Deep State-ის სიტყვასიტყვითი თარგმანი ბევრს არაფერს გვეუბნება – არც ქართულად (ღრმა სახელმწიფო), არც რუსულად (Глубинное государство), არც სხვა ენებზე და არც ორიგინალშია სრულად გასაგები ინგლისურენოვანთათვის.
მასობრივი საინფორმაციო საშუალებების (პრესა, ტელევიზია, სოციალური ქსელები), გამომცემლობებისა და ელექტრონული ენციკლოპედიების (ვიკიპედია და სხვ.) მფლობელები, როგორც წესი, ბლოკავენ (ყოველ შემთხვევაში, დღემდე ასე იყო) „ღრმა სახელმწიფოს“ ნებისმიერ ისეთ ინტერპრეტაციას, მის სიღრმეებში ისეთ ძიებას, რომელიც მათსას არ ემთხვევა, მათ ინტერესებში არ შედის. მათებური „განმარტება“ ყოველთვის იყო და არის დღესაც შემდეგნაირი: „არსებობს კი საერთოდ ეს ე.წ. ღრმა სახელმწიფო? ეს ხომ კონსპიროლოგიური, ანუ შეთქმულების თეორიაა, რომლის უკანაც ზოგჯერ რეალური ფაქტებიც იმალება“!
ღრმა სახელმწიფოს კონცეფციის მომხრეები კი თვლიან, რომ ნებისმიერი მთავრობა ფიქციაა, რომ სახელმწიფოებს რეალურად რუხი კარდინალები მართავენ. ამ მოვლენის შესახებ ჯერ კიდევ 90 წლის წინათ პრეზიდენტი რუზველტი ამბობდა: „ყველა დროში, მით უფრო ახლა, ვიდრე ოდესმე, მსოფლიოს მართავენ, პირველ რიგში, საიდუმლო ორგანიზაციები“. ამ რუხი კარდინალების ძალის აღმნიშვნელად დღემდე ყველაზე ხშირად იხმარებოდა ტერმინი – „სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი“, და სწორედ დიდი ფულისა და დიდი ძალის მქონე ამ კომპლექსს უწოდა „ღრმა სახელმწიფო“ ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორმა პიტერ დეილ სკოტმა 2007 წელს თავის წიგნში „გზა 9/11–ისკენ: სიმდიდრე, იმპერია და ამერიკის მომავალი“. 2014 წელს გამოქვეყნებულ მის პოლიტიკურ სტატიას კი უკვე სათაურად ჰქონდა „სახელმწიფო, ღრმა სახელმწიფო და მსოფლიო უოლ-სტრიტი“.
უმრავლესობისთვის გაუგებარია და იმავე დროს წარმოუდგენელიც, როგორ შეიძლება გარდა არსებული, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისა, კიდევ არსებობდეს რაღაც „ღრმა სახელმწიფო“ ან, გნებავთ, კიდევ ერთი „სახელმწიფო სახელმწიფოში“ და ის განაგებდეს ქვეყნის ბედს: უნდა – ომს იწყებდეს, სადაც მოისურვებს; უნდა – არასასურველ მთავრობას ამხობდეს; უნდა – პანდემიებს იგონებდეს; უნდა – მთელ მსოფლიოს ცრიდეს გამოუცდელი ვაქცინებით და უნდა – მსოფლიო მოსახლეობის 90 %–ით გასაწყვეტ გეგმებს აწყობდეს! ამიტომ ტერმინს ღრმა სახელმწიფო მეტი სიცხადისთვის, მისი არსის უკეთ გასაგებად სხვადასხვა სინონიმებს უძებნიან, როგორებიცაა: მსოფლიო (გლობალური, ფარული, საიდუმლო) მთავრობა, გლობალური ომის პარტია, ფარული ხელი, 300–თა კომიტეტი, ზემოთ ხსენებული სამხედრო–სამრეწველო კომპლექსი და სახელმწიფო სახელმწიფოში.
შეერთებულ შტატებში ღრმა სახელმწიფოთი სხვა ტერმინების ჩანაცვლება დონალდ ტრამპის ინიციატივით დაიწყო ჯერ კიდევ 2016 წელს, მაგრამ განსაკუთრებით ახლა მოიკიდა ფეხი – 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ.
ჯერ კიდევ პირველ გაპრეზიდენტებამდე (2014 წელს) და ინაუგურაციის შემდეგაც (2017 წლის იანვარში) ტრამპი იმუქრებოდა ფარმკომპანიების საქმიანობის გამოძიებით და ვაქცინების უსაფრთხოების მიზნობრივი ჯგუფის თავმჯდომარედ რობერტ კენედი უმცროსი დანიშნა (ახლა კი – ჯანდაცვის მინისტრად წარადგინა იგი; დაამტკიცებს თუ არა სენატი მის კანდიდატურას, 31 იანვარს გადაწყდება). ღრმა სახელმწიფოს ერთ-ერთი შემადგენლის – ფარმინდუსტრიის – წინააღმდეგ ჩაფიქრებული ზომების გატარების საშუალება, ჩვენდა სამწუხაროდ, ტრამპს არ მისცეს, პირიქით, – ღრმა სახელმწიფომ პანდემიაც მოახვია თავს და საყოველთაო იძულებითი ვაქცინაციაც, ეკონომიკაც ჩამოუშალა „კოვიდსაწინააღმდეგო“ ზომებით (ე.წ. ლოქდაუნებით), არჩევნებიც გაუყალბა, ხოლო მერე, 2024 წელს ტყვიაც არ „დაიშურა“ მისთვის წინასაარჩევნო მიტინგზე, რომელსაც სასწაულად გადაურჩა ამერიკის მომავალი პრეზიდენტი. ამიტომ ასეთ ძალასთან დაპირისპირება, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი და რომელსაც ფესვები ღრმად აქვს გადგმული თითქმის მთელ მსოფლიოში (პირველ რიგში, ამერიკასა და რუსეთში), მით უფრო მისი დამარცხება მხოლოდ ერთ სახელმწიფოში, თუნდაც ისეთ ძლიერში, როგორიც შეერთებული შტატებია, როგორც ამას ტრამპი გვპირდება, არათუ ძალზე ძნელი, შეუძლებელი იქნება. აუცილებელია, სულ ცოტა, ორი სახელმწიფოს – აშშ-ისა და რუსეთის ერთობლივი და ერთდროული შეთანხმებული ძალისხმევა. სხვანაირად ეს ძალა უსათუოდ მოახერხებს მათ წაკიდებას ერთმანეთთან და კაცობრიობის გადაჩეხვას მესამე მსოფლიო ომის უფსკრულში.
წერილის მთავარ სათქმელთან ახლა მივდივარ, ადრეც შეიძლებოდა, მაგრამ მინდა, ყველამ კარგად გაიაზროს, როგორი ძალისთვისაა შერჩეული ახალი ქართული სახელი – „ფარული დასი“. ბოლო ხანებში, ღრმა სახელმწიფოს ნაცვლად, პრესაში იწყეს ამ ტერმინის გამოყენება, რამაც კიდევ უფრო ძნელად გასაგები გახადა, რას ნიშნავს „ღრმა სახელმწიფო“. მისი არსიდან, ანუ აქამდე თქმულიდან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება „ღრმა“ შეიცვალოს სხვა სიტყვებით – „ფარული“ ან „საიდუმლო“, მაგრამ „სახელმწიფოს“, „მთავრობის“ ან თუნდაც „კომპლექსის“, მათში ჩადებული ღრმა შინაარსიდან გამომდინარე, სიტყვა „დასით“ ჩანაცვლება გვარიანი შეცდომაა და აი რატომ:
სიტყვა „დასი“ დადებითი შინაარსის მქონე სიტყვაა, ვინაიდან, როგორც წესი, ის ასოცირდება თეატრთან, მუსიკასთან და ამიტომაცაა ის დაწყვილებული შემდეგ სიტყვებთან: თეატრალური ან მსახიობთა დასი, მუსიკალური ან დამკვრელების დასი (დასი არის იგივე „труппа“ რუსულად და „troupe” ინგლისურად). ქართულში ის იხმარებოდა და დღესაც იხმარება საზოგადოებრივი დაჯგუფების, პოლიტიკური მოძრაობის, მიმდინარეობისა თუ ორგანიზაციის აღმნიშვნელადაც, როგორც, მაგალითად, პირველი (მეორე, მესამე) დასი, სახალხო დასი, ქართული დასი. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვიხმაროთ, როგორც მსახიობთა ჯგუფი, ისე მსახიობთა დასი (ჯგუფსა და დასს შორის განსხვავება არის ის, რომ დასი ჩამოყალიბებული, ორგანიზებული ჯგუფია, კოლექტივი), მაგრამ არ შეიძლება მისი დაწყვილება ისეთ სიტყვებთან, რომლებიც უარყოფითი, მიუღებელი, დანაშაულებრივი და ა.შ. შინაარსისაა; მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ კრიმინალების ჯგუფი, დაჯგუფება, მაგრამ, რაც უნდა ორგანიზებული იყოს ეს დაჯგუფება ერთ კოლექტივად, არავის არ მოუტრიალდება ენა, მათზე თქვას კრიმინალების დასი ან, გნებავთ, ფარული დასი, ანუ არ შეიძლება დანაშაულებრივი (!) საქმეების ფარულად ჩამდენთა დაჯგუფებას, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტმა ომი გამოუცხადა საჯაროდ, ეწოდოს დასი!
„ფარული“ და „დასი“ შეუთავსებელი სიტყვებია, თითქმის, – ოქსიმორონი, ამიტომაც მათი დაწყვილება არასწორია და მიუღებელი!
იაკობ ლეჟავა
31 იანვარი, 2025 წ