ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა გაარღვია მოჯადოებული წრე ბალტიისპირეთის ქვეყნებისა, რომლებმაც თავი ჩაიყენეს რუსეთის “დამბლოკავთა” მდგომარეობაში. კერსტი კალიულაიდის მოლაპარაკების შედეგებსა და გამოხატულ მზადყოფნას, განავითაროს რუსეთ–ესტონეთის ურთიერთობა, საზოგადოებრიობა მოწონებით შეხვდა, რუსოფობები _ დრტვინვით.
რიგაში გაჩნდა გარკვეული უკმაყოფილება, თუმცა გამოხატეს დიპლომატიურად. ამ უკმაყოფილების მიღმა შეიმჩნეოდა იმედგაცრუება, რომ ლატვიას ვიღაცამ გადაასწრო და მოიპოვა უპირატესობა კონკურენციის მხრივ. ესტონელი ბიზნესმენები, მაგალითად, მიუთითებენ, რომ ლატვიის მთავრობის წევრები ლამის მოსკოვში ჩაეწერნენ და მეზობლების ზურგს უკან ცდილობენ, ხელში ჩაიგდონ სარფიანი კონტრაქტები. ვილნიუსში კი ატყდა პოლიტიკური ისტერიკა კალიულაიდის მიმართ, რომელმაც თითქოს უღალატა რუსეთის მლანძღველთა “ბალტიისპირულ ერთობლივ ფრონტს”. ლიტვა გამოირჩა საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკიავიჩუსის (ლიტვის კომკავშირის ყოფილი ხელმძღვანელი) ზრდილობის ჩარჩოებიდან გასული ტირადით. ვილნიუსმა მკვეთრად უსაყვედურა კალიულაიდს იმის გამო, რომ მან ლიტველ კოლეგებს არ შეუთანხმა მოსკოვთან მოლაპარაკებების დღის წესრიგი და არც ანგარიში ჩაუბარებია ვიზიტის შესახებ. გაირკვა, რომ ყბადაღებული ბალტიისპირული სოლიდარობა ილუზორულია _ “ბალტიისპირელი დები” მხოლოდ თავიანთ ინტერესებზე ფიქრობენ და ერთმანეთის მიმართ ეჭვით არიან გამსჭვალული.
ლიტვის პრეზიდენტმა კი მიიღო სრულიად საპირისპირო შედეგი. კალიულაიდმა გამოავლინა ხასიათი და თავის მართლება არ დაიწყო, უბრალოდ, განაცხადა, რომ “ევროკავშირის ელჩები ვიზიტის მიზნების შესახებ ინფორმირებული იყვნენ”. ესტონეთის პრეზიდენტი უფრო შორს წავიდა. ტალინში დაბრუნებისთანავე ადგილობრივ პრესასთან საუბარში ისეთი რამ განაცხადა, რაც ცოტა ხნის წინათ წარმოუდგენელი იყო. კერსტი კალიულაიდმა თქვა: “მინდა, რომ ესტონეთი იყოს ევროკავშირისა და ნატოს სხვა ქვეყნების დონეზე, და რომ ჩვენს მაგივრად კი არ ილაპარაკონ, არამედ ჩვენ თვითონ ვილაპარაკოთ. გაცილებით პატიოსანი საქმეა, როცა თვითონ ხარ მზად, პირდაპირ უთხრა საკუთარი აზრი რუსეთის სახელმწიფო მეთაურს. ჩვენ ასე გავხდებით ნამდვილი სახელმწიფო”.
რუსეთისა და ესტონეთის ურთიერთობაში ახალი პერიოდის დაწყებაზე ლაპარაკი ჯერ, რა თქმა უნდა, ნაადრევია. დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში თანასწორობის შესახებ კალიულაიდის გაბედული განცხადებების მიუხედავად, აღებულ კურსს ტალინი მკვეთრად არ გადაუხვევს და მხოლოდ გარკვეულ კორექტივებს შეიტანს მასში, თუმცა დასაწყისისთვის ესეც კარგია. ვიზიტის შემდეგ კალიულაიდმა, აგრეთვე, ჩამოაყალიბა საკმაოდ პატივსაცემი პოზიცია რესპუბლიკაში რუსული ენის მიმართ. მან სატელევიზიო ეთერში განაცხადა: “რუსული ენა საფრთხის შემცველი არ არის!” კალიულაიდი სულაც არ მიიჩნევს რუსულენოვან ესტონელებს იმ ადამიანებად, რომლებსაც “სძულთ დემოკრატია და თავისუფლება”.
რუსეთსა და ესტონეთს შორის ნორმალური კავშირების აღდგენაში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ეკონომიკის ინტერესები. მოსკოვში ვიზიტისას კალიულაიდს ახლდა ესტონელი მეწარმეების წარმომადგენლობითი დელეგაცია. ესტონეთის ტელევიზიის ეთერში გამოსვლისას ამ დელეგაციის ორმა წევრმა _ ჰეპიტი ჰიაელმა და ენ ვესკიმიაგიმ _ ესტონეთის დამსაქმებელთა კავშირის წარმომადგენლებმა, საჯაროდ ილაპარაკეს თავანთ მოტივებზე. მათი თქმით, მხოლოდ რუსული ტრანზიტის შემცირებით ესტონეთი ყოველწლიურად კარგავს 300 მლნ ევროს, სულ კი 2007 წლიდან დაკარგა 3,6 მლრდ ევრო. ამ დანაკარგების კომპენსაციაზე ევროკავშირი არც კი ფიქრობს. მეწარმეები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრი იური რატასიც უნდა ჩავიდეს მოსკოვში. ჰიაელსა და ვესკიმიაგის თავიანთ ბიზნესპარტნიორებთან ერთად განზრახული აქვთ, “გავლენა მოახდინონ მთავრობაზე, მინისტრებსა და სახელმწიფო მოხელეებზე, რათა მათ უყურადღებოდ არ დატოვონ ვიზიტის შედეგები”.
ფონდსკ.რუ–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა
ამ დროს კი ქოცნაცურ ჟურნალ “თბილისელების” ბოლო ნომერში “ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში”ვასილ პაპავა მოთქვამს იმის თაობაზე,რომ თურქეთი და მისი ეკონომიკა რომ ჩამოიშალოს,საქართველო საბოლოოდ დასამარდებაო.აი ასეთი “ექსპერტებითაა” სავსე დღევანდელი საქართველო…