ვლადივოსტოკში გამართულ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე ოფიციალურმა მოსკოვმა და სეულმა განაახლეს მსჯელობა რუსეთიდან კორეის სახალხო–დემოკრატიული რესპუბლიკის გავლით სამხრეთ კორეაში გაზსადენის გაყვანის თაობაზე. “გაზპრომის” მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე მედვედევის, განცხადებით, რუსული ბუნებრივი აირის ჰოლდინგი და სამხრეთკორეული კორპორაცია ჩოგას–ი ემზადებიან ინვესტიციების დასაბუთების ეტაპისთვის. ამისთვის ამჟამად “იწერება” აუცილებელი ტექნიკური, ეკონომიკური და კომერციული ამოცანები.
კორეის რესპუბლიკა ბუნებრივი აირის პერსპექტიული ბაზარია, ქვეყანა აპირებს, უარი თქვას ქვანახშირსა და ატომურ ენერგეტიკაზე, ამიტომ იქ ბუნებრივი აირის მოხმარება მნიშვნელოვნად მოიმატებს. დღეს კორეის რესპუბლიკა თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, იაპონიის შემდეგ. ზემოაღნიშნული პროექტის ინიციატორია სამხრეთი კორეა. სწორედ ის დააფინანსებს ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აზიური ბანკის ხელშეწყობით პროექტს.
კორეის საგაზსადენო დერეფანი კორეის ნახევარკუნძულზე სტრატეგიულად მშფოთვარე გეოპოლიტიკური კვანძისთვის, სხვა დერეფნებთან (სარკინიგზო და ენერგეტიკულ) ერთად, უმნიშვნელოვანესი იქნება ყველა სტრატეგიული მოთამაშისთვის რეგიონში.