Home რუბრიკები სამართალი ვასილ ჭიჭინაძე: შემოდგომაზე ახალი რევოლუცია მოხდება

ვასილ ჭიჭინაძე: შემოდგომაზე ახალი რევოლუცია მოხდება

643

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება დიპლომატი ვასილ ჭიჭინაძე.

_ ბატონო ვასილ, რეალურად რუსეთსაქართველოს შორის ურთიერთობაში მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ჩვენი საგარეოპოლიტიკური კურსია, ფაქტია, რომ მოსკოვს აღიზიანებს საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ

 

_ ერთი რამ უნდა გავიგოთ: ნატო და რუსეთი ერთად არაფრით გამოვა. მარტივად რომ ვთქვათ, არჩევანი ასეთია: ან რუსეთთან ვმეგობრობთ და ნატოს ვეუბნებით უარს, ან პირიქით. სხვანაირად მუდმივად ერთი ადგილის ტკეპნით ვიქნებით დაკავებულნი და ქვეყანაც ვერასოდეს იპოვის თავის რეალურ ადგილს მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე.

_ უკვე რამდენიმეჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი. თქვენი აზრით, ამ ხნის განმავლობაში პირველ პირებს შორის უნდა შემდგარიყო თუ არა შეხვედრა?

_ ეს აუცილებელიც კი იყო, იმიტომ, რომ კარასინისა და აბაშიძის დონეზე არ წყდება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხები. ჩემი აზრით, წელიწად-ნახევარი საკმარისი დროა იმისთვის, რომ პირველი პირების შეხვედრა მოემზადებინათ, თუმცა ვფიქრობ, საქართველო ჯერ ამისთვის მზად არ არის…

_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ ხელისუფლებას არ აქვს ჩამოყალიბებული გეგმა და სტრატეგია. როგორც ჩანს, ან იციან, რომ არსებული კურსით და პოლიტიკით აზრი არ აქვს მოლაპარაკებებს და, უბრალოდ, ფეხს ითრევენ.

_ სხვათა შორის, «ნაცმოძრაობის» ლიდერთა განცხადებები და პროგნოზები, რომ კოალიციის პოლიტიკას ქვეყანა ეკონომიკური კრიზისისკენ მიჰყავს, ნელნელა მართლდება: უმუშევართა რაოდენობა იზრდება, ინფლაციის დონე მატულობს, დაპირებები კვლავ შეუსრულებელიათქვენი აზრით, რითაა ეს განპირობებული?

_ ფაქტი ერთია: ამ წელიწად-ნახევარში, რაც ხელისუფლება შეიცვალა, სოციალური ფონი ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა. თუ გაუმჯობესდა, გამოვიდნენ და გვითხრან, რაში გამოიხატება ეს. რაც შეეხება ლარის კურსს, რომელიც თქვენ ახსენეთ, გამოვიდა ამასწინათ ერთი მინისტრი და ბრძანა, ზამთარია და ამიტომაა კურსი დავარდნილიო. ეს, რა თქმა უნდა, სასაცილოა, ზამთარი ადრეც ყოფილა, მაგრამ ასეთი ინფლაცია არ იყო. ვფიქრობ, აქ სასწრაფოდ ქმედითი ზომებია მისაღები, რაღაც უნდა შეიცვალოს, თორემ, ასე თუ გაგრძელდა, ეს ვარდნა შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ კრიზისს კი არა, ეკონომიკურ კატასტროფას მივიღებთ. მერე გამოვლენ «ნაციონალები» და ნიშნისმოგებით გეტყვიან, ხომ გეუბნებოდითო…

_ საზოგადოებაში რომ უკმაყოფილების მუხტი დღითიდღე იზრდება, ამას ყველა კვლევა და მონაცემი ცხადყოფს. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს და ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები ვიხილოთ?

_ არ მინდა, მკითხაობასავით გამომივიდეს, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ მიზეზებზე უნდა ვისაუბროთ _ რატომაა ხალხი უკმაყოფილო და რატომ ეცემა კოალიციის რეიტინგი დღითიდღე? მარტივ მაგალითს გეტყვით: 1 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, არც ერთ ქართულ ოჯახს გამოსახლება არ დაემუქრებაო. ჩატარდა ის არჩევნები და 74 ათასი ოჯახი გამოსახლების მოლოდინშია. სხვათა შორის, ამაზე დღეს არავინ წერს. არ ვიცი, ბანკების ერიდებათ თუ რა ხდება, მაგრამ ხალხმა უკვე კვერცხები ესროლა პარლამენტს. ახლა გეკითხებით: ის 74 ათასი ოჯახი, სულ ცოტა, 200 ათასი კაცი ხომაა? ეს 200 ათასი კაცი რომ გარეთ გამოყარო, ლტოლვილად გრჩება. სად მიგყავს, რას უშვები ამ ხალხს?!

_ ფიქრობთ, რომ ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა?

_ მე არ ვიცი, ამას რა დავარქვა, ეს ან საბოტაჟია, ან იმდენად, ბოდიში და, უგუნური ხალხია ხელისუფლებაში, რომ ვერ აცნობიერებენ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს.

_ თუკი პრემიერმა ღარიბაშვილმა მნიშვნელოვან ცვლილებები  არ განახორციელა და იგივე მდგომარეობა დარჩა, როგორ ფიქრობთ, რა ვითარება გვექნება 2014 წლის ბოლოს?

_ თუ «ქართულმა ოცნებამ» ასე გააგრძელა, თუ ღარიბაშვილმა რადიკალური ცვლილებები არ განახორციელა, შემოდგომაზე ახალი რევოლუცია მოხდება. ვიღაცას შეიძლება გაეცინოს ამაზე, მაგრამ ეს სავსებით რეალურია, იმიტომ, რომ არსებობს რაღაც ზღვარი, სანამდეც ითმენს საზოგადოება. იმის მერე უკვე პროცესები ხდება უმართავი, ვერანაირი  დაშოშმინება და უკმაყოფილების ჩაცხრომის მცდელობა ჭრელა-ჭრულა დაპირებებით შედეგს ვერ მოიტანს.

_ ეს გასაგებია, მაგრამ ქართული საზოგადოება, ალბათ, ჯერ არაა იმ ზღვრამდე მისული.

_ არაა და ღმერთმა ნუ ქნას, მიიყვანონ, თორემ გითხარით და კიდევ ვიმეორებ, მოხდება რევოლუცია. ოღონდ ისეთი კი არა, 2003-ში რომ იყო, არამედ ნამდვილი. მე უცნაურს და გაუგონარს არაფერს ვამბობ, გაიხსენეთ, როგორ მოხდა საფრანგეთის რევოლუცია ან რუსეთში, 1917-ში; პარალელებს არ ვავლებ, მაგრამ, როცა ადამიანს წაართმევ საარსებო წყაროს, დატოვებ თავშესაფრის გარეშე და მიიყვან იქამდე, რომ, ფაქტობრივად, დასაკარგი არაფერი აქვს, მერე იმისგან ყველაფერს უნდა ელოდე _ კვერცხებსაც, ქვებსაც და ტყვიასაც.

_ როგორ ფიქრობთ, «ოცნების» რეიტინგის ვარდნა «ნაცმოძრაობისთვის» ხელისუფლებაში დაბრუნების შანსს ნიშნავს?

_ «ნაცმოძრაობის» შანსებზე გამიჭირდება საუბარი, იმიტომ, რომ, რაც მათ 9 წლის მანძილზე აკეთეს, პოლიტიკური თვითმკვლელობა იყო, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, თუ «ოცნება» ასე გააგრძელებს, საპრეზიდენტო არჩევნებში ხომ 62 პროცენტი მიიღეს, მომავალში 30 პროცენტის მიღებაც გაუჭირდებათ. ეს ცხადია. გარკვეულწილად ხდება «ნაციონალების» რეინკარნაცია და მეტიც, ამით მათ მიეცემათ საშუალება, უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში და წარმოაჩინონ თავიანთი თავი მთავარ ოპოზიციურ ძალად…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here