Home რუბრიკები ეკონომიკა საქართველოს დეინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ნგრევის მიზეზები

საქართველოს დეინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ნგრევის მიზეზები

ირაკლი უბილავა

ევრაზიის მატერიკის აღმოსავლეთ გეოგრაფიულ სივრცეში საბჭოთა სახელმწიფოს ლიკვიდიციამ, თავის მხრივ, განაპირობა იმ საზოგადოებრივეკონომიკური სისტემის დემონტაჟი, რომელიც ეყრდნობოდა სოციალისტურ პრინციპებზე დაფუძნებულ, სახელმწიფოს ცენტრალიზებულ და გეგმურ სამეურნეო ურთიერთობებზე ორიენტირებულ ეკონომიკურ მოდელს. პოსტკომუნისტური განვითარების საწყის ეტაპზე აქტიურად დაიწყო საუკუნის ერთერთი უდიდესი სოციალური და ეკონომიკური ექსპერიმენტის განხორციელება. აღნიშნული ექსპერიმენტის წყალობით დაიგეგმა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის ნამსხვრევებზე ახალაღმოცენებულ ახალგაზრდა სახელმწიფოთა და საზოგადოებათა პოლიტიკური სისტემის გარდაქმნა, არამედ საზოგადოებრივეკონომიკური წყობის უეცარი, რევოლუციური ტრანსფორმაციის პრაქტიკული რეალიზაცია.

საქართველოც, რომელიც სრულად იყო ინტეგრირებული საზოგადობრივი-ეკონომიკური მოწყობის საბჭოთა სოციალისტურ სისტემაში, ანალოგიური სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმირების ობიექტი აღმოჩნდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეფორმატორთა უმთავრეს მეთოდურ ამოცანას წარმოადგენდა, პოსტსოციალისტური სახელმწიფოებისა და საზოგადოებების ფუნქციონირების უმთავრესი საზოგადოებრივ-ეკონომიკური საფუძვლების გარდაქმნათა რეალიზაცია, ეკონომიკური განვითარებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი, კულტურული ფაქტორების იგნორირებითა და სოციალური პრინციპით “ყველა ადამიანი ერთნაირია”. აღნიშნული საკუთარ თავში მოიცავდა მათ გადაყვანას ერთი სოციალისტურ-ეკონომიკური მოდელიდან მეორე, ულტრალიბერალურ ეკონომიკურ სისტემაზე, რაც გულისხმობდა ეკონომიკის რეგულირების სრულ უარყოფას და დერეგულაციაზე ორიენტირებული თავისუფალი ბაზრის ფუნქციონირების უზრუნველყოფას. ეს იმ ვითარებაში, როდესაც ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროში საბჭოთა საზოგადოებას ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრება უწევდა გეგმური, ცენტრალიზებული და მბრძანებლური ეკონომიკური მოდელის ფარგლებში, სადაც ყველა ინსტიტუციური სტრუქტურა მოცემულ ეკონომიკურ ტიპთან იყო ადაპტირებული.

პოსტსოციალისტური სახელმწიფოების სოციალურ-ეკონომიკური რეფორმირებისთვის აუცილებელი ქმედითი ღონისძიებების ჩამოყალიბება და შესაბამისი დანერგვა-იმპლემენტაციის განხორციელება დაეყრდნო ე.წ. ვაშინგტონის კონსესუსს, რომელიც თვითრეგულირებულ ბაზარზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზაციას შეუდგა, ისეთი გლობალური და “ავტორიტეტული” ფინანსურ-ეკონომიკური სტრუქტურების მეშვეობით და აქტიური მონაწილეობით, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აგრეთვე, აშშის სახელმწიფო ხაზინა.

მათ მიერ ფორმირებული თეორიული ჩარჩო, რომელიც აუცილებელ რეკომენდაციულ ხასიათს ატარებდა პოსტსოციალისტური სახელმწიფოთა ეკონომიკური რეფორმირებისთვის, ეყრდნობოდა იმ ეკონომიკურ თეორიულ პარადიგმას, რომელიც თანამედროვე დასავლურ, ინდუსტრიალზიებულ კაპიტალისტურ ეკონომიკებს დაახლოებით საუკუნის წინათ ჰქონდათ გავლილი. დასავლელი ეკონომისტები, ადგილობრივ რეფორმატორებს სთავაზობდნენ იმ ეკონომიკური მოდელის დანერგვას, რომელიც ეფუძნებოდა ნეოკლასიკურ ლიბერალურ-კაპიტალისტურ პრინციპებზე კონსტრუირებულ საბაზრო ეკონომიკის ტიპს. ეს მაშინ, როდესაც თვით დიდი ამერიკელი ეკონომისტი ქენეთ ეროუ, რომელსაც საბაზრო ეკონომიკის საკითხებზე შექმნილი ნაშრომებისთვის ჰქონდა მიღებული ნობელის პრემია, აღიარებდა, რომ თავისუფალი, რეგულირების გარეშე მომუშავე ბაზარი ყველა სიტუაციასა და სოციალურ კონტექსტს არ მოერგებოდა. მოკლედ რომ აღვნიშნოთ, ადგილი ჰქონდა, ადგილობრივი სპეციფიკის, სოციოკულტურული თავისებურებების გათვალისწინების გარეშე ისეთი ეკონომიკური ცხოვრების ორგანიზების მცდელობას, რომელიც ანგლოსაქსურ ინდივიდუალისტური საზოგადოებებისთვის იყო დამახასიათებელი. უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი საზოგადოების ფუნქციონირების პირობებში, სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების აუცილებელი ღონისძიებების გასატარებლად გათვალისწინებული უნდა იქნას ის კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, რომლის წყალობითაც ხორციელდებოდა კონკრეტული საზოგადოებების სოციალურ-პოლიტიკური ევოლუცია და ეკონომიკური განვითარება, თუმცა დასავლური საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების ემისრებმა უნივერსალური მიდგომით, ადგილობრივი სოციოეკონომიკური სპეციფიკის, სოციალური კონტექსტის ყოველგავრი უგულებელყოფის ხარჯზე, რადიკალურიშოკური თერაპიისპრინციპით გადაწყვიტეს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოთა საზოგადოებრივეკონომიკური წყობის ტრანსფორმაცია.

“შოკური თერაპიის” პრინციპი, რადიკალური ლიბერალურ-ეკონომიკური რეფორმირებისთვის აუცილებელ ორ უმთავრეს პრიორიტეტს დაეყრდნო: ფასების უეცარ ლიბერალიზაციას და სწრაფ პრივატიზაციას. უნივერსალურად და ვიწრო ეკონომიკური მიდგომით, შოკური თერაპიისმოდელით განხორციელდა თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური გარდაქმნაც. თუ ეკონომიკური მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელს, ნობელის პრემიის ლაურეატ ჯოზეფ სტიგლიცს დავესესხებით, ყოველგვარი მარეგულირებელი მექანიზმისა და საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში განხორციელებული რადიკალური საბაზრო რეფორმების სტრატეგიამ არსებული ვალუტის სწრაფი ჰიპერინფლაცია გამოიწვია, რის გამოც მოსახლეობას შეუმცირდა არამხოლოდ შემოსავალი, არამედ გაუფასურა ის ფულადი დანაზოგებიც, რომლებსაც წლების განმავლობაში აგროვებდა და საბოლოოდ მოქალაქეთა უმრავლესობის გაღატაკება გამოიწვია. ასეთ ვითარებაში საგრძნობლად იკლო იმ მოქალაქეების რაოდენობამ, რომლებსაც საპრივატიზაციოდ გამზადებული საწარმოების ყიდვა და მისი ამუშავებით მოგების მიღება შეეძლო.

მოცემულმა გარემოებამ, ვაუჩერიზაციის მეშვეობით დაწყებული, საერთო-სახალხო (სახელმწიფო) საკუთრებაში არსებული ინდუსტრიული ობიექტების პრივატიზაციის პროცესში განაპირობა ის, რომ კონკრეტული საწარმოები და ინდუსტრიული ობიექტები სიმბოლურ ფასებში ძველი პარტნომენკლატურისა და მათთან დაახლოებული ადამიანების მცირე ჯგუფის ხელში აღმოჩნდა. რეგულირების მექანიზმებისა და საკანონმდებლო ბაზის არარსებობის პირობებში წარმოების ახალგამომცხვარი მესაკუთრეების მოტივაცია და უმთავრესი ეკონომიკური ინტერესი სწრაფი მოგების მიღებაში მდგომარეობდა. როგორც ნობელიანტი ეკონომისტი რონალდ კოუზი აღნიშნავს, თუკი საკუთრება იმ ადამიანის ხელში აღმოჩნდება, რომელსაც საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების პროცესში არ აქვს საკუთრების მართვისთვის აუცილებელი უნარჩვევები გამომუშავებული, მაშინ მისი ეკონომიკური ქცევის უმთავრესი მოტივი აღნიშნული საკუთრების იმ პირთათვის მიყიდვაა, რომლებსაც მართვის უნარი გააჩნიათ, თუმცა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოშიც, ასეთი ვითარება არ ყოფილა, რადგან, როგორც გაყიდვაზე ორიენტირებული, ასევე ყიდვის სურვილის მქონე ეკონომიკური აქტორი საკუთრების მმართვის აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი მმართველობითი გამოცდელობის უნარს იყო მოკლებული. შესაბამისად, წარმოებითი ურთიერთობის რეფორმირების პირველმა სტადიამ გამოიწვია მათი მხრიდან საწარმოების მითვისებაზე აქცენტირება და სწრაფი ფულადი მოგების მაქსიმიზაციაზე ზრუნვა. მოცემულმა ეკონომიკურმა ფაქტორებმა კი, ხელი შეუწყვეს ფაბრიკაქარხნების დემონტაჟს, მის გაძარცვაგანიავებასა და ჯართის სახით იმპორტირებას უცხოეთში.

საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული პროცესის მეშვეობით ელიტურმა უმცირესობამ ეროვნული სიმდიდრის უმეტესი ნაწილი მიითვისა, რამაც განაპირობა ქვეყნის სრული დეინდუსტრიალიზაცია შესაბამისი ეკონომიკურ კოლაფსით, ხოლო საზოგადოების ის უმრავლესობა, რომელსაც ეს ეროვნული სიმდიდრე ეკუთვნოდა, გააღატაკა და ხელი შეუწყო ფართო მასების სრულ პაუპერიზაციას. ზემოთ დასახელებული საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური სტრუქტურების რეცეპტებითა და რეკომენდაციებით განხორციელებული ეკონომიკური რეფორმირების პოლიტიკა ავისმომასწავებელი რომ იქნებოდა, როგორც საქართველოსთვის, ასევე სხვა პოსტკომუნისტური სახელმწიფოებისთვის, ამაზე მეტყველებს ამერიკელი ეკონომისტისა და ნობელის პრემიის ლაურიატის _ ჯონ გელბრეიტის ფრაზა: “მე არც ერთ ქვეყანას არ ვიცნობ, რომლისთვისაც საერთაშორისო სავალუტო ფონდს სარგებლობა მოეტანოს”.

საქართველოს პოსტკომუნისტურ პერიოდში რადიკალური ლიბერალური მოდელის საფუძველზე განხორციელებული ეკონომიკური გარდაქმნების შედეგების გასაანალიზებლად, ამასთანავე, იმის გასაგებად, რა მასშტაბის ეკონომიკური ზარალი და ნგრევა მიაყენა ქვეყანას ლიბერალურ-კაპიტალისტური ეკონომოკური პარადიგმის ფარგლებში მოაზროვნე, ქართული პოლიტიკური და ინტელექტუალური კლასის “რეფორმატორთა” ფრთამ, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ რეფორმირებას საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის კლერკთა რეკომენდაციებითა და რჩევებით ახორციელოებდა, უპრიანია, მოვიხმოთ ამერიკელი ეკონომიკური მეცნიერების კორიფის, უოლტ როსტოუს, მიერ კონსტრუირებული საზოგადოებების ეკონომიკური განვითარების სტადიური თეორია”.

უ. როსტოუ ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით ახდენს საზოგადოებათა იერარქიულ-საფეხურეობრივ გრადაციას და გამოჰყოფს 5 სტადიას: პირველი სტადია მოიცავს ტრადიციულ, არაურბანიზირებულ საზოგადოებებს ტექნიკური და ტექნოლოგიური განვითარების ძალიან დაბალი დონით, რომელშიც ეკონომიკა ძირითადად ეყრდნობა მხოლოდ სოფლის მეურნეობას; მეორე სტადიის მიხედვით, რომელშიც მოქცეულია გარდამავალი საზოგადოებები, ეკონომიკის ინდუსტრიული სექტორი ჩანასახოვან მდგომარეობაშია, საწარმოო ურთიერთობები და ფაბრიკა-ქარხნების მუშაობა-ფუნქციონირება ნახევრადკუსტარულ დონეზე ხორციელდება; საზოგადოებების ეკონომიკური განვითარების მესამე და უფრო მაღალი საფეხურია ძვრისსტადია. ასეთი ტიპის საზოგადოებებში ადგილი აქვს მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას და ყველა იმ პირობების არსებობას, რომლებიც უზრუნველყოფს სოციუმების საზოგადოებრივ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარდაქმნებს; როსტოუ მეოთხე სტადიას უწოდებს “მოწიფულობის” ფაზას, რომელსაც განაკუთვნებს ინდუსტრიულად და ტექონოლოგიურად მაღალ განვითარებულ საზოგადოებებს, კონკურენტუნარიანი პროდუქციისა და საქონლის წარმოების მაღალი დონით, სადაც უზრუნველყოფილია გამოშვებული პროდუქციის მუდმივი მატება, მოსახლეობის ზრდის მიმართ (საბჭოთა კავშირი); ამერიკელი მეცნიერი საზოგადოების ეკონომიკური განვითარების მეხუთე, უმაღლეს სტადიას, პოსტინდუსტრიული ეკონომიკის მქონეს საზოგადოებებს მიაკუთვნებს. ეს არის ისეთი ტიპის საზოგადოებები, რომელთა წევრები ეკონომიკური ურთიერთობის პროცესში ორიენტირებულნი არიან მასობრივ მოხმარებაზე (აშშ).

უოლტ როსტოუსეული “სტადიური თეორიის” პრინციპების საქართველოზე განზოგადოების შემთხვევაში, საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდისთვის საქართველო სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონით, მეცნიერულ ტექნოლოგიური და აგრარულ-ინდუსტრიული პოტენციალით განვითარების მეოთხე სტადიაზე იმყოფებოდა. შოკური თერაპიისავტორებმა კი, საერთაშორისო საფინანსო და ეკონომიკური ორგანიზაციების კლერკთა რჩევებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, თვითრეგულირებადი საბაზრო ეკონომიკური პრინციპების იმპლემენტაციის მცდელობით იგი ეკონომიკური განვითარების პირველ, ყველაზე დაბალ და ჩამორჩენილ სტადიაზე დააქვეითა, საიდანაც, ორ ათეულ წელზე მეტია, ვერ ახერხებს არსებული ეკონომიკური სიდუხჭირიდან ამოსვლას. ეს მაშინ, როდესაც ეროვნული ეკონომიკური მოდელის ფორმირებაზე აქცენტირებით, სწორი, თანმიმდევრული და მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით, სრულიად შესაძლებელი იქნებოდა, აღმოვჩენილიყავით პოსტინდუსტრიულ ეკონომიკურ მდგომარეობაში გარღვევისთვის აუცილებელი ეკონომიკური განვითარების სტადიაზე, რომელსაც ერთი საფეხური გვაშორებდა.

ყოველივე ამის შემდეგ ღიმილის მომგვრელია, როდესაც ქართველი საზოგადოების წევრთა უმრავლესობის უკიდურესი სიღარიბისა და სიდუხჭირის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო თუ ეკონომიკური ორგანიზაციების მიერ კვლევების პროცესში შემუშავებული ეკონომიკური ინდიკატორების მეშვეობით (რასაც ხშირად ქართველი პოლიტიკოსებიც უბამენ მხარს) საქართველოს ეკონომიკური წინსვლის აღნიშვნა ხდება სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო რეიტინგებში.

ირაკლი უბილავა,

პოლიტოლოგი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here