Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპა თავდაცვისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფს აშშ-ისგან დამოუკიდებლობის მისაღწევად

ევროპა თავდაცვისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფს აშშ-ისგან დამოუკიდებლობის მისაღწევად

ევროპა

ევროკომისია აპირებს 13 მილიარდი ევროს გამოყოფას ევროკავშირის თავდაცვის გასაძლიერებლად, _ იუწყება Liberation. ამ სახსრების გამოყენების უპირატესობა ექნებათ მხოლოდ იმ თავდაცვით საწარმოებს, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკუთრებაა.

აღნიშნული სახსრები ევროკავშირის თავდაცვითი ძლიერების განსამტკიცებლად 2020-2027 წლების განმავლობაში იქნება ათვისებული.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ ინიციატივას შეიძლება სიმბოლურიც კი ვუწოდოთ, მაგრამ, ფაქტობრივად, არის პირველი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება კავშირის შიდა სისტემის შესაქმნელად, რის ხსენებას აქამდე ტაბუ ჰქონდა დადებული. სამხედრო ხარჯების დაფინანსების ეს სისტემა გამორიცხავს ბრიტანული და ამერიკული ფირმების ჩართულობას.

“ასეთი დამოკიდებულება უთუოდ მხოლოდ გააღრმავებს დონალდ ტრამპსა და ევროკავშირს შორის არსებულ რთულ ურთიერთობას ნატოს სამიტის წინ, რომელიც ერთი თვის თავზე უნდა გაიმართოს”, _ ასკვნის გაზეთი.

ევროკავშირის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირის თქმით, “თავდაცვითი საწარმოები განლაგებული უნდა იყოს ევროკავშირის ტერიტორიაზე, აქვე უნდა ჰქონდეს ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არ უნდა გაკონტროლდეს იმ გაერთიანებების მიერ, რომლებიც კავშირის საზღვრებს მიღმა მდებარეობს”. ამრიგად, დაფინანსების უფლება არ ექნება ევროპული საწარმოების ამერიკულ და კანადურ ფილიალებს, ხოლო ბრექსიტის შემდგომ _ დიდი ბრიტანეთის კომპანიებსაც.

ბრიუსელის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ეს ღონისძიებები არ არის დისკრიმინაციური, მხოლოდ პასუხია ამერიკული კანონმდებლობის მოთხოვნებზე. ევროკომისიის აზრით, ახალი ფონდის შექმნა “ხელს შეუწყობს ევროპის სტრატეგიულ ავტონომიას მისი მოქალაქეების თავდაცვის საკითხებში”, რომლებიც დღეს სრულად არიან დამოკიდებული ამერიკის სამხედრო მრეწველობის საწარმოებზე.

13 მილიარდი ევრო წარიმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების “ერთობლივი პროექტების” დასაფინანსებლად: 4,1 მილიარდი ევრო დაიხარჯება კვლევების დასაფინანსებლად, 8,9 მილიარდ ევროს გადასცემენ ორგანიზაციებს, რომლებიც ახალი სამხედრო სიმძლავრეების შემუშავებით არიან დაკავებული. ამას გარდა, 6,5 მილიარდი ევრო დაიხარჯება “სამხედრო მობილურობის” განსავითარებლად.

საფრანგეთს იმედი აქვს, რომ ფონდის სახსრები მოხმარდება სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატის _ Male -ს შექმნას. ამ პროექტში ჩართულია, აგრეთვე, გერმანია, იტალია და ესპანეთი. “დღეისათვის კვლევების 80 პროცენტი ფინანსდება კავშირის ეროვნული მთავრობების მიერ. დღეისთვის გვაქვს შეიარაღების ურთიერთშეუთავსებელი 173 სისტემა. ამასთან შერიგება აღარ შეიძლება”, _ განუცხადა გამოცემას ევროკავშირის მაღალი თანამდებობის მოხელემ.

გაზეთი აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპმა შეუწყო ხელი ევროპის თავდაცვითი პროექტის შექმნას, როცა დაიწყო პროტექციონიზმის პოლიტიკის განხორციელება ევროპელი მოკავშირეების საწინააღმდეგოდ. სტატიის ავტორი წერს, რომ “ვაშინგტონს აშფოთებს მინიშნება ევროპულ ავტონომიაზე” და სულ უფრო ღიად ცდილობს, აიძულოს ევროპელები, შეიძინონ ამერიკული ნაწარმი.

“სამხედრო ინდუსტრიაში კონკურენცია ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ძალდატანება ამერიკული თავდაცვითი პროდუქციის გასასაღებლად, რომელსაც აშშ განახორციელებს, პრობლემად ყალიბდება”, _ აღიარა ნატოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ბრიუსელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here