Home ახალი ამბები მსოფლიო ჟანდარმი დაიღალა

ჟანდარმი დაიღალა

ჟანდარმი დაიღალა

26 დეკემბერს ერაყში ვიზიტისას ოვალური კაბინეტის უფროსმა დონალდ ტრამპმა განაცხადა ისეთი რამ, რაც სამომავლოდ გლობალური გარდაქმნების პროცესის საჯილდაო ქვა იქნება.

“აშშ-ს აღარ სურს, კვლავ დარჩეს მსოფლიოს პოლიციელად. ეს ძალიან დიდი უსამართლობაა, რომ პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთი მხოლოდ ჩვენ გვაწევს მხრებზე. ამერიკელი ჯარისკაცები გაფანტულნი არიან სრულიად მსოფლიოში. ჩვენ ვართ ისეთ ქვეყნებშიც კი, რომელთა შესახებაც ადამიანთა უმრავლესობას გაგონილიც არაფერი აქვთ”.

გასაგებია, რომ არა მორალური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით, ამერიკას აღარ სურს, მარტომ უყარაულოს პლანეტას, თანაც უფასოდ.

ერთი შეხედვით, ყველაფერი ჩანს ისე, როგორც განმეორება არაერთხელ აღნიშნულისა. დონალდ ტრამპმა 2016 წლიდან, პრაქტიკულად, არჩევისთანავე დაიწყო მოკავშირეებისგან ფულის მოთხოვნა მათივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მოთხოვნების ეპოპეა, რომ ნატოელმა პარტნიორებმა დისციპლინირებულად უნდა გადაიხადონ თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, დღესაც გრძელდება. ამაზე საუბარი დაიწყო ტრამპმა  იმ ქვეყნების ლიდერებთანაც, რომლებშიც განლაგებულია ამერიკული სამხედრო ობიექტები. ასეთი ქვეყანა ბევრი აღმოჩნდა. მშვიდობის პრობლემების კვლევის სტოკჰოლმის ინსტიტუტის მონაცემებით, 2017 წლის თებერვალში აშშ 35 სახელმწიფოში ინახავდა 600-ზე მეტ სხვადასხვა სახის მუდმივ და დროებით სამხედრო ობიექტს. მხოლოდ გერმანიაში ასეთი ობიექტების რაოდენობა 179-ია, იაპონიაში _ 109. მოთხოვნები მოთხოვნებად რჩება, რადგან ყველა ქვეყანა, გამონაკლისის გარეშე, სხვადასხვა მიზეზით თავს არიდებს სამხედრო მიზნებისათვის ფულის გამოყოფას ამერიკისთვის. ტრამპის განცხადებები ძალიან ჰგავს იმას, რომ ტრამპს სურს, ამერიკელთა რეაქციას დაელოდოს “დიდი უკანდახევის” იდეაზე. რა თქმა უნდა, მხოლოდ დასაცავთა უკიდურესი უსინდისობის გამო, რომლებსაც არ სურთ მსოფლიოს პოლიციელის ხარჯების კომპენსირება ფულით და, რა თქმა უნდა, სამართლიანობის უზრუნველსაყოფად თვით ამერიკისთვის. მაგრამ ყოველივე ზემოჩამოთვლილი მხოლოდ ლამაზი შეფუთვაა მთავარი აზრისა _ აშშ-ის მმართველი ელიტები სერიოზულად დაფიქრდნენ იმ ტერიტორიების დატოვებაზე, რომლებსაც აქამდე აკონტროლებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here