Home რუბრიკები სამართალი პროკურატურაში სანდრა რულოვსსაც დაიბარებენ

პროკურატურაში სანდრა რულოვსსაც დაიბარებენ

ორიოდე დღის წინათ პროკურატურაში სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი  თემურ ჯანაშია და სანდრა რულოვსის დაცვის ყოფილი თანამშრომელი ვალერი კილაძე, აგრეთვე, ყოფილი პირველი ლედის დამლაგებელი, ქალბატონი გავაზ კულოიანი დაიბარეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით. საქმეს, რომელზეც ეს ადამიანები პროკურატურამ დაჰკითხა, გრიფი «საიდუმლო» ადევს. თემურ ჯანაშიას თქმით, გამოძიებას კითხვები დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობაზე ჰქონდა. «ხარჯებზე იყო, ზოგადად, საუბარი; არამიზნობრივია თუ მიზნობრივი, ეს უკვე გამოძიების პრეროგატივაა», _ გვითხრა ჯანაშიამ. ქალბატონმა გავაზ კულოიანმა კი ჩვენთან საუბარი არ ისურვა.


ჩვენ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილ მოადგილესა და საკრებულოს მოქმედ დეპუტატს _ ირაკლი ნადირაძეს ვესაუბრეთ. მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურის დამთავრების შემდეგ დაიწყო პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა. «რაც შეეხება ბრალდებას უკანონო ხარჯებთან დაკავშირებით, ეს სრული აბსურდია. ვურჩევ ხელისუფლებას, თავის უკანონო ხარჯებს, თავის 138-მილიონიან პრემიებს და 200-ათასლარიან ბანკეტებს მიხედოს. არ ვიცი, დამლაგებლის დაბარება რაში დასჭირდათ. როგორც ჩანს, ხდება ზეწოლა და დაშინება, რათა ამ ადამიანებს გამოტყუონ რაიმე ინფორმაცია. თემურ ჯანაშია არამხოლოდ სააკაშვილის, არამედ შევარდნაძის დაცვის წევრიც იყო და დარწმუნებული ვარ, ყველა საბუთი წესრიგში აქვს. ალბათ, ყველას დაიბარებენ, ვისაც რაიმე შეხება ჰქონია სააკაშვილთან. სანდრა რულოვსის დაცვის უფროსიც იყო დაბარებული და არ გამოვრიცხავ, ქალბატონი სანდრაც დაიბარონ პროკურატურაში. ვიმეორებ: პროკურატურაში დასაბარებელი ადამიანების რაოდენობა, ალბათ, გაიზრდება», _ გვითხრა ირაკლი ნადირაძემ.

რას ედავება პროკურატურა სააკაშვილის დაცვის ყოფილ თანამშრომლებს, რატომ ადევს საქმეს გრიფი «საიდუმლო”, აპირებს თუ არა  ლაშა თორდია ოცნებაში გადაბარგებას და ვის დააკავებენ უგულავას შემდეგ? «საქართველო და მსოფლიოს» ამ საკითხებზე «პატრიოტთა ალიანსის» ლიდერი სოსო მანჯავიძე ესაუბრა.

_ რამდენიმე დღის წინათ პროკურატურაში სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის  დაცვის ყოფილი თანამშრომლები, ასევე ყოფილი პირველი ლედის დამლაგებელი ქალბატონი. როგორც ამბობენ, დაცვის სამსახურისთვის ბიუჯეტის თანხების უკანონოდ გამოყოფა და არამიზნობრივი ხარჯვა სააკაშვილის დაკვეთით ხდებოდა და ხმარდებოდა სააკაშვილის ვოიაჟებს, მისი შვილის სწავლის დაფინანსებას და ა. შ. აი, ამიტომ დაიწყო გამოძიება. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და კიდევ ვინ შეიძლება დაიბაროს პროკურატურამ?

_ თუ გახსოვთ, ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ საუბრობდა. ივანიშვილი თავის ერთ-ერთ წერილში (რომელიც მან ევროკავშირის თავმჯდომარეს მისწერა) აღნიშნავდა, რომ სააკაშვილი ხარჯავდა შავ ფულს, დაახლოებით ნახევარ მილიონს თითო მოგზაურობაზე. ამან იმხანად დასავლურ წრეებში მწვავე რეაქცია გამოიწვია, მტკიცებულებებსაც კი სთხოვდნენ ივანიშვილს. სააკაშვილი რომ შავ ფულს ხარჯავდა, ჩვენც მშვენივრად ვიცოდით, მაგრამ ეს ფული კონკრეტულად რომელი უწყებიდან გამოიყოფოდა ან როგორ იგდებდა ხელში, ახალ ხელისუფლებას უნდა გამოეძიებინა. როგორც ჩანს, ახლა დადგა ეს დრო, ანუ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ და გამოძიებაც დაიწყო.

_ არჩევნების ჩატარებიდან მეორე დღეს ეს ადამიანები პროკურატურაში დაიბარეს, რაც «ნაცებმა» ზეწოლად და დაშინებად მონათლეს…

_ ხელისუფლებას უკვე აღარ ეშინია სააკაშვილის ლობისტების  და  დაგროვილი საგამოძიებო მასალებს, რომლებიც ჰქონდა (მოგეხსენებათ, პროკურატურა მუშაობდა ამაზე), მსვლელობა მისცა. მე ასე ვხსნი ამას და  პროცესსაც დადებითად ვუყურებ, რადგან სააკაშვილი, სხვა მრავალ დანაშაულთან ერთად, საბიუჯეტო სახსრების ფლანგვითაც იყო დაკავებული. რაც შეეხება «ნაციონალების» ბჟუტურს, ახლა საჭიროა, გაკეთდეს შემდეგი (მე დავაყენებ კიდეც ამ საკითხს საკრებულოში და დადგენილების პროექტსაც შევიტან): მერიის მუშაობის კომპლექსური, დოკუმენტური რევიზია უნდა ჩატარდეს კონტროლის პალატასა და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან ერთად. საერთოდ, სპეციალური საგამოძიებო კომისიაც უნდა შეიქმნას, რომელიც საზოგადოებრივი ნდობით იქნება აღჭურვილი და რომლის დასკვნებიც გასაჯაროვდება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავმიჯნოთ სამეურნეო დანაშაული პოლიტიკისგან.

ცნობილია, რომ თბილისის მერიას უამრავი დარღვევა ჰქონდა  უგულავას მერობის პერიოდში. ეს ყველაფერი უნდა დადგინდეს, მაგრამ არ უნდა ატარებდეს შურისძიების ხასიათს.

_ ითქვა, რომ პროკურატურა ყოფილ პირველ ლედისაც დაიბარებს _ არის კი ეს მოსალოდნელი? გარდა ამისა, სააკაშვილს ესპანელი მზარეულისთვის  ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა მიუციაო, გსემენიათ რაიმე ამის შესახებ? თქვენი ინფორმაციით, ვის დააკავებენ უგულავას შემდეგ?

_ დაიბარებენ თუ არა პროკურატურაში სანდრა რულოვსს, არ ვიცი. ჩემი ინფორმაციით, შემდეგი იქნება გიგა ბოკერია, რადგან უშიშროების საბჭოში მისი მოღვაწეობა ამის საფუძველს იძლევა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, აქ აურზაური არა მხოლოდ დასავლელი პარტნიორების მხრიდან ატყდება, არამედ კოალიციის მხრიდანაც _  მას ბევრი მოკავშირე ჰყავს კოალიციაშიც.

_ ვის გულისხმობთ _ ალასანიას?

_ გვარების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ერთს ვიტყვი: ალასანიასა და ბოკერიას ფლირტზე ბევრი გვსმენია. ბოკერია  ღარიბაშვილის გუნდის მოწინააღმდეგეების კონსოლიდაციას ცდილობს. ის არის მათი, ასე ვთქვათ, სული, გული და ტვინი და საერთაშორისო კონტაქტების კოორდინატორიც.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ ადევს საქმეს გრიფით «საიდუმლო»? იურისტების თქმით, ეს უკანონობაა… და კიდევ ერთი: ეს მასალები პროკურატურას ლაშა თორდიას უწყებამ _ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა _ მიაწოდა. ბუნებრივია, თორდია ვალდებული იყო, ეს გაეკეთებინა, მაგრამ, ამასთანავე, ხომ არ ცდილობს ის «ოცნებაში» გადაჯდომას და «ნაცების» ჩაშვება ხომ არ დაიწყო?

_ რა თქმა უნდა, გრიფი «საიდუმლო» არ უნდა ედოს ამ საქმეს, რადგან სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ არის. საერთოდ, «ნაციონალური მოძრაობა» ყველაფერს ადებდა გრიფ «საიდუმლოს». სტრატეგიულ ინფორმაციას შეიძლება ედოს გრიფი «საიდუმლო», მაგრამ აქ რა შუაშია, გაუგებარია. ეს არის უკანონობა; მეორეც _ შეიძლება, თორდიას გადაჯდომა-გადმოჯდომასთანაც გვქონდეს საქმე, მაგრამ არა მგონია, ეს ახლა აქტუალური იყოს. იმ ინფორმაციას, რომელიც თორდიას უწყებამ პროკურატურას მიაწოდა, უბრალოდ, ვერ დამალავდა, რადგან შემდეგ თავად აღმოჩნდებოდა მძიმე მდგომარეობაში. გარდა ამისა, რაც უნდა მალო, შუბი ხალთაში არ დაიმალება. აი, ეს არის. დარწმუნებული ვარ, ნელ-ნელა ეს პროცესი აუცილებლად მივა იქამდე, რომ ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც წლების განმავლობაში ამდენ უკანონობას სჩადიოდნენ, აუცილებლად გამომზეურდებიან.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here