Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ ჟღენტი: აშშ საშიშია ნებისმიერი რეგიონისთვის, მით უმეტეს, საქართველოსთვის, სადაც, 32 წელიწადია,...

მიხეილ ჟღენტი: აშშ საშიშია ნებისმიერი რეგიონისთვის, მით უმეტეს, საქართველოსთვის, სადაც, 32 წელიწადია, ბატონობს და საიდანაც უსისხლოდ წასვლას არ აპირებს

“ჩვენ ვნახეთ, კარგად ორგანიზებული მიტინგები თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებში და ეს მხოლოდ რეპეტიცია იყო. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაზე პასუხიმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას”

873
მიხეილ ჟღენტი
მიხეილ ჟღენტი

გასულ კვირას მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება მიპყრობილი იყო აშშ-ისკენ, სადაც მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გაიმართა დებატები, რომელშიც, მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ბაიდენი მწარედ დამარცხდა.

ამერიკაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები დაძაბულობას ქმნის მსოფლიოში… ექნება თუ არა გავლენა აშშ-ში შექმნილ დაძაბულ ვითარებას ჩვენს ქვეყანასა და, საერთოდ, რეგიონზე?

 3 ივლისს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩატარდა თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის სამიტი, რომლის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

 გასული კვირის მნიშვნელოვან ამბებზე პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:

_ ამერიკის შეერთებულ შტატებში კრიზისმა საბოლოოდ იჩინა თავი. მათთვის, ვინც პოლიტიკაში ჩაუხედავია და თვალს არ ადევნებს მიმდინარე პროცესებს, ძნელი დასანახია რეალობა, რომელიც დღეს აშშ-შია. ამჟამინდელი აშშ მაგონებს გვიანდელ საბჭოთა კავშირს, როდესაც ყველაფერი თითქოს რიგზე იყო და მხოლოდ ზოგიერთი ხვდებოდა, რომ ამ სახელმწიფოს დასასრული იწყებოდა.

1990 წელს ანალოგიურ კრიზისში იყო მსოფლიო, მათ შორის ამერიკაც, მაგრამ სსრკ-ის დაშლამ გადაარჩინა იმ კოლაფსს, რომელიც ახლა დაუდგა.

სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ 34 წელიწადი ეყო კაპიტალისტურ სისტემას თავის გასატანად, ქონების დატაცებით პარაზიტობისთვის.

შორს წასვლა არ გვჭირდება, თუ გავიხსენებთ, როგორ მოხდა სსრკ-ის დაშლა და ამ დაშლილი სახელწიფოს სიმდიდრის დატაცება. ყველას კარგად გვახსოვს, რა პროცესები მიმდინარეობდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ე.წ. პრივატიზაციამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ამ ქვეყნების ეკონომიკას და დასავლეთის დანამატად აქცია. კარგად მახსოვს, როგორ იძარცვებოდა საქართველოს უდიდესი და უნიკალური საწარმოები და ჯართის ფასად იყიდებოდა. ეს იყო დავალება პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერების მიმართ. რა თქმა უნდა, გამონაკლისიც იყო, მაგალითად, ბელარუსი.

რუსეთი ტორტის ნაჭრებივით დაინაწილა აშშ-მა და გაჩნდნენ ოლიგაქები, რომლებსაც ლანგრით მიართვეს ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ტრილიონობით ქონება.

რატომ გავაკეთე ამხელა შესავალი? დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ის ეკონომიკა განიცდის სტაგნაციას, არაფერს ვამბობ, ევროპის კატასტროფულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომელიც განსაკუთრებით დამძიმდა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ. აშშ-მა თავის გადასარჩენად დაიწყო ევროპის ძარცვა, რადგან რუსეთის ბოლო წლების პოლიტიკამ ცხადყო, რომ მისი იაფი რესურსები ხელმისაწვდომი აღარ არის. 12 000 სანქციით დასჯილი რუსეთი კი მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების რიგში ჩადგა _ დასავლეთმა დაშლილი რუსეთის ნაცვლად მიიღო გამოფხიზლებული და გაძლიერებული სახელმწიფო, რომლის გაჩერების შანსი ნულის ტოლია. ამ ვითარებაში ჩვენ ვხედავთ უძლურ, არაადეკვატურსა და უკვე ამერიკელი ხალხისთვის საფრთხის შემცველ ბაიდენს. ვხედავთ, რომ დასავლური დემოკრატია თვალსა და ხელს შუა ქრება და ვიღებთ დიქტატურას, რომლის ნათელი მაგალითიცაა აშშ-ის არნახული წნეხი პარტნიორებზე, ნებისმიერი გზით მოახერხონ რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე. რატომ? _ დასავლეთს არ აქვს თავის გადარჩენის სხვა შანსი. ვხედავთ, რომ ბაიდენი პარტიის გადაწყვეტილებებს კი არ ემორჩილება, არამედ ოჯახის წევრების თათბირის შედეგად აყენებს თავის თავს პრეზიდენტობის კანდიდატად… უპრეცედენტო იყო დებატები ბაიდესა და ტრამპს შორის, არც ერთი მათგანი ოფიციალურად არ არის თავიანთი პარტიების მიერ კანდიდატად წარდგენილი. უფრო მეტიც, ერთი ბრალდებულია, ხოლო მეორის შვილი _ ჰანტერ ბაიდენი, მხილებულია ისეთ დანაშაულებში, რომელთა გამოც ნებისმიერი პრეზიდენტი უკვე ნებაყოფლობით იქნებოდა გადამდგარი ან იმპიჩმენტის შედეგად გადაყენებული. პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო ამძაფრებს ბაიდენის განცხადება: თუ კიდევ ერთხელ წავაგებ დებატებს ტრამპთან, კანდიდატურის მოხსნაზე ვიფიქრებო.

აშშ-ის მაკროეკონომიკის მონაცემები ერთ რამეზე მიუთითებს _ თუ არ დაიწყება დიდი ომი, აშშ, როგორც მსოფლიოს ჟანდარმი, დასრულდება. აშშ-სწორედ მეორე მსოფლიო ომმა მისცა საშუალება, გამხდარიყო ზესახელწიფო და დოლარის მეშვეობით ეძარცვა მსოფლიო.

აქედან გამომდინარე, აშშ საშიშია ნებისმიერი რეგიონისთვის, მით უფრო, საქართველოსთვის, სადაც, 32 წელიწადია, განუხრელად ბატონობს და, დიდი ალბათობით, ის აქედან უსისხლოდ წასვლას არ აპირებს. გამოუვა თუ არა ეს, უფრო ზუსტად, მოასწრებს თუ არა, ეს სხვა საქმეა. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ბედი. ვიმედოვნებ, რომ მეზობელი სახელმწიფოები და ჩინეთი არ დაუშვებენ კავკასიის აფეთქებას. მაგრამ ამერიკა ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია იმისთვის, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, გამოიწვიოს დესტაბილიზაცია.

_ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართა თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის სამიტი, რომლის შეფასებისას თქვენ თქვით: “კიდევ ერთი ლურსმანი დააჭედეს დასავლეთის კუბოს!” _ რა იგულისხმეთ?

_ შეგნებულად ვთქვი, რომ “კიდევ ერთი” და არა ბოლო ლურსმანი ჩააჭედეს დასავლეთის დასასრულს-მეთქი…

დავიწყოთ იმით, რომ შევადაროთ დასავლელი და აღმოსავლელი ლიდერები. ეს კარგ სურათს მოგვცემს: ერთ მხარეს _ ბაიდენი და შოლცი, მეორე მხარეს _ პუტინი და სი ძინ პინი… მეტს აღარ განვაგრძობ, დასკვნები თვითონ გამოიტანეთ… დასავლელი ლიდერების რეპუტაცია კატასტროფულად ეცემა, ისევე, როგორც ეცემა დასავლეთის გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე.

რა იყო დასავლეთის გამდიდრების წყარო 5 საუკუნის განმავლობაში? _ ძარცვა, ძარცვა და კიდევ ერთხელ ძარცვა. მოაკლდა საძარცვი და შედეგიც დაუდგა.

2030 წლისთვის ევროკავშირი იქნება ისეთივე უსუსური, როგორ უსუსურ ქვეყნებსაც ძარცვავდა საუკუნეების განმავლობაში. ამ ფონზე კი იზრდება ბრიჩს-ის (BRICS _ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთი აფრიკა _ დამფუძნებელი ქვეყნები 2009 წელს შექმნილი გაერთიანებისა, რომელსაც შემდეგ დაემატა კიდევ 4 ქვეყანა: გაერთიანებული არაბული საამიროები, ირანი, ეგვიპტე და ეთიოპია. _ რედ.) ქვეყნების როლი, რომლებშიც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტია გაერთიანებული და რომლებსაც მზარდი ეკონომიკები აქვთ _ ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და ა.შ.

სამხედრო პოტენციალზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ამერიკამ გამოაცარიელა ევროპისა და ნატოს სამხედრო პოტენციალი და შეალეწა უკრაინის ავანტიურას. უეჭველია, რომ, ადრე თუ გვიან, ბრიჩს-ის რამდენიმე ქვეყანაც გაერთიანდება სამხედრო ალიანსში და მივიღებთ ნატოს არა მხოლოდ საპირწონეს, არამედ მასზე ძლიერ და ბრძოლისუნარიან ალიანსს. ეს ქვეყნებია: ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი, რუსეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. რაც მთავარია, ეს ორგანიზაცია აწყობილია თანასწორუფლებიანობასა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე. კოლონიალიზმი დე-ფაქტო სრულდება და ახლა ვნახოთ, ვის გაძარცვავს დასავლეთი. მისთვის საბოლოო ლურსმანი” კი იქნება მსოფლიო ეკონომიკის სრული დედოლარიზაცია.

_ ბოლნისში საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შემდეგ ითქვა, რომ ტერაქტი იგეგმებოდა… სარწმუნოა ეს ინფორმაცია?

_ უწინარესად, მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპული მფრინავის ოჯახს, მის კოლეგებსა და მეგობრებს.

ვერ გეტყვით, დაველოდოთ გამოძიებას, ჩვენ უდიდესი დარტყმის ქვეშ ვართ და დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია სპეცსამსახურების მუშაობა.

აშშ-ს არაერთი მცდელობა ჰქონდა ჯერ თურქეთის, მოგვიანებით აზიის ქვეყნების დესტაბილიზაციისა, კავკასიაშიც მონახეს დასაყრდენი სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახით, მაგრამ, უფლის წყალობით, ჯერჯერობით სიმშვიდეა.

აშშ-ის ყოფილი ელჩები არ მალავენ, რომ საქართველომ ბრძოლით უნდა დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, ამას რაც მოჰყვება, ყველა ვხვდებით. არც იმას მალავენ, რომ მაქსიმალურად დაეხმარებიან იმ ძალებს, რომლებსაც ხელისუფლების შეცვლა სურთ… და ეს ქვეყანა არის ჩვენი მეგობარი?!

ჩვენ ვნახეთ კარგად ორგანიზებული მიტინგები თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებში და ეს მხოლოდ რეპეტიცია იყო, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაზე პასუხიმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. კარგი მაგალითია ბელარუსი. პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ავტომატით ხელში მზად იყო, დაეცვა თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი. თუ დასავლეთმა საქართველოში წითელი ხაზები გადაკვეთა, ანალოგიურად უნდა მოიქცეს ჩვენი ხელისუფლებაც.

ხელისუფლება უნდა ეყრდნობოდეს ხალხს და მისი პრობლემებით ცხოვრობდეს. ვშიშობ, პოლიტიკური დაძაბულობის გამწვავებას დასავლეთი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის გამოწვევით შეეცდება, ვგულისხმობ ლარის სტაბილურობას, რომელიც მთლიანად დასავლეთის საბანკო კაპიტალის ხელშია. ამასთანავე, უდიდესი პასუხიმგებლობა ეკისრებათ პოლიტიკურ პარტიებს, განსაკუთრებით ლიბერალურ ოპოზიციას, რომლებსაც ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების დაბრუნების ბოლო შანსი აქვთ და მიზნის მიღწევას ნებისმიერი გზით შეეცდებიან.

დასასრულ, სანამ ყველა ჩვენგანი არ გავაცნობიერებთ, რა მოხდა საქართველოში 1990_2024 წლებში, არ გავაკეთებთ დასკვნებს და არ მივხვდებით, რა შეიძლება დაგვმართონ, კითხვები ყოველთვის დარჩება, მაგრამ, დარჩება თუ არა საქართველო, ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here