Home რუბრიკები ეკონომიკა საქართველოს სახელმწიფოს ვალი შეადგენს 8 მილიარდ 520.3 მილიონ აშშ დოლარს

საქართველოს სახელმწიფოს ვალი შეადგენს 8 მილიარდ 520.3 მილიონ აშშ დოლარს


ჩვენი თვითკმაყოფილი და თვითკმარი ხელისუფლება «ვარდების რევოლუციის» მერვე წლისთავს უზარმაზარი საგარეო ვალით ხვდება, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკის კისერზე ჩამოკიდებულ ამ დოლაბს, რომელიც კოლაფსის ფსკერისკენ გვექაჩება, ციურ მანანად წარმოგვიდგენს. ჰოდა, ამ სულელური და მავნე პიარისგან საზოგადოებრივი აზრის გასათავისუფლებლად, ერთის მხრივ, მეორე მხრივ კი, მდგრადი განვითარების ეკონომიკის მინისტრის იმ სფეროში გასარკვევად, რომელსაც იგი მიხეილ სააკაშვილის ნებით სათავეში ჩაუყენეს, ვიწყებთ პუბლიკაციების ციკლს «ლიკბეზი ეკონომიკის მინისტრისთვის». «ლიკბეზი» _ ეს სახელწოდება სახკომსაბჭოს 1919 წლის 26 დეკემბრის დადგენილებიდან მოდის, რომელმაც დაამტკიცა რსფსრ-ში უწიგნურობის ლიკვიდაციის სახელმწიფო პროგრამა _ Ликвидация безграмотности _ Ликбез. უწიგნური ხელისუფლების გასანათლებელი საქმე, ჩვენი თხოვნით, თავს იდო ცნობილმა მეცნიერმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ამირან ჯიბუტმა. ვიწყებთ უმარტივესიდან:როდის წარმოიშვა საქართველოს საგარეო ვალი?

დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტისათვის საქართველოს საგარეო დავალიანება არ ჰქონია. მას ვალი მემკვიდრეობითაც არ მიუღია. რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის დროს, კრედიტორი ქვეყნებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მოთხოვნით, საერთო საკავშირო საგარეო დავალიანების გადახდა მთლიანად რუსეთს დაეკისრა.

სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული ოპერაციები მხოლოდ საკავშირო მასშტაბით წარმოებდა. საბჭოთა კავშირის როგორც საგარეო, ისე შიდა ვალების და, განსაკუთრებით, საგარეო აქტივებისა და პასივების შესახებ მონაცემები გასაიდუმლოებული იყო და ოფიციალურ სტატისტიკურ ინფორმაციას არ ექვემდებარებოდა. ამდენად, საბჭოური ვალების მართვის და ეფექტიანად გამოყენების საკითხებზე არავითარი ინფორმაცია არ არსებობდა.რა მიზეზებმა განაპირობა საქართველოს მიერ საგარეო ვალების აღება?

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ახალ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლის პროცესს უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. წარმოქმნილი არაორდინალური ვითარების მეოხებით, ეკონომიკის დაქვეითებამ საქართველოში მასშტაბური და ინტენსიური ხასიათი მიიღო.

ამ პერიოდში მიღებულმა მცდარმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა არასწორი მიმართულება მისცა საზოგადოებრივ ცხოვრებას. სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი მნიშვნელოვნად გაამწვავა შიდა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ, რამაც ქვეყანა 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ცნობილ მოვლენებამდე მიიყვანა. ქვეყნის გარედან ინსპირირებულმა სეპარატისტულმა მოძრაობებმა და სამოქალაქო ომმა 1992-93 წლებში დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის სახელმწიფოებრიობას საფრთხე შეუქმნა.

ჯერჯერობით შეუძლებელია ამ ნგრევის არა თუ სოციალური და მორალური შედეგების, არამედ პირდაპირი ზარალის ზუსტი შეფასებაც. თუმცა, წინასწარი მონაცემებით, იგი 13 მლრდ დოლარს აჭარბებს. გარდა ამისა, დიდი იყო ზარალი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას მიადგა აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის სამეურნეო პოტენციალის სრული პარალიზებით.

კონკრეტულად საგარეო დავალიანებები საქართველოს წარმოექმნა ეკონომიკური კავშირების მოშლის, წარმოების მოცულობის მკვეთრი დაცემის, ექსპორტის შემცირებისა და იმპორტის გადიდების, ქვეყანაში წარმოქმნილი ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად საჭირო სახსრების მოზიდვის შედეგად; ასევე, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან (ეროვნულ ბანკებში დამოუკიდებელი საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნამდე) სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შედეგად წარმოქმნილი დავალიანებების სახელმწიფო კრედიტად გაფორმების გზით, წლების მანძილზე სხვადასხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების შედეგად წარმოქმნილი დავალიანებების, საკუთარი სავალუტო რეზერვების შევსებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის საგარეო სესხების ანგარიშზე დაფინანსების გამო.

საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის პრობლემების გადასაჭრელად საქართველოს ფაქტობრივად სხვა არჩევანი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ მიემართა საზღვარგარეთის სახელმწიფოთა მთავრობებისა და საერთაშორისო საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციებისთვის სესხებისა და დახმარებების მისაღებად.

საქართველოს მთავრობამ მზარდი სახელმწიფო ხარჯების დასაფარავად ეროვნული ბანკის პირდაპირ კრედიტებთან ერთად საგარეო სესხების გამოყენება 1992 წლიდან დაიწყო. საქართველოს დღეისათვის საკმაოდ დიდი საგარეო ვალი დაუგროვდა.
რა ვალი გვადევს კისერზე?

საქართველომ საგარეო სესხების აღება დაიწყო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველსავე წლებში. 1992 წელს აღებული იქნა 1 კრედიტი, 1993 წელს _ 2, 1994 წელს _ 5, 1995 წელს _ 4, 1996 წელს _ 14, 1997 წელს _ 12, 1998 წელს _ 9, 1999 წელს _ 2 და ა.შ. 2003 წლის დასაწყისისათვის, გამოყოფილი სესხების ყველა ტრანშის მიღების შემდეგ, საქართველოს დაუგროვდა საგარეო ვალის საკმაოდ სოლიდური თანხა _ 1774.64 მლნ აშშ დოლარი.

აღებული სესხების ძირითადი თანხის (1774.64 მლნ დოლარის) დაფარვა 2003 წლიდან უნდა დაწყებულიყო, ამიტომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტმა 2003-2014 წლების (კრედიტის დაფარვის ვადების) საგარეო ვალების გადასახდელების გრაფიკი შეადგინა, რომლის მიხედვით გადასახდელი იყო საგარეო დავალიანების ძირითადი თანხა 1246.84 მლნ დოლარი და სესხის მომსახურების პროცენტის თანხა 317.98 ათასი დოლარი (მთლიანად, 1.564.82 მლნ დოლარი, ანუ ქვეყნის საგარეო ვალის მთლიანი თანხის 88,2%).

ამ თანხის გადახდის პირობები მეტად მკაცრი და ძნელად შესასრულებელი აღმოჩნდა.

2003-2007 წლებში საგარეო ვალის ვადადამდგარი გადასახდელების სრული დაფარვისათვის საჭირო იყო დაახლოებით 1750.0 მლნ ლარი (843.82 მლნ დოლარი), ანუ 2003-207 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების 35-40%. ბუნებრივია, საქართველოს ამის შესაძლებლობა აღნიშნულ წლებში არ ჰქონდა. ამიტომ ხელისუფლების მიერ 2003-2007 წლებში კრედიტორებთან აწარმოა მოლაპარაკება ვალების რესტრუქტურიზაციის (განვადების) შესახებ, რის შედეგად განხორციელდა მოკლევადიანი ვალების გრძელვადიანი ვალებით ჩანაცვლება. ამ პერიოდიდან მოყოლებული საქართველო მხოლოდ ვალების საპროცენტო თანხას იხდიდა და არა მის ძირითად ნაწილს.

ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ მიეღო რადიკალური ზომები ვადაგასული სავალო ვალდებულებების გადასახდელად, ახალ ვალებს იღებდა და უფრო ზრდიდა ქვეყნის საგარეო დავალიანებას. სამწუხაროდ, ასეთი ტენდენცია 2007 წლის შემდეგაც გაგრძელდა. ახალი სესხები ავიღეთ გერმანიიდან, იაპონიიდან, ნიდერლანდებიდან და საფრანგეთიდან. მა დაემატა ჩინეთისა და კუვეიტის ახალი ვალი. ასევე, დამატებითი სესხები იქნა აღებული მსოფლიო ბანკიდან _ 343,07 მლნ დოლარი, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდიდან _ 8,31 მლნ დოლარი, საქართველოს მთავრობის მოთხოვნით ქვეყანაში 500 მლნ ევროობლიგაცია განთავსდა, ხოლო 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომით დაზარალებულ საქართველოს მსოფლიოს თანამეგობრობის ქვეყნებმა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა ბრიუსელის დონართა კონფერენციაზე გამოუყვეს 4,5 მლრდ დოლარზე მეტი კრედიტი და გრანტი.

ამჟამად ქვეყნის მთლიანი სახელმწიფო საგარეო ვალი მოიცავს სახელმწიფო სექტორის (სამთავრობო და ფულად-საკრედიტო ორგანიზაციების) და კერძო სექტორის (კომერციული სტრუქტურების, ფირმების, იურიდიული და ფიზიკური პირების, კორპორაციების) საგარეო ვალს. როგორც ოფიციალური მონაცემები ადასტურებს, საერთო სურათი ასეთია.

(იხ. ცხრილი #1)

სამწუხაროდ, 2011 წლის 31 დეკემბრისათვის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებული ვალის ზღვრულ მოცულობაში არაა შეტანილი მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნების მიერ ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე საქართველოსთვის გამოყოფილი თანხის მთლიანი ოდენობა.

(იხ. ცხრილი #2)

აღნიშნული 4.5 მლრდ აშშ დოლარიდან კრედიტი შეადგენს 2 მილიარდს, გრანტი _ 2,5 მლრდ აშშ დოლარს. აქ დასახელებული კრედიტორი ორგანიზაციებიდან და ქვეყნებიდან გამოყოფილ კრედიტებს (რომლის გარკვეულ ტრანშებს 2012 და 2013 წლებში მივიღებთ).

2.0 მლრდ აშშ დოლარს თუ დავუმატებთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2011 წლის 31 დეკემბრისთვის ნავარაუდევ საგარეო დავალიანებას (6520.3 დოლარს), მაშინ საქართველოს სახელმწიფოს ვალი შეადგენს რვა მილიარდ 520.3 მილიონ აშშ დოლარს.
სახელმწიფოს შიდა ვალი და შემნახველი ბანკების დანგრეული სისტემა

საქართველოს სახელმწიფო შიდა ვალის ფორმირება, ძირითადად, 1992-1994 წლებში მოხდა.

ამ პერიოდის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ფორმალურად ითვალისწინებდა დამატებითი საკრედიტო რესურსების შექმნას და ქვეყანაში სასურსათო და სამრეწველო საქონლის შემოზიდვას. რეალურად კი ემსახურებოდა ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მოკალათებული პირებისა და მათთან დაკავშირებული «საქმიანი» წრეების გამდიდრებას.

ასეთი პოლიტიკის შედეგად დაიკარგა მოსახლეობის ანაბრები და საწარმო-დაწესებულებათა ფულადი სახსრები, რომლებიც მოექცა საზოგადოების მცირერიცხოვანი ჯგუფის ხელში.

საქართველოს სახელმწიფო შიდა ვალად დღეს აღიარებულია ბანკის, კერძო სტრუქტურების, ფიზიკური და იურიდიული პირების წინაშე დაგროვილი ვალდებულებები, რომლებიც ვერ გადაიხადა სახელმწიფომ.

არსებული გაანგარიშებით, საქართველოს შიდა ვალის მოცულობა 1993 წლის 1 აპრილის მდგომარეობით 14 მილიარდ 977,4 მილიონ მანეთს უდრიდა. 1993 წლის აპრილში _ კუპონის მანეთზე ერთი-ერთზე ჩანაცვლებით ვალები მექანიკურად კუპონით განაღდებას დაექვემდებარა.

ლარის მიმოქცევაში გამოშვების შემდეგ კი ვალების ღირებულება 1.000.000 კუპონი-1 ლარი თანაფარდობით შეიცვალა. ამრიგად, საქართველოს მთავრობის მიერ ინდექსირებული შიდა ვალის მოცულობა შეადგენს 1.176.6 მლნ ლარს. მაგრამ ეს ციფრი არ ასახავს ვალის რეალურ მოცულობას, მასში არ შედის ისეთი პუნქტები, როგორიცაა: ლარის დევალვაციის გამო, საქართველოს ეროვნული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული გაუნაღდებელი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ღირებულება; სახელმწიფოს მიერ 1998-2000 წლებში მოქალაქეებისთვის გაუცემელი პენსიებისა და ხელფასების დავალიანება; სახაზინო ვალდებულებების ემისიითა და განთავსებით წარმოქმნილი დაუფარავი ვალდებულებების საორიენტაციო მოცულობა და სხვ.

სამწუხაროდ, საქართველოში შეუძლებელი გახდა ცალკეული პუნქტების მიხედვით შიდა ვალის თანხის ზუსტი ოდენობის დადგენა. მთავრობამ დღემდე ვერ შეძლო შიდა ვალის რეალური სტრუქტურის განსაზღვრა, კერძოდ, ვერ დაადგინა, თუ რა უნდა ჩაითვალოს შიდა ვალად და რა არა. მის მიერ განსაზღვრული საერთო ვალის რაოდენობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მოქალაქეთა მიერ 1985-1993 წლებში შემნახველ ბანკებში შეტანილი ანაბრების ნაშთი და ამავე წლების მიხედვით ანაბრების ნაზარდი თანხები.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს საბანკო სისტემა იზოლირებული აღმოჩნდა ერთიანი საკავშირო საბანკო სისტემისგან. შეწყდა რუსეთიდან ნაღდი ფულის _ მანეთის მოწოდება. საქართველო, რომელსაც არ გააჩნდა საკუთარი ვალუტა, დარჩა მხოლოდ იმ ფულის ამარა, რომელიც იმ დროისთვის ქვეყანაში იყო მიმოქცევაში. ფულის ეს რაოდენობა მიმოქცევაში საჭირო რაოდენობასთან შედარებით გაცილებით ნაკლები იყო, რადგან საქართველოს შემნახველ ბანკებში ირიცხებოდა მილიარდობით მანეთის ანაბარი, რომელიც მოსახლეობამ წლების განმავლობაში საკუთარი დანაზოგის სახით ანდო საბჭოთა საბანკო სისტემას. რუსეთმა საქართველოს შეუწყვიტა ფულადი ნიშნების მიწოდება, პრაქტიკულად მეანაბრეთათვის შეუძლებელი აღმოჩნდა ბანკიდან ფულადი ნაშთების გამოტანა. ამის გამო დამოუკიდებელ საქართველოს საკუთარი ხალხის უზარმაზარი ვალი წარმოექმნა.

ბანკებში მოქალაქეთა ანგარიშებზე რიცხული თანხების საერთო მოცულობამ დაახლოებით 13 მილიარდი მანეთი შეადგინა. იმ დროს (ოფიციალური კურსით) 1 მანეთი 62,64 ცენტს შეადგენდა. თუ მაშინდელი კურსით 13 მლრდ მანეთს დოლარებში გადავიყვანთ, 8 მლრდ დოლარზე მეტს მივიღებთ.

1991-1992 წლებში დაიწყო მანეთის ინტენსიური გაუფასურების პროცესი. მოსახლეობა მასობრივად შეეცადა ანაბრებზე არსებული თანხების გამოტანას და მათ კონვერტაციას ამერიკულ დოლარებში, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო ფულადი ნიშნების უკმარისობის გამო.

1992 წლის ზაფხულში ეროვნულმა ბანკმა მთავრობაში შეიტანა წინადადება სახელმწიფო კომერციულ ბანკებში 1992 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით ანაბრების ანგარიშზე მოთავსებული ფულადი სახსრების აფასების შესახებ.

სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს #14 დეკრეტის საფუძველზე სახელმწიფო კომერციულ ბანკებში 1992 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით ანაბრებზე მოთავსებული 13 მლრდ მანეთი გაორკეცდა და მოსახლეობის მიერ შემნახველ კომერციულ ბანკებში 4535 ათას საანაბრო ანგარიშზე შეტანილმა თანხამ 27.250 მლნ მანეთი შეადგინა.

1993 წლის მარტიდან შემოღებული და მიმოქცევაში იქნა გაშვებული ეროვნული ვალუტის სუროგატი _ კუპონი. 1993 წლის აგვისტოდან მოყოლებული კუპონის კურსი დღითიდღე ეცემოდა. 1995 წლის სექტემბერში დოლარის მიმართ კუპონის კურსი 2,5 მილიონს შეადგენდა.

ინფლაციის შეუჩერებელი პროცესი უარყოფით გავლენას ახდენდა მოსახლეობის ანაბრებზე. ვითომდა მეანაბრეების ფულადი დანაზოგების გაუფასურებით მიყენებული ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით, 1994 წლის 12 ივლისს ყოფილი შემნახველი სალაროების ბაზაზე დააფუძნეს საპაიო კომერციული ბანკი «გაერთიანებული ქართული ბანკი», რომელსაც გადაერიცხა იმ დროისათვის ქვეყნის კომერციულ ბანკებში მოსახლეობის ანაბრების ანგარიშზე არსებული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი.

ამის შემდეგ მეანაბრეები ანაბრების ძირითადი თანხისა და საპროცენტო დანარიცხების დაბრუნებას «გაერთიანებული ქართული ბანკისგან» ითხოვდნენ, მაგრამ ხელისუფლებამ და ბანკმა უარი განაცხადეს მიბარებული თანხების დაბრუნებაზე.

ბანკსა და სახელმწიფოს შორის ასეთი უპრეცედენტო გარიგების შედეგად საქართველოში დაინგრა მთელ მსოფლიოში აპრობირებული შემნახველი ბანკების სისტემა, რომელთა ანგარიშებზე აკუმულირებული იყო ხალხის 13 მილიარდი მანეთი, ანუ დაახლოებით 8 მილიარდი ამერიკული დოლარი.

პრესის საშუალებით ბანკის მესვეურებმა აქციონერთა რიგებში დაასახელეს რამდენიმე მსხვილი საზღვარგარეთული საფინანსო გაერთიანება. გამოიყენეს ხელისუფლების წარმომადგენლები და ისინი ბანკის აქციონერები გახდნენ. ასე შეიყვანეს მეანაბრეები შეცდომაში. ყოველივე ეს დაემთხვა გარდამავალი ვალუტის (კუპონის) პერიოდს. ხალხმა თანხების დაკარგვას აქციონერობა ამჯობინა და მეარაბრეთა თითქმის 70% აქციონერი გახდა.

«გაერთიანებულმა ქართულმა ბანკმა» ტოტალურად გააუქმა ქვეყანაში არსებული შემნახველი სალაროები და მათ ბალანსზე არსებული შენობები ჩალის ფასად შეისყიდა, ამ შენობებში კი «გაერთიანებული ქართული ბანკის» ფილიალები შექმნეს. ეს ფილიალები მათი კადრებით დააკომპლექტეს და სპეციალური მუშაკები აიყვანეს, რომელთა მოვალეობა მეანაბრეთა მოძებნა და მათთვის მოტყუებით მიზერული დივიდენდის _ 7 ლარის გაცემა იყო. ისინი მეანაბრეებს ჟურნალებში აწერინებდნენ ხელს, მომავალში მეპაიეობაზე პრეტენზია რომ არ ჰქონოდათ.

აღნიშნული თანხები დამფუძნებლებმა ფარულად მიისაკუთრეს და თავიანთი მიზნებისათვის გამოიყენეს. ხოლო მეანაბრეები მათი თანხმობის გარეშე კომერციულ-შემნახველი ბანკების საწესდებო ფონდის ფიქტიურ მეპაიეებად გააფორმეს. ეს ყველაფერი აღინიშნა ფარატინა ქაღალდზე, უბრალო ქვითრებზე, რომლებიც მოტყუებულ მეანაბრეებს დაურიგეს (მაშინ ყოფილ მეანაბრეებს უბრალო ქვითრები გადასცეს ამჟამად უკვე ბუნებაში არარსებულმა ბანკებმა: «თამარიონი», «მედეა», «სამეფო», «ოპიზარი» და ა.შ.), ხოლო ახლა მათ, როგორც «გაერთიანებული ქართული ბანკის» მეპაიე-აქციონერებს, თანამესაკუთრის დამადასტურებელი არავითარი კანონიერი საბუთი არ გააჩნიათ. მეპაიეებს არ იცნობენ, არ ეძახიან და არც არაფერში სჭირდებათ. ეს მსოფლიო პრაქტიკაში უპრეცედენტო შემთხვევაა.

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here