Home რუბრიკები სამართალი სააკაშვილის რეფორმირებულ პენიტენციალურ სისტემაში უგზო-უკვლოდ გადაკარგულ მსჯავრდებულს 2 თვის შემდეგ მიაკვლიეს

სააკაშვილის რეფორმირებულ პენიტენციალურ სისტემაში უგზო-უკვლოდ გადაკარგულ მსჯავრდებულს 2 თვის შემდეგ მიაკვლიეს

639

ამ ბოლო დროს საქართველოში დატრიალებულმა მოვლენებმა სულზე მოუსწრო გალის რაიონის მკვიდრს, ელვერდ კობერიძეს, და მის ნათესავებს, რადგან ამ პიროვნების ადგილსამყოფელი 27 ივლისიდან 21 სექტემბრამდე დაუდგენელი იყო.

გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები, 44 წლის ელვერდ კობერიძე 2012 წლის 27 ივლისს ზუგდიდში ჩამოვიდა თავისი და მშობლების დახმარების თანხისა და პენსიის ასაღებად. იმავე დღეს, როგორც შემდგომ გაირკვა, ის პოლიციამ დააკავა და ისე, რომ მისი ოჯახისთვის არაფერი შეუტყობინებიათ, თბილისში წაიყვანეს.

4 სექტემბერს კობერიძის ნათესავებმა ზუგდიდელ ადვოკატ მებრძოლ ჭკადუას  მიმართეს. «ელვერ კობერიძის ნათესავებმა განმიცხადეს, რომ უკვე საკმაო ხანია, არ იციან მისი ადგილ-სამყოფელი, არ იციან ცოცხალია თუ მკვდარი. მე ჩავედი თბილისში და მივაკითხე იმ ავადსახსენებელ გლდანის მე-8 საპყრობილეს, რადგან საერთოდ იქ იმყოფებიან გამოძიებაში რიცხული ადამიანები, რომლებიც არ არიან მსჯავრდებულნი. იქ მითხრეს, რომ ასეთი პიროვნება აქ არ არისო, მაშინ მივმართე იქვე არსებულ მე-18 დაწესებულებას (ე.წ. რეზბალნიცას). ჯერ მითხრეს, აქ არისო, რამდენიმე საათის ლოდინის შემდეგ კი განმიცხადეს, _ არ არისო. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მივაკითხე მე-18 დაწესებულებას, რადგან ძველი თბილისის პროკურატურასა და საქალაქო სასამართლოში მითხრეს, რომ კობერიძე მე-18 დაწესებულებაში არისო. აქ კი ისევ განმიცხადეს, თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთო. 19 სექტემბერს მესამედ ჩავედი თბილისში და იგივე პროცესები განმეორდა. თუმცა უკვე ვითარება შეცვლილი იყო _ მე-8 საპყრობილეში დატრიალებული მოვლენების შედეგად იძულებულნი გახდნენ, პასუხი გაეცათ ჩემ მიერ მთავარ პროკურატურაში დაწერილ საჩივარზე. ბოლოს და ბოლოს 21 სექტემბერს მივიღე პასუხი, რომ ელვერდ კობერიძე იმყოფებოდა მე-18 დაწესებულებაში», _ განაცხადა ადვოკატმა მებრძოლ ჭკადუამ.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელებმა ელვერდ კობერიძე 27 ივლისს დააკავეს, დადგენილება მისი დაკავების შესახებ დაიწერა 13 აგვისტოს, თითქოსდა მას აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება «მარიხუანა». 14 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით მას შეუფარდა პატიმრობა. უცნაური ის არის, რომ კობერიძე ეთანხმება მის დაპატიმრებას, თანაც ის სასამართლო პროცესს არ დასწრებია. «ელვერდ კობერიძე 27 ივლისს დააკავეს, 13 აგვისტოს კი, უკანონი პატიმრობაში მყოფს, თურმე ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა, რაც დაუჯერებელია. ასევე გაურკვეველია, თუ რატომ მოხვდა ის მე-18 დაწესებულებაში, რადგან აქ მხოლოდ ან მძიმედ დაავადებულები, ან მაგრად ნაცემი პატიმრები ხვდებიან», _ აცხადებს ადვოკატი მებრძოლ ჭკადუა.

ყველა ნორმალურ ქვეყანაში პოლიცია, პროკურატურა, გამოძიება, საპყრობილის ადმინისტრაცია ოჯახს ატყობინებს დაკავებული პიროვნების ადგილ-სამყოფელს. საქართველო კი ჯერ კიდევ შორს არის ამ ელემენტარული პროცედურისგან. დაკავებისას ელვერდ კობერიძეს  მისი მშობლების საბუთებიც წაართვეს, რის გამოც 2 თვეა, მოხუცები პენსიისა და დახმარების თანხებს ვერ იღებენ.

ასე რომ, 18 სექტემბერს განვითარებული მოვლენის წყალობით მოძებნილი ელვერდ კობერიძე 26 სექტემბერს თავის ადვოკატს, მებრძოლ ჭკადუას, შეხვდება, 27 სექტემბერს კი სასამართლო პროცესია დანიშნული.

ლადო ქირია,

ზუგდიდი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here