Home ახალი ამბები საქართველო დასავლეთმა კარგად იცის, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური ბლოკადის დაწესება საქართველოს გაამათხოვრებს – ეკონომიკა...

დასავლეთმა კარგად იცის, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური ბლოკადის დაწესება საქართველოს გაამათხოვრებს – ეკონომიკა კი არ ჩამოგვეშლება, უბრალოდ, გაქრება

სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულებით რუსეთზე ვართ მიბმულნი და ეს, უწინარესად, დასავლეთის დამსახურებაა

250
დასავლეთმა კარგად იცის, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური ბლოკადის დაწესება საქართველოს გაამათხოვრებს - ეკონომიკა კი არ ჩამოგვეშლება, უბრალოდ, გაქრება

გასულ კვირას ამერიკამ და ევროპამ შემოგვითვალეს: რუსეთს ახალ სანქციებს ვუმზადებთ და, აბა, თქვენ იცით, აგვყევითო. დასავლეთს სურს, საქართველომ რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესოს და იქ გასაყიდად არაფერი შეიტანოს. ეს ყველაფერი დაახლოებით იმას ჰგავს, 1990-იანებში სამტრედიაში რკინიგზა რომ გადავკეტეთ და ჩვენი ჭკუით, რუსეთი ეკონომიკურ ბლოკადაში მოვაქციეთ. სინამდვილეში კი ამ ბლოკადით საქართველომ არნახული ზარალი ნახა. საბედნიეროდ, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არ აპირებს, დასავლეთს ამ სიგიჟეში აჰყვეს და ჯერჯერობით ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ჰო, ჯერჯერობით, რადგან არავინ იცის, რა მოხდება ხვალ და რას მოიფიქრებს 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის დასავლეთი. მათთვის ქართული საპარლამენტო არჩევნები ამერიკულ საპრეზიდენტო არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვანია, ყოველ შემთხვევაში, ასე იქცევიან და ასე ამბობენ…

გემახსოვრებათ, როგორც ევროპამ, ისე ამერიკამ, საქართველოს ხელისუფლებას წლების წინათ რომ ურჩია: რად გინდათ, სიმინდს და ხორბალს რომ თესავთ, ლურჯი მოცვი მოიყვანეთ და ევროპული თუ ამერიკული ბაზარი დაიტაცებს, რადგან ლურჯ მოცვი ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობსო. ჰოდა, დაიწყო მოცვის ნერგების შემოტანა (ძირითადად ევროპიდან), დარგვა, გახარება და, როცა ათეულობით ჰექტარზე პირველი მოსავალიც მივიღეთ, აღმოჩნდა, რომ ჩვენი მოცვი არც ამერიკას სჭირდებოდა და არც ევროპას. ჰოდა, სად გაიყიდა ჭარბი პროდუქტი? სწორია – რუსეთში და ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ რუსეთის ბაზარზე მოცვი გაცილებით ძვირად გაყიდეს, ვიდრე ევროპელები იხდიდნენ.

მოცვის ახალი მოსავლის აღება მაისის ბოლოს დაიწყო და შესაბამისად, ჯერჯერობით რთულია იმის ზუსტად განსაზღვრა, რა ოდენობის პროდუქტს მიიღებენ ადგილობრივები, თუმცა პროგნოზები უკვე კეთდება, მაგრამ ამაზე ქვემოთ. მოსავლის 99% ისევ რუსულ ბაზარზე გაიყიდა, 1% კი – სომხეთში ანუ არც ევროპის რომელიმე ქვეყანაში და არც ამერიკაში ჩვენი პროდუქტის მიმართ ინტერესი არ არის.

„ევროპულ ბაზარზე რომ მოვიკითხეთ, გვითხრეს, რომ დაახლოებით 3,5 ევროს გადაგვიხდიდნენ და ეს მაშინ, როცა რუსეთში ფასი 6,50 დოლარია, სომხეთში – 5,30 დოლარი. სომხეთში ამ პროდუქტს არავინ გაიტანდა, მაგრამ იქაურ მოქალაქეებს აქვთ საქართველოში მიწა იჯარით აღებული და გააქვთ თავიანთი მოსავალი, სამაცივრე მეურნეობებში ინახავენ და ზამთარში 10-12 დოლარად ყიდიან. ევროპაში შავი მოცვის გატანა სრული სიგიჟეა, გზის ხარჯებისა და ათასგვარი დოკუმენტების გარდა, ფასიც სასაცილოდ დაბალია“, – გვეუბნება ერთ-ერთი მწარმოებელი, რომელიც ტელეკამერების წინ ჯიუტად იმეორებს, რომ ევროპულ ბაზარზე გასასვლელ გზებს ეძებენ და სანამ იპოვნიან, პროდუქტი რუსეთში გააქვთ. დავალება მაქვს ასეთიო, – ჩვენთან იმართლებს თავს, მაგრამ გვეეჭვება, ვინმე რამეს ავალებდეს, სავარაუდოდ, სურს, რომ ლიბერალების თვალში „პრადვინუტი“ გამოჩნდეს.

ცნობისთვის: შარშან მოწეული მოცვის 95% რუსეთში გაიყიდა, დანარჩენი 5% კი _ სომხეთში, ქუვეითში, ყატარში და… გერმანიაში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ადასტურებს, რომ წელს მოცვის მოსავლის რეალიზაციის შედეგად ფერმერები 100-დან 120 მილიონამდე დოლარის შემოსავალს მიიღებენ და იმასაც ვარაუდობენ, რომ შარშანდელის მსგავსად რუსეთის წილი ამ საქმეში, სულ ცოტა, 95% იქნება.

რუსეთის გარდა, დასავლეთი ბელარუსის სანქცირებასაც გვთხოვს. ოპოზიციური პარტიებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ: ბოლო პერიოდში საქართველოში ბელარუსული მაღაზიების ქსელი „ბელორუსკი“ მომრავლდაო. მომრავლების რა გითხრათ, მაგრამ რამდენიმე სუპერმარკეტი მართლაც გაიხსნა და საინტერესოა, რომ იქაური პროდუქტი გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე ქართულ ქსელურ მაღაზიებში და არც ხარისხი დაეწუნება. ისე, ვინმემ დაუშალა დასავლეთს „ამერიკანსკი“ და „ევროპეისკი“ სუპერმარკეტების გახსნა? კი არის ორიოდე მაღაზია, რომლებიც მხოლოდ ევროპული პროდუქტით იწონებენ თავს, მაგრამ ისეთი ფასებია, რიგითი მოკვდავები, უბრალოდ, ვერ იყიდიან. აი, ბელარუსულ მარკეტში კი ძველი, „კომუნისტური გემო“ აქვს პროდუქტს და ყველა იმაზე მაინც თანხმდება, რომ კომუნისტების პერიოდში პროდუქტი ნატურალური იყო და, მაგალითად, ძეხვი ხორცისგან კეთდებოდა და ფუნთუშაში ფქვილის, საფუარის, ქიშმიშის, მარილის, შაქრისა და წყლის გარდა არაფერს ამატებდნენ – არც პალმის ზეთს და არც მცენარეულ ცხიმს. ისე, მცენარეულ ცხიმზე ვთქვათ: ლამის მთელ მსოფლიოში აკრძალულია და მისი გამოყენება თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ჩვენთან კი პურშიც უმატებენ და გამკითხავი არავინაა.

დასავლეთმა კარგად იცის, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური ბლოკადის გამოცხადება საქართველოს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გაამათხოვრებს. ჰო, ეკონომიკა კი არ ჩამოგვეშლება, უბრალოდ, გაქრება, რადგან მარტო ხილზე კი არა, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით რუსეთზე ვართ მიბმული და ეს, უწინარესად, არა რუსეთის, არამედ დასავლეთის დამსახურებაა; ჰო, ამერიკისა და ევროპის დამსახურებაა, რადგან ისინი საკუთარ ბაზარზე არ გვიშვებენ, თუ გვიშვებენ, კაბალურ პირობებს გვიყენებენ, აქ თუ რამის შემოტანა უნდათ, ისეთი ფასი აქვს, ვერავინ ყიდულობს და აღარ შემოაქვთ. და ამ დროს ჩვენ გვირჩევენ, რუსეთს ჩაეხსენითო, რადგან გამათხოვრებული და დამშეული ქვეყნის დამონება გაცილებით ადვილია და, რაც მთავარია, იოლია. სწორედ ასეთი გამათხოვრებულია დღეს უკრაინა და იმიტომაც არის, მისი ხელისუფალი იმას რომ აკეთებს, რასაც „დასავლელი“ პარტნიორები კარნახობენ. რეალურად უკრაინა, როგორც სახელმწიფო, აღარ არსებობს და, როცა კვლავ დაიწყებს არსებობას, სულ ცოტა, ნახევარი საუკუნის განმავლობაში ამერიკისა და ევროპის მოვალე იქნება და კვლავ მათ მითითებებს შეასრულებს, რადგან სხვა გამოსავალი აღარ ექნება. თუ დასავლეთი არ მიაწვდის საკვებს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), მოშლილი ინფრასტრუქტურის ფონზე უკრაინა ვერაფრის გაკეთებას ვერ მოახერხებს და ის დაპირება, თითქოს უკრაინის ქალაქების აღდგენას სხვა სახელმწიფოები თავიანთ თავზე აიღებენ, ამ გადმოსახედიდან უკვე სასაცილოდ ჩანს. აღდგენა შეიძლება რაღაც დაზიანებულის ან დანგრეულის, უკრაინაში კი ქალაქები, უბრალოდ, აღარ არსებობს და ეს, პირველ რიგში, ამერიკის დამსახურებაა – ევროპის უდიდესი სახელმწიფოსგან სამხედრო პოლიგონი გააკეთა და ახლა ამ პოლიგონს სურვილისამებრ იყენებს. უკრაინაზე ისიც ვთქვათ, რომ ომის პირველ დღეებში, როგორც ის, ისე დასავლეთი ყოველდღიურად აქვეყნებდნენ მონაცემებს იმის შესახებ, რამდენი რუსი ჯარისკაცი მოკლეს ბრძლოს ველზე, მაგრამ ამას უკვე წელიწადზე მეტია, აღარ აკეთებენ. რატომ? იმიტომ, რომ ამ სტატისტიკის მიხედვით, რუსეთის არმიისგან დაახლოებით ერთი წლის წინათ აღარაფერი უნდა დარჩენილიყო და ხალხი მიხვდებოდა, რომ ატყუეებდნენ, ამიტომ ეს თემა, უბრალოდ, გააქრეს.

ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ. დასავლეთი გადამწყვეტ იერიშზე რომ გადმოვიდა, ყველასთვის ცხადია. უკვე არც ოპოზიცია მალავს იმას, რომ 26 ოქტომბრისგან იმაზე მეტს ელის, ვიდრე აქამდე ელოდა და ამის მთავარი მიზეზი სწორედ დასავლელი პარტნიორების მიერ გაცემული დაპირებებია. უკვე დაიწყო პროპაგანდა, რომ მოქმედი ხელისუფლება თურმე არჩევნების გაყალბებას აპირებს და ამის უტყუარი მტკიცებულებები აქვთ, თუმცა ეს მტკიცებულებები ჯერჯერობით არავის უნახავს. რას ელოდებიან? არც არაფერს. არჩევნები თუ იმ შედეგით არ დასრულდეება, რომელიც მათ სურთ, გამოვლენ და იტყვიან: ხომ ვამბობდითო და… მტკიცებულებებს არ წარმოადგენენ; მხოლოდ იტყვიან, ზუსტად ისე, როგორც ეს გამჭვირვალობის კანონზე გააკეთეს, დაარქვეს „რუსული კანონი“ და დღემდე იმეორებენ, რომ კანონი რუსულია, მაგრამ რის საფუძველზე, ამას აღარ გვეუბნებიან…

საბედნიეროდ, ზაფხულის ხილის პირველი მოსავალი უკვე ბინავდება და რუსული ბაზარი საქართველოსთვის კვლავ გახსნილია. საბედნიეროდ იმიტომ, რომ ფერმერები, რომლებმაც მოსავლის მისაღებად არაერთი ათასი ლარი დახარჯეს, კრედიტები აიღეს, უზარმაზარი ფიზიკური შრომა ჩადეს, ახლა შედეგს იმკიან. სწორედ რუსული ბაზრის იმედად არიან მევენახეები, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე ყურძენს, უბრალოდ, ვეღარ ყიდიან, რადგან ღვინის ქარხნების უმრავლესობამ იმდენი მიწა შეიძინა, რომ საჭირო რაოდენობის ყურძენი უკვე თავიანთ ვენახებში მოჰყავთ და ერთადერთ გამოსავლად აქაც რუსული ბაზარი რჩება.

წინ 26 ოქტომბეერია, დღე, როცა ძალიან ბევრი რამ უნდა გაირკვეს და რატომღაც გვგონია, რომ სწორედ ამ დღეს და მისგან რამდენიმე დღეში დასავლეთი რეალურ სახეს გამოაჩენს და საქართველოში მორიგი არეულობის მოწყობას დაუფარავად შეეცდება. ვაი, რომ ამ საქმეში მას აქაური ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორიც შეუწყობენ ხელს…

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here