ორკუთხა სამკუთხედი

    2025 წლის 26 იანვარს ბელარუსში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმათა 86 პროცენტით გაიმარჯვა. ლუკაშენკო, 1994 წლიდან მოყოლებული, მეშვიდედ იკავებს ამ პოსტს…

     ალექსანდრე ლუკაშენკოს დასავლეთში ევროპის უკანასკნელ დიქტატორს უწოდებენ.

    რატომ?

    ძირითადად შემდეგი მიზეზების გამო:

    1. ლუკაშენკომ არ მოისურვა დასავლეთის კარნახით ცხოვრება. მან დამოუკიდებელი ბელარუსის მშენებლობა არჩია;

    2. ლუკაშენკო რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გზას დაადგა და მასთან სამოკავშირეო ხელშეკრულება გააფორმა;

    3. ლუკაშენკომ ბელარუსის ეკონომიკა განავითარა არა ამერიკის მიერ შემოთავაზებული მოდელით, რომელიც წარმოების საშუალებათა პრივატიზაციის (ხალხმა ”პრიხვატიზაციის” ანუ მისაკუთრების პროცესი რომ უწოდა) გზით ერთეულთა გამდიდრებისა და მილიონების გაღატაკების მექანიზმს წარმოადგენდა, არამედ სოციალისტური და საბაზრო ეკონომიკის გონივრული შერწყმით;

    4. ლუკაშენკო, მიუხედავად სერიოზული მცდელობებისა, დასავლეთმა ვერ მოთოკა, ვერც ე.წ. ფერადი რევოლუციის მოწყობით შეაშინა, ვერც მოისყიდა, ვერც მოატყუა;

    5. ლუკაშენკომ დასავლეთს ბელარუსში არ დაანება აგენტოკრატიის ჩამოყალიბება იმ სქემის შესაბამისად, რომელიც ბევრ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში წარმატებით განახორციელა.

    აი, ამიტომ უწოდებენ  ალექსანდრე ლუკაშენკოს დასავლეთში ევროპის უკანასკნელ დიქტატორს, მაგრამ ეს დიქტატურაა? პასუხი მარტივია: არა, ეს დიქტატურა არ არის, ეს საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე ზრუნვაა!

    ალექსანდრე ლუკაშენკო დასცინის იმ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც  მას ევროპის უკანასკნელ დიქტატორად მოიხსენიებენ: ”მე ევროპის ბოლო და ერთადერთი დიქტატორი ვარ. სხვა ჩემნაირი  მსოფლიოში არ მოიძებნება, – უთხრა მან ”როიტერის” ჟურნალისტს ექსკლუზიურ ინტერვიუში, – თქვენ მოხვედით, რათა ცოცხალი დიქტატორისთვის თვალი შეგევლოთ. სხვაგან ასეთ რამეს ვერ ნახავთ. განა ეს ერთ რამედ არ ღირს?!”

    ეს მართალი კაცის სარკაზმია; მართალი კაცისა, რომელსაც დასავლეთი ცილს სწამებს, რათა სახელი გაუტეხოს და მისსავე ქვეყანაში ხალხის გარკვეული ნაწილი მის საწინააღმდეგოდ განაწყოს. ნაცადი მეთოდია. ადამიანთა ერთი ნაწილი ამგვარ პროვოკაციაზე მარტივად წამოეგება-ხოლმე. საბჭოთა კავშირშიც ასე მოიქცნენ. სოციალურად დაცულ და გარანტირებულ ცხოვრებას, უფასო ჯანდაცვასა და უფასო დასვენებას, უფასო განათლებასა და უფასო საცხოვრებელ ბინებს, უმუშევრობის სრულ ლიკვიდაციასა და სოციალურ თანასწორობას, რომლის მსგავსი კაცობრიობას დიდი ოქტომბრის სოციალისტურ რევოლუციამდე არ უნახავს, დაუპირისპირეს დემოკრატია, რომელიც იმ გაგებით, როგორსაც დასავლეთი გვთავაზობს, არ გვქონდა. საკვირველი კი ის იყო, რომ საბჭოთა ხალხის ერთმა ნაწილმა ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სიკეთე სწორედ იმ დასავლურ (ფასადურ) დემოკრატიაში გაცვალა, რომელსაც საქართველოსთვის ნგრევის, დაშლისა და გაჩანაგების მეტი არაფერი მოუტანია. დღეს მთელ ყოფილ საბჭოეთში იციან, რა ძვირი დაუჯდა ხალხს ეს ე.წ. დემოკრატია, როგორ შეაცდინეს და მოატყუეს იგი მრავალპარტიული საარჩევნო ჟონგლიორობით, სიტყვისა და გამოხატვის მოჩვენებითი თავისუფლებით, ბიზნესის ხელმისაწვდომობისა და კერძო საკუთრების ცრუ ხიბლით. იციან-მეთქი, ვამბობ, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც არიან ადამიანები, რომლებმაც ეს რეალობა დღემდე ვერ გააცნობიერეს, მათ შორის – ბელარუსშიც. დასავლეთი ნადირობს ასეთ ადამიანებზე; აერთიანებს მათ სპეციალურად შექმნილ და დაფინანსებულ ორგანიზაციებში, რომლებსაც შემდგომ იმ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს, რომლეიც არეულობების ინსპირირებასა და სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობაში ვლინდება. ბელარუსში ეს არ გაუვიდათ,  ამიტომ უწოდებენ ლუკაშენკოს დიქტატორს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს სიტყვა ყოვლად უადგილოა.

    როდესაც ვამბობ, რომ დასავლეთმა ბელარუსის ხელისუფლებაში ვერ შეძლო საკუთარი აგენტურის მოყვანა, ანუ ვერ შეძლო აგენტოკრატიის ჩამოყალიბება, ამას ერთი მხრივ განაპირობებდა ლუკაშენკოს თავგანწირული ბრძოლა ბელარუსის სუვერენიტეტის გადასარჩენად, მეორე მხრივ კი – ის ზურგი, რომელიც ბელარუსს რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებამ გაუმაგრა.

    ამგვარად, გამოკვეთილია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან რუსეთის დამოკიდებულების ერთი მოდელი – შეგვიძლია,  მას პირობითად  ბელარუსის მოდელი დავარქვათ. ეს მოდელი რუსეთთან მეგობრობის პრინციპს ეფუძნება.

    არსებობს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან რუსეთის დამოკიდებულების მეორე მოდელიც. მას პირობითად შეგვიძლია დავარქვათ უკრაინის მოდელი. ეს მოდელი რუსეთთან მტრობის პრინციპს ეფუძნება.

    ამ ორ მოდელს ბელარუსისა და უკრაინის მოდელები იმიტომ დავარქვი, რომ სწორედ ამ ორ რესპუბლიკასთან ურთიერთობაში გამოვლინდა ორი უკიდურესობა – მაქსიმალურად დადებითი და მაქსიმალურად უარყოფითი. ბელარუს ხალხსა და მის ლიდერს ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ ისტორიულ და ბუნებრივ მოკავშირე რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის აუცილებლობა და გულშიც კი არ გაუვლიათ ნატოსა და ევროკავშირის წევრობა. უკრაინის ლიდერებმა და ხალხის დიდმა ნაწილმა კი რუსეთთან ისტორიული კავშირი უარყვეს, მასთან დაპირისპირება სტრატეგიულ მიმართულებად გამოაცხადეს და რუსეთის მტერი სამხედრო ბლოკის (ნატოს) წევრობა უმაღლეს ეროვნულ მიზნად დაისახეს.

    უკრაინის სწრაფვა ნატოსკენ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის პროვოკაცია იყო, რომელიც პლანეტაზე არსებულ სამხედრო ბალანსს არღვევდა და რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას გამოუსწორებელ დარტყმას აყენებდა. რუსეთი ამას ვერ დაუშვებდა, რის გამოც ომი გარდაუვალი შეიქნა. დასავლეთმა ამ პროვოკაციით უკრაინა გაწირა, მაგრამ ამაში საკვირველი არაფერია, ის მცირეოდენი სარგებლისთვის ნებისმიერ სახელმწიფოსა და ხალხს გაწირავს. აქ საკვირველი უკრაინის ლიდერებისა და საზოგადოების იმ ნაწილის საქციელია, რომლებმაც აბსურდული დასავლური ორიენტაციის გამო საკუთარი თავი გაწირეს. ამ თემის უფრო ვრცლად გაშლა დღევანდელი სტატიის მიზანს არ წარმოადგენს. ჩემი მიზანი ორი ტენდენციის წარმოჩენაა: რა მოაქვს რუსეთთან მეგობრობას და რა მოაქვს მასთან მტრობას. რუსეთთან მეგობრობა (ბელარუსის მაგალითი) აღმოჩნდა ხელშეუხებლობის გარანტი, რუსეთთან მტრობა კი (უკრაინის მაგალითი) სრული განადგურების საფუძველი. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთთან პარტნიორობა (კვლავ უკრაინის მაგალითი) ვერ აღმოჩნდა დაცვისა და ხელშეუხებლობის გარანტი.

    ეს ყველაფერი პრაგმატიზმის სფეროა და საკითხის ერთი მხარეა.

    საკითხის მეორე მხარე ზნეობის სფეროა. უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს,   რომელ მხარეს აღმოჩნდები სიკეთისა და ბოროტების თვალსაზრისით. რუსეთისა და დასავლეთის კონფრონტაციაში სულაც არ არის ძნელი გასარკვევი, სად არის სიკეთე და სად – ბოროტება. მსოფლიოს დაპყრობის ჟინით შეპყრობილი აშშ და მის ფეხქვეშ გართხმული კოლექტიური დასავლეთი, რომლებიც გარყვნილების იდეოლოგიით წამლავენ პლანეტას, შეუნიღბავი ბოროტებაა, ხოლო ტრადიციულ ღირებულებათა და რელიგიათა დამცველი და ადეპტი (ისტორიული მესამე რომი) რუსეთი, რომელიც ჯებირივით აღუდგა ბოროტებას, რათა მთელ მსოფლიოზე არ გავრცელდეს მისი ბინძური დიქტატი, თავად განსაჯეთ, ვინ გამოდის – ბოროტება თუ სიკეთე.

    ირკვევა, რომ გვაქვს ორი მოღაღადე მაგალითი – ბელარუსისა და უკრაინისა, რომლებიც შეუძლებელია, ვერ შეამჩნიო და ვერ დაინახო. ეს მაგალითები მხოლოდ ერთი მიმართულებით გვიბიძგებს, მით უფრო, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრაგმატიზმი და ზნეობა ერთ მხარეს აღმოჩნდა. საზოგადოდ, პრაგმატიზმი და ზნეობა ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ისინი კი არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, არამედ ავსებენ. საქართველოსთვის რუსეთის მოკავშირეობა და მასთან სტრატეგიული პარტნიორობა პრაგმატულიც არის და ზნეობრივიც. ეს ის შემთხვევაა, როდესაც არჩევანი უმარტივესი გასაკეთებელია, მაგრამ აქ სიძნელე სხვა რამეშია: დასავლეთი, რომელიც შემოსულია მძლავრი იდეოლოგიური ეფექტებითა და ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, უზარმაზარი ფინანსებითა და ვალდებულებებით, გამოცდილი სპეცსამსახურებითა და აგენტურით, უზნეო მედიასაშუალებებითა და არასამთავრობო ორგანიზაციებით, ყველანაირი მეთოდით იბრძვის უკვე დიდი ხნის წინათ მოპოვებული გავლენის შესანარჩუნებლად. რაც შეეხება უშუალოდ არჩევანს, იგი ძნელია იმდენად, რამდენადაც თითოეული მოქალაქის გასაკეთებელია, რომელთა შორის ბევრია ისეთი, ვინც ერთხელ და სამუდამოდ მოიწამლა დასავლური ბანგით. ეს კი, მოგეხსენებათ, ის საწამლავია, რომელიც ადამიანს (საზოგადოებას) შეფასების უნარს ართმევს და გონებრივ იმპოტენტად აყალიბებს.

    ასე იკვრება ეს სამი მომენტი:  არჩევნები, თავისუფლება და გონიერება, რომელიც სამკუთხედად გვეჩვენება, მაგრამ არ არის სამკუთხედი. არჩევნები მოვლენაა, ფაქტია, თავისთავადი ღირებულებაა, რომელსაც აღმოაჩნდა ორი მისადგომი (კუთხე)- თავისუფლება და გონიერება. აბსოლუტური გონიერება არ ეწინააღმდეგება და არ გამორიცხავს თავისუფლებას, მაგრამ აბსოლუტური თავისუფლება შიშველ ემოციებში გადადის და ემიჯნება გონიერებას. თავისუფლებით თუ იხელმძღვანელებ, უკრაინას მიიღებ; გონებით თუ იხელმძღვანელებ – ბელარუსს. ასეთია ამ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ორკუთხა სამკუთხედის რთული ბუნება.

    ახლა, როდესაც აშშ-ში გასაოცარი ცვლილებების ეპოქა დადგა, პერიფერიებში (მათ შორის საქართველოშიც) აბსოლუტურად გამორიცხულია ძველი მიდგომების შენარჩუნება. მასშტაბური ცვლილებები გარდაუვალია.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                                   

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here