4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იწყება და პირველი სხდომა გაიმართება. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა, სავარაუდოდ, პროტესტისა და შეძახილების ფონზე მოუწევთ. ამას თითქოს ჩვენც მივეჩვიეთ და ისინიც, მაგრამ ჩვენ სხვა რამ გვაინტერესებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები რატომ საუბრობენ ყველაფერზე, გარდა საქართველოში წარმოების გაზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ. ძალიან კარგია, 6-მილიარდიანი ინვესტიცია რომ დაგვიანონსეს, მაგრამ ამ ინვესტიციის განხორციელოების შემდეგ წარმოების მხრივ ქვეყანაში არაფერი შეიქმნება, ანუ წინ ვერ წავალთ ერთი ნაბიჯითაც კი და დავრჩებით ლამის სრულად მომხმარებელ და არა მწარმოებელ ქვეყნად…
თუ გახსოვთ, ადრე დავწერეთ, ჩვენი მეზობლები სოფლის მეურნეობის პროდუქტს იაფად რომ გვაძლევენ, რეალურად ეს მზაკვრული გეგმაა, რადგან ისინი ერს აზარმაცებენ, ცდილობენ, ადგილობრივ მეწარმეებს წარმოების ინტერესი დაუკარგონ, შემდეგ კი პროდუქტებს არარეალურად გააძვირებენ. ასე იყო მწვანილის შემთხვევაში, ასე იქნება მომავალი წლიდან საზამთროსა და ნესვის შემთხვევაში და ასეა ყვავილოვანი კომბოსტოსა და ბროკოლის შემთხვევაში. 2023 წელს შემოტანილი ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი ადგილზე დაახლოებით 11 ცენტი ღირდა, ანუ იმაზე გაცილებით იაფი, ვიდრე ადგილობრივი წარმოების; შარშან კი, მას შემდეგ, რაც ქართველებმა ამ ორი პროდუქტის წარმოებაში აზრი ვერ დაინახეს, ფასი ავარდა… 48 ცენტამდე, ანუ ოთხჯერ გაძვირდა და წელს უფრო ძვირი იქნება. მეტსაც გეტყვით, ჩვეულებრივი კომბოსტო, რომელიც დიდი რაოდენობით მოჰყავდათ შიდა ქართლში, წელს, სავარაუდოდ, აღარ დაითესება და დაირგვება. იცით, რატომ? შარშან ერთი ფერმერი იხვეწებოდა: კილოგრამ კომბოსტოს 15 თეთრად ვყიდი, 50 ტონა მაქვს, რამე მიშველეთო.. და დაულპა, რადგან თურქეთიდან და ირანიდან შემოტანილი 5-7 თეთრად იყიდებოდა. ჰოდა, ახლა გადით და კომბოსტო 70-80 თეთრად იყიდეთ, თუ მოახერხებთ.
სამწუხაროდ, მხოლოდ ეს არ არის პრობლემა. აგერ, სამშენებლო სექტორში დასაქმებულებს 1 თებერვლიდან შეღავათები გაუუქმდათ. საქმე საშემოსავლო გადასახადს ეხება, რომელიც ამ სექტორში დასაქმებული მცირე მეწარმეებისთვის, სულ რაღაც, 1%-ს შეადგენდა. ახლა კი, თუ სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები მომსახურებას გაუწევენ ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს, მცირე მეწარმის სტატუსით ვერ ისარგებლებენ და ერთის ნაცვლად 20%-ით დაიბეგრებიან. შესაბამისად, მათი დაქირავება სამშენებლო სექტორსაც გაუძვირდება. მარტივად გასაგები რომ იყოს, მაგალითად, 10-კაციანი ბრიგადა დღეში იღებდა 1500 ლარს და მუშაოდა მშენებლობაზე. ამ თანხიდან ისინი იხდიდნენ 15 ლარს, ახლა კი გადასახდელი ექნებათ 300 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ან ბრიგადა უნდა შემცირდეს ათიდან რვა ადამიანამდე, ან თითოეულმა შინ გაცილებით ნაკლები თანხა უნდა წაიღოს. რეალურად, ეს არის ძალიან სოლიდური შემოსავალი ბიუჯეტში და ძალიან სოლიდური გასავალი მუშათა კლასის ჯიბიდან. ჰო, სწორედ რომ მუშათა კლასის, რადგან მშენებლობაზე ძლიერნი ამა ქვეყნისანი უბრალოდ არ მუშაობენ. ისე, ხელისუფლება გვეუბნება, სამშენებლო სფეროს წარმომადგენელ სუბიექტს არ შეეზღუდება ფიზიკური პირებისთვის მომსახურება და ამ შემთხვევაში კვლავ შეეძლებათ, მცირე მეწარმის სტატუსი მიიღონ და მხოლოდ 1%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრონო. რამდენი ფიზიკური პირი შეძლებს ბრიგადის დაქირავებას, თავად განსაჯეთ და, ვინც შეძლებს, იმას არც გადასახადის გადახდის პრობლემა ექნება.
სამწუხაროდ, არავინ ლაპარაკობს სოფლის მეურნეობაში შეღავათების დაწესებაზე და ეს, იმის მიუხედავად, რომ ჩვენს რეგიონში სწორედ ამ შეღავათების შემდეგ ამოისუნთქა თურქეთმა, ირანმა, სომხეთმა. ისე, სომხეთთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინათ გაფორმდა და იქნებ ის მაინც ვისწავლოთ, როგორ ყიდულობენ ჩვენგან შემოდგომაზე ყურძენს და როგორ ყიდიან საახალწლოდ ისევ ჩვენზე ოთხჯერ და ხუთჯერ უფრო ძვირად. ეგებ, თურქეთისგან ვისწავლოთ ის, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებისთვის გადასახადი ერთ პროცენტზე ნაკლებია, ირანისგან ვისწავლოთ, როგორ შეიძლება მცირე ფართობზე უზარმაზარი მოსავლის მიღება ისე, რომ საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგაც კი შემოტანილ პროდუქციაში უფრო ნაკლები შხამ-ქიმიკატი იყოს, ვიდრე ადგილობრივ წარმოებულში. იქნებ ვისწავლოთ, რომ წვეთოვანი მორწყვა გაცილებით ეფექტიანია და გარდა იმისა, რომ მოსავლიანობას ძალიან ზრდის (პრაქტიკულად აორმაგებს), წყლის უაზროდ ხარჯვასაც ვიცილებთ თავიდან. აი, ზაფხულობით სარწყავი წყლის პრობლემა ნამდვილად არის, რადგან ჩვენ ხომ მორწყვა დაგუბებით ვიცით და წყალი უაზროდ იკარგება.
რა თქმა უნდა, იმას არ ვამტკიცებთ, რომ, როგორც კი ჭარბი პროდუქცია გაგვიჩნდება, მაშინვე კარს გაგვიღებს ევროპა და საკუთარ დახლებს დაგვახვედრებს. ჩვენ კი არა, ევროპას დონალდ ტრამპი შემოსწყრა: ამერიკული პროდუქცია არ მიგაქვთ, ევროპულ ბაზარზე არ გვიშვებთ, ამიტომ ტარიფებს დაგიწესებთო, მაგრამ… რა სახეობის ჭარბი პროდუქციაც უნდა გვქონდეს, ყველაფერს ბოლომდე ითვისებს რუსული ბაზარი. თანაც ითვისებს ისე, რომ იმაზე მეტს იხდის, ვიდრე ევროპა. რაც მთავარია, რუსულ ბაზარზე, ჩუმად თუ ღიად, პრაქტიკულად, ყველა დაბრუნდა და დაწესებული სანქციები აღარავის აინტერესებს. ევროპულ ბაზარზე ჩვენ, სულ ცოტა, 50 წელი არავინ შეგვიშვებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელები უნდა ჩამოვუშვათ. კიდევ გავიმეორებ: ნებისმიერი რამ, რაც ჭარბად გვაქვს, რუსეთში იყიდება, ყველაზე ახლო და ყველაზე დიდ ბაზარზე.
ისევ ხელისუფლებას დავუბრუნდეთ, იმ ხელისუფლებას, რომელიც მსჯელობს ყველაფერზე, წარმოების განვითარების გარდა. კარგია 6-მილიარდიანი ინვესტიცია, ეკონომიკასაც წაადგება, სამუშაო ადგილებიც შეიქმნება, მაგრამ არ შეიქმნება წარმოება. თქვენ თუ იცით, ლამის მთელი მსოფლიო მატყლს უძვირფასეს ნედლეულად რომ თვლის და მისგან ძაფს რთავს, სასუქს აკეთებს? ჰო, სასუქს, რომელსაც სხვა უკეთესი თვისებები ჰქონია, ჩვენთან კი… საქართველოში, მეცხვარეებისთვის, ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ მატყლის განადგურებაა. გარემოს დაცვა მეცხვარებს დაავალეს, მატყლი ისე უნდა განადგურდეს, კვალი არ დარჩესო (დაწვა არ შეიძლება) და ისინი ცდილობენ, რამენაირად, ხარჯების თავიდან აცილებით სადღაც მიმალონ, გადაყარონ, დაწვან… და ამ დროს დანარჩენი მსოფლიო მატყლს იყენებს. ახლა იტყვით, მაშინ გავიტანოთო, მაგრამ ამას რეგულაციები უნდა, იმდენი ანალიზი და ნებართვა, რომ გატანა აზრს კარგავს, აქ უნდა აწარმოო, აქ უნდა მიიღო პროდუქცია, მაგრამ…
ამდენი წლის განმავლობაში ხომ არავის გახსენებია მატყლი და, როგორც კი ერთმა კაცმა თქვა, მისგან სასუქისა და ძაფის წარმოება მინდაო, იმდენი კითხვა დაუსვეს და იმდენი რამ დაავალეს, უკვე ხელი აიღო. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ძველ საბურავებს რომ ვერაფერს უშვრებიან და იძულებულნი არიან, საქართველოში ერთადერთ საწარმოს უფასოდ ჩააბარონ, თავისივე ხარჯით ჩაუტანონ და უფასოდ მისცენ. მერე ეს საწარმო ამ საბურავებს ამუშავებს და სკვერებსა თუ დასასვენებელ სივრცეებში დაგებული რეზინის ფილები სწორედ მათ მიერ არის წარმოებული. ისინი ფულს აკეთებენ, ძველი საბურავები ვისაც აქვს, ისინი ზარალობენ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათი განადგურების სხვა გზა არ არსებობს, არ აქვს სახელმწიფოს რეგულაცია. აი, სხვა ქარხანა რატომ არ არსებობს საბურავების გადასამუშავებლად, უკვე არსებულს კონკურენცია რომ გაუწიოს, ცალკე საუბრის თემაა.
ვერ გეტყვით, რა და როგორ იქნება სამომავლოდ, მაგრამ დღეს მწარე რეალობა გვაქვს. უკვე მერამდენე გაზაფხული მოდის იმის იმედად, რომ რაღაც შეიცვლება, რომ სუფთა ქართული პროდუქცია იმდენი იქნება ბაზარზე, უცხოურის შემოტანა აღარ დაგვჭირდება, მაგრამ, ვაი, რომ პირიქით ხდება. საქართველოში რაც დრო გადის, შემოტანილი პროდუქტები სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს, ჩვენებური კი სანთლით საძებარი ხდება. პრაქტიკულად, ყველა ქვეყანას სოფლის მეურნეობა კონტროლზე ჰყავს აყვანილი და უდიდეს ყურადღებას უთმობს… ყველა, ჩვენ გარდა!
ბესო ბარბაქაძე