ზოგი მკითხველი და ჩემი მეგობარი მირჩევს, მეტად გავშალო განსახილველი თემა, რათა ნათელი წარმოდგენა შეექმნათ, როგორ ვითარდებოდა ესა თუ ის მოვლენა, მაგალითად, 1937-38 წლების მოვლენები. უნდა გითხრათ, რომ ჩემი, როგორც დილეტანტის, მხრიდან კიდევ ერთხელ განხილვა იმ მოვლენისა, რომელსაც მსოფლიოს გამოჩენილმა ექსპერტებმა მრავალი შრომა მიუძღვნეს, ბევრს ვერაფერს შეჰმატებს მკითხველს.
ჩემი მიზანია, ამა თუ იმ მოვლენაში გამოვყო სტალინის როლი, მისი ფენომენი და სტალინის პორტრეტს დავუმატო შტრიხი, რომელიც აქამდე უცნობი ან ნაკლებად ცნობილი იყო. ჩემ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია კი დაფუძნებული იქნება ახალგახსნილ საარქივო მასალებზე ან ბევრისთვის ხელმიუწვდომელ ლიტერატურაზე, ან თუნდაც მონათხრობზე. მაგალითად, წინა წერილში სტალინის მიერ გამოყენებული ფრაზა _ “ნე რუგაიტე მენია”, რომელიც შემდგომ შევარდნაძემ გამოიყენა, სტალინის პორტრეტის ახალ შტრიხად მიმაჩნია. ასეთ ნიუანსებს მომავალშიც შეხვდებით ჩემს პუბლიკაციებში.
მკითხველს ერთხელ უკვე ვუპასუხე, რომ წერილებს არ ვწერ, როგორც სამეცნიერო ნაშრომს, რომელშიც ხარისხი უნდა მომენიჭოს, მე ამას ვწერ, როგორც მოყვარული, მათთვის, ვისაც აინტერესებს სტალინის გაცნობა არა “ისტორიული მატერიალიზმითა” და “ლენინიზმის საკითხებით”, არამედ მისი ყოფითა და გადაწყვეტილებებით.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ქვეყანა, რომელიც ჩათრეული იქნა სამოქალაქო ომში, ქაოსური და უმართავი შეიქნა, და შეუძლებელი იყო სამართლიანობის დამყარება საზოგადოებაში. ყველა, დიდი თუ პატარა “ნაჩალნიკი” თავის ნება-სურვილზე ჭრიდა და კერავდა ადამიანთა ბედს და ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას.
წინა წერილებშიც გავეცანით ლენინისა და ტროცკის მართვის სტილსა და მეთოდებს, რომლებიც ქვეყანას თანდათან აახლოებდა კატასტროფასთან.
რევოლუციის გამარჯვების მეორე დღეს, გამარჯვებულის გვერდით დადგა მის მიერ დამარცხებული მეტოქე და, ქვეყნის აღმშენებლობის ნაცვლად, ერთმანეთის მიმართ დაიწყეს ანგარიშსწორება და სისხლისმღვრელი ომი.
დროებითი მთავრობის მმართველობის პერიოდში სამხედრო მინისტრი იყო ესერი (სოციალისტ-რევოლუციონერების პარტია) ტროცკისტი ბორის სავინკოვი. დროებითი მთავრობის დამხობის შემდეგ ლენინისა და ტროცკის ინიციატივით, სავინკოვი ანტისაბჭოთა შეთქმულებებისა და მოძრაობების წინააღმდეგ მებრძოლ კომისიას ჩაუყენეს სათავეში. სავინკოვი ხშირად მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ შეთქმულთა სათვალთვალოდ.
1924 წლის აგვისტოში ბორის სავინკოვმა ფარულად გადაკვეთა რუსეთ-პოლონეთის საზღვარი. მისი ეს ქმედება არსად აღნიშნულა არც სახელმწიფო მივლინებად და არც კერძო საქმედ. სავინკოვი მეორე დღესვე დაიჭირეს და გადასცეს სახალხო სასამართლოს. ძიებამ დაადგინა სავინკოვის მიერ საზღვრის არალეგალური გადაკვეთის მიზეზები, მაგრამ დანაშაულის მტკიცებულებების არსებობის გამო სასამართლოს მოუწია სავინკოვისათვის სასჯელის უმაღლესი ზომის განსაზღვრა.
ცნობილი შეიქნა, რომ დამნაშავე მხოლოდ სავინკოვი არ იყო, ამიტომ ხელისუფლების მაღალიჩინოსნები შეეცადნენ, გადაერჩინათ სავინკოვის სიცოცხლე და უმაღლესი სასჯელი 3 წლამდე პატიმრობით შეეცვალათ. საკითხი თითქოს შეთანხმებული იყო, როდესაც დადგენილების პროექტი სტალინს მიუტანეს ხელმოსაწერად. პროექტზე ხელი უკვე მოწერილი ჰქონდა ტროცკის, კამენევს, ზინოვიევსა და სხვებს. სტალინმა კატეგორიული უარი განაცხადა დადგენილების პროექტზე ხელის მოწერაზე და მას ეს კომენტარი დაურთო:
“მე არ შემიძლია სასჯელი შევამცირო სამ წლამდე, ეს საშიშია. გაუგებარია სიკვდილმისჯილისთვის სასჯელის შეცვლა სამ წლამდე პატიმრობით, თანაც ისეთი კაცისთვის, როგორიც სავინკოვია. თუ თქვენ არ მეთანხმებით, მე შემოგთავაზებთ ამ საკითხის განხილვას პოლიტბიუროზე” (სტალინის პირადი არქივი 558. აღწერა 11. საქმე 75. გვ. 2).
სავინკოვის საქმე პოლიტბიურომ სამჯერ განიხილა, შედეგად პოლიტბიუროს უმრავლესობამ სტალინს დაუჭირა მხარი. 1925 წლის მაისში ბორის სავინკოვმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე საკანში.
სტალინი ღრმად იყო დარწმუნებული ადამიანებშიც და თავის თავშიც. მას შეეძლო, შეეცნო ადამიანში სიკეთე და ბოროტება. სტალინის სიტყვებში ეჭვი აღარავის ეპარებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას მიმართ არ შეეძლო გამოეთქვა თავისი კომპეტენტური აზრი.
1932 წელს სტალინმა მკაცრად გააკრიტიკა უკრაინის შიხსახკომის ხელმძღვანელობა, კერძოდ, სტანისლავ რედენსი (სტალინის ქვისლი), პარტიული ხელმძღვანელობა, სტანისლავ კოსიორი და ვიაჩესლავ მენჟინსკი. სტალინმა 5 იანვარს შემდეგი შინაარსის წერილი გაგზავნა უკრაინაში:
“ყოვლად მიუღებლად მივიჩნევ შინსახკომის საგამომძიებლო ორგანოების მუშაობას რუმიანცევთან და მის თანამოაზრეებთან. უზრუნველყავით გამოძიების სასწრაფოდ დამთავრება და შედეგები მოახსენეთ ცენტრალურ კომიტეტს. ცეკას მდივანი სტალინი”. რუმიანცევი იყო ტრესტ “გროზნეფტის” ხელმძღვანელი (სტალინის პირადი არქივი 558. აღწერა 11. საქმე 42. ფურ. 104).
1931 წლის 19 სექტემბერს სტალინმა თხოვნით მიმართა ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მდივან ქართველიშვილსა და ამიერკავკასიის ჩეკას უფროს ბერიას: “მეტეხის იზოლიატორში ზის მასწავლებელი ნიკოლოზ დიმიტრის ძე მახარაძე, 73 წლის, მე მას ვიცნობ სემინარიიდან და, ვფიქრობ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგი. გთხოვთ, გაათავისუფლოთ მოხუცი და შედეგი მაცნობით. სტალინი” (სტალინის პირადი არქივი 558. აღწერა 11. საქმე 42. ფურ. 70).
სტალინის ხელიდან სხვა ბრძანებები და მითითებებიც გამოდიოდა. ანდრეევმა, რომელიც იმხანად, 1933 წელს, საბჭოთა კავშირის გზების უფროსად მუშაობდა და, ამასთანავე, იყო პოლიტბიუროს წევრი, თავის უწყებაში მომხდარი გაუგონარი ტერაქტის შესახებ, რომლის გამოც გასამართლდნენ ადამიანები და სასამართლომ მათ სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა გამოუტანა, სტალინს აცნობა. სტალინის პასუხი კი ასეთი იყო:
“მივიღე თქვენი დეპეშა რამდენიმე მავნებლის დახვრეტის შესახებ. ჩვენგან მოწონებულია. სტალინი. მოლოტოვი” (სტალინის პირადი არქივი 558. აღწერა 11. საქმე 46. ფურ. 32).
1933 წლის 31 მაისს დონბასის საოლქო კომიტეტის პირველ მდივან ნიკოლაი შვერნიკს მიღებული წერილის პასუხად გაუგზავნა დეპეშა, რომელშიც კონკრეტულად არის მითითებული სამუშაო გეგმა. კერძოდ, ნათქვამია:
“პირველი: საქალაქო კომიტეტის მდივნის წერილი, რომ დაიწყეს დონბასში წესრიგის დამყარება და ბრძოლა ფარული და ღია საბოტაჟის მომწყობთა წინააღმდეგ, ეს კარგია, საქმის ბოლშევიკური მიდგომაა, მაგრამ, თუ ეს საქმე დამთავრებული გგონიათ, უკვე დამღუპველია. თქვენ მიერ დაწყებული ბრძოლა პირველი ნაბიჯებია საქმის გასაკეთებლად. საბოლოოდ გამარჯვებას რომ მიაღწიოთ, უნდა მოიმოქმედოთ შემდეგი რამ: თქვენი ძირითადი მუშაობა და თვითკრიტიკა უნდა მიმართოთ დავალების შესრულების კონტროლისკენ ყველა საბადოსა და სამმართველოში. შეამოწმეთ ადამიანები სამუშაო ადგილებზე და აუცილებლად დასაჯეთ ისინი, ვისაც შორიდანაც კი ასდის მესაბოტაჟის სუნი. მხოლოდ ასეთ პირობებში შეიძლება გვქონდეს გამარჯვების მოპოვების იმედი.
მეორე: თქვენ აუცილებლად გჭირდებათ ჯგუფი, მაგალითად, სმირნოვის მეთაურობით. ეს ჯგუფი უნდა გაგზავნოთ “კავკაზუგოლში” სახალხო კომისართა საბჭოსა და ცენტრალური კომიტეტის დადგენილებათა ცხოვრებაში გასატარებლად. შერჩეული ამხანაგების სია წარმოგვიდგინეთ. ნუ დაიზარებთ და წინააღმდეგი არ ვიქნებით, თუ აღნიშნულ დეპეშას ადგილობრივი პრესით გააცნობთ საზოგადოებას. სტალინი. მოლოტოვი. კაგანოვიჩი” (სტალინის პირადი არქივი 558. აღწერა 11. საქმე 46. ფურ. 34).
რაც უფრო ვუახლოვდებით 1937-38 წლებს, იმატებს დაპატიმრებულთა რანგი. სტალინის რკინის ხელმა თუ, ერთი მხრივ, განამტკიცა ქვეყანაში დისციპლინა, მაგრამ, მეორე მხრივ, გამოიწვია გააფთრებული წინააღმდეგობა ხელისუფლებისა და პირადად სტალინის წინააღმდეგ იმ ადამიანებისა, რომლებიც გრძნობდნენ, რომ დამნაშავეები არიან და, ადრე თუ გვიან, მიაკითხავდნენ. ოპოზიცია არ ერიდებოდა დაუშვებელ ილეთებსაც: მოსყიდვას, ჯაშუშობას, გამცემლობას სამხედრო საქმეში. ქმედებამ უკუქმედება გამოიწვია, ქვეყანა აშკარა საფრთხის წინაშე დადგა. ღარიბ და ახალფეხადგმულ მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო ტორტმანებდა და სადაცაა დაეცემოდა. ამას ემატებოდა ფაშისტური გერმანიის დაუფარავი მოწოდება მარწუხებში აღმოსავლეთის მოქცევის შესახებ, მილიტარისტულ იაპონიასთან ომის საფრთხე. ახალშექმნილი ჯოჯოხეთური ღერძი _ ბერლინი–რომი–ტოკიო _ გამოუვალ მდგომარეობაში აყენებდა უფსკრულის წინაშე მდგარ ქვეყანასა და სტალინს. გარე ძალებთან ბრძოლასა და საგარეო პოლიტიკას ემატებოდა ქვეყანაში ფესვგადგმული საზღვარგარეთიდან მართული მეხუთე კოლონა.
სტალინი მტკიცედ მიუყვებოდა დასახულ გზას და საგარეო პოლიტიკის ლაბირინთებში ახერხებდა ომის დაწყების გადავადებას, მაგრამ შინაურ მტრებთან დიპლომატია და ტაქტიკა არ ჭრიდა. სამხედრო საიდუმლოებების გაყიდვამ, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის საბოტაჟით განადგურებამ, უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანა არა მხოლოდ სტალინი, არამედ ქვეყანა, მაგრამ, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, სტალინი არ კარგავდა წონასწორობას.
ერთ-ერთი საბჭოთა მხედართმთავარი გაია გაი, რომელმაც თავი გამოიჩინა სამოქალაქო ომში პოლონელებთან ბრძოლაში, შემდგომ სამხედრო-საჰაერო აკადემიის კათედრის გამგე გახდა. ტუხაჩევსკის აქტიური მოქმედების შედეგად, როგორც ბევრი სხვა, გაიც (ნამდვილი გვარი ბჟიშკიანცი) აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო გადატრიალებაში, რის გამოც 1935 წელს საპყრობილეში აღმოჩნდა. 1935 წლის 22 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა მინისტრ იაგოდას ბრძანებით, გაი მოსკოვიდან იაროსლავსკის ციხეში უნდა გადაეყვანათ. გაითვალისწინა რა პატიმრის მაღალი რანგი, იაგოდამ ბრძანება გასცა, გაი იაროსლავსკში ცალკე სამგზავრო კუპეთი გადაეყვანათ. მგზავრობისას პატიმარმა, რომელსაც სამი სპეცრაზმელი აცილებდა, საპირფარეშოში გაყვანა მოითხოვა, გამყოლებმა მისი თხოვნა დააკმაყოფილეს. როგორც კი ჩაიკეტა საპირფარეშოში, გაიმ სწრაფად ჩაამტვრია ფანჯარა და სიჩქარეაკრეფილი მატარებლიდან გადახტა. მომხდარის შესახებ დაუყონებლივ აცნობეს სოჭში მყოფ სტალინს. განრისხებულმა სტალინმა შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა მოლოტოვს, კაგანოვიჩსა და იაგოდას:
“როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა კომისარიატსა და საგამოძიებლო ნაწილს არა ჰყავს ხელმძღვანელობა, ჩემთვის გაუგებარია, რატომ გაგზავნეს პატიმარი გაი იაროსლავსკში განსაკუთრებული ვაგონით და არა საპატიმრო ვაგონით? რა წესრიგია ეს? კიდევ უფრო წარმოუდგენელია ამ მაწანწალის შეპყრობის სცენა, (რომლის შესახებაც სტალინმა სხვადასხვა არხით შეიტყო _ გ.ო.) შინაგან საქმეთა კომისარიატმა მობილიზაცია გაუკეთა 900 მომავალ მეთაურს, რომლებიც სწავლობდნენ სასაზღვრო სასწავლებელში, ნკვდ-ს ყველა თანამშრომელს, პარტიის წევრებს, კომკავშირლებს, კოლმეურნეებს და შეკრეს წრე რამდენიმე ათასი კაცისგან ასი კილომეტრის რადიუსით. გეკითხებით, რისთვის გვჭირდება საგანგებო კომისია (ჩეკა) ან რისთვის არსებობენ ისინი, თუ ყოველ გაქცეულზე ან უბრალო საქმეზე თავი უნდა მოვუყაროთ კომუნისტებს, კომკავშირლებს, კოლმეურნეებსა და მოსახლეობას? და თქვენ იცით, როგორი დამამცირებელია მთავრობისთვის ის ხმაური და შფოთი, რომელსაც იწვევს მსგავსი მობილიზაცია? ნუთუ არ დადგა დრო, რომ დავგმოთ და სასტიკად ავუკრძალოთ შიხსახკომს მსგავსი მობილიზაციები თავიანთი საქმისთვის გამოსაყენებლად. ეს აბდაუბდა თავიდან იქნებოდა აცილებული, რომ გაი არა სპეცვაგონით, არამედ საპატიმრო ვაგონით გადაეყვანათ. ვფიქრობ, შიხსახკომი სერიოზულად არის ავად და დროზე უნდა ვუმკურნალოთ. სტალინი” (სტალინის პირადი არქივი 558. აღწერა 11. საქმე 96. ფურ. 1).
სტალინის რისხვა პარტიული ელიტიდან პირველს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივან აბელ ენუქიძეს დაატყდა თავს. ის მიზეზთა გამო გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან და გარიცხული პარტიის რიგებიდან. აბელ ენუქიძე მრავალი წლის განმავლობაში ითვლებოდა სტალინის ახლო მეგობრად და თანამებრძოლად. ამის მაგალითია წერილი, რომელიც პარტიიდან გარიცხვამდე ორი წლით ადრე, 1933 წლის 25 ივლისს, გაუგზავნა დასასვენებლად მყოფ ენუქიძეს სტალინმა:
“ეცადე, დაიცვა დიეტა, _ არიგებს სტალინი. _ იმოძრავე მეტი და გამოჯანმრთელდები. ჩვენ გაგიგრძელეთ შვებულება ერთი თვით და ახლა საქმე შენზეა”. სტალინი წერილს ამთავრებს სიტყვებით: “მე კარგად ვარ, შენი სტალინი”.
პარტიიდან გარიცხვის შემდეგ ენუქიძე გაგზავნეს სამხრეთ კავკასიაში მთავრობის რწმუნებულად კისლავოდსკის რეზიდენციაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ენუქიძემ იქაც ვერ გაამართლა, და სოჭში მყოფმა სტალინმა 1935 წლის 7 სექტემბერს კაგანოვიჩის, ეჟოვისა და მოლოტოვის სახელზე წერილი გაგზავნა, რომელშიც პოლიტბიუროს წინაშე დასვა საკითხი, დაკავებული თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ ენუქიძე და სამუშაოდ გაეგზავნათ ხარკოვში, როსტოვში, ნოვოსიბირსკში ან ნებისმიერ სხვა ქალაქში, ოღონდ არა მოსკოვსა და ლენინგრადში. სტალინი წერდა, სოჭში მყოფი კალინინი და შკირიატოვი აღნიშნული წინადადების მხარდამჭერები არიანო.
10 სექტემბერს კაგანოვიჩმა სტალინს გაუგზავნა დეპეშა, რომლითაც აცნობებდა, რომ ენუქიძე განთავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა ხარკოვში შესაფერის თანამდებობაზე. ყოველივე ეს იმით დასრულდა, რომ ენუქიძის კვალში ჩამდგარმა საგანგებო კომისიამ გამოამზეურა მასზე საშინაო თუ საგარეო დაზვერვის მიერ მოპოვებული მონაცემები და სტალინიც წინ ვერ აღუდგა მტკიცებულებებს. აბელ ენუქიძე დააპატიმრეს და 1937 წელს დახვრიტეს.
1936 წლის აგვისტოში მოსკოვში დაიწყო ზინოვიევისა და კამენევის სასამართლო პროცესი. 17 აგვისტოს ეჟოვმა და კაგანოვიჩმა სტალინს მიმართეს თხოვნით, მიეცა მითითება, როგორ უნდა გაშუქებულიყო პრესაში აღნიშნული პროცესი.
სტალინმა გამოთქვა სურვილი, “ტროცკისტების ტერორისტული დაჯგუფების” სასამართლო პროცესს დათმობოდა “პრავდისა” და “იზვესტიის” თითო სვეტი ყოველდღიურად, ხოლო სხვა გაზეთებში _ ნახევარი სვეტი. იქვე იყო მითითებული, რომ სრულად ყოფილიყო გამოქვეყნებული საბრალდებო დასკვნა და პროკურორის გამოსვლა. ასევე მითითებული იყო, გაზეთებს გამოექვეყნებინათ ყოველგვარი გამოხმაურება, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. სტალინის მითითებით, სასამართო სხდომებზე უნდა დაეშვათ ცენტრალური გაზეთების _ “პრავდისა” და “იზვესტიის” _ მთავარი რედაქტორები. აგრეთვე, საზღვარგარეთული ბურჟუაზიული გაზეთების კორესპოდენტები და თანამშრომლები, მოსკოვში აკრედიტებული ელჩები.
სასამართლო პროცესის დასასრული ყველასთვის ცნობილია და მას აღარ განვიხილავთ. მკითხველს გავაცნობ მხოლოდ სტალინის პირად დამოკიდებულებასა და განცდებს აღნიშნული პროცესის მიმართ.
მას შემდეგ, რაც სასამართლოს პირველ სხდომაზე ტერორისტებმა აღიარეს კიროვის მკველეობა და ამ აღიარებაში ეჭვი არავის შეუტანია, საზოგადოებას უფრო რეალურად რომ დაენახა “ტროცკისტებისა და ზინოვიევის ტერორისტული ჯგუფის” საქმიანობა, 19 აგვისტოს კაგანოვიჩსა და ეჟოვს, რომლებმაც გააცნეს სასამართლოს პირველი სხდომის შედეგები, სტალინმა შიფროგრამით უპასუხა:
“ჯერჯერობით მოხსენით რადეკის დაპატიმრების საკითხი, მას შემდეგ, რაც მან თავისი ყურით მოისმინა ტერორისტების საქმიანობაზე, მიეცით საშუალება, დაწეროს წერილი “იზვესტიაში” სრული სიმართლით ტროცკის როლზე ტერორისტული აქტის მომზადებაში.
22 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც მსოფლიოსთვის ცნობილი შეიქნა ლენინგრადის საშინელი ტრაგედიის შესახებ, კაგანოვიჩმა, ეჟოვმა და ორჯონიკიძემ აცნობეს სტალინს, რომ 22 აგვისტოს თავი მოიკლა ტომსკიმ. სტალინს ისიც აცნობეს, რომ ტომსკიმ დატოვა წერილი სტალინის სახელზე, სადაც თავს იმართლებს და იფიცებს, რომ დამნაშავე არ არის.
“ვფიქრობთ, _ წერს სამეული, _ დავკრძალოთ იქვე, ბოლშევოში. მეორე. მივცეთ ცნობა გაზეთში”.
სტალინი განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებდა თვალს სასამართლო პროცესის მიმდინარეობას და შესაბამის რეაქციას გამოხატავდა განსასჯელთა ჩვენებებზე, რომელსაც ისინი სასამართლოს მოახსენებდნენ.
1936 წლის 24 აგვისტოს სასამართლომ განსასჯელთა უმრავლესობას სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა _ დახვრეტა. განსასჯელებმა შეწყალება ითხოვეს (გარდა გოლცმანისა, რომელმაც განაცხადა, რომ “იმსახურებს დახვრეტას და უნდა დაიხვრიტოს”). ყველა სიკვდილმისჯილს უარი ეთქვა შეწყალებაზე. ამის შესახებ სოჭში მყოფ სტალინს გაუგზავნეს ცნობა, რომელსაც ხელს აწერდნენ კაგანოვიჩი, ორჯონიკიძე, ვოროშილოვი და ეჟოვი. სტალინიც დაეთანხმა.
28 აგვისტოს დისტანციურად მართულ კაგანოვიჩს სტალინმა დაავალა, ევროპულ ენებზე ეთარგმნა სასამართლოს გადაწყვეტილება და გაევრცელებინა:
“ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად და გავრცელდეს ფართოდ, მხეცების ბანდა ლიკვიდირებულია, დაე, ამის შესახებ შეიტყოს ყველამ”.
1936 წლის 16 აგვისტოდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, სტალინისთვის მიწერილი და მის მიერ პასუხად გაგზავნილი წერილებიდან ნათლად ჩანს ქვეყნის უკიდურესი მდგომარეობა და ამ მდგომარეობის გამოსწორებისთვის მებრძოლი ცენტრალური ფიგურა _ სტალინი, რომლისკენაც მიპყრობილია დედამიწის ერთი მეექვსედის მცხოვრებთა ყურადღება და რომელიც არის მსოფლიოს დიდი სახელმწიფოების პოლიტიკური ინტერესებისა და შურისძიების ობიექტი.
და რაოდენ საცოდავი არიან იმ ერის მოქალაქეები, ხელის გულით რომ ცდილობენ მზის დაბნელებას.
გრიგოლ ონიანი
(გაგრძელება იქნება)