საჰაერო თავდაცვის რუსული კომპლექსები, რომლებიც თურქეთმა შეიძინა, დასავლურ ანალოგებზე გაცილებით უკეთესია და საჰაერო სივრცის გაკონტროლების საშუალებას იძლევა.
“კომპლექსი C-400 მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, _ მიიჩნევს ჯასტინ ბრონკი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ლონდონის გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის მეცნიერი-თანამშრომელი. _ მის რადარებსა და რაკეტებს შეუძლია საჰაერო სივრცის გაკონტროლება”, _ აცხადებს ბრონკი.
საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში შემუშავებული კომპლექსი არმიას 2007 წელს გადაეცა. მას სახელმწიფო საწარმო “ალმაზ-ანტეი” უშვებს. “კომპლექსი აღჭურვილია ოთხი რაკეტით და სიშორე 40-დან 400 კილომეტრამდე მერყეობს”, _ ამბობს თავდაცვისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი გილერმო პულიდო. დასავლურ მსგავს სისტემებს ნაკლები სიშორე აქვს (100 და 150 კილომეტრი) და ნაკლები რაოდენობის რაკეტებითაა აღჭურვილი.
C-400-ის კომპლექსების რაკეტებს შეუძლია განავითაროს საათში 17 ათასი კილომეტრი სიჩქარე, რაც გაცილებით აჭარბებს ნებისმიერი საჰაერო ხომალდის სიჩქარეს. კომპლექსის რადარები, რომელთა მოქმედების რადიუსი 600 კილომეტრია, უზრუნველყოფს საჰაერო სივრცის თვალთვალს, ხოლო მის რაკეტებს “მიწა-ჰაერი” შეუძლია გადალახოს ზონები, სადაც ფრენა შეუძლებელია. კომპლექსი, აგრეთვე, აღჭურვილია მობილური რადარებით, რომლებითაც შესაძლებელია რაკეტების მიზანში ზუსტი მოხვედრის უზრუნველყოფა. C-400-ის რადარებისთვის მიუწვდომელია მხოლოდ ამერიკული ბომბდამშენები _ F-22 და B-2, _ ასკვნის ბრონკი.
2011 წლის 28 აგვისტოს რუსეთმა C-400 კომპლექსები ათზე მეტ თავის რეგიონში განათავსა, ასევე, _ მიერთებულ ყირიმში და სირიის ჰმეიმიმის ბაზაზე, მას შემდეგ, რაც თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა რუსეთის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. აპრილში რუსეთმა თავდაცვის ამ სისტემების ჩინეთისთვის მიწოდება დაიწყო. ინდოეთიც მოელაპარაკა რუსეთის ფედერაციას ამ კომპლექსების შესყიდვაზე. თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის კომპლექსების შეძენა სურთ ირანს, საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, ყაზახეთს, ვიეტნამსა და ბელარუსს.
რუსეთი თავისი წარმოების იარაღის ერთ მეოთხედს მთელ მსოფლიოში ყიდის და ჩამორჩება მხოლოდ აშშ-ს (33 პროცენტი).
იარაღის იმპორტის მოცულობით თურქეთი მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა. მისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებლებია აშშ, იტალია და ესპანეთი.