საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) დიდი ხნის მსჯელობის შედეგ ქვეყანაში ელექტროენერგიის გადასახადი გაზარდა. ეს გადაწყვეტილება “ენერგო პრო ჯორჯიასა” და “თელასის” მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს.
თავის მხრივ, აღნიშნული კომპანიები ელექტროენერგიის გაძვირებას დოლარის კურსის გამყარებას უკავშირებენ. სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე, პროფესორი იოსებ არჩვაძე ტარიფების ზრდას სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა: “შემოდგომაზე ყველა ოჯახის ხარჯი 300 ლარით გაიზრდება, მძიმე შემოდგომა გველის”. როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან მძიმე ეკონომიკური პრობლემები? რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ მოსახლეობამ ზამთარში მნიშვნელოვნად არ იზარალოს? შეძლებს თუ არა მთავრობა კომპენსაციის გადახდას? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე იოსებ არჩვაძე გვესაუბრება.
_ ბატონო იოსებ, მას შემდეგ, რაც ელექტროენერგია გაძვირდა, განაცხადეთ, რომ ხალხს მძიმე შემოდგომა ელოდება…
_ ანტონ ჩეხოვისებურად უნდა მივუდგეთ საკითხს, თუ პირველ მოქმედებაში კედელზე თოფი კიდია, ის ბოლო მოქმედებაში აუცილებლად გაისვრის. ზაფხულში ფასების მომატებაზე მსჯელობა შემოდგომაზე აუცილებლად გამოიღებს უარყოფით შედეგს.
ბოლო ხანს რამდენიმეჯერ ვახსენე ტერმინი _ ფასების მარაოსებრი ზრდა. ერთ სეგმენტში ფასების მატებას აუცილებლად მოჰყვება ანალოგიური რამ სხვა სეგმენტებშიც _ გაძვირდება პური და ყველა ის პროდუქტი, რომელსაც ელექტროენერგია სჭირდება.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აქამდე ეროვნული ვალუტის ახალ, წონასწორულ კურსზე საუბრობდა, ახლა კი მოგვიწევს ახალ საფასო წონასწორულ კურსზე გადასვლა და საუბარი. ისე, წონასწორული კურსი ფინანსთა მინისტრის ტერმინია.
ერთი კილოგრამი პური თუ 1,50 თეთრი ღირდა, შესაძლოა, მისი ფასი ლარით მეტი გახდეს, ასეთი გაძვირება პროპორციულად ყველა პროდუქტზე აისახება. არ მინდა, აპოკალიფსის სურათი დავხატო, მაგრამ ხელისუფლებამ მეტი უნდა იმუშაოს, რათა ხალხს თავიდან აარიდოს გაუსაძლისი მდგომარეობა.
მთავრობამ დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ როგორმე მოახდინოს კომპენსაცია და მოსახლეობამ ტარიფის გაზრდა ვერ იგრძნოს, მაგრამ ეს მეთოდი სწორი არ არის, ეს არის გზა ჩიხისკენ. ამის რესურსი საქართველოს კი არა, სხვა, უფრო ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს არ აქვთ. ხალხის შემოსავლების ზრდა სწორი, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკით უნდა იყოს განპირობებული…
_ ეს გამორიცხულია, თქვენც კარგად იცით და ხალხმაც. შემოდგომამდე ეკონომიკური პოლიტიკა ისე როგორ უნდა გამოსწორდეს, რომ ოჯახების შემოსავლები გაიზარდოს?! თანაც, როგორც თქვენ ამბობთ, ხელისუფლების მიერ დაპირებული კომპენსაციაც არ იქნება ფასების მატების შესაბამისი.
_ თანხა, რომელიც მთავრობამ საკომპენსაციოდ დაასახელა, თანაც წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთი თვისთვის არის საკმარისი. მოსახლეობას 12-ჯერ მეტი თანხის გადახდა მოუწევს, რადგან ხელისუფლების მიერ დეკლარირებული საკომპენსაციო თანხა საკმარისი არ არის.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ეს გამორიცხულია. მინიმალური შეფასებით, თითოეულ ოჯახს იმ რაოდენობის საქონლის შესაძენად, რამდენიც შარშან შეიძინა, სულ ცოტა, სამასი ლარით მეტის გადახდა მოუწევს. ქვეყანა ახალი გამოწვევის წინაშე დადგა.
პროცესი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ, ვგულისხმობ დეფლაციას, ფასების საერთო დონის გაყინვას, ზოგიერთი მიმართულებით შემცირებასაც კი, ახლა შეკუმშული ზამბარასავით გაიშლება და ამას მყისვე ვიგრძნობთ.
_ ამ ყველაფერში ვიღაც ხომ არის დამნაშავე, პასუხისმგებლობა ვიღაცას ხომ უნდა დაეკისროს?
_ ამას ერთ ადამიანს ვერ დააბრალებ, ეს ტენდენციაა. ვიღაცამ თავისი შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასა, ვიღაცამ პრინციპულობა ვერ გამოიჩინა, გარემო პირობები სწორად არ შეფასდა, აკლდათ შემოქმედებითი აზროვნება და მიდგომები. იყო არაპროფესიონალიზმი. “ქართული ოცნება” “ქართულ ცისარტყელად” იქცა _ ეს ჩემი ახალი ტერმინია და შეგიძლიათ, გამოიყენოთ.
_ ალბათ, გახსოვთ ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ მეოთხე წელი იქნებოდა ძალიან კარგი. ახლა კი განაცხადა, რომ წამოსცდა და ასეთი რამ ყველას შეიძლება დაემართოს.
_ გავიხსენოთ წინასაარჩევნო პერიოდი, როგორ არ გვინდოდა, ხელისუფლებაში “ნაციონალების” დარჩენა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ძალიან ბევრი ამბობდა, თუ “ნაცები” დარჩებიან, ქვეყნიდან წავალთო. მართალია, მიგრაცია არ შეწყვეტილა, მაგრამ ივანიშვილმა ამ და სხვა ასეთი ლოზუნგებით ხალხის ხმების წაღება და “ნაციონალების” ჩანაცვლება მოახერხა. 9-წლიანი პროპაგანდისტული ტყვეობის ქვეშ მყოფი ხალხი სწორედ ამ ლოზუნგებით გადმოიბირა. ივანიშვილისთვის ეს იყო მაკიაველის პრინციპი _ მიზანი ამართლებს საშუალებას. ბიძინამ წინასაარჩევნოდ კარგი პიარსვლები გააკეთა.
როგორც ეკონომისტი, გეტყვით, ასეთი დაპირებების წინააღმდეგი ვარ. ფასებისა და ტარიფების შემცირებით მოსახლეობისთვის შეღავათის მიცემა არასწორია. სახელმწიფომ სამუშაო ადგილების შექმნაზე უნდა იზრუნოს, მატერიალური დოვლათი უნდა შეიქმნას და მერე ხალხი თვითონ გადაწყვეტს, რამდენი ელექტროენერგია მოიხმაროს და სად დაისვენოს.
_ მიწები იყიდება, თანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც, განურჩევლად და განუკითხავად. ახლა ამბობენ, რომ ჩეჩნები, ინგუშები და აზერბაიჯანელები ყიდულობენ ქართულ მიწებს. თქვენ თუ გაქვთ ეს ინფორმაცია და არსებობს თუ არა სტატისტიკა, ვინ და რამდენ მიწას ყიდულობს?
_ კი, მიწები ნამდვილად უმოწყალოდ იყიდება, 40 ათას ჰექტარზე მეტია უკვე გაყიდული. რაც შეეხება იმას, ვინ ყიდულობს, ამის სტატისტიკური მონაცემები ჩემთვის ცნობილი არ არის და არც მგონია, ვინმეს ჰქონდეს.
ერთ-ერთი ფილოსოფოსის სიტყვები მახსენდება: “ერს, ისევე, როგორც ქალს, არ ეპატიება შეცბუნება, როდესაც მოძალადე მასზე ძალის გამოყენებას აპირებს”. ჩვენი ქვეყანა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, გვმართებს დაფიქრებული მოქმედება, არა აგრესიული, მაგრამ ღირსების დასაცავი. პარლამენტს უზარმაზარი რესურსი აქვს, კანონმდებლობით მყისიერი რეაგირება მოახდინოს ყოველ უკანონო ქმედებაზე. ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ნებისმიერი კანონის მიღება გამართლებულია. არ უნდა ველოდოთ, ვის რისი უფლება აქვს და ვის როდის ეწურება თანამდებობაზე ყოფნის ვადა.
_ როდესაც თქვით “თანამდებობაზე ყოფნის ვადა”, ალბათ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იგულისხმეთ, რა კანონპროექტს დაადო ვეტო პრეზიდენტმა? ზოგი ამბობს, პრეზიდენტი მართალიაო, ზოგი კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
_ მარტივად რომ აგიხსნათ, წარმოიდგინეთ ასეთი ვითარება: მე რომ თქვენი დირექტორი ვიყო და სამსახურში თანამდებობაზე სხვა გნიშნავდეთ.
_ ანუ ეს ქვეყნის სასარგებლოდ არ კეთდება, ვიღაცას ჯიბრში უდგებიან?
_ ყველასთვის ცნობილია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის წამყვანი ფიგურაა და ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლებას. ვიდრე ის თანამდებობაზეა, ბევრი რამის გაფუჭება შეუძლია. მთავრობა ცდილობს, გიორგი ქადაგიძეს ჩამოართვას და პარლამენტს დაუქვემდებაროს საბანკო ზედამხედველობის ფუნქციები, აქამდე ყველაფერი ეროვნულ ბანკს ექვემდებარებოდა. ასე რომ, არც ერთი მხარე _ არც პრეზიდენტი და არც პარლამენტი _ მართალი არ არის. ყველაზე კარგი იქნებოდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სანდო და ობიექტური პიროვნება ყოფილიყო, მაგრამ საქართველოში ვინც ხელისუფლებაში მოდის, თავის კაცს სვამს საკვანძო ადგილებზე. ზოგიერთი ასეთი თანამდებობა კი საარჩევნო ვადებს არ ემთხვევა, გარდამავალია, ეს კი ახალ ხელისუფლებას პრობლემებს უქმნის, რადგან უწყობენ საბოტაჟს.
_ რა თადარიგი უნდა დაიჭიროს ტარიფებგაზრდილმა მოსახლეობამ? ფაქტია, ცხოვრება გაძვირდება, რამაც, შესაძლოა, ქვეყანაში არეულობაც გამოიწვიოს.
_ ახლა აგვისტოა, შვებულებების პერიოდი, და გთხოვთ, მოსახლეობას ნუ დავზაფრავთ.
_ საქმე ასეა?
_ რა თქმა უნდა. ფასების ასეთი ზრდა ნებისმიერი საშუალო დონისა და შემოსავლების მქონე ოჯახისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა იზრუნოს დღისა და ღამის ტარიფების შემოღებაზე. სომხეთში ეს მეთოდი კარგად მუშაობს, აპრობირებულია. დენი ღამე იაფი უნდა იყოს და დღისით შედარებით ძვირი, სომხეთში დღე-ღამეში თითქმის 40%-იანი სხვაობა აქვთ. ერთ-ერთი გზა ეს არის. არ ვურჩევ არც მოსახლეობას და არც ხელისუფლებას ეკონომიური ნათურების გამოყენებას, ჯანმრთელობის ზიანი დიდია. ვურჩევ ყველას, ვისწავლოთ რაციონალური ხარჯვა იმ რესურსებისა, რომელთა განმკარგველებიც ხელისუფლების წყალობით ვართ. ეს დაგვეხმარება, რომ შევძლოთ ფასების ზრდით გამოწვეული ზარალის მინიმუმამდე დაყვანა.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი