Home რუბრიკები სამართალი ხელისუფლება ეკონომიკური სუიციდის ზღვარზეა

ხელისუფლება ეკონომიკური სუიციდის ზღვარზეა

699

სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის წყალობით, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი რომ ფაქტობრივად დასამარდა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არახალია. თავის დროზე ამის მიზეზი მონოპოლიების შექმნა და «ნაცმოძრაობის» მაღალ ეშელონებში აღმოცენებული ის ელიტური კორუფცია იყო, რომლის სიმძიმემაც 9 წლის მანძილზე მოსახლეობის კისერზე გადაიარა. დანგრეული ეკონომიკა, მასობრივი უმუშევრობა და მძიმე სოციალური ფონი _ ამ მდგომარეობაში დატოვა «ვარდოსანთა ბელადმა» ქვეყნის სათავე 27 ოქტომბერს; თუმცა მოლოდინი, რომ ხელისუფლებაში «მეოცნებეთა» მოსვლისთანავე «ბედის ბორბალი» წაღმა დატრიალდებოდა, ამომრჩეველთა 99 პროცენტისთვის პირში ჩაჩრილი სატყუარა აღმოჩნდა

 

მიუხედავად ივანიშვილის ჭრელაჭრულა დაპირებებისა, ეკონომიკამ ნგრევა ჩვეულ რიტმში განაგრძო, ბიზნესი კი, მართალია, პირდაპირი ტერორისგან გათავისუფლდა, მაგრამ ხელისუფლებისგან თუნდაც მინიმალური ხელშეწყობის არარსებობამ კერძო სექტორს, პირველ რიგში, წარმოებას, სერიოზული პრობლემები შეუქმნა. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ინვესტორების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, ხოლო ნაწილმა, კრიზისის კვალდაკვალ, დაქირავებული მუშახელის შემცირება დაიწყო. მოკლედ, პირდაპირ თუ ირიბად, ქვეყანაში ბიზნესის კეთების პირობები გართულდა, ინვესტიციებმაც იკლო და წარმოებაც კატასტროფულად დაეცა. შედეგად უმუშევართა რაოდენობა დღითიდღე მატულობს, სოციალური სიდუხჭირე კი გეომეტრიული პროგრესიით იზრდებაკონკრეტულად რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ქართული წარმოება და რა ხელშეწყობა სჭირდება შესაბამისი უწყებების მხრიდან, «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება პოლიეთილენის ქარხნის «ააპლასტის» დირექტორი ლევან ბიწაძე.

_ ბატონო ლევან, როგორც ვიცი, თქვენს ქარხანას ბოლო დროს სერიოზული პრობლემები აქვს და სულ მალე წარმოება, შესაძლოა, გააჩეროთ. კერძოდ, რა გიქმნით ამ პრობლემებს?

_ ეს ქარხანა 2007 წელს დავაფუძნეთ და მაშინ სულ 14 კაცი ვიყავით. მერე გავფართოვდით და დღეს უკვე ოთხმოცამდე ადამიანია აქ დასაქმებული. რამდენიმე წელია, პრობლემები შეგვექმნა, რის გამოც იძულებული გავხდით, მუშახელის შემცირება დაგვეწყო. კერძოდ, ირანიდან უფრო იაფად შემოვიდა იმავე სახის პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, და შემდეგ მას მოჰყვა არანაკლებ დიდი პარტია ჩინეთიდანაც. მოკლედ, შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომ კონკურენცია ვერ გავუწიეთ უცხოურ პროდუქციას, შესაბამისად, დავკარგეთ ბაზარი. ახლა კი უკვე სრულიად ვართ ამოვარდნილი სერიოზული წარმოების პროდუქციის სეგმენტიდან და დაგვრჩა მხოლოდ სარეკლამო სახის პროდუქცია, რომლის ხარჯზეც, უბრალოდ, შეუძლებელია წარმოების ზრდასა და განვითარებაზე ფიქრიც კი.

_ მალე, ალბათ, იმ სარეკლამო პროდუქციის ბაზარსაც დაიკავებს ჩინური და ირანული ნაწარმი.

_ აქ მნიშვნელოვანი კიდევ ერთი საკითხია: რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის ის უცხოური პროდუქცია. ჩვენ, მაგალითად, ვთარგმნეთ ჩინეთიდან შემოტანილ პარკებზე რა წარწერაც იყო. მათზე პირდაპირ ეწერა: მოარიდეთ ბავშვებთან შეხებასო. ახლა კონკრეტულად რა კომპონენტებია მასში და რას შეიცავს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთია, იქ ურევია რაღაც ისეთი, რაც არ შეიძლება, კვების პროდუქტებს შეეხოს.

რაც შეეხება ისევ კონკურენციის თემას, რაზეც დასაწყისში ვსაუბრობდი, პოლიეთილენი, მოგეხსენებათ, არის ნავთობპროდუქტი, რომელიც მიიღება ბენზინის სწრაფი გაცივებით. აქედან გამომდინარე, იმ ქვეყნებში, რომლებშიც ნავთობის დიდი მარაგია, მათ შორისაა, ცხადია, ირანიც, ამ პროდუქციის წარმოება ბევრად იაფი ჯდება და ბუნებრივია, ჩვენ ვერასოდეს გავუწევთ მათ კონკურენციას…

_ ეს პრობლემები, რაზეც თქვენ საუბრობთ, კონკრეტულად პოლიეთილენის წარმოებას ეხება თუ საერთოდ ყველა სახის პროდუქციას?

_ რა თქმა უნდა, ეს ყველა მიმართულებას ეხება. რამდენიმე ხნის წინათ საწარმო «ინტერპლასტი» გაკოტრდა და ვიცი, რომ ახლა ცემენტის ქარხნებიც იხურება ზუსტად ანალოგიური პრობლემის გამო; ანუ ვერ უძლებენ ირანიდან შემოტანილი პროდუქციის კონკურენციას და ასევე კოტრდებიან. ძალიან შორს წავედი, მაგრამ, ფაქტობრივად, ერთი და იგივე პრობლემა გვექმნება ჩვენც, პოლიპროპილენზე მომუშავე ქარხნებსაც და მთლიანად ქართულ წარმოებას. არადა, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება განსაკუთრებული მხარდაჭერა და მხარში დგომა. ჩვენ საუბარი გვაქვს პროდუქციაზე, რაც საქართველოში იწარმოება, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს ადგილობრივ ბაზარს და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

_ კონკრეტულად რის გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს?

_ სანამ კითხვაზე გიპასუხებდეთ, მინდა აღვნიშნო, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ბიზნესის უსაფრთხოების კუთხით, თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა. ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად, შეიძლება გარკვეული რეგულაციები გაჩნდეს, მაგალითად, დაწესდეს დამატებითი გადასახადი უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქციაზე, რომელიც სახელმწიფოსთვისაც მომგებიანი იქნება. ასევე უნდა ხდებოდეს ხარისხის შემოწმებაც. მე არ ვიცი, დღეს როგორ მუშაობენ საქართველოში ლაბორატორიები, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არავინ აკონტროლებს, უცხოეთიდან რა შემოაქვთ. ერთ მაგალითსაც გეტყვით: ამასწინათ ჩინეთიდან შემოიტანეს რუსეთის ბაზარზე დაწუნებული პოლიეთილენის პარკები… ახლა რა გამოდის? საქართველო უვარგისი საქონლის და ყველანაირი ნაგვის ბაზარია?!

_ თქვენ უცხოურ პროდუქციაზე დამატებითი გადასახადის დაწესება ახსენეთ. საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია, რაც გარკვეულ ვალდებულებებს გულისხმობს. ამის გათვალისწინებით, შეუძლია სახელმწიფოს მსგავსი რეგულაციის შემოღება? მსგავსი საკანონმდებლო რეგულაციების პრეცედენტი თუ არსებობს მსოფლიოს რომელიმე სახელმწიფოში?

_ ამის ნათელი მაგალითია აზერბაიჯანი. იქ, ჩვენთან შედარებით, ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში იყო პოლიეთილენის წარმოება იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, ირანი მათი უშუალო მეზობელია, მაგრამ სახელმწიფომ აამოქმედა ბერკეტები. კერძოდ, შემოიღეს განბაჟების ფიქსირებული სისტემა და ამან გამოიწვია ის, რომ უკვე კონკურენტუნარიანები გახდნენ ადგილობრივი კომპანიები. შესაბამისად, დაიხურა ბაზარი და მორჩა, პრობლემა მოგვარდა.

_ თქვენ თქვით, რომ პრობლემები, რამდენიმე წელია, შეგექმნათ. ამ ხნის მანძილზე თუ მიმართეთ შესაბამის უწყებებს და რა პასუხი მიიღეთ?

_ დიახ, გვქონდა რამდენიმე შეხვედრა პარლამენტის კომიტეტში, დეტალურად გავაცანით ყველა პრობლემა. თქვენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ახსენეთ და მათი პასუხი იყო დაახლოებით ასეთი: ჩვენ გვსურს, დაგეხმაროთ, მაგრამ, ვინაიდან ვართ ამ სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, გვაქვს გარკვეული შეზღუდვები კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რაც ხელისშემშლელი ფაქტორიაო. ეს გავიგეთ, მაგრამ კანონი მაშინაა კანონი, როცა ლავირების საშუალებას გაძლევს, უნდა მოვძებნოთ ისეთი რამ, რაც საშუალებას მოგვცემს, ერთი მხრივ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გყავდეს კმაყოფილი და მეორე მხრივ, _ ადგილობრივი მეწარმე.

_ დაბოლოს, იმ შემთხვევაში, თუ კი მდგომარეობა არ გამოსწორდება და თქვენი საწარმო დაიხურება, რეალურად რა ზარალი მიადგება სახელმწიფოს?

_ კონკრეტულ ციფრს გეტყვით: მარტო 2013 წლის განმავლობაში ბიუჯეტში შეტანილი მქონდა მილიონ-ნახევარ ლარზე მეტი. ამაში შედის დღგ, მოგება და საშემოსავლო გადასახადი. რაც შეეხება შეკითხვას, თუ მდგომარეობა არ გამოსწორდება, ბუნებრივია, ეს თანხა შემცირდება, ხოლო რა შეიძლება მოხდეს შემდეგ, ესეც ძალიან მარტივია, _ წარმოება აღარ იქნება და ბიუჯეტშიც ნაკლები ფული შევა. გარდა ამისა, გაიზრდება უმუშევართა რაოდენობაც და სოციალური ფონი, რომელიც არც დღესაა შესაშური, კიდევ უფრო დამძიმდება. აი, ესაა ის ლოგიკური პროგნოზი, რომლისკენაც მივყავართ ამ ყველაფერს…

ლევან ბიწაძესთან საუბრის შემდეგ შპს «საქართველოს პლასტიკური წარმოების» დირექტორს _ იაკობ ზაქრაძეს ვეწვიეთ. აღმოჩნდა, რომ წარმოებას აქაც ანალოგიური პრობლემები აქვს, თუმცა შესაბამის უწყებებს საკითხის მოგვარებაზე ყურადღება არც ამ შემთხვევაში გაუმახვილებიათ.

_ ამჟამად ქარხანაში დასაქმებულია ოთხმოცამდე ადამიანი. ძირითადად ვმუშაობთ სუპერმარკეტებისა და სააფთიაქო ქსელების შეკვეთებზე. ხარისხი საკმაოდ მაღალი გვაქვს, მაგრამ პრობლემას გვიქმნის არაჯანსაღი კონკურენცია უცხოური პროდუქციის მხრიდან. ეს არის ირანი და ჩინეთი, რომლებიც აუღებელი ციხესიმაგრეა ამ თვალსაზრისით. მოკლედ, ძალიან რთული სიტუაციაა, ფაქტობრივად, ისეთ ფასში შემოდის ამ ქვეყნებიდან ნაწარმი, რომ ჩვენთან მარტო ნედლეულის ღირებულებაა იმდენი.

_ ზოგადად, რამდენად იოლია დღეს საქართველოში ბიზნესის კეთება? 9 წლის მანძილზე და ნაწილობრივ ახლაც ხშირად გვესმის, რომ ამ მხრივ მოწინავე პოზიციაზე ვართ.

_ მე არ ვიცი, მოწინავე პოზიციაზე რა კრიტერიუმებით ვართ, მაგრამ, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, საწარმოებს საგადასახადო კუთხით რამდენიმე წლის განმავლობაში მივცემდი ამოსუნთქვის საშუალებას. ეს იქნებოდა სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი და დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური განვითარების ტემპი ბევრად გაიზრდებოდა.

_ გამოსავალს რაში ხედავთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ წარმოება ნაწილობრივ მაინც გათავისუფლდეს არსებული პრობლემებისგან?

_ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს პრობლემა ერთი და ორი საწარმოს აქტიურობით ვერ მოგვარდება, ამას სჭირდება სერიოზული ფიქრი და მუშაობა სახელმწიფოს დონეზე. მით უფრო, მსგავსი პრეცედენტები არსებობს, მაგალითად, უკრაინაშიც იყო ანალოგიური პრობლემა და ისეთი კანონები მიიღეს, რომლებმაც ხელი შეუწყო ადგილობრივი წარმოების განვითარებას. კიდევ ვიმეორებ: თუ აქაც იგივე არ გაკეთდა, ქართული წარმოება დაიღუპება. ეს კი პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკასთან, რომლის განვითარების გარეშეც ძლიერი სახელმწიფო არ არსებობს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. ზუსტად ვიცი, რომ «მსგავსი მეოცნებე» ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ლაფში ჩაფლული ქვეყანა ფონს გაყვანილი ჰგონია, წინამდებარე წერილის პათოსს კატეგორიულად არ დაეთანხმება, მაგრამ ფაქტს არც მილიარდერისგან მოსალოდნელი მიჯირყვნის ეშინია და არც დასავლეთის ძლიერი შეშფოთების; სიმართლე ის არის, რომ ქართული წარმოება იღუპება, ეკონომიკა ნადგურდება და, თუ ასე გაგრძელდა, სულ მალე მძაფრი ფინანსური კრიზისის მომსწრენი გავხდებით

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here