Home რუბრიკები სამართალი მამია სანადირაძე: მიმდინარეობს წართმეული ქონების გადანაწილება ახალ და ძველ ხელისუფლებებს შორის!

მამია სანადირაძე: მიმდინარეობს წართმეული ქონების გადანაწილება ახალ და ძველ ხელისუფლებებს შორის!

915

ხელისუფლებაში «ქართული ოცნების» მოსვლის შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა, მაგრამ მისი დაპირება სამართლიანობის აღდგენის თაობაზე დაპირებად რჩება. სააკაშვილის ხელისუფლებისგან დაზარალებულ და სამართლიანობის აღდგენის მომლოდინე ადამიანებს მოთმინების ფიალა ამოეწურათ და თაროზე შემოდებული საქმეების გამოუძიებლობის გამო საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ. სააკაშვილის ხელისუფლების მიერ გაძარცულმა ბიზნესმენმა მამია სანადირაძემ ასეულობით დაზარალებული ბიზნესმენი შემოიკრიბა და სამართლის აღდგენამდე ქუჩაში, კერძოდ, კანცელარიის შენობასთან, აპირებენ საპროტესტო აქციის გამართვას.

 

_ 1999 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დავამთავრე და იმთავითვე ვაცნობიერებდი, რა მნიშვნელობა ექნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის ინტერნეტს. ინტერნეტკომპანია «კავკასუს ონლაინი» 2000 წელს შევქმენით. იმხანად 17 კომპანია გვიწევდა კონკურენციას, მათგან 5 შევისყიდეთ და 2006 წელს ჩამოვყალიბდით, როგორც დომინანტი კომპანია _ საქართველოში მომხმარებლის 90 პროცენტს ჩვენ ვაწვდიდით ინტერნეტს. პრობლემა იყო ის, რომ ჩვენი ქვეყანა საკაბელო ინტერნეტს რუსეთიდან და თურქეთიდან იღებდა და ამაში დიდძალ თანხას გვართმევდნენ. ინტერნეტში ასჯერ ძვირს ვიხდიდით, ვიდრე ღირდა ევროპაში, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა, რადგან სხვა მომწოდებელი არ გვყავდა. თანაც, ძალიან ცუდი ხარისხის ინტერნეტი მოგვდიოდა; მაგალითად, ერთი ფილმის გადმოწერას მთელი დღე სჭირდებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ინტერნეტი ევროპის რომელიმე ქვეყნიდან გვეყიდა. ევროპაში ინტერნეტი ასჯერ უკეთესი ხარისხის იყო და შედარებით ასჯერ იაფიც. ვინაიდან საქართველოს ცენტრალურ ევროპასთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს, ერთადერთი შესაძლებლობა იყო ზღვით დაკავშირება. გადავწყვიტე, მოვლაპარაკებოდი ბულგარეთს ან რუმინეთს, შავი ზღვის ფსკერზე ჩაგვეფლო ინტერნეტკაბელი და საქართველო ევროპის ინფრასტრუქტურისთვის მიმეერთებინა. ეს ძალიან ძვირი და რთულად გასახორციელებელი პროექტი იყო.

საბოლოოდ გადავწყვიტეთ, ბულგარეთიდან გამოგვეყვანა ინტერნეტკაბელი. ბევრი ვიწვალეთ, უამრავი ნებართვა ავიღეთ და დავიქირავეთ ამერიკული კომპანია, რომელიც ლიდერი იყო ზღვის კაბელების ინსტალირებაში. გადავუხადეთ 40 მილიონი დოლარი, რომელიც დიდი ძალისხმევის შემდეგ ინგლისის საინვესტიციო ფონდმა გვასესხა. ამერიკელებმა 1200-კილომეტრიანი კაბელი ზღვის ფსკერზე გაიყვანეს. 2008 წლის ნოემბერში დასრულდა სამუშაოები და საქართველოს მაღალი ხარისხის ინტერნეტი მივაწოდეთ. ხალხმა ამოისუნთქა და უამრავი აბონენტიც შევიძინეთ. შესაბამისად, შემოსავალიც ძალიან გაგვეზარდა. ეს ძალიან არ მოსწონდათ კონკურენტებსა და სააკაშვილის ხელისუფლებას, რადგან მათ კონტროლს დაქვემდებარებული ბიზნესმენი არ ვიყავი. ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ მუშაობას განვაგრძობდი _ აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერნეტით მომარაგებაც მე ვითავე. მივიერთეთ ირანიც, ოღონდ სრულად _ ვერა.

«კავკაზუს ონლაინის» კონკურენტი კომპანია იყო «სილქნეტი», რომლის მეპატრონეც გახლავთ გიორგი რამიშვილი, მეტსახელად «ზარალა». ის «ნაციონალურ მოძრაობასთან» მეტად დახლოებული პირი იყო. «ზარალა» ხედავდა ჩვენი კომპანიის აღმასვლას და ჩვენ წინააღმდეგ აკძალული მეთოდებით ბრძოლა დაიწყო. ყოველდღიურად გვიზიანებდნენ აპარატურას, ჭრიდნენ ჩვენს კაბელებს, არ გვიშვებდნენ საკომუნიკაციო ჭებში, რომლებიც მხოლოდ მათ ჰქონდათ და ვალდებულნი იყვნენ, მოგვმსახურებოდნენ. ამ ყველაფერს «სილქნეტი» და «ნაცმოძრაობა» დუეტში აკეთებდა, მაგრამ მუშაობას მაინც განვაგრძობდით.

ამ პატარ-პატარა ხრიკებით რომ ვერ გაგვანადგურეს, 2009 წლის შემოდგომაზე დაიწყეს ჩვენი კომპანიის კაბელების გადაჭრა თბილისის მასშტაბით. ხელში ჩაიგდეს ჩვენი ქსელის სქემა, რაც შს სამინისტროსა და მერიის საზედამხედველო სამსახურის დამსახურებაა _ გიგი უგულავა, ივანე მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი… _ ყველა ერთად გვებრძოდა.

 შემდეგ ჩვენს კომპანიაში შემოვიდა საგადასახადო პოლიცია, რომელმაც 5 წლის მასალები შეამოწმა. დარღვევა რომ ვერ გვიპოვეს, შარი მოგვდეს, 5 წლის განმავლობაში ინტერნეტს იაფად რატომ ყიდდით, უფრო ძვირად რომ გაგეყიდათ, სახელმწიფო 5 წლის განმავლობაში 11 მილიონი ლარით მეტ დღგ-ს მიიღებდაო. არადა, «სილქნეტი» და ჩვენი კომპანია ერთ ფასში ვყიდდით ინტერნეტს. მოკლედ, დამაკისრეს 11 მილიონი ლარის გადახდა. წავედი ბანკში ამ თანხის სასესხებლად, მაგრამ უარით გამომისტუმრეს…

გარდა ამისა, მარეგულირებელი კომისია მაჯარიმებდა ათას სისულელეზე. მაგალითად, როდესაც ოფისი გამოვიცვალეთ, შარი მოგვდეს, რატომ დროულად არ შეგვატყობინეთ ახალი მისამართიო და ამის გამო 270 ათასი ლარით დამაჯარიმეს. ჯამში, 2 თვის განმავლობაში 660 ათასი ლარით დაგვაჯარიმეს. კომპანია კატასტროფის წინაშე დადგა. იყო მუქარები, თანაც ვხედავდი, რომ უამრავ ბიზნესმენს აპატიმრებდნენ. მოკლედ, სააკაშვილის ხელისუფლებამ შემომითვალა, შენი კომპანიის 50 პროცენტი დათმე და შეგეშვებითო. დავთანხმდი. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ყველაფერსაც წამართმევდნენ და ციხეშიც აუცილებლად მიკრავდნენ თავს.

_ ვის გადაეცით კომპანიის ნახევარი?

_ «ჯი ემ სი ჯგუფს», რომელიც დღესაც არსებობს. ეს არის სააკაშვილთან დაახლოებული ყაჩაღური დაჯგუფება, რომელიც დაკავებული იყო ბიზნესმენების ძარცვითა და მათი ქონების ხელში ჩაგდებით.

_ ვინ არის «ჯიემსი ჯგუფის» მფლობელი?

_ ხვიჩა მაქაცარია და ლევან ყარამანიშვილი, რომელიც ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ის მფლობელიცაა. ლევან ყარამანიშვილი და მისი ძმა სააკაშვილის ახლო მეგობრები არიან, უნივერსიტეტში ერთად სწავლობდნენ

«კავკაზუს ონლაინის» აქციების 80 %-ის მფლობელი ვიყავი. ჯერ 50 % მომთხოვეს, შემდეგ _ 30-იც და მივხვდი, რომ მატყუებდნენ, ამიტომ მოვკიდე ცოლსა და ოთხ შვილს ხელი და საქართველოდან გავიქეცი. რომ დავრჩენილიყავი, სხვა ბიზნესმენებივით დამაპატიმრებდნენ.

_ ანუ აქციების 30 პროცენტიც გადაუფორმეთ?

_ მოგვიანებით გადავუფორმე. რა მექნა? ლევან ყარამანიშვილი და მისი დამქაში ვითომ ბიზნესმენები ყოველდღე მემუქრებონენ, მაგინებდნენ, ლიკვიდაციითაც კი ცდილობდნენ ჩემს შეშინებას. კრიმინალურმა ბანდამ _ სააკაშვილმა, ადეიშვილმა, მერაბიშვილმა და სხვებმა, ბიზნესმენთა გატყავებითა და მათი საცვლების ამარა დატოვებით მილიონები ჩაიჯიბეს. დღეს ამბობენ, სააკაშვილის 8 მილიარდის ოდენობის ქონება მოიპარაო, ვანო მერაბიშვილმა _ 4 მილიარდისო და ა. შ. მათ მიერ ნაწამებ და მოკლულ ადამიანებზე აღარაფერს ვამბობ.

ეს ყაჩაღები, რომლებიც ქართველი ხალხის ცრემლსა და სისხლზე აღზევდნენ, დღეს ისევ ხელშეუხებლად ბოგინობენ, კვლავ გამოუძიებელია მათი საქმეეები. ჩემი საქმე, წელიწად-ნახევარია, პროკურატურაში დევს მთელი რიგი მტკიცებულებებითა და ჩანაწერებით, მაგრამ რა აზრი აქვს? იმ ხნის განმავლობაში, რაც მემუქრებოდნენ, ფარული ჩანაწერები ვაწარმოე და პროკურატურაში მივიტანე. მოისმინეს გამომძიებლებმა და ერთხმად თქვეს, სისხლის სამართლის დანაშაულებრივი ხელყოფაა ქონებისო, მაგრამ ხელი არ გაუნძრევიათ. დამნაშავეები დღესაც ბოგინობენ, კარგი ურთიერთობა აქვთ ახლანდელ მთავრობასთან და ვეჭვობ, რომ მიმდინარეობს წართმეული ქონების გადანაწილება ახალ და ძველ ხელისუფლებას შორის.

_ თქვენ რა თანხით დაგაზარალეს?

_ ჩემს 80-პროცენტიან წილს ვაფასებდი 120-150 მილიონ დოლარად, მაგრამ «ჯიემსი ჯგუფმა» 13 მილიონი გადამიხადა, სხვანაირად იმ წილებს, რომლებიც დამათმობინეს, ვერ გადაიფორმებდნენ, რადგან ჩემი კომპანია ოფშორულ ზონაში იყო რეგისტრირებული. «ჯიემსი ჯგუფი» ბოლო წელიწად-ნახევრია, ჭორებს ყრის, ვითომ კიდევ 80 მილიონი დოლარი გადამიხადეს. ეს რომ გაეკეთებინათ, ერთი ფურცელი ხომ მაინც იარსებებდა, რომელზეც ეწერებოდა, რომ გადამიხადეს, ან საბაკნო ანგარიში, რომელშიც ეს ყველაფერი რეგისტრირებული იქნებოდა. ამ სისულელეს ამჟამინდელი მთავრობა რატომღაც იჯერებს და არ იწყებს ჩემი საქმის გამოძიებას.

_ რას აპირებთ?

_ დღეს რომც დავიბრუნო კომპანია, მისი დავალიანება ამ კომპანიის ღირებულებას აღემატება. სწორედ ჩემი კომპანიიდან გაიტანეს 35 მილიონი ლარი ყვითელი სამარშრუტო ტაქსების შესაძენად. ასევე, ჩემი კომპანიიდან გაათეთრეს ფული ოფშორულ ზონებში და ასე გააცამტვერეს ჩემი 10-წლიანი შრომა, რომელიც ამ კომპანიის შენებას მოვანდომე.

_ დღეს ვის ხელშია «კავკასუზ ონლაინი»?

_ «ჯიემსი ჯგუფის» ხელში. იმედია, ადრე თუ გვიან, პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას და ყარამანიშვილებს და მის თანამზრახველებს დააპატიმრებს. უამრავი გაძარცული ბიზნესმენი უკვე დემორალიზებულია. როდესაც დაგჩაგრავენ, წაგართმევენ, დაგაპატიმრებენ, სამართალს ვერ პოულობ და ამ ყველაფერის შემდეგ შენივე არჩეული ხელისუფლება შენს მძარცველებს დაიცავს, მორალურად იმსხვრევი და აღარაფრის თავი აღარ გაქვს. მეტიც _ ვიცი, რამდენიმე დაზარალებული ბიზნესმენი მიუვარდა თავის მძარცველს და ახლანდელმა სამართალდამცავებმა მაინც დაზარალებული დააპატიმრეს, ასე მოქცევა არ შეიძლებაო.

_ კონკრეტულად ვინ?

_ იყო ასეთი შემთხვევები და გამგები გაიგებს. ამჟამინდელ ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ასეთი საქციელი ქვეყნაში ქაოსს გამოიწვევს. ძალიან მალე დავიწყებთ მასშტაბურ აქციებს მოთხოვნით, რომ სახელმწიფომ აღასრულოს კანონი და ქვეყანაში დაამყაროს სამართლიანობა.

სახელმწიფომ დაიცვას კანონი და სისხლის სამართლის დანაშაულები გამოიძიოს _ მეტს არაფერს ვითხოვთ. დიახ, სამართლის მძებნელი ხალხი ვერთიანდებით, რომელთა ორგანიზატორიც მე ვარ. მე ვიბრძვი ჩემი ქონებისთვის, ჩემი შვილებისა და ქართველი ხალხის მომავლისთვის. გავდივართ კონსულტაციებს, როგორ ვაიძულოთ მმართველი ძალა, სამართლიანობა აღადგინოს. სხვა გზა არ დაგვიტოვეს, რადგან ყველა საქმე თაროზეა შემოდებული. ამჟამინდელი ხელისუფლება მოქმედებს პრინციპით «სხვისი ჭირი _ ღობეს ჩხირი!». ვინც მთავრობაშია, მათ თავიანთი ქონება დაიბრუნეს, ნათესავების რეაბილიტაციაც მოახდინეს, ხოლო ჩვენ, ვისაც პატრონი არ გვყავს, კიდევ ერთხელ დავრჩით მოტყუებული, ამიტომაც თვითონ ვიწყებთ ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლას.

ამ ხელისუფლებას ერთი რამ ავიწყდება ან ივიწყებს: როდესაც გსურს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება, კრიმინალები უნდა მოათავსო იქ, სადაც საჭიროა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეკონომიკა არ ადარდებთ და ამიტომაც დათარეშობენ დაუსჯელად ის ადამიანები, რომლებმაც წლების განმავლობაში მშრომელი ადამიანების სისხლსა და ცრემლზე მილიონები ჩაიჯიბეს. ხალხიც არ უნდა მოტყუვდეს და ნურავის ეგონება, რომ ერთი-ორი მილიარდერი და ოლიგარქი ააშენებს ქვეყანას. ისიც ნურავის ეგონება, რომ გაძარცული ქართველი ბიზნესმენები, მსხვილი და წვრილი მეწარმეები დროთა განმავლობაში მიყუჩდებიან და პრობლემა ამით მოგვარდება. არ ვაპირებთ გაჩერებას. ეს ხალხი ადრე თუ გვიან გამოფხიზლდება და წალეკავს იმ ძალას, რომელიც კანონიერებასა და სამართლიანობას ეწინააღმდეგება.

_ ბიძინა ივანიშვილთან არ მოითხოვეთ შეხვედრა?

_ წელიწად-ნახევარია, ამას ვითხოვ, მაგრამ რა აზრი აქვს? თუმცა 9 თვის წინ შემთხვევით კი შევხვდი ტელეკომპანია «კავკასიის» წვეულებაზე… მოკლედ, ივანიშვილი ამ პრობლემას გაურბის…

_ ანუ?

_ მიაჩნია, რომ ამ საქმის მოგვარება ძალიან რთულია, არადა, რთული არ არის. როდესაც ჩემი მდგომარეობა ავუხსენი, მითხრა, ყველაფერი კარგად იქნება და ბიზნესი დაგიბრუნდებაო, მაგრამ ამ შეხვედრის შემდეგ 9 თვე გავიდა.

_ ამ საპროტესტო აქციებით მიაღწევთ მიზანს?

_ აუცილებლად, რადგან ჩვენ მართალი ხალხი ვართ, ძალა კი სიმართლეშია.

_ სად აპირებთ აქციების გამართვას?

_ ჯერ _ კანცელარიასთან, შემდეგ ვნახოთ…

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

1 COMMENT

  1. თქვენ ბიზნესი წაგართვეს ნაციონალებმა,,,მე კი საარსებო წყარო —ახალი ხელისუფლების პირობებში,,,,მათი მხარდაჭერა არ მაპატია ნაციონალებმა,,,,ბიზნესმენმა ბეჟუაშვილმა ,,,თუმცა ვიწრო წრემ გადაწყვიტა,,,,და დღეს ოცნება ისეა ჩაძირული ნაცებთან კოჰაბიტაციაში,,,, რომ ვეღარც ამოვლენ იქედან,,,,

  2. ამ ადამიანს ალბათ უნდა დაუდგეს ხალხი გვერდში და მოითხოვოს სამართლიანობა.რომ წინა მთავრობის წევრები ,რომლებმაც უსამართლოთ ჩაიგდეს ხელში ხალხის ქონება გასამართლდეს ,ჩამოერთვას ქონება და დაისაჯოს.თორემ ამ დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული მთავრობა იგივეს გააკეთებს.ხელფასებს უკვე იორმაგებენ ამ მშიერ ქვეყანაში. ამ ადამიანს კი მინდა უთხრა,/ეს ჩემი აზრია/ადამიანი თუ დაფიქრდები და გადახედავ დროდა-დრო ცხოვრებას, ხვდები ღმერთის დახმარების გარეშე ვერაფერს ვერ მიაღწევ,რა თქმა უნდა + ადამიანის მონდომება.როცა უკვე ადამიანმა მიაღწიე მატერიალურ და სულიერ სიმტკიცეს, ასე ვთქვათ სიტყვა გეთქმით უმსგავსობაზე, მაშინ კი არ უნდა ატეხოტ განგაში როცა თქვენ შეგეხოთ პირადად .თქვენ ქართველი ბიზმესმენები ერთად უნდა დამდგარიყავით მეგობრულად და მთავრობისთვის დაგექნიათ თითი ,რომ წესიერება დაეცვათ , სამშობლოსა და ხალხისტვის მიეხედათ . ასე აკეთებდა მეცენატი სარაჯიშვილი. ერთად ამას შეძლებდით სულ ცოტა, პასუხისმგებლობა და ხალხის სიყვარული რომ ქქონოდა თ ღმერთის მოცემული არასწორად გამოვიყენეთ , გარეწრების სატანური ზრახვები დავაფინანსეთ,როცა ადამიანი ოკიანეში ცურავს მას ალბათ ღმერთი უფრო მეტს აკისრებს,საქმიანი ადამიანის პატიოსნებას.

  3. მიმდინარეობს წართმეული ქონების გადანაწილება ახალ და ძველ ხელისუფლებებს შორის! სიმართლეა.

  4. თუ სამართლიანობა აქ აღდგა საქართველოში ქონება არავის არ შერჩება. – სულ სხვა დაეუფლება მას ! ბევრი მინახავს ზენიტში და დაცემული ძირსაო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here