ეგრეთ წოდებულმა «ნულოვანმა ვარიანტმა» ყოფილი საბჭოთა კავშირის აქტივებისა და პასივების გაყოფასთან დაკავშირებით საქართველოში მხოლოდ 7 წლის შემდეგ გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი.
«ნულოვანი ვარიანტის» შესახებ ქვეყანაში ორი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული აზრი ჩამოყალიბდა:
ა) ქართველ ეკონომისტთა ერთი ჯგუფი მხარს უჭერდა «ნულოვან ვარიანტს» შემდეგი არგუმენტების გამო:
1. საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ყოფილმა რესპუბლიკამ, ბალტიისპირეთის ქვეყნების ჩათვლით, ხელი მოაწერა «ნულოვან ვარიანტს»;
2. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქონება ეფემერული აქტივებია და მისი ოდენობის დადგენასა და გარკვევას 20-30 წელი დასჭირდება;
3. ყოფილი საბჭოთა კავშირის ვალების გადახდას რუსეთი დაუყოვნებლივ მოსთხოვდა საქართველოს და ამ ვალების ძირითადი ნაწილისა და მომსახურების თანხის ისედაც ძალიან მძიმე ტვირთი კიდევ უფრო გააუარესებდა ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობას;
4. საქართველო ვერ მიიღებდა დაფინანსებას საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან. დავკარგავდით საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობას და 2001 წლისთვის ბიუჯეტიდან დაგეგმილის გადამეტებით გადასახდელი გვექნებოდა 550 მლნ ლარი;
5. საქართველოს არავითარი გარანტია არ გააჩნდა საბჭოთა კავშირის ქონების საზღვარგარეთ არსებული ლიკვიდური აქტივებისა და საბჭოთა კავშირის მიმართ განვითარებადი ქვეყნების სრულიად უიმედო დავალიანების მიღებისა, ხოლო საბჭოთა კავშირის საგარეო ვალების გადახდისთვის დაუყოვნებლივ გავხდებოდით პასუხისმგებელნი.როგორც ვხედავთ, ეკონომისტთა ამ ჯგუფს მიზანშეწონილ გადაწყვეტილებად მიაჩნდა «ნულოვანი ვარიანტის» რატიფიცირება, თუნდაც რუსეთის ვალების რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ.
ეკონომისტთა მეორე ჯგუფის აზრით, არ იყო სწორი ვალის გადავადების მიზნით ქონების კუთვნილ წილზე ხელის აღება, რაც რუსეთის ვალს ბევრად აღემატებოდა. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მართლაც წამგებიანად ჩანდა რუსეთის ვალის (156,5 მლნ დოლარის) გადავადების გამო ორ ან სამმილიარდიან წილზე უარის თქმა.
საქართველოს პარლამენტის მიერ «ნულოვანი ვარიანტის» რატიფიცირების დაგვიანებას რუსეთმა მთელი რიგი მოთხოვნები და შეზღუდვები დაუპირისპირა. კერძოდ, მანამ არ მოახდენდა 179 მლნ დოლარის რესტურქტურიზაციას, სანამ საქართველოს მთავრობა პარლამენტში არ შეიტანდა განსახილველად აღნიშნულ ხელშეკრულებას და საბოლოოდ არ მოახდენდა მის რატიფიცირებას.
საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ, რუსეთი ორ მოთხოვნას აყენებდა:
ა) საქართველოს სასწრაფოდ უნდა გადაეხადა 2000 წლის დავალიანება _ 22,43 მლნ დოლარი;
ბ) პარლამენტში განსახილველად შეეტანა «ნულოვანი ვარიანტი» და მოეხდინა მისი რატიფიცირება.
საქართველომ ორივე ეს მოთხოვნა შეასრულა. რუსეთს გადაუხადა 22.43 მლნ დოლარი და პარლამენტმაც მძაფრი დებატების შემდეგ, 2001 წლის 16 თებერვალს რატიფიცირება გაუკეთა შეთანხმებას «ნულოვანი ვარიანტის» შესახებ, რომლის თანახმად, საქართველომ რუსეთის სასარგებლოდ საბოლოოდ უარი თქვა საკუთარ წილზე _ 1,62%-ზე ყოფილი სსრკ-ის საგარეო აქტივებიდან.
მაშასადამე, საქართველოს სახელმწიფომ, 157 მლნ დღემდე გაურკვეველი წარმოშობის ვალის გადავადებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან 141 მლნ დოლარის სესხად მიღების სანაცვლოდ, რუსეთისგან დაახლოებით 3 მლრდ დოლარის მიღებაზე უარი თქვა.
საქართველომ, მართალია, «პარიზის კლუბში» ვალების რესტრუქტურიზაციას მიაღწია და ქვეყნის კომერციული ვალები 20 წლით, ხოლო არაკომერციული _ 18 წლით გადაივადა, მაგრამ ეს შეღავათები, სსრ კავშირის აქტივებიდან მის მიერ მისაღებ წილთან შედარებით, ანგარიშში არაა მისაღები. ქვეყანამ «ნულოვანი ვარიანტის» რატიფიცირებით მილიარდები დაკარგა. ამასთან, «პარიზის კლუბმა» რესტრუქტურიზაცია საქართველოსთვის მაქსიმალურად უშეღავათო პირობებით განახორციელა. ძირითადი ვალის გადახდა 2 წლის შემდეგ დავიწყეთ, წლიური 4%-ის მომსახურების გადახდით.
მაშასადამე, საქართველომ ვალების რესტრუქტურიზაციით მხოლოდ დრო მოიგო და დროებით (2 წლით) ტვირთი შეიმსუბუქა «მსხვილი» ვალების ქრონოლოგიური გადაწევით, სამაგიეროდ, მას 2002-2003 წლებში ბევრად მეტი თანხის გადახდა მოუხდა.
«პარიზის კლუბს» საქართველომ წარუდგინა რამდენიმე პროექტი, რომლებიც ვალების ხანგრძლივ გადავადებას ითვალისწინებდა. ვარიანტებს შორის იყო ნეაპოლისა და ჰიუსტონის მოდელები. აქედან პირველი, რომელიც ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი საგარეო ვალის ნაწილობრივ ჩამოწერასა და რესტრუქტურიზაციას ითვალისწინებდა, არ მიიღეს.
«პარიზის კლუბმა», საქართველოს ვალების (1995-1997-1998 წლებში) რესტრუქტურიზაციასთან შედარებით, 2001 წელს უფრო შეზღუდა ვადები და მხოლოდ ორი წელი «გვაცალა».
საქართველოს საგარეო ვალების 18-20 წლით გადავადება იმას ნიშნავდა, რომ, თუ 2001-2002 წელს უნდა გაგვესტუმრებინა 241 მლნ აშშ დოლარი, 18 წლის განმავლობაში მოგვიხდება 985 მლნ აშშ დოლარის (241 მლნ დოლარი პლუს ყოველწლიურად 4%) და, აგრეთვე, სხვა ვალების განვადების პროცენტი) გასტუმრება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ «პარიზის კლუბის» მიერ განვადებულ იქნა მხოლოდ რუსეთის, ავსტრიის, ჩინეთის, ირანის, თურქეთისა და აშშ-ის კრედიტები. რაც შეეხება სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის, უკრაინისა და უზბეკეთის ვალების გადავადებას, ეს მათ არ განახორციელეს.
მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ 2003 წლიდან საქართველოს მნიშვნელოვნად გაეზარდა საგარეო ვალის მომსახურების ხარჯები და იგი იძულებული გახდა, ეკონომიკის დაფინანსების ნაცვლად მევალე ქვეყნების სასარგებლოდ ეხადა თანხები. ამდენად, «ნულოვანი ვარიანტი» მიღებულ იქნა რუსეთის მიმართ საქართველოს ვალის ორიოდე წლით გადავადების დაპირების სანაცვლოდ. ეს წარმოუდგენლად დიდი შეცდომა იყო. სასურველი იყო, შექმნილიყო ორმხრივი კომისია (მასში პარალელურად უნდა ჩართულიყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც) და რუსეთთან ჯერ კიდევ 1993-1994 წლებში დაგვეწყო მოლაპარაკება ამ საკითხების მოსაგვარებლად და პრინციპულად მოგვეთხოვა ჩვენი კუთვნილი წილი. სადავო საკითხების გადასაწყვეტად უნდა გამოგვეყენებინა ჰააგის სასამართლო, ვენის კონვენცია, აგრეთვე, «პარიზისა» და «ლონდონის კლუბები». ვენის კონვენციის თანახმად (რომელსაც საქართველო 1993 წელს შეუერთდა) და სხვა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, ამ ქონებას რუსეთი ვერ განკარგავდა საქართველოს გარეშე. თუ საქართველო თავისი ნებით არ დათმობდა კუთვნილ წილს, რუსეთი ვერ აიცილებდა საბჭოთა კავშირის საგარეო აქტივების გადმოცემას. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დღეს მთელ მსოფლიოში აპრობირებულია ვალების გაყიდვის პრაქტიკა, მათი ღირებულების 10, 20 ან 25 პროცენტის ფარგლებში. საქართველოს (უკიდურეს შემთხვევაში) შეეძლო სსრკ-ის ქონებიდან თავისი წილი გადაეცა სოლიდური უცხოური ბანკებისთვის, რომლებიც ვენის კონვენციის შეთანხმების საფუძველზე მას ამოიღებდნენ.
სამწუხაროდ, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ 1992 წლიდან მოყოლებული თითქმის არაფერი გააკეთა. მუდმივმა დათმობის პოლიტიკამ საერთაშორისო აქტუალობა დაუკარგა ამ პრობლემას და, შესაბამისად, ვერ მივიღეთ ეკონომიკურად მაღალგანვითარებული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა. ჩვენი მთავარი მიზანი ვალის გადავადება კი არ უნდა ყოფილიყო, რათა აგვეღო ახალი სესხი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, არამედ პრინციპულად უნდა დაგვედგინა და მოგვეთხოვა რუსეთისგან ჩვენი კუთვნილი წილი. შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ 1991 წლის 4 დეკემბერს და 1993 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერ გააცნობიერეს, თუ რა დოკუმენტზე მოაწერეს ხელი. განა შეიძლებოდა ისეთ ხელშეკრულებაზე (შეთანხმებაზე) ხელის მოწერა, სადაც ზუსტად არ იქნებოდა გაანგარიშებული და დადგენილი ყოფილი სსრკ-ის აქტივები და პასივები და მასში საქართველოს წილი?
როგორც ვნახეთ, «ნულოვანი ვარიანტის» შესახებ რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები არსებობს. საქართველო თუ არ მოახდენდა ამ დოკუმენტის რატიფიცირებას, იგი დაკარგავდა თავის იმიჯს დასავლეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში; «დიდი შვიდეული», საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა დონორი ორგანიზაციები და ქვეყნები განუდგებოდნენ და ზურგს შეაქცევდნენ; «პარიზის კლუბსა» და «ლონდონის კლუბში» გამორიცხული იქნებოდა მოლაპარაკებები არათუ ვალების ჩამოწერის, არამედ გადავადების თაობაზეც; რუსეთისგან ვერ მივიღებდით ჯერ კიდევ დაუთვლელ და გაურკვეველი აქტივების მეათედსაც კი; დავძაბავდით მასთან პოლიტიკურ ურთიერთობას და, შესაბამისად, საბიუჯეტო კრიზისის გაღრმავებით გაძლიერდებოდა ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორების ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების შენარჩუნებაზე.
აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტს სხვა გზა მართლაც არ ჰქონდა და აუცილებლად უნდა მოეხდინა «ნულოვანი ვარიანტის» რატიფიცირება. ეს არგუმენტები მხოლოდ მიზეზებია იმისა, თუ რისთვის დავთანხმდით რატიფიცირებაზე. მაგრამ, მეორე მხარეა ის, თუ რა იყო რეალობა, სინამდვილე. ჩვენ ვერ დავამტკიცეთ ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ, თუ რატომ მოვაწერეთ ხელი «ნულოვან ვარიანტს».
ფაქტი ის იყო, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვ. პუტინმა პრეზიდენტად არჩევის წლისთავთან დაკავშირებით მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, «…ნულოვანი ვარიანტი რუსეთისათვის მატერიალურად წამგებიანია და მასზე ხელის მოწერა რუსეთის შეცდომად მიმაჩნია».
რუსეთის საზღვარგარეთულ აქტივებზე თუ მართლაც მეტი იყო პასივების ღირებულება, მაშინ რატომ აიძულებდა იგი მუქარით უკრაინას, საქართველოს, აზერბაიჯანს, უზბეკეთსა და მოლდოვას, ხელი მოეწერათ «ნულოვან ვარიანტზე»?
თუ «ნულოვანი ვარიანტი» არ იყო მისაღები რუსეთის მხარისთვის, რამ განაპირობა მისი აუცილებლობა? მანამდე, 1991 წლის 4 დეკემბერს, ხომ გაფორმდა შესაბამისი შეთანხმება, რომლითაც განსაზღვრული იყო სსრ კავშირის აქტივებსა და პასივებში ე. წ. მოძმე რესპუბლიკების წილი? ორი წლის შემდეგ, 1993 წლის 14 სექტემბერს რატომ დაარღვია რუსეთმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ვალისა და აქტივების სამართალმემკვიდრეობის შესახებ 1991 წლის 4 დეკემბრის შეთანხმება? რატომ იკისრა რუსეთმა მთელი საგარეო დავალიანების გადახდა? და რატომ დააძალა რუსეთმა მოკავშირე რესპუბლიკებს, დაეთმოთ სსრ კავშირის საზღვარგარეთ არსებული აქტივები?
რატომ უარყოფენ «ნულოვანი ვარიანტის» მომხრეები იმას, რომ «დიდმა შვიდეულმა», იმის შიშით, სსრ კავშირის დაშლის შედეგად დასავლეთის კრედიტორ ქვეყნებს არ დაჰკარგვოდათ სსრ კავშირის მიმართ ადრე არსებული ვალები, 1991 წლის 28 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის მთავრობას ძლიერი ზეწოლის პირობებში მოაწერინა ხელი მემორანდუმზე?
თუ რუსეთს ხელს არ აძლევდა «ნულოვანი ვარიანტი», რატომ არ მიიღო მოკავშირე რესპუბლიკების და, განსაკუთრებით, უკრაინის წინადადება, რომ იგი სსრ კავშირის კუთვნილი აქტივების მიღების შემთხვევაში აუცილებლად გადაიხდიდა საგარეო ვალებს?
ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია რუსეთის მომიზეზება, თითქოს «მოკავშირე რესპუბლიკები ვერ მოახერხებენ ვალების მომსახურებას».
რატომ გამოთქვამდა რუსეთი შიშს, თითქოს «მოკავშირე რესპუბლიკები თავს ვერ გაართმევდნენ ურთიერთობებს სოციალისტურ ქვეყნებთან»?
გასაკვირია ის ფაქტიც, რომ საქართველოს პარლამენტში ისე მოახდინეს «ნულოვანი ვარიანტის» რატიფიცირება, საზოგადოებას არ მიაწოდეს ყოფილი სსრ კავშირის სახელმწიფო ვალებისა და აქტივების ზუსტი (თუნდაც რუსეთთან შეთანხმებული) მონაცემები. დღეს საზოგადოებისთვის გაუგებარია, რატომ დაირღვა სახელმწიფო ვალის სამართალმემკვიდრეობის შესახებ ვენის კონვენციის დებულება, რატომ მოხდა «ნულოვანი ვარიანტის» რატიფიცირება და რა იყო უმთავრესი: წმინდა ეკონომიკური ეფექტიანობა თუ ძალიან სერიოზული პოლიტიკური მოტივაცია?
ალბათ, ჩვენი შთამომავლობა ზუსტად გაიანგარიშებს და დაადგენს ყოველივეს და მკაცრად მოჰკითხავს კიდეც რატიფიცირების ავტორებს.
სავალო კრიზისის დაძლევის გზები და საშუალებები
როგორც სათანადო მონაცემების ანალიზით ირკვევა, საქართველო უახლოეს მომავალში თავს ვერ დააღწევს სავალო კრიზისს, რადგან ეკონომიკური ზრდის ტემპის აბსოლუტური სიდიდე არცთუ შთამბეჭდავად გამოიყურება. არ მუშაობს მრეწველობის მთელი რიგი დარგებისა, სათანადო ყურადღება არ ექცევა სოფლის მეურნეობას და ა. შ. მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდა ძირითადად ხდება ვაჭრობისა და მომსახურების ხარჯზე.
საქართველოში უნდა შეიქმნას მტკიცე წანამძღვრები მატერიალური წარმოების რამდენიმე პრიორიტეტული დარგის განვითარებისთვის. ქვეყნის ეკონომიკური სტაბილიზაცია უნდა მოხდეს მრეწველობის აღორძინებით. იგი არა მარტო ბიუჯეტის შევსების წყაროა, არამედ სხვა დარგების განვითარების საფუძველიც. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სოფლის მეურნეობისა და მისი ნედლეულის გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებას. ამ მხრივ აუცილებელია ქვეყანაში რადიკალური ღონისძიებების განხორციელება.
საჭიროა, უზრუნველყოფილ იქნეს ეკონომიკის ზრდის პროცესის შეუქცევადობა, რათა პერსპექტივაში შესაძლებელი გახდეს ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი ტემპების მიღწევა.
ამისათვის კი აუცილებელია ეკონომიკური გარემოს შემდგომი გაუმჯობესება, ეროვნული ეკონომიკის ყველა დარგისა და სფეროს რესტრუქტურიზაცია, ახალი სამეურნეო კავშირების ფორმირება, ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის ჩამოყალიბება, მიღებული საგარეო ვალების მაღალეფექტიანი გამოყენება.
ქვეყანაში უნდა შეიქმნას მატერიალური წარმოების სფეროს ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობები. მარტო საქონელმიმოქცევიდან და მომსახურებიდან ამოღებული გადასახადებით სახელმწიფო დიდხანს ვერ იარსებებს. ამ მიმართულებით საჭიროა:
ა) მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა;
ბ) მცირე ბიზნესის განვითარებისთვის ხელის შეწყობა.
ყურადღება უნდა შევაჩეროთ მაქსიმალურად შეღავათიან კრედიტებზე (ხანგრძლივი ვადით, დაბალი სარგებლის განაკვეთითა და რესტრუქტურიზაციის მაღალი შესაძლებლობით). სასურველია ხელშეკრულებაში ჩაიდოს ვალუტის ფიქსირებული კურსი, რომლითაც შემდგომში მოხდება ანგარიშსწორება. ამ მხრივ არჩევანი უნდა გაკეთდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და რეკონსტრუქციისა და განვითარების მსოფლიო ბანკის სესხებზე, რადგან საქართველოს დღეისთვის საგარეო სესხებს შორის სწორედ ამ ორგანიზაციიდან აქვს მიღებული კრედიტები დაფარვის ყველაზე ხანგრძლივი ვადით და დაბალი სარგებლის განაკვეთით.
მცირე ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელია: მეწარმეობისთვის სათანადო სამართლებრივი ბაზის შექმნა; შეღავათიანი კრედიტების გამოყოფა, გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესება და მეწარმეებისთვის გარკვეული დახმარების გაწევა საგარეო-ეკონომიკური კავშირების დამყარებაში.
განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური საქმიანობის ანალიზით, რომლებმაც თავი დააღწიეს ჩამორჩენილობას, ირკვევა, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების დონე დაახლოებით მშპ-ის ღირებულების 20-25%-ს უნდა შეადგენდეს.
ამჟამად საქართველოში სახელმწიფო ინვესტიციები მშპ-ის ღირებულების 6-7%-ს არ აღემატება. ექსპერტების პროგნოზი, რომ პრივატიზების შედეგად დაიწყებოდა უცხოური ინვესტიციების მოდინება, არ გამართლდა. ინვესტიციური ხასიათის კრედიტების თანხიდან კაპიტალდაბანდებებისთვის გამოიყენება მხოლოდ 15-20%.
საჭიროა ქვეყანაში შეიქმნას ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო უცხოური ინვესტიციების აქტიურად მოზიდვის მიზნით. დაბალი შემოსავლებისა და შეზღუდული სახელმწიფო ფინანსური რესურსების პირობებში კაპიტალდაბანდებათა ძირითადი წყარო უნდა გახდეს უცხოური ინვესტიციები.
უცხოური ინვესტიციები განხილული უნდა იქნეს, როგორც ეკონომიკური და ტექნიკური პროგრესის დაჩქარების, საწარმოო პროცესების ორგანიზაციის მოწინავე მეთოდების დაუფლების და საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნების დონეზე კადრების მომზადების მნიშვნელოვანი ფაქტორი.
საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა უნდა განხორციელდეს სამეწარმეო და სასესხო ფორმით, ამასთან, მხარი უნდა დავუჭიროთ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ყველაზე პოპულარულ ფორმას _ ერთობლივი საწარმოების შექმნას.
საერთაშორისო დონეზე მოლაპარაკებები გადახდისუნარიანობის კრიზისის დაძლევის მიზნით კრედიტორ და მსესხებელ ქვეყნებს შორის
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეჯერ მოხდა საქართველოს საგარეო ვალების შეღავათიანი პირობებით რესტრუქტურიზაცია, ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები საკმარისი არაა, ე.ი. ვალის ძირითადი თანხისა და მომსახურების (პროცენტების) გადახდის პირობებში არსებობს სერიოზული პრობლემები.
როგორც ანალიზმა გვიჩვენა, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მოქმედებდა კრედიტორებთან მიღწეული შეთანხმებები, რომელთა მიხედვით ვიხდიდით მხოლოდ ვალის პროცენტს და არა მის ძირითად ნაწილს.
მაშასადამე, თუ დროულად არ მოხერხდა ამ ვალების ხელსაყრელი პირობებით განვადება, საქართველო მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველკვარტალურად გადასახდელი ექნება ასეულობით მილიონი დოლარი _ საგარეო სესხების ძირითადი თანხებისა და მათზე სარგებლობის თანხების დასაფარავად. ეს კი გამოიწვევს სოციალური და სხვა სახის პროგრამების დაფინანსების მნიშვნელოვანწილად შემცირებას.
საქართველოს საგარეო დავალიანების დასაფარავი თანხა (რომელიც შეიცავს ძირითად და მომსახურების საპროცენტო თანხებს და ვადაგადაცილებულ დავალიანებაზე დარიცხულ საჯარიმო თანხას) ყოველთვის აღემატება ნებისმიერი მომდევნო წლის ბიუჯეტის შესაძლებლობებს.
ამდენად, საგარეო ვალების მომსახურების საკითხი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება და, მთავრობის ფისკალური პოლიტიკის მკვეთრი გაუმჯობესების გარეშე, არსებული საბიუჯეტო კრიზისის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების რეალური საფრთხეა მოსალოდნელი.
გაგრძელება
შემდეგ ნომერში
შიძლება თუ არ თქვენი საშვალებით ერთ ერთ მინისტრს, ღია წერილი მივწერო.