Home რუბრიკები ეკონომიკა დოლარის კუბოში ჩაჭედებული კიდევ ერთი ლურსმანი _ დედოლარიზაციის პროცესი შეუქცევადია

დოლარის კუბოში ჩაჭედებული კიდევ ერთი ლურსმანი _ დედოლარიზაციის პროცესი შეუქცევადია

დოლარი

რა მოხდება, თუკი ხვალ, აშშ-ის გარდა, არავინ გამოიყენებს ამერიკულ დოლარს? თითოეული ქვეყანა ან ქვეყნების თანამეგობრობა გამოიყენებს საკუთარ ვალუტას საშინაო და საერთაშორისო ვაჭრობისთვის _ საკუთარ ვალუტას, რომელიც დაფუძნებული იქნება ეკონომიკაზე, და არა ქაღალდის ვალუტას, რომელიც დაფუძნებულია ბრძანებულებებზე. ეს შეიძლება იყოს ტრადიციული ვალუტები ან მთავრობის მიერ გაკონტროლებული ახალი კრიპტოვალუტები, მაგრამ ქვეყნების საკუთარი სუვერენული ფული. აღარ იქნება აშშ-ის დოლარი, აღარ იქნება დოლარის გერი _ ევრო, აღარ იქნება აშშ-ის ბანკებისა და SWIFT-ის _ გადარიცხვების საერთაშორისო სისტემის _ მიერ გაკონტროლებული საერთაშორისო სავალუტო ოპერაციები. სისტემის, რომელიც შეერთებულ შტატებს უადვილებს, განახორციელოს ყველა სახის ფინანსური და ეკონომიკური სანქციები: უცხოური საშუალებების კონფისკაცია; ქვეყნებს შორის ვაჭრობის შეწყვეტა; “დაუმორჩილებელი” სახელმწიფოების შანტაჟი, რა მოხდებოდა? მოკლე პასუხი ასეთია: ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთი ნაბიჯით ახლოს ვიქნებით მშვიდობასთან მსოფლიოში და ერთი ნაბიჯით შორს _ ამერიკის (ფინანსური) ჰეგემონიისგან. უფრო განვითარდება ეროვნული სახელმწიფოების სუვერენიტეტი ისეთ გეოპოლიტიკურ სტრუქტურაში, რომელშიც იქნება მეტი თანასწორობა.

იქამდე ჯერჯერობით ვერ მივედით, მაგრამ კედლებზე შესრულებული გრაფიტი გვაძლევს სიგნალს, რომ ჩვენ საკმაოდ სწრაფად ვმოძრაობთ ამ მიმართულებით. ეს იცის ტრამპმა, მისმა მმართველებმაც იციან. აი ამიტომ მატულობს გეომეტრიულ პროგრესიით ფინანსური დანაშაული _ სანქციები, სავაჭრო ომები, უცხოური აქტივებისა და რეზერვების კონფისკაცია ან დაუფარავი ქურდობა (ეს ყველაფერი მოწოდებით _ გადავაქციოთ “ამერიკა კვლავ დიად ქვეყნად”).

და ეს ხდება დაუსჯელად. საკვირველია, რომ ანგლოსაქსი ჰეგემონები, როგორც ჩანს, ვერ ხვდებიან; ყველა მუქარა, როგორიც უნდა იყოს ის ფორმით, ეფექტიანია მხოლოდ მანამ, სანამ მსოფლიო დოლარს იყენებს ვაჭრობისთვის, აგრეთვე, როგორც სარეზერვო ვალუტას.

ბევრმა ქვეყანამ შეიგნო, რომ დოლარი სულ უფრო გამოიყენება მათი ეკონომიკების მანიპულაციისთვის. აშშ-ის დოლარმა _ ფიატურმა (სიმბოლური, ძვირფასი ლითონებით არაუზრუნველყოფილი ფული) ვალუტამ _ ფულადი მასის წყალობით შეიძლება ქედი მოახრევინოს ნებისმიერი მიმართულების ნაციონალურ ეკონომიკას, იმის მიუხედავად, რომელი მიმართულებით “უჭერს მხარს” ჰეგემონი ამა თუ იმ ქვეყანას.

დღეს დოლარი “ცხელ ჰაერსაც” კი არ ეფუძნება. ის იმ ქაღალდზე იაფი ღირს, რომელზეც არის დაბეჭდილი. 2019 წელს აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი 21,1 ტრილიონი დოლარი იქნება (მსოფლიო ბანკის შეფასება), ამასთანავე, მიმდინარე ვალი 22,0 ტრილიონი დოლარია _ მშპ-ს დაახლოებით 105%. 2019 წელს, პროგნოზის მიხედვით, მსოფლიოს მშპ იქნება 88,1 ტრილიონი დოლარი (მსოფლიო ბანკი). “ფორბსის” მონაცემებით, დაახლოებით 210 ტრილიონი დოლარი “არაუზრუნველყოფილი ვალდებულებებია” (სუფთა ღირებულება სამომავლოდ პროგნოზირებული, თუმცა არაუზრუნველყოფილი ვალდებულებებისა 75 წლის განმავლობაში _ ძირითადად, სოციალური უზრუნველყოფა, სამედიცინო უზრუნველყოფა და ვალის დაგროვებული პროცენტები), რაც დაახლოებით 10-ჯერ აჭარბებს აშშ-ის მშპ-ს, ხოლო მსოფლიოს ეკონომიკის მშპ-ს _ 2,5-ჯერ.

ეს მონაცემი მატულობს იმის შესაბამისად, როგორც რთულდება ვალის პროცენტები _ წარმოქმნიან ნაწილს იმისა, რასაც ბიზნესტერმინით ეწოდება “ვალის მომსახურება” (პროცენტი და ვალის ამორტიზაცია), მაგრამ უკან არასოდეს “ბრუნდება”. ამას გარდა, მსოფლიოში არსებობს დაახლოებით 2 კვადრილიონი დოლარის (ზუსტი რაოდენობა არავინ იცის) ე.წ. დერივატივები.

დერივატივი _ ეს არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც თავის ღირებულებას აყალიბებს საბაზისო აქტივების სპეკულაციური სხვაობის საფუძველზე. ამ აქტივებს კი იღებს ისეთი უცნაურობებიდან, როგორიც არის “ფიუჩერსები”, “ოფციონები”, “ფორვარდები” და “სვოპები”, რომლებიც მიმოიქცევა ბანკთაშორის მოედნებსა და საფონდო ბირჟებზე.

ეს საშინელი ვალი ნაწილობრივ ასახულია სახაზინო ობლიგაციებში, როგორც უცხო სახელმწიფოების სავალუტო რეზერვები. ამერიკის სახელმწიფო ვალის დიდ ნაწილს ფლობს თვით აშშ _ “მისი დაბრუნების არანაირი გეგმით”, თუმცა, როგორც ჩანს, გეგმა არის ის, რომ “შეიქმნას” კიდევ მეტი ფული, მეტი ვალი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ომების დაფინანსება, იარაღის წარმოება, სიცრუის პროპაგანდა და მოსახლეობის მორჩილებაში ყოლა.

დოლარი

ყველაფერი ეს წარმოადგენს დოლარის უზარმაზარ მსოფლიო სისტემას. წარმოიდგინეთ, რომ ეს ვალი ინგრევა. მაგალითად, იმიტომ, რომ რამდენიმე მსხვილი ბანკი (უოლ-სტრიტზე) გაკოტრების პირასაა და უფრო პატარა ბანკები მოითხოვენ, დაუბრუნონ გაუნაღდებელი დერივატივები, “ქაღალდის ოქრო” (კიდევ ერთი საბანკო აბსურდი) და სხვა ვალი. ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას, რომელიც ჩამოშლის დოლარზე დამოკიდებულ მსოფლიო ეკონომიკას. ეს შექმნის გლობალური მასშტაბის კრიზისს “„LEHMAN BROTHERS-2008” -ის (ამერიკული საინვესტიციო ბანკი, რომელიც 2008 წელს გაკოტრდა) სტილში.

მსოფლიო სულ უფრო აცნობიერებს ამ რეალურ საფრთხეს _ გლობალური ეკონომიკა აგებულია ბანქოს ქაღალდის სახლის მსგავსად და ქვეყნებს სურთ, თავი დააღწიონ დოლარის ეშვებისგან შექმნილ ხაფანგს; ამის გაკეთება იოლი არ არის დოლარის რეზერვებისა და აქტივების გათვალისწინებით, რომლებიც ინვესტირებულია ნაციონალურ სახელმწიფოებში. პრობლემა შეიძლება მოგვარდეს ამ ყველაფრის (აშშ-ის დოლარის ლიკვიდურობისა და ინვესტიციების) თანდათანობით თავიდან მოშორებით და გადასვლით ისეთ ვალუტაზე, რომელიც დოლარზე დამოკიდებული არ არის, მაგალითად, ჩინურ იუანზე, რუსულ რუბლზე ან აღმოსავლურ ვალუტებზე, რომლებიც დაკავშირებული არ არის დოლარსა და მისი გადახდების საერთაშორისო სისტემა SWOFT-ზე, ფრთხილად უნდა ვიყოთ ევროს მიმართ, ის ამერიკული დოლარის შვილობილია!

სულ უფრო ხშირად ჩნდება ბლოკჩეინის ტექნოლოგიების ალტერნატივები. ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ვენესუელა სანქციების გვერდის ავლის მიზნით, იმ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ, რომლებშიც დოლარია გაბატონებული, უკვე ატარებენ ექსპერიმენტს სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებულ კრიპტოვალუტებზე გადახდებისა და გადარიცხვების ახალი სისტემის შესაქმნელად.

ინდოეთი შეიძლება შევიდეს (შეიძლება _ არა) ამ კლუბში _ ეს დამოკიდებულია იმაზე, რას გადაწყვეტს ნარენდრა მოდის მთავრობა, საით გადაიხრება ის _ აღმოსავლეთისკენ თუ დასავლეთისკენ. ლოგიკის მიხედვით, ინდოეთმა ორიენტაცია უნდა აიღოს აღმოსავლეთზე, რადგან ეს ქვეყანა უზარმაზარი ევრაზიული ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილია. ინდოეთი უკვე არის თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის (თშო) აქტიური წევრი. ეს არის ასოციაცია ქვეყნებისა, რომლებმაც შეიმუშავეს მშვიდობიანი სტრატეგია ვაჭრობის, ფულად-საკრედიტო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. თშო-ს წევრები არიან ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, პაკისტანი, შუა აზიის ქვეყნების უმრავლესობა, ხოლო ირანი ელოდება, მოიპოვოს ამ ორგანიზაციის ნამდვილი წევრის სტატუსი. ამრიგად, თშო-ზე მოდის მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი და მსოფლიოს ეკონომიკის მესამედი.

დოლარი

დასავლური მედიასაშუალებები თითქმის არ ახსენებენ თშო-ს. ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლელი საზოგადოების დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს, რა არის თშო და რომელი ქვეყნებია მასში გაერთიანებული. სახელმწიფოების მიერ გაკონტროლებული და რეგულირებული ბლოკჩეინის ტექნოლოგია შეიძლება გასაღები აღმოჩნდეს აშშ-ის ფინანსური სიმძლავრისა და სანქციების წინააღმდეგ.

ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია შეუერთდეს ამ ახალ ალიანსს, ახალ, მაგრამ, სწრაფად მზარდ ალტერნატიულ ვაჭრობა და დაუბრუნდეს ეროვნულ პოლიტიკურ და ფინანსურ სუვერენიტეტს.

დედოლარიზაციის სულისკვეთებით მუშაობენ ინდოეთის “ბარტერული ბანკები”. მაგალითად, ისინი ყიდიან ინდურ ჩაის ირანულ ნავთობზე. ასეთი მოლაპარაკებები ირანის ნავთობზე საქონლის გაცვლის შესახებ ხორციელდება ინდოეთის “ბარტერული ბანკების” მეშვეობით, მათგან ერთ-ერთი მუშაობს ნაციონალური ვალუტებით _ ირანული რიალებითა და ინდური რუპიებით. საქონლის გაცვლა დაფუძნებულია სიაზე იმ ინდური საქონლისა, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი მოცულობა ნახშირწყლების ირანული პროდუქტების მიმართ.

ინდოეთის ფარგლებს გარეთ არანაირი ფულადი ოპერაცია არ ხორციელდება, ამიტომ აშშ-ის სანქციებისთვის გვერდის ავლა თავისუფლად შეიძლება, რადგან რომელიმე ამერიკული ბანკი ან აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ვერ ჩაერევა ორმხრივ ვაჭრობაში.

აქ, ალბათ, უპრიანი იქნებოდა, გაგვეხსენებინა “ფეისბუკის” მცდელობა, შემოეღო გლობალური კრიპტოვალუტა Libra. ჯერჯერობით ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, როგორ იმუშავებს (ან შეძლებს თუ არა მუშაობას საერთოდ) ეს კრიპტოვალუტა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს კრიპტოვალუტა მოემსახურება “ფეისბუკის” მილიარდობით მომხმარებელს მსოფლიოში.

“ფეისბუკის” მონაცემებით, ამ სოციალურ ქსელში 2,38 მილიარდი აქტიური მონაწილეა. წარმოიდგინეთ, რა მოხდება ამ მონაწილეების ორმა მესამედმა, დაახლოებით 1,6 მლრდ ადამიანმა, “ფეისბუკში” თავისი ექაუნთები Libra-ში რამ გახსნას. ასეთ შემთხვევაში Libra-სთვის ყველა კარი გაიღება. Libra არის ან იქნება კერძო კრიპტოვალუტა და მისი დანიშნულება იქნება ის, რომ დოლარი შეცვალონ იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს რყვნიან მსოფლიოს და დასცინიან მას აშშ-ის დოლარის დახმარებით.

შესაძლოა, ეს იყოს პროექტი, რომელიც ჩაფიქრებულია სხვა ქვეყნების მიერ გაკონტროლებული კრიპტოვალუტების საწინააღმდეგოდ, რათა თავიდან აირიდონ დედოლარიზაციის არასასურველი შედეგები. უფრთხილდეთ Libra-ს!

აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, 2019 წელს გერმანიის ინვესტიციებმა რუსეთში 10-წლიანი რეკორდი მოხსნა _ 2019 წლის პირველ სამ თვეში გერმანულმა ბიზნესმა რუსეთის ეკონომიკაში 1,7 მლრდ ევრო ჩადო. რუსეთ-გერმანიის საგარეო ვაჭრობის პალატის მონაცემებით, გერმანული კომპანიების ინვესტიციებმა რუსეთში 33%-ით (400 მლნ ევროთი) მოიმატა. და ეს მხოლოდ გასული წლიდან, როცა ინვესტიციების საერთო მოცულობამ მიაღწია 3,2 მლრდ ევროს _ 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს. მიუხედავად სანქციებისა, რომლებმაც გამოკითხული 140 გერმანული კომპანია, საერთო ჯამში, 1 მლრდ ევროთი აზარალა და, მიუხედავად დასავლეთის მხრიდან ანტირუსული წნეხისა, რუსეთ-გერმანიის ვაჭრობამ 2018 წელს 8,4%-ით მოიმატა და თითქმის 62 მლრდ ევროს მიაღწია.

ამას გარდა, აშშ-ის პროტესტისა და სანქციებით დამუქრებისა, მოსკოვი და ბერლინი განაგრძობენ პროექტ გაზსადენ Nord Stream 2- ის (“ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის) რეალიზაციას, რომელიც, სავარაუდოდ, 2019 წლის ბოლოს დასრულდება. რუსული ბუნებრივი აირი გეოგრაფიული სიახლოვის ძალით ბუნებრივი და ლოგიკური წყაროა გერმანიისა და ევროპის მოსამარაგებლად, NORD STREAM-2 კი ევროპას დამოუკიდებლობას მოუტანს აშშ-ისგან. გადახდაც აღარ იწარმოებს დოლარებში. შორეულ პერსპექტივაში გერმანულ-რუსული საქმიანი და ეკონომიკური ურთიერთობა მნიშვნელოვნად გადაწონის აშშ-ის უკანონო სანქციებს. ამის შემდეგ ხელს აღარაფერი შეუშლის რუსულ-გერმანული ბიზნესასოციაციების აყვავებასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების საქმიან ურთიერთობებს რუსეთთან. და ეს მოხდება იმ საბანკო და ფულადი გადარიცხვების სისტემების ფარგლებს გარეთ, რომლებშიც დოლარი დომინირებს.

ჩინეთთან პრეზიდენტ ტრამპის სავაჭრო ომიც, საბოლოო ჯამში, დედოლარიზაციაზე იმუშავებს, რადგან ჩინეთი დაიწყებს სხვა სავაჭრო პარტნიორების ძებნას (უკვე იპოვა კიდეც). ეს, ძირითადად, არის აზიის, აზია-წყნარი ოკეანისა და ევროპის ქვეყნები, რომლებთანაც ჩინეთი დადებს გარიგებებს არა დოლარებში; გარიგებებს, რომლებშიც გადარიცხვები მოხდება არა SWIFT-ის სისტემაში _ მაგალითად, გადახდების ჩინური საერთაშორისო სისტემის China International Payment System, CIPS) მეშვეობით, რომელიც, სხვათა შორის, ღიაა საერთაშორისო ვაჭრობისთვის ნებისმიერ ქვეყანასთან.

ამით შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ ჩინურ საექსპორტო საქონელზე დაწესებული ჯარიმებისთვის გვერდის ავლა, არამედ ეს სტრატეგია განამტკიცებს ჩინური იუანის პოზიციებს საერთაშორისო ბაზრებზე, აგრეთვე, კიდევ უფრო გაამყარებს იუანს, როგორც საიმედო სარეზერვო ვალუტას, რომელიც ყოველთვის აღემატებოდა ამერიკულ დოლარს. ბოლო 20 წლის განმავლობაში დოლარის აქტივები “საერთაშორისო სარეზერვო ხაზინაში 60%-მდე შემცირდა და ეს აქტივები კიდევ უფრო სწრაფად შემცირდება ვაშინგტონის ფინანსური პოლიტიკის გაძლიერებასთან ერთად, ვაშინგტონისა, რომელიც იძულების ზომებს მიმართავს.

დოლარის რეზერვებს სწრაფად შეცვლიან იუანებითა და ოქროთი. ამას გააკეთებს დასავლეთის ისეთი მედგარი მომხრეც კი, როგორიც არის ავსტრალია.

ვაშინგტონმა კონტრპროდუქტიული ფინანსური ომი დაიწყო თურქეთის წინააღმდეგაც, იმიტომ, რომ თურქეთი ამყარებს მეგობრულ ურთიერთობებს რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან. უწინარესად იმიტომ, რომ თურქეთმა _ ნატოს ბურჯმა _ შეიძინა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რუსული სისტემა ჩ-400. ეს არის ახალი სამხედრო კავშირი, რომელიც აშშ-ისთვის მიუღებელია. შედეგად, აშშ საბოტაჟს უწყობს თურქულ ვალუტას _ ლირას, რომელიც 2018 წლის იანვრიდან 40%-ით გაუფასურდა.

თურქეთი, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს თავის გასათავისუფლებლად ამერიკული ჩექმისგან, რომელიც მას დოლარებითა და სავალუტო სანქციებით ახრჩობს, რათა შემდეგ აღმოსავლეთთან კავშირი შეკრას. ეს ორმაგი დანაკარგი იქნება აშშ-ისთვის. თურქეთი, ალბათ, უარს იტყვის სავაჭრო გარიგებებზე დოლარში და თავის ვალუტას გაუთანაბრებს ჩინურ იუანს ან რუსულ რუბლს. ამას გარდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საზარალოდ თურქეთმა, დიდი ალბათობით, შეიძლება დატოვოს ნატო. თურქეთის მხრიდან ნატოზე უარის თქმა კატასტროფა იქნება აშშ-ისთვის, რადგან თურქეთი, როგორც სტრატეგიული, ისე სამხედრო თვალსაზრისით, ყველაზე ძლიერი თუ არა, ერთ-ერთი ძლიერია ნატოს 29 წევრ სახელმწიფოს შორის. თუ თურქეთი გამოვა ნატოდან, ალიანსის არსებობა ეჭვქვეშ დადგება. სხვა ქვეყნებმაც, რომლებიც გაფაციცებით შეჰყურებენ ნატოს და ამ ალიანსის ატომურ იარაღს თავიანთ ტერიტორიაზე ინახავენ (განსაკუთრებით იტალია და გერმანია), შეიძლება დაიწყონ ნატოდან გამოსვლის საკითხის განხილვა. გერმანიაშიც და იტალიაშიც ადამიანების უმრავლესობა ნატოს წინააღმდეგია, განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან ისინი პენტაგონის მიერ ომის წარმოებას გერმანიისა და იტალიის ტერიტორიებზე განლაგებული ნატოს ბაზებიდან.

ამ ტენდენციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ევროკომისიის თავმჯდომარედ, ჟან-კლოდ იუნკერის ნაცვლად, დანიშნეს გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ნატოს თავგამოდებული მხარდამჭერია. მისი როლი ნატოს, როგორც ევროკავშირის განუყოფელი ნაწილის, შენარჩუნებაზე ზრუნვაა.

ევროკავშირს, ფაქტობრივად, ნატო მართავს და ეს შეიძლება შეიცვალოს, როდესაც ხალხი გამოვა ნატოსა და აშშ-თან ვასალური ურთიერთობის წინააღმდეგ, ბრიუსელში ევროკავშირის ადმინისტრაციის წინააღმდეგ და განაცხადებს თავისი დემოკრატიული უფლებების შესახებ ეროვნული სახელმწიფოების მოქალაქეების რანგში.

ევროპელები ათვითცნობიერებენ, რომ პენტაგონის მიერ ინიცირებული და ვაშინგტონის ევროპელი მოკავშირე-მარიონეტების მხარდაჭერელი ომები და კონფლიქტები შეიძლება ატომურ ომში გადაიზარდოს. მათ ქვეყნებში განლაგებულ ნატოს ბაზებს კი, პირველ რიგში, ამოიღებენ სამიზნეში, რაც ევროპას ბოლო ასწლეულში მესამედ ჩაძირავს მსოფლიო ომში. ეს კონფლიქტი შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს სრულიად მსოფლიოსთვის. და არავინ იცის და ვერც იწინასწარმეტყველებს ატომური კატასტროფისგან გამოწვეულ ზარალს და ვერც ამ კატასტროფის შედეგების აღმოფხვრის დროს.

იმედი ვიქონიოთ, რომ თურქეთი გამოვა ნატოდან. ეს იქნება გიგანტური ნაბიჯი მშვიდობისკენ და გონივრული პასუხი ვაშინგტონის შანტაჟსა და დივერსიაზე თურქული ვალუტის მიმართ.

შორეულ პერსპექტივაში აშშ-ის სავალუტო სანქციები სიკეთედ გადაიქცევა. ეს აძლევს თურქეთს არგუმენტს, უარი თქვას ამერიკულ დოლარზე და ნელ-ნელა გადავიდეს აღმოსავლეთის ფულად ერთეულებზე, ძირითადად, იუანზე. ეს იქნება დოლარის კუბოში ჩაჭედებული კიდევ ერთი ლურსმანი, თუმცა ყველაზე მძიმე დარტყმა ვაშინგტონისთვის ნატოდან თურქეთის გასვლა იქნება. ეს, ადრე თუ გვიან, მოხდება, მიუხედავად ქალბატონ ფონ დერ ლაიენის ომახიანი მოწოდებებისა ნატოსკენ. ნატოს დაშლა გაანადგურებს ძალაუფლების დასავლურ სტრუქტურას ევროპასა და სრულიად მსოფლიოში, სადაც აშშ-ს ჯერ კიდევ აქვს 800-ზე მეტი სამხედრო ბაზა. მეორე მხრივ, ნატოს დაშლა აამაღლებს უსაფრთხოების დონეს მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში, მიუხედავად ამ დაშლით გამოწვეული შედეგებისა. ნატოდან გასვლა ნიშნავს დოლარის ორბიტიდან გასვლასაც _ ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება დედოლარიზაციისკენ და დარტყმა აშშ-ის ფინანსურ და სამხედრო ჰეგემონიაზე.

დასასრულ, ჩინეთის საინვესტიციო ინიციატივა “სარტყელი _ გზის” (Belt and Road Initiative, BRI) შესახებ, რომელსაც “ახალ აბრეშუმის გზასაც” უწოდებენ: ეს ინვესტიციები, ძირითადად, განხორციელდება იუანსა და მონაწილე ქვეყნების ვალუტებში. ერთი-ორი სახმელეთო და საზღვაო მარშრუტი და BRI მსოფლიოს მოიცავს. დოლარში განხორციელებული ზოგიერთი ინვესტიცია კი ჩინეთის სახალხო და ცენტრალურ ბანკებს დაეხმარება, გაყიდონ დოლარის უზარმაზარი რეზერვი, რომელიც ამჟამად დაახლოებით 2 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

უახლოეს ათწლეულში, შესაძლოა, ასწლეულშიც, BRI ეკონომიკურ რევოლუციად, უდოლარო ეკონომიკური განვითარების სქემად იქცევა და გააერთიანებს ხალხებსა და ქვეყნებს, ამასთანავე, BRI თავს არავის მოახვევს ერთგვაროვნებას, განავითარებს კულტურულ მრავალფეროვნებასა და ადამიანების თანასწორობას. ეს ყველაფერი მოხდება დოლარის დინასტიის საზღვრებს გარეთ, დოლარის ბილწი ჰეგემონიის დარღვევით.

პიტერ კენიგი

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

ცნობისთვის: სტატიის ავტორი პიტერ კენიგი არის ქალაქ მონრეალის (კანადა) გლობალიზაციის შემსწავლელი ცენტრის მეცნიერი მუშაკი, ეკონომისტი და გეოპოლიტიკური ანალიტიკოსი, მსოფლიო ბანკის ყოფილი თანამშრომელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here