Home რუბრიკები სამართალი გია გაბრიჩიძე: რამდენიმე სერიოზული მცდელობა და ბევრი ტანჯვა-წვალება დასჭირდათ მერაბიშვილსა და ადეიშვილს,...

გია გაბრიჩიძე: რამდენიმე სერიოზული მცდელობა და ბევრი ტანჯვა-წვალება დასჭირდათ მერაბიშვილსა და ადეიშვილს, სანამ ამერიკელები მოსასმენ სპეცაპარატურას გადმოსცემდნენ

835

ეს ერთი ხანია, აღარც რაიმე სამალავი აღმოუჩენიათ ფარული ჩანაწერებით, არც რესტორნებში გარიგების თემაა აქტუალური და არც ცნობილი პოლიტიკოსების სააბაზანოებიდან რეპორტაჟებს უჩვენებენ ჩვენი ტელევიზიები და არც… თუმცა აქ თავი შევიკავოთ. მოკლედ, დაღალა ხალხი ამდენმა ღია პოლიტიკამ, კომპრომატები თითქმის არ არის ჩვენს ტელე-სივრცეში და ამის გამო კომპრომატების მოყვარულები, რომლებსაც ფარული ჩანაწერის გარდა სხვა ინფორმაციის ნამდვილობის გაგონებაც არ სურდათ, საინფორმაციო-კომპრომატულ ვაკუუმში აღმოჩდნენ. ჩვენ კი ჩვენის მხრივ იმის გაგებას ვცდილობთ, რამდენად შესაძლებელია და ზოგადად როგორ ხორციელდებოდა ტოტალური მოსმენები. ამ საკითხზე «საქართველო და მსოფლიოს» შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი წარმომადგენელი, კაპიტან–ლეიტენანტი გია გაბრიჩიძე ესაუბრა.

 

_ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ «ნაციონალური მოძრაობა», როცა ხელისუფლებაში იყო, პრაქტიკულად, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს უსმენდა, ფარულად უღებდა და ა. შ. ამ საკითხზე ახლა არავინ დავობს, მაგრამ შედარებით ნაკლებს ლაპარაკობენ იმაზე, ტექნიკურად რამდენად მოსახერხებელია და რა ჯდება, თუნდაც ერთი ადამიანისთვის ე. წ. ჟუჩოკის, სამი ცალი სათვალთვალო კამერის (აქედან ერთი ავტომანქანაში) დამონტაჟება და ამ ტექნიკის მართვისთვის ადამიანის მიჩენა, თქვენ, როგორც სისტემაში კარგად გათვითცნობიერებულმა კაცმა, იქნებ გვითხრათ, როგორი იყო ეს აპარატურა? 

_ შინაგან საქმეთა სამინისტროში არის მე-7 განყოფილება, ამაში შედის «რაზვედკაც». ეს განყოფილება დაახლოებით გაზის მრიცხველის სამსახურის ან ინტერნეტის მომსახურების სქემით მუშაობს და დაახლოებით ამ სამსახურებივით არის ორგანიზებული. ამ სამსახურის მუშაკები აპარატურას ამონტაჟებენ მათთვის საჭირო ადამიანების სახლებში, მანქანებში, ოფისებში, რესტორნებში, სასტუმროებში და ა.შ. ტექნიკას იმავე სამსახურის მუშაკები მართავენ და ემსახურებიან. ეს «რაზვედკა» არის ჯერ კიდევ კომუნისტების დროს შექმნილი სტრუქტურა (ახლაც მე-7 ჰქვია და მოდულშია განლაგებული) და ამიტომაც გამოვიყენე რუსული სიტყვა, პროფესიონალი ადვილად მიხვდება, რატომ მოვიხსენიე ეს სტრუქტურა ძველი სახელით. 

_ ოჯახების გარდა მობილურ ტელეფონებსაც უსმენდნენ; ასევე, საჭირო იყო მოძრავი სადგურის მსგავსი რამ, რითაც შესაძლებელი გახდებოდა, ვთქვათ, მანქანიდან გადაუსვლელად შენობაში საუბრის მოსმენა.»საქართველო და მსოფლიოს» აქვს სანდო ინფორმაცია, რომ ოტოს გარდა, გამოიყენებოდა სპეცმანქანები, რომლებსაც შენობიდან სამასი მეტრის დაშორებით აჩერებდნენ და მანქანიდან გადმოუსვლელად უსმენდნენ 40 ათას საუბარსაც კი, ამაზე რას იტყვით?

_ ეგ აპარატურა არის სპეციალური შეკვეთით დაპროექტებული იმისთვის, რომ ავტომობილებში ადვილად განთავსდეს და გარეგნულად ეს ავტომობილი არაფრით განსხვავდებოდეს სხვა ავტომანქანებისგან. მუშაობს არა საუბრებზე ან მობილურის რომელიმე მოდელზე, არამედ სიხშირეზე. მეცინება ხოლმე, როცა ამბობენ, რომ, თუ სიმბარათს ამოიღებ, საუბრის მოსმენა არ შეუძლიათ და ა. შ. აპარატურას შეუძლია 300 მეტრის მანძილიდან ჩაერთოს. წარმოიდგინეთ, ტელეფონი და ტელეფონის ხაზიდან გაყვანილია მეორე ხაზი, რომლითაც ისმენენ. დაახლოებით ამ პრინციპით ხდება მოსასმენი აპარატურის მობილურის სიხშირეში ჩართვა და იქ საუბრის მოსმენა ან ჩაწერის წარმოება. 

_ თუ რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურმა შეუკვეთა და დაამზადებინა ეს სპეციალური აპარატურა, გამოდის, რომ ძვირადღირებულ აღჭურვილობასთან გვაქვს საქმე, რომლის შოვნაც ადვილი არ უნდა იყოს. როგორ მოახერხეს საქართველოსხელა ქვეყნის სპეცსამსახურებმა ამ აპარატურის შეძენა?

_ რა თქმა უნდა, ძალიან ძვირი აპარატურაა და მისი შოვნაც არ არის ადვილი. მაღაზიაში რომ იყიდებოდეს თავისუფლად, იქნებ თქვენც გეყიდათ ჟურნალისტებს და მინისტრებისთვის ან სულაც ჩვენთვის, პროფესიონალებისთვის მოგესმინათ, მაშინ უკვე ჩვენ ვიქნებოდით შეშინებულები და დამფრთხალნი და არა სხვები. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. სერიოზულად კი საქმის ვითარება ასეთი იყო: რამდენიმე სერიოზული მცდელობა და ბევრი ტანჯვა-წვალება დასჭირდათ მერაბიშვილსა და ადეიშვილს, სანამ ამერიკელები ამ აპარატურას გადმოსცემდნენ. აქ მარტო გადმოცემა არ არის საკმარისი, საჭიროა კიდევ ოპერატორები და ტექნიკური მუშაკები და მათი მომზადება. ამასაც გარკვეული დრო და თანხები დასჭირდა.

რაც შეეხება სპეცაპარატურას, რომელიც მონტაჟდება მანქანაში და სახლის შორიახლოდან ან მოძრავ მანქანაში ისმენს საუბარს და იწერს, ეს ძალიან ძვირია, ორ მილიონ დოლარზე მეტი ღირს და დიდი ბრიტანეთიდან გადმოსცეს ამერიკელებმა. ამაზე გაცილებით ფართოდ გამოიყენებოდა პატარა მოწყობილობები, რომლებსაც სახლებში აყენებდნენ. მაგალითად, ამოაკრავდნენ მაგიდის ან კარადის უჯრის ქვეშ. ეს 1500 დოლარი ღირს და რამდენიმეჯერ შეიძინეს საკმაოდ დიდი პარტიები, თუმცა ამას ერთი მინუსი აქვს, პერიოდულად ვიღაც უნდა შედიოდეს ამ სახლში, საჭირო ხდება ამ აპარატურასთან ყოველკვირეული მუშაობა ან ათ დღეში ერთხელ მაინც უნდა შეიცვალოს ან დაიცალოს _ ჩანაწერი უნდა გადმოიწეროს. დავუშვათ, ახალი ნაყიდი გაქვთ ბინა ან რემონტის დროს იქ დაგიმონტაჟებენ და როზეტში (დენით კვება, რომ ჰქონდეს) აერთებენ. ეს უკვე მუდმივია. თითქმის აღარ  გამოიყენებოდა ავტოკალამში ან საათში ჩამონტაჟებული ვიდეო კამერები (აი, იმ ტიპის  კამერებს ვგულისხმობ, კობა ბექაურმა რომ შალვა რამიშვილის საუბარი ჩაიწერა) _ ჯერ ერთი, დასავლეთში ესენი სრულიად ჩვეულებრივ მაღაზიებში იყიდება, მეორეც _ გამოცდილი თვალისთვის მათი აღმოჩენა არც ისე ძნელია.

_ გასაგებია, რომ გამოცდილი თვალი ადვილად გაარჩევს ვიდეოკამერიან ავტოკალამს ჩვეულებრივისგან, თანამედროვე მოსასმენ აპარატურას კი ვერ გამოიცნობს გამოცდილი ადამიანი?

_ ფორმით, რომც იცოდეთ, როგორ გამოიყურება, ისეთი ფერის არის, რომ თვალი ადვილად ვერ განასხვავებს, უფრო სწორად ძალიან ძნელად თუ გამოარჩევს ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო გარემოსა და ნივთებისგან. თეთრიც არის, შავიც, ხორცისფერიც და ა. შ. მაგალითად, სახლში საკიდზე გაქვთ შავი ფერის ქურთუკი, რომელსაც ზამთრამდე არ ჩაიცვამთ, საკიდი, როგორც წესი, არის გასასვლელში, 9 თვის განმავლობაში ყოველ კვირაში ერთხელ თქვენთან შემოდის მეზობელი ან მეგობარი, რომელსაც საკმარისი დრო და საშუალება აქვს იმისთვის, რომ თქვენი ზამთრის ქურთუკის ჯიბიდან ან სახელოდან შეუმჩნევლად ამოაძროს შავი ფერის პატარა საგანი და შეცვალოს ახლით. მისი აღმოჩენა პროფესიონალებსაც კი გაუჭირდებათ.

_ საინტერესო თემას მივადექით: ის თანამშრომლები, რომლებსაც ამის დამონტაჟება დაევალებათ, მოსმენის ობიექტმა რომ აღმოაჩინოს, რა მოხდება? გარდა ამისა, უცხო ადამიანი როცა შემოდის ოჯახში, სრულიად ბუნებრივია, რომ მას თვალს არ აშორებენ, მხედველობაში მაქვს ის აპარატურა, რომელიც მუდმივად მონტაჟდება და რომლის დამონტაჟებასაც სპეციალური ცოდნა სჭირდება… როგორ ხდება ეს?

_ რომც აღმოაჩინოთ, ამით ბევრი არაფერი შეიცვლება. ჯერ ერთი, პირადობის მოწმობა არ აქვთ პოლიციელებს და ნამდვილ გვარსა და სახელს ვინ გეტყვით? მეორეც, კაცის დაკავების ან დაპატიმრების უფლება თქვენ არ გაქვთ, ისევ პატრულს უნდა გამოუძახოთ და მოგეხსენებათ, «ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს». გარდა ამისა, ათასნაირად ინიღბებიან. ყველაზე გავრცელებულია, რემონტის დროს მუშებს შორის აგენტის გაჩენა და პოლიციელის შეპარება. გარდა ამისა, სპეციალური მანქანები ჰყავთ, ყველანაირი პიჯაკი აქვთ. ვთქვათ, ბანკეტზე უნდა წასვლა ორ მუშაკს და დავალებული აქვს, იქ შეუმჩნევლად დაამონტაჟოს სტაციონალური აპარატურა; ისეთი გამოწყობილები მივლენ, გაოცდებით. თანაც, ისეთი ვინმეს მოწვეულები იქნებიან, ეჭვი არავის შეეპარება. დიახ, 700-დოლარიანი კოსტუმი ეცმევათ და 1000-დოლარიანი ფეხსაცმელი. ხშირი იყო შემთხვევა, როცა ვითომ გაზის სამსახურის თანამშრომლები მიდიოდნენ; მარტო გაზი არა, ვთქვათ, არჩევნების წინ ვიღაც კოორდინატორი მივიდოდა, უბნის ინსპექტორიც, თვითონ კარში დგას, თქვენ პირადობის მოწმობის გამოსატანად შებრუნდით სახლში… და ა. შ. ათასი ვარიანტია.

_ როგორ შეიძლება აღმოჩენა იმისა, რომ დავუშვათ, მე ვარ ამ მოსმენის ობიექტი, მაგალითად: ხმაური, მობილურის განათების ცვლილება, მობილურის ბატარეის ადრე დაცლა, დაყოვნებული ხმა, ექო, თუ სხვა ნიშნები? საინტერესოა, ასევე ამინდი ხომ არ მოქმედებს მანქანიდან მოსმენაზე? ეს ხმები დიდი ხანია დადის ჩვენ საზოგადოებაში და გვაინტერესებს, რამდენად რეალურია?

_  ვერ მიხვდებით, გამორიცხულია, რომ მიხვდეთ, ეს ჭორებია. რა თქმა უნდა, თუ ვიღაცის ინტერესებში არის თქვენი ფსიქოლოგიური დამუშავება და უნდა, რომ მიგანიშნოთ, თქვენს ტელეფონს ვისმენთო, ასეთ შემთხვევაში ეს ექო და მსგავსი სპეცეფექტები გათვალისწინებულია, მაგრამ, თუ არსებობს ამოცანა, ისე მოგისმინონ, რომ ვერ მიხვდეთ, ამისი მიღწევა არავითარი პრობლემა არ არის. წავიდა ის დრო, როცა მოსასმენი აპარატურის ჩართვისას ტელეფონი ზუზუნს იწყებდა.

რაც შეეხება ამინდს, ეგ დროც წავიდა. ამინდს არ აქვს მნიშვნელობა, წვიმაშიც და ქარშიც ერთნაირად ისმენენ. ეს არის ხელოვნური თანამგზავრი, კოსმოსური ტექნიკა; ეს თანამგზავრი მუდმივად კიდია საქართველოს თავზე და, თუ ვინმეს აქვს სურვილი და ხელი მიუწვდება, ტექნიკურად არავითარი სირთულე არ არის. მაგალითად, ამერიკიდან, ბრაზილიიდან, ავსტრალიიდან პირდაპირ დააკვირდეს კაცი სახლში ცოლ-ქმრის საუბარს და ჩაიწეროს.

_ ეს მოსმენები ახალი მინისტრის პირობებში შეწყვეტილია? აპარატურა და ძველი კადრები მიიღო თუ არა მემკვიდრეობით ღარიბაშვილმა?

_ რა თქმა უნდა, ეს იყო უშიშროების სტრუქტურის ქონება და სტრუქტურის ახალ ხელმძღვანელობას გადაეცა ჩვეულებრივი წესით, ანუ ისევ მოდულშია სამსახურიც, კადრების უმეტესობაც ადგილზეა და კანონის ფარგლებში, ალბათ, ახლაც ისმენენ. რაც შეეხება საყოველთაო მოსმენებს, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ბოლო ხანებში არ მაქვს.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here