Home რუბრიკები სამართალი 2013 წლის სკანდალური საქმეები _ რა ვერ შეასრულა ხელისუფლებამ?!

2013 წლის სკანდალური საქმეები _ რა ვერ შეასრულა ხელისუფლებამ?!

1287

2013 წელი ვისთვის იმედიანი, ვისთვის სკანდალური და ვისთვის კიდევ იმედების გაცრუების წელიწადი იყო, როცა ოცნებები საპნის ბუშტივით გაქრა და მხოლოდ დეკლარირებულ სიტყვებად წინასაარჩევნო ლოზუნგებში შემორჩა.

 

«საქართველო და მსოფლიომ» თვალი გადაავლო გახმაურებულ საქმეებს, რომელთა გახსნასაც ხელისუფლება გვპირდებოდა. რამდენად მოახერხა ახალმა ხელისუფლებამ დაპირებების შესრულება, რომლებიც სამართლიანობის აღდგენასა და ყოფილი კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის პასუხის მოთხოვნას შეეხებოდა?! ვინ დაიჭირეს, ვისზე მხოლოდ საქმე აღძრეს ორთქლის გამოსაშვებად, ვინ გირაოთი გამოუშვეს და ვინ კიდევ პირშიჩალაგამოვლებული დატოვეს მისი კუთვნილი ქონებისა და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში?

 2013 წლის დასაწყისში ხელისუფლებამ არაერთი გახმაურებული საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაცია დააანონსა, თუმცა რეალურად მხოლოდ ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის საკანში ყოფნა ვიხილეთ, ისიც დღემდე დაუმთავრებელი, საკმაოდ უსუსური ბრალდებებით, მოწმეებითა და გაურკვეველი განაჩენით. ასევე გიგი უგულავას სასამართლო პროცესები, რომლებიც, კაცმა რომ თქვას, გიგი უგულავასთვის მარჟის აწევასა და, ნებით თუ უნებლიეთ, მის «პიარს» უფრო ემსახურება, ვიდრე დაჭერის მცდელობას.

 საქმეებს, ზოგიერთს, დაწყებაც კი არ ღირსებია ან სულაც არაკომპეტენტური ძიების წყალობით მასზე მოკვლევა კი დაიწყო, მაგრამ შედეგი დღემდე არ დამდგარა. ერთადერთმა პროკურატურამ ხელისუფლების ცვლილებისთანავე მხოლოდ «ელიტ ბურჯის» საქმე და ივანიშვილისთვის 80 მილიონის ჯარიმის საქმე გამოიძია და, არაკანონიერი მოტივაციის გამო, აღნიშნული თანხა ბიზნესმენს უკან დაუბრუნდა. სამაგიეროდ, სამართალს დღემდე ელოდება ის ასეულობით ბიზნესმენი, რომლებსაც ქონება სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში «აახიეს» და, როგორც ახლა ირკვევა, უკან დაბრუნების განხილვას პროკურატურა აღარც აპირებს. ცალკეა გახმაურებული საქმეები, რომლებიც 2013 წლის განმავლობაში ამაოდ «იკერებოდა». «საქართველო და მსოფლიომ» ყველა მნიშვნელოვანი სისხლისსამართლებრივი თუ ეკონომიკური საქმეები ამოსწია, რომლებიც, წესით, ამ ხელისუფლებას უნდა გამოეძიებინა.

ზურაბ ჟვანიას საქმე

ჯერჯერობით ყოფილი პრემიერის გარდაცვალების ფაქტის ირგვლივ მიმდინარე გამოძიების თაობაზე მხოლოდ მისი ძმის იმედიანი ანონსები გვესმის და არაფერი კონკრეტული. მართალია, ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე დააკავეს კიდეც, თუმცა მხოლოდ გამწვანებისა და მერიის ტენდერების ირგლივ, როგორც კომპანია «გრინსერვისის» ხელმძღვანელი და ისიც, გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

7 ნოემბერი _ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, კოდუა და სხვანი

2007 წლის 7 ნოემბრის პოლიტიკური მოვლენების ირგვლივ პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებების დაწყების შესახებ ანონსი არამხოლოდ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა დააანონსა, არამედ პროკურატურა ოფიციალურადაც აპირებდა 7 ნოემბრის მოვლენების, აქციების დარბევისა და პატარკაციშვილთან დაკავშირებული საქმეების მოკვლევას. აღნიშნული საქმის ირგვლივ არამხოლოდ ქვეყნის უმაღლესი პირების, არამედ სხვა პოლიტიკური პერსონების საკითხის დადგომაზე საუბრობდნენ. მაგრამ ამ საქმეს მსვლელობა არ მისცემია და მხოლოდ საჯარო განხილვებისა და «ფოჩიანი კანფეტის» ამპლუაში დარჩა.

რაც შეეხება 26 მაისის ბურჯანაძის ცნობილი საპროტესტო აქციების დაშლის საგამოძიებო მოქმედებებს, გამოძიებას ერთადერთ «საკბილოდ» ივანე მერაბიშვილი ამოურჩევია, თუმცა 2011 წლის 26 მაისის აქციაში სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, ახალაიები, გოგა გრიგალაშვილი,შალვა ჯანაშვილი და სხვა პირებიც ფიგურირებდნენ. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მთავარ პროკურორს 2011 წლის 21-26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით რიგი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასა და მათ პასუხისგებაში მიცემას სთხოვდა. ადვოკატმა მასალები დაკვალიფიცირებული მუხლებით მთავარ პროკურატურას უკვე მიაწოდა. ანალოგიურ «ცალყბად» გამოძიების პროცესშია გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებული საქმეც, რეალურად აქაც მხოლოდ საჯარო განცხადებებით გვესმის გირგვლიანის საქმის ირგვლივ მაღალჩინოსანთა დაკითხვები მხოლოდ მოწმის სახით.

ლაფანყურის სპეცოპერაცია _ მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია

პროკურატურაში შესული იყო საჩივარი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი არჩილ ჩოხელის ოჯახის წევრების მიერ. პროკურატურა გამოძიებას შსს-ს სპეცრაზმის თანამშრომლების _ სოლომონ წიკლაურისა და არჩილ ჩოხელის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტის გამოძიების მუხლით დაიწყებდა, თუმცა კონკრეტულად როგორ დაკვალიფიცირდა სპეცოპერაციის შესახებ საგამოძიებო მოქმედებები და ვის აქვს ბრალი წაყენებული, დღემდე უცნობია.

ბუტა რობაქიძის საქმე და პროკურატურის მაღალჩინოსნები

პროკურატურამ, წარმოებაში მიიღო წერეთლის გამზირზე საპატრულო პოლიციის მიერ მოკლულის _ ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის, განცხადება მკვლელობის ფაქტზე გამოძიების თავიდან დაწყების მოთხოვნით. ოჯახი კონკრეტულად ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის, ქალაქის მაშინდელი პროკურორის, გიორგი ღვინიაშვილის და შსს-ს რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის დასჯას ითხოვდა. პროკურატურაში შეტანილ მასალებში ფიგურირებს დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორის _ ირაკლი წერეთლის გვარიც, რომელიც ამ საქმის გამომძიებელი იყო. თუმცა გამოძიებას ამ დრომდე მხოლოდ მაიზერ ლიპარტელიანი (საქმეში რიგითი პატრული) ჰყავდა დაკავებული, ისიც პრეზიდენტის შეწყალებით გარეთ გამოვიდა; დღემდე ბრალი ვერ დაუმტკიცდა ვერც გურამ დონაძეს, ვერც გვაზავას და პოლიციის ვერც ერთ მაღალჩინოსანს. ბუტა რობაქიძის მამის პროტესტიც ამის გამოძახილია.

კილაძის საქმემერაბიშვილი, გიორგი არველაძე, შალვა ჟღენტი

კიდევ ერთი საქმე, რომელიც ამჯერად მთავარ პროკურატურაში განაცხადის სახით «უფლებადამცველთა გაერთიანებამ» შეიტანა, ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ სიმონ კილაძის საქმეს შეეხებოდა. სიმონ კილაძე პროკურატურისგან მის რეაბილიტაციას და საქმის დამკვეთებად დასახელებულ ვანო მერაბიშვილის, სააკაშვილის და უშუალო შემსრულებლების _ კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილის, შალვა ჟღენტისა და გიორგი არველაძის დაპატიმრებას მოითხოვდა. მაგრამ გამოძიებას ამ ბრალდებით არც გიორგი არველაძე და არც ჟღენტი არ დაუკავებია და არც ვინმე უცვნია დამნაშავედ.

ხათუნა კალმახელიძე და ციხეები

მოქალაქე ლია ზერეკიძე მეუღლის, ივერი ზერეკიძის, მკვლელობაში ბრალს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ყოფილ მინისტრ ხათუნა კალმახელიძესა და რუსთავის მე-6 საპატიმროს ყოფილ დირექტორ დავით მარგებაძეს სდებს და გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს. საქმე 2011 წლის 16 აგვისტოს რუსთავის მე-6 საპყორიბილის საკანში განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ივერი ზერეკიძის გარდაცვალების ფაქტს ეხება, რისი მიზეზიც, გამოძიების ოფიციალური ვერსიით, დენის დარტყმა გახდა. თუმცა ოჯახის მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგებმა აჩვენა, რომ სიკვდილის მიზეზი ბლაგვი საგნის ჩარტყმა გახდა. გარდაცვლილის მეუღლე ლია ზერეკიძე პროკურატურისგან მოითხოვს, გამოიძიონ და პასუხისგებაში მიეცენ საპყრობილის მაშინდელი დირექტორი დავით მარგებაძე და მინისტრი ხათუნა კალმახელიძე. ამასთან, ხათუნა კალმახელიძეს ციხეებთან მიმართებაში მხოლოდ ამ ერთ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით არ ადანაშაულებენ. არადა, რეალურად ციხის კადრები ხომ სწორედ მისი მინისტრობის დროს იჭედებოდა?! ამიტომაც გაურკვეველია, რატომ დასეირნობს ასე თავისუფლად კალმახელიძე და ციხის კადრების გამო რატომ შეიძლება მხოლოდ ჭაკუა და ახალაია იდევნებოდნენ?!

საქმეები დავით საყვარელიძის წინააღმდეგ

პატიმარი დავით ჯინჭარაძე ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილისა და ამჯერად დეპუტატ დავით საყვარელიძის წინააღმდეგ პროკურატურისგან სასწრაფოდ საქმის გამოძიებას ითხოვდა. პატიმარი, რომელიც მოქმედი ადვოკატი იყო, საყვარელიძეს მოქალაქე ბესარიონ ხვინთელიანის საქმეზე 70 000 დოლარის გამოძალვაში ადანაშაულებდა. მისი ადვოკატის განცხადება კბილაშვილის უწყებაში შესული იყო. თუმცა ეს დავით საყვარელიძის წინააღმდეგ პროკურატურის ხელთ არსებული ერთადერთი მასალა არაა, ბიზნესმენი გიორგი გიგუაშვილი რაიონისა და ოლქის ყოფილი პროკურორების, დავით ჭანტურიძისა და დავით საყვარელიძის, ასევე შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის _ ლადო ვარძელაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. გიგუაშვილმა, ჩვენი ინფორმაციით, უკვე მიმართა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს. გიგუაშვილის განაცხადის თანახმად, ჭანტურიძემ, საყვარელიძემ და ვარძელაშვილმა დაშინების გზით მისი კუთვნილი ქონება _ გორის საცურაო აუზი უკანონოდ მიითვისეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საყვარელიძე პროკურატურაშიც კი არ დაუკითხავთ.

ვაზაგაშვილის საქმე _ ლევან გვაზავა და შსს მაღალჩინოსნები

 «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია» მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს, კორტების სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავდა. საიამ უკვე გადააგზავნა პროკურატურაში დაცხრილულ ავტომობილში გადარჩენილთაგან ერთადერთის _ ბუბა ფუთურიძის ჩვენება, რომლის თანახმადაც მან აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა. აღნიშნულ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი ფიგურირებს, მათ შორის, ირაკლი კოდუა, ლევან გვაზავა, ირაკლი ფირცხალავა და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი, თუმცა მათ წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ვაზაგაშვილის მამა დღემდე მოითხოვს მათ დასჯას, გამოძიებას კონკრეტულად არც ერთისთვის ბრალი არ წაუყენებია.

 აფრასიძეების საქმე _ გიორგი ბარამიძე

უკვე გაცხადებულია, რომ აფრასიძეების ოჯახის წევრები პროკურატურისგან ამ საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ, თუმცა აფრასიძეების საქმის ირგვლივ გამოძიებას ჯერ კონკრეტულად არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუსვამს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები ამას კატეგორიულად მოითხოვენ.

 იგორ გიორგაძის თანაპარტიელთა საქმე

 2006 წლის 6 სექტემბრის სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაკავებულთა მაია ნიკოლეიშვილისა და გიორგაძის სხვა მხარდამჭერთა საქმეების ხელახალი გამოძიებისთვის პროკურატურას, სამწუხაროდ, მსვლელობა არ მიუცია. ყოველ შემთხვევაში, ამ საქმის გამო სააკაშვილის ხელისუფლებიდან არც ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა.

რა თქმა უნდა, ეს სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მიერ ჩადენილი და გამოსაძიებელი საქმეების სრული ნუსხა არაა, ცალკეა ეკონომიკური ხასიათის დანაშაულები და ის ბიზნესემენები, რომლებიც ამაოდ ელოდებიან საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თუ ბიზნესის დაბრუნებას.

ფინანსური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები და ადნარ აქიარის საქმე

აღნიშნული საქმე ხელისუფლებაში ივანიშვილის მოსვლის შემდგომ გამოიკვეთა და ბიზნესმენი ადნარ აქიარი მანამდე აღნიშნული საქმის დეტალებს არ ახმაურებდა. უცხოელი ბიზნესმენი ფინანსური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან მისი ბიზნესის დატერორებაზე საუბრობს და პროკურატურისგან სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს. ჩვენების თანახმად, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნებმა მას აყიდვინეს ავტომანქანები, რომელთაგანაც სამით სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული შოუბიზნესის წარმომადგენლები დადიან, ხოლო რამდენიმეით _ სახელმწიფო მოხელეები. აქიარის ადვოკატის _ ხაჭაპურიძის თქმით, აქიარს ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ქარსელაძე ყოველთვიურად სძალავდა თანხას, შემდეგ კი აქიარი უკანონო ბრალდებით დააკავეს და გათავისუფლებისთვის 200 000 ლარი გადაახდევინეს.

ქიბარ ხალვაშის საქმე

«არტი ჯგუფისა» და ტელეკომპანიების _ «რუსთავი 2»-ისა და «მზის» წილის ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში აცხადებდა, რომ ხელისუფლებამ მისი კომპანიები უკანონოდ დააყადაღა და გააკოტრა მას შემდეგ, რაც მისი მეგობარი ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციური პარტია ჩამოაყალიბა. კომპანია «არტი ჯგუფი», რომელიც 1996 წელს დაფუძნდა, საქართველოში «პროქტერ ანდ გემბელის» პროდუქციის ექსკლუზიური შემომტანი იყო. კომპანია 2007 წლის 24 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ახსნა-განმარტების გარეშე დალუქა. მოგვიანებით კომპანია საბაჟო წესების დარღვევაში დაადანაშაულეს და სოლიდური ჯარიმის გადახდა დააკისრეს. გერმანიაში ემიგრირებული ქართველი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელიც საქართველოში არც ერთ აქტივს აღარ ფლობს, «არტი ჯგუფის» ქონებაზე სასამართლო დავას საერთაშორისო სასამართლოში აგრძელებს.

ბიზნესმენი დალაქიშვილი, ბიზნესმენი ბეგიაშვილი, მამია სანადირაძე და «ახეული» ქონება

დალაქიშვილის ადვოკატის, თოდუას მიერ პროკურატურაში შეტანილი განაცხადის თანახმად, ადეიშვილი უშუალოდ იყო დაინტერესებული ბიზნესმენის დაპატიმრებით და აჭარის პროკურატურის გამომძიებელ ოთარ ცეცხლაძეს პირადად დაავალა ამ საქმის შესრულება, რაკი პროკურორმა ეს არ გააკეთა, ეს მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა. მოწმეების მტკიცებულებები თბილისის პროკურატურაში უკვე შესული იყო და გამოძიებასაც, წესით, მალევე უნდა აღედგინა სამართლიანობა. ანალოგიურად მის წინააღმდეგ არსებული საქმეების ხელახალ გამოძიებას და შსს-ს და პროკურატურის პირველი პირების დასჯას დღემდე მოითხოვს ჟენევაში მყოფი «ვაკე 5»-ისა და «ალბატროს ჯგუფის» დამფუძნებელი ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი, თუმცა ამაოდ. ასევე დღემდე ამაოდ ითხოვს მფლობელობაში «კავკასუს ონლაინის» დაბრუნებას მისი ყოფილი დამფუძნებელი მამია სანადირაძე. აღნიშნული და სხვა საქმეების განხილვაზე, როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, შესაძლოა, საქმის განხილვები აღარც კი მოხდეს.

ანზორ ქოქოლაძის საქმე

«ელიტ ელექტრონიქსის» ყოფილი მფლობელი ანზორ ქოქოლაძე ერთ-ერთი ბიზნესმენია, რომელსაც წინა ხელისუფლებამ კუთვნილი კომპანია აართვა. ქოქოლაძე სასჯელს 22 თვე იხდიდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ანზორ ქოქოლაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას ედავებოდა:თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.ქოქოლაძესთვის პროკურატურას ჯერ არაფერი დაუბრუნებია .

«აგარის შაქარი» და ძასოხოვი

«აგარის შაქრის» მფლობელმა გოჩა ძასოხოვმა საქართველო 2008 წლის აგვისტოში დატოვა. ძასოხოვი, რომელიც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციისა და საზოგადოება «დინამოს» პრეზიდენტი იყო, პეკინის ოლიმპიადიდან საქართველოში აღარ დაბრუნდა. ამჟამად ის რუსეთში მოღვაწეობს. 2008 წლის აგვისტოში შემოსავლების სამსახურმა დააყადაღა ძასოხოვის კუთვნილი საწარმოები: აგარის შაქრის ქარხანა «ქართული შაქარი», ვაშლის, ყურძნისა და მანდარინის კონცენტრატების ქარხნები გურჯაანში, ქობულეთსა და აგარაში, პომიდვრის საცდელი მეურნეობები მარნეულში, ხეხილის ბაღები შიდა ქართლსა და კახეთში, «აგროინვესტბანკი» და სასტუმრო «ივერია» ქობულეთში. ქონების ნაწილს სახელმწიფო დაეპატრონა, ნაწილს კი _ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები.

«მაგნატი» და ჯემალ ლეონიძე

დაკავებამდე ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძეს შპს «მაგნატი 2006»-ის 75 პროცენტი ეკუთვნოდა. კომპანია ქვეყნის ნავთობპროდუქტების სარეალიზაციო ქსელების 8-10%-ის მფლობელი იყო. «მაგნატს» გააჩნდა 4 ნავთობტერმინალი, 42 ბენზინგასამართი სადგური, სამი რესტორანი, მეფრინველეობის ფაბრიკა. კომპანიის ქსელებიდან ყოველთვიურად 5,5 მილიონი ლიტრი ნავთობპროდუქტების რეალიზაცია ხორციელდებოდა. ჯემალ ლეონიძე 2009 წლის აგვისტოში სსკ 180-ე და 362-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის დააპატიმრეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენის სახით განუსაზღვრა 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა და სახელმწიფოს სასარგებლოდ 50 000 ლარის ზარალის ანაზღაურება. ჯემალ ლეონიძის ადვოკატი ზურაბ თოდუა ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანი იყო მისი განეიტრალება და ბიზნესიდან ჩამოშორება: «მაგნატის» ქსელი ხელში ჩაიგდო კომპანია «გალფმა», რომელიც ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული, არავითარ მაქინაციასა და თაღლითობაში ლეონიძე არ მონაწილეობდა. სისხლის სამართლის საქმე არის შეთითხნილი. ახლა ლეონიძის საქმე სტრასბურგშია, ყოფილი ბიზნესმენი კი გამოუშვეს, თუმცა მისთვის ფინანსური ზარალი არავის აუნაზღაურებია.

 «ნება ინვესტი» და ბაკურაძე

ბიზნესმენმა ბაკურ კიღურაძემ, რომელიც ჯაშუშობაში იყო ბრალდებული, კომპანია «ნიბა ინვესტი» 2004 წელს დააფუძნა. კომპანია თბილისში ახორციელებდა მრავალმილიონიან დეველოპერულ პროექტ «ნიბა დელისს». კიღურაძე დაკავებას სწორედ ამ პროექტიდან მისი გაძევების მცდელობას უკავშირებს. ბაკურ კიღურაძის საქმემ ქართული სასამართლოს ყველა ინსტანცია მოიარა. ბიზნესმენი, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, სამართალდამცავებმა 2010 წლის 13 ივლისს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სსკ-ს 314-ე მუხლის 1 ნაწილით (ჯაშუშობა) და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი უცვლელად დატოვა ყველა ზემდგომმა ინსტანციამ. 12-ტომიან საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი. მთავარი ნივთმტკიცებები კი, როგორც ამბობენ, განადგურებულია.

 ქარხნების ბედი

სააქციო საზოგადოება «თბილისის საავიაციო ქარხნის» დამფუძნებელ პანტიკო თორდიასაც ძალადობრივი გზით, კერძოდ კი, პატიმრობაში აყვანის მუქარით ჩამოართვეს საკუთრება. ამ საქმეში პრეზიდენტთან ერთად ბაჩო ახალაიაც ფიგურირებს. ის აღნიშნავდა, რომ თვითონ მას კვირა დღეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის შეიარაღებული პირების გარემოცვაში და ნოტარიუსის თანხლებით ეკონომიკის სამინისტროში ამ უწყების იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მონაწილეობით გადააფორმებინეს წილი. ქარხნის დანარჩენ 26 აქციონერს კი აქციების დათმობა უკვე მეორე დღეს, თბილისში მარჯანიშვილის 5-ში მდებარე ნოტარიუსის შენობაში აიძულეს. დაახლოებით, ანალოგიური ისტორია აქვთ თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მესაკუთრეებსაც. ამ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარეს, ავთო საყვარელიძესა და ამავე ქარხნის გენერალურ დირექტორ მირიან დეკანოიძეს.

გიორგი გაჩეჩილაძე

P.S. ეს, რა თქმა უნდა, ფაქტებისა და საქმეების არასრული ნუსხაა და კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი, გახმაურებული თუ გაუხმაურებელი საქმე ვერ მოხვდა აღნიშნულ სტატიაში, რომლებიც დღემდე თაროზე შემოდებულები ამაოდ ელოდებიან, რომ სამართალმა პური ჭამოს! თუმცა ხელისუფლებას, იმედია, 2014 წელს მაინც ეყოფა პოლიტიკური თუ სამართლებრივი ნება, რომ აღნიშნული საქმეები ბოლომდე მიიყვანოს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here