება იმ მიზეზით, რომ ბანკის მიერ დაგროვილი ვალი არნახულად დიდი ოდენობისაა. მაშინ “ჯეი პი მორგანმა” ფსს-ის მხარდაჭერით ივალდებულა, გამოისყიდოს მისი აქციები”.

“მარტში “ბირ სტერნსმა” ძლივს დააღწია თავი გაკოტრებას ფსს-გან 29 მილიარდი დოლარის კრედიტის მიღების წყალობით და სიმბოლურ ფასად შეისყიდა “ჯეი პი მორგანმა”.

თავდაპირველად “ბირ სტერნსი” გადაულახავი სიძნელეების პირისპირ აღმოჩნდება, მაგრამ კეთილი და ყურადღებიანი ფსს დაეხმარება. როგორ? კრედიტს მისცემს? სულაც არა. დახმარების შედეგი აქციების ღირებულების 15-ჯერადი გაიაფებაა. დასაღუპად განწირულ ბანკს ფული არ მისცეს, რჩევით დაეხმარნენ _ მიეყიდოს “სწორ” ადამიანებს. წინადადება იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ მეპატრონეებმა ბანკი კაპიკებად გაყიდეს, უფრო ზუსტად, ცენტებად. მხოლოდ ამის შემდეგ აძლევს ფსს “ბირ სტერნსს” 29 მილიარდი დოლარის კრედიტს _ სწორედ გაყიდვის შემდეგ და არა მანამდე! კრედიტის მიღების შემდეგ ბანკი ვერ გაიყიდებოდა. ფსს-მ ასეთი მოწყალების გაღებით ბანკის ძველ პატრონებს კი არ დაუჭირა მხარი, არამედ _ ახლებს, თავისიანებს, ანუ დაეხმარა საკუთარ თავს.

ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა. იგი, რა თქმა უნდა, სრულად დაეთანხმა ფედრეზერვის გადაწყვეტილებას. ერთი გუნდი ერთ საქმეს აკეთებს.

ასევე მოიქცევა ვაშინგტონის ახალი გუნდიც, კერძოდ, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ფინანსთა მინისტრი ტიმოთი გაიტნერი. ჩიკაგოში, პრესკონფერენციაზე გამოსული ობამა აცხადებს, რომ “შეუდარებელი გამოცდილების მქონე” გაიტნერს შეუძლია “მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს გულში ჩასცეს მახვილი”. ფედრეზერვის მაღალი თანამდებობის პირს, ჰაიტნერს, ობამა აშშ-ის მინისტრად წამოაყენებს და დაამტკიცებინებს კიდეც კონგრესს.

მკითხველისთვის ნათელი რომ იყოს, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ბატონი ტიმოთი გაიტნერი მინისტრობამდე ნიუ იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელად მუშაობდა, ანუ იყო ფსს-ის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა.

დეკორაციის მომავალი ცვლილება თეთრ სახლში არაფერს შეცვლის.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო და ფსს ერთსა და იმავე თამაშს თამაშობენ. გაყიდი ბანკს _ მიიღებ ფინანსთა სამინისტროს სახსრებს და გექნება ფსს-ის მხარდაჭერა; არ გაყიდი _ არავითარი მხარდაჭერის იმედი არ უნდა გქონდეს არც ერთისგან, არც მეორისგან.

როცა ბანკ “ლემან ბრაზერსის” დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, ბოლომდე ებრძოლათ თავიანთი დამოუკიდებლობისთვის, პრესაში ჩნდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის უმსხვილესმა ბანკმა “ბანკ ოფ ამერიკამ” უარი თქვა გაკოტრების პირას მდგარი “ლემან ბრაზერსის” შესყიდვის ვარიანტზე…

ბანკის დამფუძნებლები არჩევანის წინაშე დგებიან: ან კარგად გაყიდონ ბანკი, ან ცუდად გაკოტრდნენ. სწორ არჩევანში, როგორც ყოველთვის, ეხმარება ფსს და აშშ ფინანსთა სამინისტრო.

ბანკის დამფუძნებლები ირჩევენ საპატიო დანებებას და 2008 წლის სექტემბერში გარიგება ოფიციალურად გაფორმდება. მასმედიაში ეს აქტი აღიქმება, როგორც უდიდესი გარიგება.

მაგალითი სხვაც უამრავია.

ამასობაში კრიზისის ორგანიზატორებმა უდიდესი საინვესტიციო ბანკების შემდეგ მსხვილი იპოთეკური სააგენტოებიც ხელთ იგდეს.

ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ ნაციონალიზაცია არის რაღაცის გადასვლა სახელმწიფო საკუთრებაში. “დემოკრატიის ციტადელში” განვითარებული მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, ნაციონალიზაცია ნიშნავს, როცა კერძო კომპანიას შეისყიდის სახელმწიფო და მიჰყიდის სხვა კერძო პირს; ან შეისყიდის, შემდეგ მის ნაცვლად ქმნის ერთ ან ორ კერძო კომპანიას, რომლებიც იმავე საქმით იქნება დაკავებული. უწინ, კეთილ პატრიარქალურ დროში, ვინმე სახელმწიფოს ხარჯზე თავისთვის თუ შეიძენდა კომპანიას, ასეთი ქმედება ითვლებოდა “თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად და კანონის მთელი სიმკაცრით ისჯებოდა, ახლა კი _ “ნაციონალიზაცია”…

ჭეშმარიტად, სწავლა სიბერემდეო, თანაც ყოველდღიურად და შეუჩერებლად. ამასობაში კი ფსს-ის ბიჭები მთელი ეკონომიკების ჟონგლიორობით არიან დაკავებულნი და შესყიდვების საქმეს აწინაურებენ.

2008 წლის სექტემბერი. ამერიკის ხელისუფლებამ დახურა აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი “ვაშინგტონ მიუჩალ ინკლუტიდი”. სააგენტო “როიტერი” წერდა, რომ ეს კრახი, რომელიც პროვოცირებული იყო დეპოზიტების ამოღებით და ამით გამოწვეული რეიტინგის დაცემით, აშშ საბანკო სისტემის ისტორიაში უდიდესი აღმოჩნდა. იმავე დღეს “ვაშინგტონ მიუჩალ ინკლუდიტის” საოპერაციო საბანკო აქტივების ნაწილი შეისყიდა ამერიკულმა ბანკმა “მორგან ჩეისმა”. გარიგება მხოლოდ მას შემდეგ გაფორმდა, როცა იგი მოიწონა ფედერაციის მარეგულირებელმა ორგანოებმა…”

სცენარი იგივეა: ხელისუფლება კი არ ეხმარება, არამედ ხურავს გაკოტრების წინაშე მდგარ საფინანსო დაწესებულებებს.

არითმეტიკა მარტივია _ აქტივების მოცულობით მათი ბანკები პირველი (“ბანკ ოფ ამერიკა”) და მეორე (“მორგან ჩეისი”) უდიდესი ბანკები ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნუ მოცდებით უადგილო შეკითხვების დასმით, რატომაა, რომ მაინცდამაინც ეს ბანკები თავს საუკეთესოდ გრძნობენ მაშინ, როცა მთელი საბანკო სისტემა ირღვევა. კრიზისის დროს თავს კარგად გრძნობენ მისი ორგანიზატორები და კიდევ ზოგიერთი შემთხვევითი ბედკეთილი. ვინ არიან ისინი?.. მოდი, გავიხსენოთ სამი ბანკი, რომლებიც “განიხილავდნენ” “ლემან ბრაზერსის” გადარჩენის გზებს, ანუ ცდილობდნენ მის შესყიდვას. ესაა “სითიგრუპი”, “ბანკ ოფ ამერიკა” და “მორგან ჩეისი”.

სწორედ ეს “სამი დევგმირი” არის კრიზისის ორგანიზატორი საბანკო სტრუქტურების ჯგუფი.

ორი მათგანი უკვე “გადაყლაპეს”. “მათი” მესამე ბანკის რიგი დადგა. სწორედ “სითიგრუპი” აღმოჩნდა აქტივების ოდენობით აშშ-ის მესამე ბანკი.

როგორ შეისყიდეს “სითიგრუპი”, ამაზე ქვემოთ. ახლა კი “შესანიშნავი ხუთეული” განვიხილოთ.

ხუთი უდიდესი დამოუკიდებელი საინვესტიციო ბანკიდან რომელი არ ჩაიძირა? ორი: “მორგან სტენლი” და “გოლდმან საქსი”. პირველის სახელწოდებაში არის გვარი მორგანის, რაც ამ სტრუქტურის ფესვებზე მიგვითითებს. ეს არის ჯონ პირპონტ მორგანის უდიდესი იმპერიის კიდევ ერთი განშტოება. “გოლდმან საკსთან” დაკავშირებით კი მეტად საინტერესო ფაქტი იკვეთება: ირკვევა, რომ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, რომელიც “აქტიურად ებრძოდა კრიზისს ჯორჯ ბუშის მმართველობის ბოლო პერიოდში, უწინ “გოლდმან საქსის” ხელმძღვანელი იყო: “გოლდმან საქსის” გენერალური დირექტორი პოლსონი აშშ-ის მინისტრი 2006 წლის ივნისში გახდა”.

საკადრო საკითხები საჩოთირო ფინანსურ სფეროში საკვანძოა იმ ფინანსურად ორიენტირებულ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ. შემთხვევითი ადამიანები აქ თანამდებობებზე არ ინიშნებიან. მაგალითად, ფსს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ალან გრინსპენი, რომელსაც ხშირად ამჟამინდელი კრიზისის მამად მოიხსენიებენ, ფედერალურ რეზერვში დანიშვნამდე ბანკ “მორგან ჩეისში” მუშაობდა. ვისია ეს ბანკი, ნუღარ გავიმეორებთ. ჰენრი პოლსონიც მინისტრის პოსტზე “გოლდმან საქსიდან” მივიდა. ეს ორი ფაქტი ჩვენთვის ლაკმუსის ქაღალდია. ყველა ულაყი, რომლებიც აშშ-სა და მთელ მსოფლიოს ჭაობის კრიზისში “შემთხვევით” ჩაითრევს, ერთი და იმავე საჯინიბოდანაა.

რა არის საინვესტიციო ბანკი, სახელწოდებიდანაც ჩანს _ ეს არის სტრუქტურა, რომელიც ფულს რაიმეში (რომელიმე საქმეში) დებს.

“გოლდმან საქსი” და “მორგან სტენლი” მალევე შეიცვლიან საინვესტიციო ბანკების სტატუსს, კომერციულ ბანკებად გარდაიქმნებიან და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ რეგულირებული სტრუქტურების რანგში გადაინაცვლებენ. ფსს-მ ამ ორის შუამდგომლობა ზემოთ აღნიშნული ცვლილების თაობაზე შეტანის დღესვე დააკმაყოფილა.

საინვესტიციო და კომერციულ ბანკებს შორის განსხვავება აშშ-ში არის ის, რომ კომერციულ ბანკს უფლება აქვს, ფსს-დან მიიღოს ფულადი კრედიტი, საინვესტიციო ბანკს კი _ არა.

საინვესტიციო ბანკი არის ბიზნესის კარიბჭე დიდ ეკონომიკაში. იგი აბანდებს ფულს, მისით იწყება ახალი ობლიგაციებისა და ბირჟის ობლიგაციების გამოშვების პროცესი. “მეგაფორმატის” ასეთი საინვესტიციო ბანკი ამერიკაში ხუთი იყო. მათგან ერთი გაქრა, ორი შეისყიდეს კრიზისის ორგანიზატორებმა, დარჩენილი ორი კი ისედაც მათი საკუთრება იყო. რა საჭიროა ამდენი ერთმანეთის მსგავსი ბანკი?! და ამიტომაც ორი საინვესტიციო ბანკი კომერციულად გარდაიქმნა, რათა პირდაპირ მიერთებოდა “საბეჭდ დაზგას”: “მათი საქმიანობა აქედან მოყოლებული უფრო მკაცრად გაკონტროლდება სახელმწიფო ორგანოების მიერ, მაგრამ, ამასთანავე, მათთვის უფრო მეტად იქნება ხელმისაწვდომი სახსრები, რომლებსაც ფედერალური სარეზერვო სისტემა გასცემს”.

ბანკების გარდა კიდევ რა ფინანსურ სისტემებს იცნობთ, რომლებიც უნდა შეისყიდოთ საფინანსო ბაზარზე სრული კონტროლის დასამყარებლად?

სადაზღვევო კომპანიები. მათაც “ეხმარებიან”.

2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერში აშშ-ში განახორციელებენ კიდევ ერთ “სამაშველო” ოპერაციას. ამჯერად ხელისუფლება “გადაარჩენს” სადამზღვევო გიგანტს “ამერიკენ ინტერნეიშნლ გრუპს”. საკმაოდ უცნაური დახმარებაა. “ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში” გაგზავნილ წერილში აღნიშნული ბანკის ხელმძღვანელი მორის გრინბერგი აღნიშნავს, რომ “ჯერ კიდევ ძალიან დაგვიანებული არ არის” კრედიტის პირობების შეცვლა, რომლებითაც ამერიკის ხელისუფლებამ 122,8 მილიარდი დოლარი გამოუყო უმსხვილეს დამზღვევს გაკოტრებისგან თავის დასაღწევად.

მორის გრინბერგმა დასაბუთებულად განმარტა, რომ მოცემული “გადარჩენის გეგმა” ბიუჯეტსა და აღნიშნულ ბანკს მხოლოდ დააზარალებს, რადგან კრედიტის გაცემის სანაცვლოდ აშშ-ის მთავრობა აღნიშნული ბანკის აქციების 80 პროცენტს იაფად იყიდის. მისი აზრით კი, ამ კომპანიას იგივე პირობები უნდა ჰქონდეს, რაც სხვა საფინანსო ინსტიტუტებს გააჩნია. ამის სანაცვლოდ ფსს სთავაზობს ორწლიან სესხს ძალიან მაღალი პროცენტით, ხოლო ნიუ იორკის პროკურორი ენდრიუ კუომო მოულოდნელად ინტერესდება ამ ბანკისა და მისი მისიონერების საქმიანობით და დაუყოვნებლივ იწყება ამ საფინანსო სტრუქტურის “დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული დანახარჯების” გამოძიება.

(ქართველი მკითხველისთვის ნაცნობი სიტუაციაა ჩვენი უახლესი ისტორიიდან _ ზუსტად ასე განახორციელებდა სააკაშვილის ხელისუფლება კერძო ბიზნესის ტერორს).

ინტერესი გაუჩნდა გამოძიების ფედერალურ ბიუროსაც, რომელიც იწყებს ამერიკის უმსხვილესი ფირმების შემოწმებას. “დამოუკიდებელი” მედია კი აჩაღებს ფართო კამპანიას სამუშაო თათბირების ორგანიზებისთვის გაწეული გაუმართებლად დიდი დანახარჯების პრობლემაზე (გაიხსენეთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ მოწყობილი სატელევიზიო ციკლი ერთი საერთაშორისო ღონისძიების მონაწილეთათვის გამართული სადილის კერძების ფასების შესახებ. ესეც იქიდან მოდის _ სხვისი გამოცდილებიდან).

უდიდესი დამსჯელი მანქანა აწყობილად ამოქმედდა. ეს _ ამერიკაში. საქართველოში მოცულობითა და შესაძლებლობით მცირე, სხვისი მიმბაძველობით ამოქმედებული დამსჯელი სისტემა არანაკლებ დაუნდობელი იყო და შეუდარებლად ამორალური.

“მედასავლეთეები” დაუზარებლად იმეორებენ, რომ აშშ-ის სასამართლო, ძალოვანი სტრუქტურები მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის.

მართალს ამბობენ.

ამ მიბაძვის ჩემპიონები ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები არიან. ცრუმედასავლეთეები.

ამერიკაში რა მოხდა?

ის, რაც მოსალოდნელი იყო: ზემოთ აღნიშნული გამოძიების შედეგად “მიუკერძოებელმა სასამართლომ ამერიკაში უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის 82 წლის ყოფილ ვიცეპრეზიდენტს _ კრისტიან მილტონს ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა “მონაცემების დაფარვისა და აქციონერების დეზინფორმაციის” ბრალდებით.

შედეგიც კანონიერი დადგა _ ბიზნესი გაიყიდა.

პროკურორს უთხრეს, სად და როდის უნდა ემუშავა, ვისთვის და რისთვის მიექცია განსაკუთრებული ყურადღება.

ასე იყო “ერთხელ ამერიკაში”.

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here