Home რუბრიკები ეკონომიკა ხალხის კეთილდღეობა 5-წლიანი და 5-დღიანი ომების შემდეგ

ხალხის კეთილდღეობა 5-წლიანი და 5-დღიანი ომების შემდეგ


შედარება იმისა, რის შედარებასაც შემოგთავაზებთ, ეკონომიკური მეცნიერების პოზიციიდან არაკორექტულია, ასე იტყვის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ვლადიმერ პაპავა. მაგრამ არის შეკითხვა, რომელიც ცნობის წადილით კი არ არის გამოწვეული, არამედ უმწვავესი ვითარებით, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და მაჯლაჯუნასავით აწევს საქართველოს მოსახლეობას. 1941-1945 წლების გამანადგურებელი სამამულო ომის შემდგომ წლებში, 1947 წლიდან მოყოლებული, საბჭოთა კავშირში ყოველწლიურად იაფდებოდა მასობრივი მოხმარების საქონელი. 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ საქართველოში მასობრივი მოხმარების საქონელზე ფასები ზღაპრული ამირანივით ყოველწლიურად კი არა, ლამის ყოველდღიურად იზრდებოდა. კატასტროფულად ძვირდებოდა პროდუქტიც, საქონელიც, მომსახურებაც.

სტალინური გაიაფების პოლიტიკა

1947 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირში განხორციელდა ფულის რეფორმა, გაუქმდა საბარათო სისტემა სასურსათო და სამრეწველო საქონელზე, შემოღებული იქნა ერთიანი გაიაფებული სახელმწიფო საცალო ფასები მასობრივი მოხმარების საქონელზე.

ფასების შემცირებით ბიუჯეტმა 86 მილიარდი რუბლი დაკარგა. ეს ზარალი დაიფარა შრომისნაყოფიერების, მასობრივი მოხმარების საქონლის წარმოების გაზრდისა და პროდუქციის თვითღირებულების შემცირების ხარჯზე.1949 წლის 1 მარტს დამთავრდა ფასების გაიაფების მეორე ეტაპი. შედეგად, როგორც იმ პერიოდის დოკუმენტებშია აღნიშნული, «კვლავ მნიშვნელოვნად გაიზრდება მანეთის მსყიდველობითი უნარი და გაუმჯობესდება მანეთის კურსი უცხოურ ვალუტასთან შედარებით, კვლავ გაიზრდება მუშათა და ინტელიგენციის რეალური ხელფასი და კვლავ მნიშვნელოვნად შემცირდება სამრეწველო საქონლის საყიდლად გლეხების მიერ გაწეული ხარჯები».

1949 წლის 1 მარტს პერიოდულ პრესაში გამოქვეყნდა ფასების შემცირების შემდეგი ნუსხა.

გაიაფდა:

პური, ფქვილი და პურფუნთუშეული, ბურღული, ხორცი და ძეხვეული, თევზი და თევზის პროდუქტები, კარაქი და ზეთი, შალისა და აბრეშუმის ქსოვილები, ბეწვეული, რკინის სამეურნეო ნაწარმი და ელექტროსაქონელი, ფოტოაპარატები და სხვა საქონელი _ 10 პროცენტით;

პალტოები, კოსტიუმები, კაბები და შალის ქსოვილის სხვა სამკერვალო ნაწარმი _ 12 პროცენტით;

კაბები, პერანგები, ქალის ბლუზები და აბრეშუმის ქსოვილის სხვა სამკერვალო ნაწარმი, ფეხსაცმელი, ქუდები _ 15 პროცენტით;

ყველი და ბრინზა, პარფიუმერიის ნაწარმი, კავეული, ტანსაცმლის ინდივიდუალური შეკერვა, ჭურჭელი და პლასტმასის საყოფაცხოვრებო მოწყობილობა, მოტოციკლები და ველოსიპედები, რადიომიმღებები, პიანინოები, აკორდეონები, ბაიანები, პატეფონის ფირფიტები, საიუველირო ნაწარმი, საბეჭდი მანქანები _ 20 პროცენტით;

ტელევიზორები, არაყი _ 25 პროცენტით;

მარილი, ცემენტი, პატეფონები, საათები, თივა _ 30 პროცენტით;

შემცირდა ფასები სასადილოებში, რესტორნებში, საჩაიეებსა და საზოგადოებრივი კვების სხვა ობიექტებში.

ასე მეორდებოდა ყოველ წელიწადს.

ასევე ყოველ წელიწადს მოსამსახურეთა ყველა კატეგორიას ეზრდებოდა ხელფასები, იზრდებოდა პენსიები და სტიპენდიები.

ექსპერტების ერთი ნაწილის შეფასებით, ამგვარი ყოველწლიური გაიაფება და ხელფასების ზრდა სხვა არაფერია, თუ არა მუშებისა და მოსამსახურეების, პენსიონერებისა და სტუდენტების ინვესტიციების ზრდა სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში: მოქალაქეს აქვს საშუალება და ყიდულობს უფრო მეტს, ხარჯავს უფრო მეტს.

მარტივად ასეა.

აი, ამ ციფრებისა და დასკვნების მიღმა კი იყო ხალხის სიხარული და უკეთესობის დარწმუნებული მოლოდინი. ამ სტრიქონების ავტორი გიდასტურებთ ამას საკუთარი ოჯახის გამოცდილებიდან გამომდინარე.

სააკაშვილის «ქამრების მოჭერის» პოლიტიკა

2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ ცხოვრება კატასტროფულად გაძვირდა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა და თანამეგობრობის სხვა ქვეყნებმა 4,5 მილიარდი დოლარი დახმარების სახით გამოგვიყვეს და, დღეის მონაცემებით, მისი მხოლოდ ნახევარია ათვისებული.

ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მონაცემებით, 2008 წლიდან 2010 წლამდე ფიქსირდება ფასების გაძვირების მყარი ტენდენცია სამომხმარებლო კალათაში შემავალ ძირითად პროდუქტებზე.

მაგალითად, ზეთი: 3,30 ლარიდან _ 4,50 ლარამდე; ყველი: 5,80 ლარიდან 8,50 ლარამდე; შაქარი: 1,40 _ 2,25; მაკარონი: 1,20 _ 1,75; ფქვილი: 0,60 _ 1,10; პური: 0,40 ლ _ 0,80; წიწიბურა: 1,20 _ 5; კარაქი 1 კგ: 7 _ 15; კვერცხი 1 ც. 0,15 _ 0,35; ნიორი 1 კგ: 4 _ 9; ხორცი საქონლის ერთი კილოგრამი 6 ლარიდან _ 12 ლარამდე; ლობიო: ერთი კილოგრამი 2 ლარიდან _ 5 ლარამდე. თუ 2008 წელს ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების შესაძენად საცალო ფასებით ადამიანს ჯამურად უნდა გადაეხადა 44 ლარი, 2010 წლის ფასებით, იმავე პროდუქტებში და იმავე რაოდენობით უნდა გადაეხადა 23 ლარით მეტი, ანუ 67 ლარი.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2011 წლის სექტემბრისთვის პროდუქტები კიდევ უფრო გაძვირდა.

და ასე შემდეგ. ამ მონაცემებსა და ბაზრის ფასებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. მაგალითად, სულუგუნს 12 ლარად ჰყიდიან, ხორცის ფასი 15 ლარია და ა.შ.

ბაზარი თვითრეგულირებადია, მაგრამ რატომღაც მომხმარებლის საზიანოდ რეგულირდება.

ექსპერტის კომენტარი

ბატონმა ლადო პაპავამ, როგორც ვთქვით, ამ ორი ტენდენციის შედარება ბოლომდე კონსტრუქციულად არ ჩათვალა, რადგან ეკონომიკური მოდელი სტალინის ეპოქაში და ეკონომიკური მოდელი დღევანდელი საქართველოსი თვისობრივად განსხვავებულია.

_ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, _ თქვან მან, _ საბჭოთა კავშირის ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ მოახერხა, რომ ქვეყნის პრაქტიკულად მთელი პოტენციალი გადაეტანა ურალში და ურალს გადაღმა _ ციმბირში, შეინარჩუნა. ეს განხორციელდა ძალიან დიდი ძალისხმევისა და ადამიანური რესურსის ფართომასშტაბიანი გამოყენების ხარჯზე.

ომის შედეგად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა სოფლის მეურნეობაც, რადგან უკრაინა, ყუბანი, ანუ ქვეყნის ბეღლებად წოდებული რეგიონები მიწასთან იყო გასწორებული. ომის დასრულების შემდეგ, მკაცრი დისციპლინის პირობებში პირველივე მოსავალმა სერიოზული ზრდა აჩვენა. საბჭოთა იდეოლოგიის მიხედვით, კვების პროდუქტები იაფი უნდა ყოფილიყო. ბაზარი, როგორც ასეთი, არ არსებობდა, მოთხოვნა-მიწოდება არ არსებობდა. ამან კომუნისტურ მთავრობას მისცა შესაძლებლობა, დირექტიულ რეჟიმში თანდათანობით გაეიაფებინა კვების პროდუქტები, რისი საფუძველიც იყო: პირველი, სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება, მეორე, დატვირთვის ეკონომიკის სხვა დარგებზე გადატანა. ანუ იყო დოტაციური დარგები, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, რათა ფასი დაბალი ყოფილიყო. სხვა დარგებში კი მაღალი ფასები წესდებოდა.

ინფორმაცია, თუ რომელი დარგები ინახავდა დოტაციურ დარგებს, საჯარო მხოლოდ «პერესტროიკის» დროს გახდა. შემოსავლების სერიოზული წყარო იყო ფასნამატი ალკოჰოლურ პროდუქციაზე. სავალუტო რეზერვებს კი, ძირითადად, ავსებდა ოქრო, ბეწვეული, ალმასები და ნავთობი.

მაშასადამე, სახელმწიფო პოლიტიკა იმ პერიოდში იყო ქვეყანაში კვების პროდუქტების სიიაფე, რისთვისაც გამოიყენებოდა დოტაციური სისტემა, დირექტიული ფასწარმოქმნა. აქედან გამომდინარე, იქმნებოდა შესაძლებლობა, სხვა პროდუქციის შედარებით გაძვირების ხარჯზე შედარებით გაიაფებულიყო კვების პროდუქტები.

რა ხდება დღეს საქართველოში?

ქვეყნის საბაზრო ეკონომიკა საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში არის მოქცეული. აქედან გამომდინარე, სურსათის გაძვირება საქართველოში მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, რადგან სურსათი მთელ მსოფლიოში ძვირდება.

გაძვირების უმარტივესი მიზეზია დედამიწაზე ადამიანების რაოდენობის ზრდა, ასევე _ ტექნოლოგიური ცვლილებები, როცა სასურსათო პროდუქტები გამოიყენება არა მარტო კვებისთვის, არამედ _ სხვადასხვა რთულ ტექნოლოგიურ პროცესებში. არის სხვა მიზეზებიც.

იზრდება მოთხოვნილება, იზრდება ფასები.

ამ გლობალურ ტენდენციას ემატება საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული აბსოლუტურად მცდარი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა. 2011 წლის მარტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილმა აღიარა საკუთარი უვიცობა, აქამდე ეგონა, რომ სოფლის მეურნეობას არ სჭირდებოდა სახელმწიფოს დახმარება, თავისითაც განვითარდებოდაო, და შვიდი წელიწადი დასჭირდა იმისთვის, რომ შეეგნო სოფლის მეურნეობისთვის დახმარების აუცილებლობა.

საუბარია სასოფლო-სამეურნეო წარმოების სუბსიდირებაზე. მთელ მსოფლიოში ეს დარგი ამ პრინციპით არსებობს. ჩვენ ასე რომ არ ვიქცეოდით, მივიღეთ ის შედეგი, რომელიც გვაქვს.

სურათი კატასტროფულია. ჩვენი მოსახლეობის 57 პროცენტი ცხოვრობს სოფლად და მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 8 პროცენტს აწარმოებს, იქმნება სასურსათო დეფიციტი, რომლის დასაფარად გამოიყენება იმპორტი, რომელიც, მსოფლიოში გაძვირების ტენდენციიდან გამომდინარე, გაძვირებული შემოდის. გაძვირებას ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებაც, რომელიც ჩვენთან არსებულ კრიზისს კიდევ უფრო ამძაფრებს: იზრდება მოთხოვნა საკვებ პროდუქტებზე, იძულებული ხდები, გაზარდო ამ პროდუქტების იმპორტი. ეს კი ქვეყნის მოსახლეობას უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს.

_ ესე იგი, ხუთდღიანი ომის შემდეგ ფასების კატასტროფული ზრდა, გლობალური ტენდენციის გარდა, ჩვენი ხელისუფლების უთავო, არაპროფესიული დამოკიდებულების ბრალია?

_ ჩვენი ხელისუფლება არ არის სოციალურად ორიენტირებული. გვაქვს რაღაც მოწოდებები, ლოზუნგები თუ სლოგანები (სამივე სიტყვა ერთსა და იმავეს ნიშნავს), მაგრამ არ გაგვაჩნია სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა.

ბოლოთქმის ნაცვლად

აგვისტოს ომმა ჩვენი თავქარიანი მთავრობა კიდევ უფრო ააფორიაქა და დააბნია. ცხოვრება კი ყოველდღიურად ძვირდება. ფასები კატასტროფულად მატულობს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოიკვეთა.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here