ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონს დაემატა 483-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, 2018 წლის 11 მარტიდან, მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს ეკრძალება 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა.
რას გულისხმობს ახალი რეგულაცია და ვის შეეხება ის, აღნიშნულ საკითხთან დაკშირებით „საქართველო და მსოფლიიო“ არასამთვრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“-ს გამგეობის თავმჯდომარეს გიორგი კეპულაძეს ესაუბრა.
კეპულაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ერთგვარი პრევენცია იქნება, რომ თაღლითურმა ორგანიზაციებმა და ფინანსურმა პირამიდებმა მომხმარებლების თანხის მითვისების მიზნით, არ ისარგებლონ მათი ფინანსური განათლების დაბალი დონით.
„რეალურად ეს ცვლილება მიმართულია იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ მოსახლეობისგან გარკვეული სახსრების მოზიდვას და ამის შემდეგ მათ სანაცვლოდ პირდებიან გარკვეულ სარგებელს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადეობებს (შპს) აღნიშნული საქმიანობა, რა თქმა უნდა არ ეკრძალებათ და შეუძლიათ, მოიძიონ დაფინანსება ფიზიკური პირებისგან, თუმცა მათი რაოდენობა 20-ს თუ გადაცდება, უნდა დარეგისტრირდნენ ეროვნულ ბანკში. რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ფინანსურ საქმიანობაზე დამატებითი კონტროლი დაწესდება.
ჩვენ მოვუწოდეთ ეროვნულ ბანკს და მთავრობასაც, რომ ცვლილებები განეხორციელებინათ და მაქსიმალურად შეეზღუდათ მსგავსი კომპანიების საქმიანობა.
ეს ცვლილება ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით, რაც სავარაუდოდ მაქსიმალურად შეზღუდავს თაღლითურ კომპანიებს და თაღლითებს, რომ მიითვისონ მომხმარებლის თნხები. თუმცა ზოგადად კარგი პრევენცია ამ თაღლითური საქმიანობის იქნებოდა პირამიდა ბიზნესის კრიმინალიზება და ამ ტიპის ბიზნესის სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადება“, -განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ 2017 წლის კვლევაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში რამდენიმე ფინანსური ორგანიზაცია ჩამოიშალა, რომლის შედეგადაც მომხმარებლებმა 100 მლნ ლარამდე ფინანსური ზარალი მიიღეს.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფინანსური პირამიდებისგან მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია. დაზარალდა დაახლოებით 4000 ადამიანი. კერძოდ, კომპანია „საქართველომ“ დააზარალა 2343 მოქალაქე და გაიფლანგა 81 მილიონი ლარი. კომპანია MFX Broker Georgia – 111 ადამიანი და 4.2 მილიონი ლარი. კომპანია ევროკრედიტი – დაუზუსტებელი ინფორმაციით ზარალის მოცულობა 3 მილიონ ლარს აჭარბებს“- აღნიშნულია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კვლევაში.
ყველა მეწარმე სუბიექტი, რომლებზეც ვრცელდება ორგანული კანონით გათვალისწინებული ეს შეზღუდვა, ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით, 2018 წლის 11 მარტამდე, დარეგისტრირდეს ან მიიღოს შესაბამისი ლიცენზია საქართველოს ეროვნულ ბანკში.