Home რუბრიკები ეკონომიკა დავით იაკობიძე: ვანო მერაბიშვილის დაპირებები თუ შესრულდა, დავიღუპებით!

დავით იაკობიძე: ვანო მერაბიშვილის დაპირებები თუ შესრულდა, დავიღუპებით!

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით იაკობიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის უმწვავესი დაპირისპირების დღევანდელ პირობებში კადრების როტაცია გასაკვირი არ არის. ამ თვალსაზრისით, რეპრესიები, რომლებიც მიმდინარეობს პოლიტიკური ბრძოლის არეალში და რომლებიც ინიღბება სამართლიანობისა და თანაბარი შესაძლებლობების ლოზუნგებით, ნელნელა იღებს საყოველთაო ხასიათს. ამ პროცესს კი, იმ შემთხვევაში, «ნაცებმა» რომც მოიგონ არჩევნები, ვინმე გადაყვება, ეს ვინმე იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი. ამიტომ აქაც სააკაშვილის გათვლები ვანოს სასარგებლოა, იგი უნდა გადარჩეს. მაგრამ, თუ წააგებს არჩევნებს, ვანო რჩება როგორც პრემიერმინისტრი კანონით გათვალისწინებულ გადადგომამდე, შედარებით ნაკლებად დისკრედიტებულ, ერთადერთ კონსტიტუციურ ძალად, რომელიც მას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების შესაძლებლობას მისცემს.

ეს _ პოლიტიკა. ჩვენი საუბარი კი ეკონომიკურ პრობლემებზე წარიმართა.

 

_ ბატონო დავით, გთხოვთ კომენტარს ვანო მერაბიშვილის დანაპირებ თაფლის მდინარეებსა და ნაზუქის ნაპირებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი _ 40 მილიარდი ლარი, სოფლის მეურნეობას _ 4 მილიარდი, პენსია 100 დოლარი და ა. შ.

_ მოდით, ისე გიპასუხებთ, როგორც სტუდენტებს ლექციაზე. დაგვპირდნენ, რომ ქვეყნის ბიუჯეტი ოთხ წელიწადში იქნება 40 მილიარდი ლარი. რამდენად დასაჯერებელია ეს დეკლარაცია? ამ კითხვაში არსებითი შინაარსის მატარებელი სიტყვებია «დაპირება» და «ბიუჯეტი», რაც შეეხება ოთხ წელს და 40 მილიარდ ლარს, ისინი მოსალოდნელი ფაქტის რაოდენობრივი განზომილებებია. როგორც წესი, ფაქტები, მოსალოდნელიც და არსებულიც, არ არის ინფორმაცია, სანამ მათ მნიშვნელობას არ დავადგენთ. მნიშვნელობა კი, უნდა განისაზღვროს შინაარსის მატარებელი სიტყვების საფუძველზე, შესაბამისად, პირველი სიტყვაა «დაპირება».

«ნაცების» დაპირება არის მათი ადამიანებთან იმწუთიერი ურთიერთობის გამომხატველი, მათზე ზეგავლენის განხორციელების საშუალება. დაგვპირდნენ, რომ ფოთი იქნებოდა სამასათასიანი ქალაქი, შეგვისრულეს?.. დაგვპირდნენ, რომ ააშენებდნენ გაზსაცავსა და ნამოხვანჰესს, შეგვისრულეს?.. დაგვპირდნენ, რომ ააშენებდნენ ნანსკრაჰესს, და პენსიები იქნებოდა 100 აშშ დოლარის ტოლფასი, შეგვისრულეს?..

მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათთვის დაპირება არის მოცემულ კონკრეტულ მომენტში მოსახლეობაში არსებული უკმაყოფილების განმუხტვის საშუალება, რომელიც შემდეგ მხედველობაში აღარ მიიღება. გვპირდებიან იმ ვარაუდით, რომ დავუჯერებთ და ოქტომბრის შემდეგ აღარავის გაახსენდება ეს დანაპირები.

_ ბევრი დაპირება გვახსოვს მედიცინის, განათლების, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში…

_ სიტყვა დაპირება ჩვენს შემთხვევაში არ გამოხატავს არსებული ეკონომიკური პარამეტრების საფუძველზე გამოთვლილ პროგნოზს. იგი უბრალოდ პიარაქციის ნაწილია, გათვლილია მასებზე ზემოქმედებისთვის და, თუ ჩვენ პასუხისმგებლურად მოვიქცევით, ეს დაპირებები მხედველობაში არ უნდა მივიღოთ, მოსალოდნელობათა გამომხატველ ფაქტებს მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ.

_ საფუძვლად რას უდებენ, ბატონო დავით? ეს დაპირებები ხომ პრემიერ-მინისტრისგან მოდის, თანაც არჩევნების წინ?

_ ვინ, ვინ და ვანო მერაბიშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, კარგად უნდა იცოდეს საქართველოს კანონები. იცის «ნაცების» მუქარისა და დაპირებების მნიშვნელობაც. და, რაც არანაკლებ სერიოზულია, იცის _ როცა საზოგადოებას დაპირდები ოთხი მილიარდის დახარჯვას განათლების სფეროში, თუ ვერ შეასრულებ, პასუხს არავინ მოგთხოვს. დიდი-დიდი რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ გისაყვედუროს: რატომ მოატყუე ხალხიო. ხალხი კი იტყვის, რა ქნას საწყალმა, უნდოდა, მაგრამ, ალბათ, არ ჰქონდაო. მაგრამ, როცა პენსიის მომატებას დაჰპირდები 900 ათას კაცს, ისინი სიტყვის შესრულების მომლოდინე ხდებიან და აუცილებლად რაღაც ფორმით მოგკითხავენ.

რა ფასი აქვს დაპირებას 90 ათასი ჰექტრის გასარწყავების შესახებ, როცა 800 ათასი ჰექტრიდან მოხნულია მხოლოდ 250 ათასი. რა დიდი გადატრიალება ესაა?

მოკლედ, არ შეიძლება ამ დაპირებათა სერიოზულად აღქმა და მათი ეკონომიკური ანალიზის საკითხად ქცევა. პიარის ნაწილია, მისი მთავარი შემადგენელია.

ვის აქვს ყველაზე დიდი ავტორიტეტი ელექტორატში? ექიმებსა და მასწავლებლებს. მათი მოსყიდვაა მთავარი. მათ უნდა დაჰპირდე და თანაც ისე, რომ არ გაანაწყენო, მოლოდინი გაუჩინო და შენი ზეგავლენის ქვეშ მოაქციო.

_ ექსპერტების აზრით, ჩვენი ხელისუფლება, მეურნეობის მართვის მსოფლმხედველურად სხვა გზას ადგება. აღარ უსმენს ლიბერტარიანელებს _ ბენდუქიძეს, გურგენიძეს, გილაურსა და სხვებს და ეკონომიკის მართვის ახალ მოდელს გვთავაზობს: ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევისა და მასზე კეთილისმყოფელი ზემოქმედების მოდელს.

_ ასეთი მოდელის შემომთავაზებელს უნდა ესმოდეს მისი ავ-კარგი, მაგრამ საიდან გაუჩნდება გუშინდელ ლიბერტარიანელს, კეინსიანელური მეთოდოლოგიით ეკონომიკის მართვის უნარ-ჩვევები?

ეს ერთი. მეორე, რა საფუძველი გააჩნია ჩვენს ეროვნულ ეკონომიკას ისეთი, რომ წელიწადში 30-პროცენტიანი ზრდას მიაღწიოს? მსოფლიოში მსგავსი შემთხვევა შეუძლია ვინმემ გაიხსენოს? არა. ამიტომ, ნება მომეცით, ჩემს აზრზე დავრჩე.

_ ხომ შეიძლება გარეგანი ფაქტორების ამოქმედებით, ინვესტიციების მოზიდვით, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით და ა. შ. შევძლოთ ეკონომიკაში არსებითი გარდატეხის შეტანა? ამის თეორიული საფუძველი ხომ არსებობს?

_ თეორიული არსებობს. შეიძლება რეალურადაც კი მოხდეს ოთხ წელიწადში ეკონომიკის სამჯერადი ზრდა. ამის მაგალითია ჩინეთის თავისუფალი ეკონომიკური ზონები, მაგრამ, როდესაც ეროვნულ ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, მთავარია არა ეკონომიკური ზრდა, არამედ ქვეყნის განვითარება. განვითარება კი თვითმსგავსებას გულისხმობს. ისე უნდა იზრდებოდე, რომ საკუთარ თავთან მსგავსება არ დაკარგო, ამიტომ საქართველოს თვითმსგავსი განვითარების შესაძლებლობებისთვის უცხოა ასეთი ჯერადობითი ზრდა დროის შედარებით მოკლე პერიოდში.

მარტივად აგიხსნით: ვთქვათ, ძველი მეგობარი შეგხვდათ, რომელიც ერთ წელიწადში ისე გასუქებულა, რომ ვერ იცნობთ, თუ იცნობთ, აუცილებლად გაიფიქრებთ, ღმერთმა დამიფაროს ასეთი გასუქებისგანო. ამას ვამბობ მეც: კიდევ კარგი, რომ ამ დაპირებებს აღსრულება არ უწერია, თორემ საქართველო აღარც  იარსებებდა. ის, რაზეც ვლაპარაკობ, ნიშნავს საქართველოში კაპიტალის მიგრაციას ერთდროულად სამი ფორმით: სამუშაო ძალა-კაპიტალით, ტექნოლოგიითა და ფულით. ასეთი მიგრაცია კი მიგვიყვანს იქამდე, რომ საკუთარ სახეს დავკარგავთ.

_ მართლაც, უკვე აღარ არსებობს ძველი ბათუმი, ძველი სიღნაღი, ვერ იცნობთ რიყეს… ამ ბრჭყვიალა დაპირებებსა და დუხჭირ რეალობაში, როდემდე მოგვიწევს ყოფნა?

_ ამჟამად ამუშავებენ განვითარების კონცეფციებს, მათ შორის, ეკონომიკის განვითარების მიმართულებებსაც. არის ცალკეული კვლევები, რომლებიც გვიჩვენებს ჩვენი ქვეყნის რეალურ სურათს. მაგალითად, ამასწინათ პროფესორ იური ანანიაშვილის სტატიაში ამოვიკითხე, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც ვერ დაეწია საკუთარ, 1988 წლის ეკონომიკურ დონეს. ამ თემაზე მეც ბევრჯერ დამიწერია, მაგრამ არავისგან  მიმიღია გამოხმაურება. საქმე ისაა, რომ ჩვენ საკუთარ თავს ჩამოვრჩით და უკვე 24 წელია, ვერ ვეწევით, ე. ი. თუ ეკონომიკის მართვის სისტემა არ შევცვალეთ, არ მოვახდინეთ მისი ტრანსფორმაცია, არ შევიმუშავეთ ახალი მიზნობრივი მიმართულებები და არ ჩამოვაყალიბეთ საკუთარი სვლაგეზი, არაფერი გვეშველება. რა ზრდაზე შეიძლება ილაპარაკო, როდესაც 2000 წელს საქართველო, რომელმაც 1991-93 წლებში აღმოსავლეთ ევროპაში არნახული ნგრევა განიცადა, ეროვნულ ანგარიშთა სისტემისა და ადამიანის განვითარების მაჩვენებლებით წინ უსწრებდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველას, დღეს აზერბაიჯანსა და სომხეთს არსებითად ჩამორჩება. გაგვასწრო მოლდოვამ, თურქეთმა, ბულგარეთმა, ყველა ქვეყანამ, რომლებსაც ამ 10 წლის წინათ, მიუხედავად გადატანილი ოთხი ომისა და სამი რევოლუციისა, ვუსწრებდით.

_ ეკონომისტების ერთი ნაწილი გვიმტკიცებს რომ განვვითარდით.

_ რაც ვთქვი, არ არის საკამათო. თუ ვამბობთ, რომ ადამიანის განვითარების უმთავრესი მაჩვენებლით, სიცოცხლის ხანგრძლივობით 1999 წელს (სიცოცხლის შესაძლებელი ხანგრძლივობა 71,5 წელი) წინ ვუსწრებდით სომხეთს (68,5), 2011 წლის მონაცემებით, სომხეთი (69,5) გვისწრებს ჩვენ (69,2), რაზე უნდა იკამათო? მაგრამ, თუ მხედველობაში გყავთ ზოგიერთი ექსპერტი, ვინც ამ საკითხის განხილვისას გიპასუხებთ, რომ ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია და უსაფრთხო ქვეყანა გავხდით, რომ ჩვენთან გაიოლებულია ბიზნესის კეთება, მე მას დავეთანხმები და ვეტყვი, რომ ეს ჩემს საწინააღმდეგო არგუმენტებად სრულიადაც არ გამოდგება, რადგან თუ ასეთი მიღწევების შედეგად, მოსახლეობაში სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა, ეს მიღწევები საკმარისი არ ყოფილა განვითარებისთვის.

გარდა ამისა: საქართველო, როგორც ჩანს, დღეს დანარჩენ მსოფლიოსთვის, საინტერესოა. მშპ ჯერჯერობით არის ერთადერთი მაჩვენებელი, რომელიც ქვეყნებს ერთმანეთთან შესადარისს ხდის. ამ მაჩვენებელს, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ანგარიშობს მსოფლიო მონეტარული ფონდი, მსოფლიოს ბანკი, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო დაწესებულებები, აშშ-ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოც კი. ამ მაჩვენებლით ჩვენ უაღრესად არასახარბიელოდ გამოვიყურებით.

მინდა შეგახსენოთ, რომ თუ «მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის» მიერ გამოქვეყნებულ მასალებს ავიღებთ, დავინახავთ, რომ, საქართველო 2010 წლის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსებულობით მსოფლიოში 127-ე ადგილზეა; ეროვნული დანაზოგების მაჩვენებლით _ 110-ე ადგილზე; საპროცენტო განაკვეთის სიდიდით _ 128-ე ადგილზე; დაწყებითი განათლების სისტემაში სწავლების ხარისხით _ 120-ე ადგილზე. აი, რატომ არ მოდის უცხოური ინვესტიციები საქართველოში და რატომ არ ენდობიან ჩვენს პოლიტიკოსებს.

საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები მხოლოდ იმით არიან დაკავებული, რომ როგორმე შეალამაზონ სინამდვილე და პირველ პირებს საშუალება მისცენ, უფრო რიხიანად ილაპარაკონ ჩვენს ე. წ. მიღწევებზე. არადა, სიტუაცია საგანგაშოა. ზემოთ პროფესორი იური ანანიაშვილი ვახსენე, ისევ მას მოვიშველიებ: მან რთული მათემატიკური მოდელის გამოყენებით დაადგინა, რომ დღევანდელ საქართველოში უმუშევრობის ბუნებრივი დონე 9 პროცენტს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის 9 პროცენტმა, ანუ 200 ათასმა კაცმა, რაგინდ მოინდომოს, სამუშაოს ვერ იშოვის. ასიათასობით ჩვენი მოქალაქე ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთშია წასული, ეს კი ნიშნავს, რომ ეკონომიკის ის მოდელი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, უშედეგოა. მასზე სასწრაფოდ უნდა ითქვას უარი. ეკონომიკაზე პასუხისმგებელი პირები ვალდებულნი არიან, კი არ დაგვპირდნენ ზურმუხტის მთებსა და შარბათის წყაროებს, არამედ საფუძვლიანად განიხილონ ნაკლოვანებები და დასახონ გამოსწორების გზები.

_ პირდაპირ მითხარით: დაპირება, რომელიც ბევრ ადამიანში ოპტიმისტურ განწყობას ბადებს, არ შესრულდება?

_ იმ შემთხვევაში შესრულდება, თუ ჩვენი ხელისუფლება იშოვის სადმე მაკარონის თესლს და შეიძენს ქათმებს, რომლებიც კვერცხის ნაცვლად კომპიუტერის ჩიპებს დადებენ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამ ქათმებს სანდო ხალხს მიაბარებენ, თორემ გარშემო ისეთი ადამიანები ბორიალებენ, ამ ქათმებს დაკლავენ და ჩახოხბილს გააკეთებენ.

_ ეგებ, ერთი წინადადებით დაასრულოთ ინტერვიუ?

_ ჩემი ბავშვობის დიდი მონაკვეთი მესხეთში გავატარე, კერძოდ, ადიგენში. იქ ერთი შესანიშნავი ვაჟკაცი ცხოვრობდა, ვანო ერქვა, ბავშვებს სულ ანდაზებით გვესაუბრებოდა _ თურქული ანდაზებიც იცოდა და ქართულად გვითარგმნიდა. მისგან გაგონილი ანდაზით დავამთავრებ: «ან აღა, ბან აღა, ინაქლარი ქიმსაღა», «შენც ბატონი, მეც ბატონი, ძროხა ვიღამ მოწველოს?!».

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here