Home რუბრიკები ეკონომიკა ბატონებო, თქვენ მიერვე ლეგალიზებულ ბალახს ხომ არ მიეძალეთ?

ბატონებო, თქვენ მიერვე ლეგალიზებულ ბალახს ხომ არ მიეძალეთ?

ბატონებო, თქვენ მიერვე ლეგალიზებულ ბალახს ხომ არ მიეძალეთ?

ნებისმიერი გამოცდილი ფინანსისტი გეტყვის, რომ ყველაზე მეტ ფულს კომერციული ბანკები მაშინ აკეთებენ, როცა ვალუტა რამდენიმე დღის განმავლობაში თამაშობს. არ აქვს მნიშვნელობა, ვალუტა იკლებს თუ იმატებს, მთავარია, ან უფასურდებოდეს, ან პირიქით _ მყარდებოდეს. იმას, რაც გასულ კვირაში ჩვენმა ეროვნულმა ვალუტამჩაიდინა”, თამაშიც აღარ ჰქვია, თუმცა კი შეადარეს ლარი ონავარ თინეიჯერს და თავის მართლების ასეთი მეთოდი ოფიციოზის მხრიდან მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო გვგონია. რა თქმა უნდა, შოკუნიებიც გვახსოვს, ისიც, რომ თურმე ლარი ჯანსაღი ორგანიზმია და თავისუფალ ცურვაშია გაშვებული, მაგრამ

როცა ლარმა ფინანსური ჯომოლუნგმის დაპყრობა გადაწყვიტა და ანტირეკორდი დაამყარა, ხელისუფლებამ არ შეიმჩნია, მაგრამ, როგორც კი 3.00-იან ნიშნულს მიუახლოვდა, მაშინვე შეწუხდა და სწორედ ამ “შეწუხებისას” ძალზე უცნაური რამ მოხდა _ მაღალჩინოსნების აბდაუბდა და არაფრისმომცემი კომენტარების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა: გაძლევთ პირობას და მყარ გარანტიას, რომ ლარი უახლოეს დღეებში გამყარდებაო. ჰოდა, მეორე დღიდან ლარმა გამყარება რომ დაიწყო, ორ დღეში ათი თეთრით უკან დაბრუნდა, ანუ მაჭავარიანმა ათიანში მოარტყა…

ამ ხნის განმავლობაში, პრაქტიკულად, ყველა მინისტრი თუ მმართველი გუნდის ლიდერი ლარის გაუფასურებას რუსთაველზე მიმდინარე აქციას უკავშირებდა, რაც, მათი აზრით, პოტენციურ ინვესტორებში ცუდის მოლოდინს იწვევდა. მაშინ, როცა მაჭავარიანმა ზემოაღნიშნული განცხადება გააკეთა, არც აქცია იყო დაშლილი და, შესაბამისად, არც მოლოდინი გამქრალი, მაგრამ ლარი მაინც გამყარდა.

ჯერ აქციაზე ვთქვათ. თუ იმ 20-30 ადამიანს, რომლებიც ყოველ საღამოს რუსთაველზე, პარლამენტის წინ ლუდს სვამენ და ვიღაცების ბოდვას უსმენენ (ამ ბოდვას ტელეგადაცემაც დაარქვეს), შეუძლია ინვესტორები დააფრთხოს და ლარის კურსი შეარყიოს, მაშინ სახელმწიფო არ გვქვია. ჰო, ბატონებო, არ ვართ მაშინ ჩვენ სახელმწიფო და არც ქვეყანა და საერთოდ არაფერი არ ვართ. ასე შეიძლება სხვა დროსაც გამოვიდეს 20, 30 ან 100 ადამიანი და რაღაც გააპროტესტოს და, თუ ყოველ გამოსვლაზე ინვესტორი დაფრთხა და ლარი 10 თეთრით გაუფასურდა, დავღუპულვართ და ვერ გაგვიგია. საერთოდ, რომელიმე პოტენციურმა ინვესტორმა იცის, რომ პარლამენტის წინ რამდენიმე ადამიანი რაღაცას აპროტესტებს? რა ცუდი მოლოდინი და რა ცუდი განცდები, თქვენ მართლა თქვენ მიერვე ლეგალიზებულ ბალახს ხომ არ მიეძალეთ? რატომ გვატყუებთ? ხომ არ აჯობებს, პირდაპირ თქვათ, რომ მიზეზი სხვა რამ არის? თუ რეალური მიზეზის თქმაც აგიკრძალეს დასავლელმა “მეგობრებმა?”

ახლა მაჭავარიანს დავუბრუნდეთ. სერიოზული საფუძველი გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერ დროს, როცა კი ფინანსთა მინისტრს ამის სურვილი გაუჩნდება, შეუძლია ეროვნული ვალუტა გაამყაროს და პირიქით: როცა მოესურვება, გააუფასუროს. საინტერესო ის არის, ვის და რის ნებაზეა დამოკიდებული მაჭავარიანის გადაწყვეტილებები. თუ ვინმეს სჯერა, რომ ეროვნულმა ბანკმა მაჭავარიანის განცხადებამდე დაგეგმა ბაზარზე 40 მილიონი დოლარის გამოტანა და გაყიდვა, ძალიან ცდება. ანუ, მაჭავარიანმა იცოდა, რომ ბანკი ამას გააკეთებდა, ისიც იცოდა, რომ დოლარის შეშვებას ბაზარზე კარგი ეფექტი ექნებოდა და ამიტომ ასე დაბეჯითებით დაგვიწყო მტკიცება იმისა, რაც შემდეგ ახდა. 40 მილიონი დოლარის ბაზარზე გამოტანა-გაყიდვის საქმე ცალკე თემაა. ეროვნულმა ბანკმა კი დააანონსა, რომ 40 მილიონი დოლარი უნდა გავყიდოო, მაგრამ დღის ბოლოს გამოაცხადა, რომ მხოლოდ 32.8 მილიონი დოლარი გაყიდა. ისევ ვივარაუდებთ და ვიტყვით, რომ ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი ვერ გაყიდა, ანუ კომერციულმა ბანკებმა ეს თანხა არ შეისყიდეს და ამისთვის ორი მიზეზი ჰქონდათ: პირველი ის, რომ კურსი ძალიან მაღალი იყო და თავი შეიკავეს; მეორე და უმთავრესი კი ის არის, რომ კომერციულ ბანკებს დოლარი რეალურად აღარ სჭირდებათ. მათ აქვთ საკუთარი რეზერვი, რომელიც, შევსებული კი არა, გადავსებულია და დოლარის საჭიროება მათთვის აღარ არსებობს. რატომ? იმიტომ, რომ უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა სახელმწიფო დონეზე აიკრძალა და რა უნდა უყოს კომერციულმა ბანკმა ჭარბ დოლლარს: საცავში შეინახოს? ვისთვის?! რისთვის?!

როგორც ფინანსური სფეროს ექსპერტები ამბობენ, თუ სახელმწიფო მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის და მომხმარებელს უცხოურ ვალუტაში სესხების აღების ნებას ისევ არ დართავს, ლარის გაუფასურების შეჩერება წარმოუდგენელი იქნება. ინვესტორების არყოფნის პირობებში, ბანკიდან სესხად აღებული უცხოური ვალუტაც კი შეიძლება ინვესტიციად ჩაითვალოს. სხვაგვარად წარმოუდგენელია, დოლარი მიმოქცევაში იყოს და მისი დეფიციტიც, პრაქტიკულად, გარანტირებულია. ჰო, ის, რომ მაინცდამაინც ამერიკულ დოლარზე უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული და არა, მაგალითად, უფრო მყარ ევროზე ან გირვანქა სტერლინგზე, ეგ კიდევ ცალკე საკითხია.

ძნელად, მაგრამ ხელისუფლებამ მაინც აღიარა, რომ რუსი ტურისტების ჩანაცვლება ვერ მოხერხდება. უფრო კონკრეტულად კი, მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ აღნიშნულ სეგმენტში რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლის ჩანაცვლება ვერ და არ ხდება. ტურისტულ სეგმენტს დაემატება სხვა ქვეყნებიდან მოზიდული ტურისტები, ჩანაცვლება კი გამორიცხულია. ამ აღიარებით გაირკვა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ რუსი ტურისტების ხარჯზე საქართველო წლიურად, სულ ცოტა, მილიარდ დოლარს იზარალებს. ცალკე საკითხია რუსეთთან არეული ურთიერთობების გამო გაუქმებული საჰაერო მიმოსვლის შედეგად მიყენებული ზარალი და გრძელვადიან პერსპექტივაში, დაახლოებით მილიარდი ესეც არის. ორი მილიარდი დოლარი კი დღევანდელი კურსით საქართველოს ბიუჯეტის თითქმის ნახევარია და გამოდის, რომ ხელის ერთი მოსმით საქართველოს ბიუჯეტის ნახევარი დავკარგეთ. ჰო, ისიც ვთქვათ, რომ ამის გამო არავინ დასჯილა… რიგითი ადამიანების გარდა, რომლებსაც ეს ორი მილიარდი უნდა მიეღოთ და უნდა ეარსებათ.

თუ ხელისუფლებამ იცოდა, რომ რუსი ტურისტების ჩანაცვლება გამორიცხული იყო, რისთვის წამოიწყო კამპანია ზაფხულის საქართველოში გატარებაზე ან რისთვის გამოყო ის 600 ათასი ევრო, რომელიც თურმე იმავე რუს ტურისტებს იმ ფასნამატს დაუფარავდა, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნის გავლით ჩამოსვლის შემთხვევაში ექნებოდათ? ან ეს 600 ათასი ევრო მხოლოდ 7 ათასამდე ტურისტს რომ ეყოფა და საუბარი ნახევარ მილიონ ტურისტზე იყო, ეგ როგორ გავიგოთ და ვინ აგვისხნის? მე გეტყვით, ვინ აგვიხსნის: არავინ, ბატონებო! არავინ, რადგან ასეთ რამეებს არ გვიხსნიან ხოლმე და არ თვლიან თავს ვალდებულად, საერთოდ რამე აგვიხსნან. ასე იყო წინა ხელისუფლების დროს, ასეა ახლა და ეჭვი გვაქვს, მომავალშიც ასე იქნება.

ერთი რამ ნათელია _ თუ ხელისუფლება მოინდომებს, ეროვნულ ვალუტასაც დაასტაბილურებს და ჩრდილოელ მეზობელთანაც მოაგვარებს ურთიერთობებს. სავარაუდოდ, ამის გაკეთების დიდი სურვილი აქვთ ხელისუფალთ, მაგრამ ამერიკა და ევროპა თითს უქნევს და უფლებას არ აძლევენ, რომ რუსეთთან დიალოგზე წავიდნენ. ეს იმ პირობებში, როცა ნატოს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში _ ჯეიმს აპატურაიმ მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს ორგანიზაცია ახალ წევრებს ვერ მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ პროცესი საერთო დაძაბულობას გამოიწვევს. საქართველოსა და ჩვენს ბედში მყოფი უკრაინის ნატოში მიღება რასაც გამოიწვევს, კარგად მოგეხსენებათ და ამიტომ თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ კარს, რომელზეც, აგერ უკვე მერამდენე ათეული წელია, ვაკაკუნებთ, არ გაგვიღებენ. გრძელვადიან პერსპექტივაში კი არა, საერთოდ არ გაგვიღებენ, რადგან საქართველოს გაწევრებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაძაბულობა ყოველთვის მოჰყვება.

ნამდვილად აღარ ვაპირებთ კიდევ ერთხელ იმის მოწოდებას, რომ რუსეთთან საუბარი აუცილებელია. საქმეს ისეთი პირი უჩანს, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში კარგად ხვდებიან, რა მოაქვს ამ სიჯიუტეს და დასავლეთის მითითებების უსიტყვო შესრულებას, მაგრამ მათი გადმოსახედიდან გამოსავალი არ ჩანს. არადა, გამოსავალი უმარტივესია _ დიალოგის დაწყება ჯერ დაბალ დონეზე, შემდეგ მომზადება უმაღლესი პირების შეხვედრისთვის და რატომღაც გვგონია, რომ პირველივე შეხვედრის შემდეგ დამოკიდებულებაც რადიკალურად შეიცვლება და მიდგომებიც. სწორედ ამის ეშინიათ დასავლელ პარტნიორებს, რომ ჩვენ საერთო ენის გამონახვას შევძლებთ და, თუ ურთიერთობების დათბობას ფინანსური სტაბილურობაც მოჰყვება, მაშინ დასავლეთისკენ სწრაფვას დიდი კითხვის ნიშანი უკვე ოფიციალურად დაესმება.

მანამდე კი ვუსმინოთ შინ მაჭავარიანს, გარეთ _ აპატურაის და ექსპერტებს ის მილიარდები ვათვლევინოთ, რომლებსაც ჩვენივე უთავბოლობით ვკარგავთ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here