წინამდებარე სტატიის დაწერამდე გულდასმით გადავიკითხე “საქართველო და მსოფლიოს” ამა წლის 28-ე ნომერში გამოქვეყნებული ჩემი წერილი “ჩვენ სიყვარულით დიდ თვალებში ვუყურებთ ლენინს”, რომელმაც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ეფექტი იქონია ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილზე. გადავიკითხე, რადგან მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რაიმე პირადული ან ტექნიკური უზუსტობა ხომ არ გამეპარა–მეთქი და არცთუ ტყუილად.
გამახარა სტატიის ინტერნეტვერსიაზე ე.წ. ლაიკების სიმრავლემ (ათასამდე) და გამიკვირდა, რომ უამრავ კომენტარში, არც ერთი არ არის ჩემი საწინააღმდეგო. პირიქით, მადლობას მეუბნებიან სიმართლის თქმისთვის და შემდგომაც ასე გაგრძელებას მთხოვენ. მკითხველის ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის ყველაზე დიდი “ჰონორარი” და სტიმულია მომავალშიც საშიშზე უშიშრად წერისა…
თუმცა ერთი ლაფსუსი მაინც ვიპოვე: “ცოცხალთა შორის ერთადერთი დიდი პოეტი”, _ ასე მიწერია ერთ ადგილას ბატონ რეზო ამაშუკელზე. არადა, უნდა იყოს “ერთ-ერთი”. ღმერთმა დაიფაროს ქართული მწერლობა, რომ მხოლოდ ერთი დიდი პოეტის იმედად იყოს. ეს ერთი და მეორე _ შეიძლება ეს ტექნიკური ლაფსუსი (რომელიც შეიძლება ჩემგან რეზო ამაშუკელისადმი ლიქნად აღიქვა მავანმა) შეიქნა ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) მიზეზ-საბაბი იმისა, რომ თაკო ჩარკვიანმა ჩემი წერილი ამაშუკელის დაკვეთად აღიქვა და, ალბათ, არა მხოლოდ მან.
ღმერთია მოწამე, რომ ამ თემაზე აღარ ვაპირებდი არაფრის თქმას, მაგრამ ამ წერილის დაწერა მაიძულა ჟურნალ “სარკეში” (16-22 აგვისტო) ერთდროულად გამოქვეყნებულმა სამმა ინტერვიუმ _ ქალბატონ თაკო ჩარკვიანთან, ბატონ რეზო ამაშუკელთან და ჩემთან. უფრო ზუსტად, რეზო ამაშუკელის მიერ ნათქვამმა ტყუილმა, რომ მან ორი წლის წინათ რუსთაველის თეატრში გამართული “ლაზარეს” შეკრებიდან გამაპანღურა… არ ვაპირებდი ჩარკვიანების ხსენებას, მაგრამ, რადგან სიტყვამ მოიტანა, ქალბატონი თაკო ჩარკვიანის ინტერვიუს მხოლოდ დასაწყისს შევეხები.
ციტატა: “გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” დაიბეჭდა უბინძურესი წერილი, რომელსაც ვიღაც დ. მხეიძე აწერს ხელს. აზრზე არა ვარ, ვინ არის, ასეთს არავის ვიცნობ”…
კაცი რომ იყოს, ვეტყოდი: _ მაშ, მტყუვნის?.. მაგრამ, რადგან მანდილოსანია, მორიდებით შევკადრებ, რომ ცრუობს. ქალბატონ თაკოს ან ნაადრევად შეჰყრია ამნეზია, ან მის უკეთილშობილესობას “ვიღაც (ბოგანო-უგვარო) დ. მხეიძესთან” ნაცნობობა ეთაკილება. ამიტომ შევახსენებ ქალბატონ პუბლიცისტს, რომ მე ის “დ. მხეიძე” ვარ, რომელიც ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანის თხოვნით (იმხანად გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” ვაქვეყნებდი წერილებს), _ ე, ბიჭო, ჩემთანაც მოიტანე რამეო, თქვენს ახალფეხადგმულ გაზეთ “ქართულ სიტყვაში” 2-3 თვის განმავლობაში ვწერდი და არაერთხელ განგვიხილია “ვიღაც დ. მხეიძესა” და ქალბატონ თაკოს ჩემი მასალის ავ-კარგი.
ქალბატონი თაკოსთვის აბზაც-აბზაც პასუხის გაცემას არ ვაპირებ. მხოლოდ ერთი რემარკა იმ ინტერვიუში მიმობნეულ მრავალ სიცრუეთაგან ერთ-ერთზე, რომლითაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს ქალბატონი: “ფაქტი თქვა ადამიანმა, ჩემი სამშობლო ოკუპირებულიაო და ამის გამო შეიძლება ასეთი რამ გააკეთო?!”
ოკუპირებული რომ არის ჩვენი სამშობლო, 9 წელიწადია, ვიცით და, დეოკუპაციისთვის ოკუპანტის ყვირილისა და მცოცავი ოკუპაციის ზონაში უაზრო “საპროტესტო გასვლების” გარდა, რომ არაფერი გაუკეთებია ხელისუფლებასა თუ ოპოზიციად წოდებულ ნაცბანდას, ესეც ცხადია. “ასეთი რამ” იმიტომ კი არ გავაკეთე, რომ ვიღაცამ თქვა, ჩემი სამშობლო ოკუპირებულიაო, არამედ იმიტომ, რომ ბატონმა ჯანსუღმა, ნებისით თუ უნებლიეთ, “მუსულმან–რუსულმანობის” აშკარად უადგილო ფუნაგორიით ტოლობის ნიშანი დასვა არაბებს, თურქ–სელჩუკებს, სპარსელებს, ოსმალებს, სხვა მომხვდურსა და რუსებს შორის, რაც ყველა ნორმალურად მოაზროვნე ქართველისთვის მიუღებელია თუნდაც მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ რუსეთი, ჩამოთვლილ მტერთაგან განსხვავებით, ერთმორწმუნე იყო და, შესაბამისად, ქართველებმა სარწმუნოება შევინარჩუნეთ, რაც ქართული უნიკალური თვითმყოფადობის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის შენარჩუნების ტოლფასი იყო, რადგან ქართველი ერის გენეტიკურ კოდში საუკუნეების განმავლობაში ჩადუღაბდა: მართლმადიდებლობა ქართველობას ნიშნავდა და პირიქით, ქართველობა _ მართლმადიდებლობას.
მით უმეტეს _ რუსეთის კულტურულ წრეებშიც კარგად ცნობილი ქართველი პოეტისაგან ნათქვამი ამგვარი ფუნაგორია მოცემულ დროსა და სივრცეში იმ სამშობლოსთვის, რომელიც ოკუპირებულია, მხოლოდ ზიანის მომტანია.
რუსეთი ოკუპანტია და თურქეთი მეგობარი?
ვისაც ისტორიული მეხსიერების ყურთასმენა დახშული არ აქვს, დღესაც ესმის განწირული წივილ–კივილი ულამაზესი ქართველი გოგო–ბიჭებისა, რომლებსაც თურქი იანიჩარები სამი საუკუნის განმავლობაში სტამბოლის მონათა ბაზრისკენ მიერეკებოდნენ. ისტორიკოსთა ბოლოდროინდელი კვლევების შედეგების მიხედვით, სამი საუკუნის განმავლობაში ბრძოლის ველზე იმდენი ქართველი არ დაცემულა, რამდენიც სტამბოლის მონათა ბაზარზე გაიყიდა. ჰოდა, თუნდაც მხოლოდ ამიტომ ვერ დავსვამ ტოლობის ნიშანს თანამედროვე თურქეთსა და რუსეთს შორის.
მიუხედავად ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, წინამდებარე წერილის დაწერა ბატონი რეზო ამაშუკელის მიერ ინტერვიუში ნათქვამმა ტყუილმა განაპირობა და, თუ სხვა თემებზეც მომიწევს საუბარი, პოეტის ტყუილებიდან გამომდინარე…
მას შემდეგ, რაც “სარკის” ჟურნალისტთან საუბრისას კატეგორიულად გამოვრიცხე ბატონი რეზო ამაშუკელის რაიმე კავშირი ბატონი ჯანსუღისადმი ჩემ მიერ მიძღვნილ “პასკვილთან”, იმავე ჟურნალისტის კითხვას ერთ-ერთმა დიდმა პოეტმა უპასუხა:
“დავით მხეიძე, სცენაზე რომ ამომივარდა, პანღურით გავაგდე. მესამე წელია, მასთან არავითარი ურთიერთობა არ მაქვს და არც მექნება. კაცი რომ ერთხელ მიღალატებს, მასთან ურთიერთობას ვეღარ შევძლებ. ახლა კი ცდილობს რაღაცას, მაგრამ გამორიცხულია ეს ურთიერთობა”…
და ამიტომ სტატიის მომდევნო ნაწილს შეიძლება ვუწოდოთ ღია წერილი ბატონ რეზო ამაშუკელს!
რეზო ამაშუკელის ინტერვიუთი აღშფოთებულმა სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე განცხადება: ისეთ პასუხს მიიღებ, კბილებში ოფლი გდიოდეს და ოთახში მეხუთე კუთხეს ეძებდე-მეთქი! ამიტომ, აბზაც-აბზაც კი არა, სულ ასო-ასო უნდა გავცე პასუხი მხცოვან პოეტსა და მის ქალიშვილს, ქალბატონ ბაია ამაშუკელს, რომელიც ტოლს არ უდებს მამას სიცრუეში.
სოციალურ ქსელში მეგობრებს ვთხოვე, თუ ვინმე იყავით “ლაზარეს” იმ შეკრებაზე, გამომეხმაურეთ _ იქნებ მართლა ამომკრა პანღური ბატონმა რეზომ და არ მახსოვს-მეთქი?! გამომეხმაურნენ და, რაც დამიდასტურეს, ქვევით მოგახსენებთ, მანამდე კი ბატონი რეზოსთვის პასუხის გაცემას ინტერვიუს ბოლოდან დავიწყებ.
რას გულისხმობთ, ბატონო რეზო, როდესაც ჩემზე ამბობთ: “ახლა კი ცდილობს რაღაცას, მაგრამ”? იმას ხომ არა, რომ, როგორც კი შევიტყვე, წერილის “ზაკაზჩიკობას” გაბრალებდნენ, მაშინვე დაგირეკეთ და გაგაფრთხილეთ? თუ გგონიათ, რომ ეს თქვენთან ურთიერთობის აღსადგენად გავაკეთე, ძალიან ცდებით _ მიუხედავად იმისა, რომ “გამაპანღურეთ” და, მესამე წელიწადია, არაფერი მაკავშირებს თქვენთან, მე მხოლოდ ჩემი კაცური ვალი მოვიხადე _ სიმართლე ვთქვი.
ან რომ ამბობთ: “კაცი რომ ერთხელ მიღალატებს”… ვინ გგონიათ თავი?
უპირობო ერთგულება არც მეფის შეიძლება და არც პატრიარქის, რადგან ისინიც ადამიანები არიან და შეცდომისგან არ არიან დაზღვეულნი. მხოლოდ მონა ან ცხოველია უპირობოდ პატრონის ერთგული. ადამიანს უპირობო ერთგულება მხოლოდ სამშობლოსა და სარწმუნოების მიმართ მართებს.
რაც შეეხება მეგობრობას, იყო დრო, მართლა გთვლიდით ჩემს უფროს მეგობრად და მე კი არ გიღალატეთ, თქვენ უღალატეთ იმ ღირებულებებს, რომელთა გამოც თქვენთან მეგობრობით ვამაყობდი. მე იმ პიროვნებებთან ვმეგობრობ, რომლებიც იზიარებენ ჩემს თვალსაზრისს კაცობაზე, მამულიშვილობაზე, სარწმუნოებაზე და ა.შ. თორემ ბავშვობაში ერთ “გარშოკზე” ჯდომა ნამდვილი ძმაკაცობა-მეგობრობის საწინდარი ვერ იქნება.
ახლა კი მკითხველს ვთავაზობ ფეისბუქ-მეგობრების გამოხმაურებების ნაწილს ჩემი “გაპანღურების” შესახებ:
*ჯენი ბურჯანაძე: _ მე ვესწრებოდი შეკრებას. სწორს ამბობთ. სავსებით დამეკარგა რეზო “ბიძინიჩზე” წარმოდგენა. ჰმ… ედუარდის მეხოტბეზე არც ადრე ვიყავი კარგი წარმოდგენის. ქართველმა ხალხმა ბიძინას ფეხებზე უნდა აკოცოსო, _ განაცხადა ამას წინათ ბატონმა რეზომ. ლამის ღებინება დამეწყო. რას ერჩის მხცოვანი კაცი საქართველოს მოსახლეობას?! თვითონ დაუკოცნოს ფეხები და სხვა ინტიმური ადგილები ჭორვილას. მიკვირს, რა გაუჭირდა იმის ფასი, რომ უსირცხვილოდ იტყუება?!
*გია მესხი: _ ამ კრების დამსწრე ადამიანი ვადასტურებ, რომ რეზო ამაშუკელი ტყუის, რადგან რეზოსთან ცოტა კამათის შემდეგ დავითი მართლაც გამოვიდა სიტყვით და დაიმსახურა ტაში. შემდეგ კი პროტესტით დატოვა დარბაზი და არავის გაუგდია.
*გოჩა ჩიტაია: _ შეკრებაზე არ ვყოფილვარ, მაგრამ კომენტარებიდან ჩანს შავი და თეთრი. ამაშუკელი აჭარბებს და ნამეტანი უძვრება ზოგიერთს!
*ფბ–სახელი “გეოგრაფია”: _ მე იქ ვიყავი! დათო წასვლას აპირებდა და ჩვენ, დარბაზმა, მოვაბრუნეთ…
ეს კომენტარები, ვფიქრობ, ნათლად მეტყველებს დიდი პოეტის სიცრუეზე.
მას შემდეგ, რაც ჩვენი მეგობრობა დასრულდა, სიტყვა არსად დამიძრავს, რა და რატომ მოხდა იმ საღამოს რუსთაველის თეატრში და ვიმეორებ, არც ეს წერილი დაიწერებოდა, რომ არა ჩემი შეურაცხყოფა.
ახლა კი დუმილს ვარღვევ, რათა, როგორც ბატონ ჯანსუღს უყვარს თქმა, საზოგადოებამ იცოდეს, “ვისი ვიოლინო ვის როიალშია”…
მართებულად მიმაჩნია დუმილის დარღვევა იმიტომ, რომ “იუთუბიზე” დღესაც დევს 2013 წლის 19 მარტისა და 2014 წლის 6 ნოემბრის შეკრებების (რომლებიც რუსთაველის თეატრის ხალხით გადაჭედილ დარბაზში გაიმართა და ორივეგან მერგო სიტყვით გამოსვლის პატივი) ვიდეოკადრები. დააკვირდით თარიღებს _ ეს ის წლებია, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დიდების ზენიტშია და, როგორც დღეს, მოსახლეობის ნდობა დაკარგული არა აქვს. ვერსად იპოვით მხოლოდ კადრებს “ლაზარეს” მესამე, ანუ, ჩემი “გაპანღურების” ამსახველი შეკრებისა, რომელიც, წინა ორისგან განსხვავებით, რუსთაველის თეატრის ნახევრად ცარიელ დარბაზში გაიმართა 2015 წელს (თვე და რიცხვი არ მახსოვს), როდესაც ივანიშვილის რეიტინგი ეცემოდა და ჩემთვის საყდრისის აფეთქების შემდეგ სრულიად განულდა… იმ შეკრების წინა საღამოს ბატონმა რეზომ დამირეკა,_ ამჯერად სიტყვას არ მოგცემო. კითხვაზე _ რატომ? მიპასუხა: ჩემი სცენარი მაქვს, რომელშიც შენ ვერ ჯდებიო თუ რაღაც მსგავსი.
ნახევრად სავსე დარბაზის პარტერში ვიჯექი და სხდომის დაწყებას ველოდებოდი, როდესაც ბატონი რეზოს ქალიშვილი ბაია ამაშუკელი შემოვიდა. მას ნახევრად ხუმრობით ვუთხარი, მოვედი ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის შპსდქცეული “ლაზარეს” სხდომაზე, რათა “გავაპრავო” ბიძინა ივანაშვილის ქმედება თუ უმოქმედობა-მეთქი. ქალბატონი ბაია კულისებში გაუჩინარდა და, ჩანს, ყველაფერი მამას ჩაუკაკლა, რადგან მალე დამირეკა ბატონმა რეზომ, _ აი ზუსტად მაგიტომ არ გაძლევ სიტყვასო.
საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს მიხეილ სააკაშვილისა და ჯონ მაკეინის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელშიც ამერიკელი სენატორი მიშას ეუბნება, ივანაშვილის ნუ გეშინიათ, რადგან, თუ ჭკვიანად არ იქნება, მილიარდებს უცბად გაუნულებენო. სწორედ ამ სატელეფონო საუბრის სტენოგრამით გახსნა “ლაზარეს” შეკრება ბატონმა რეზომ და იქვე დასვა დიდაქტიკური კითხვა: _ მაშ, ეს სახელმწიფოა?
რამდენიმე ადამიანი გამოვიდა სიტყვით. ისინი, ბატონი რეზოს სცენარის მიხედვით, ყველას ადანაშაულებდნენ, ბიძინას გარდა. ვეღარ მოვითმინე და პარტერიდან ბატონ რეზოს დავუძახე: ბატონო რეზო, მაძლევთ სიტყვას? როცა მიპასუხა, არაო, დარბაზს მივმართე, ამ ზღაპრების მოსმენა გინდათ თუ ავიდე სცენაზე მიკროფონთან და სიმართლე გითხრათ-მეთქი?
_ ადი, ადი! _ ამ შეძახილებით, ტაშის გრიალში მივედი მიკროფონთან _ ხალხის მოთხოვნის წინააღმდეგ წასვლა ვერ გაბედა შპს “ლაზარეს” დირექტორმა. მე კი განვაცხადე, ივანიშვილის მილიარდებს არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა-მეთქი. საკმაოდ ვრცელ სიტყვას დამსწრე საზოგადოება შიგადაშიგ ტაშითა და გამამხნევებელი შეძახილებით მაწყვეტინებდა. ბოლოს კი აპლოდისმენტების თანხლებით დავტოვე დარბაზი და, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, უკან ბევრი გამომყოლია.
ჩემი დემარშით შეკრება, პრაქტიკულად, ჩაიშალა და, თუ პანღურზეა ლაპარაკი, სწორედ ეს დემარში იყო ფიგურალური პანღურიცა და ჭიტლაყიც დიდი პოეტისა და შპს “ლაზარეს” დირექტორ რეზო ამაშუკელისთვის, ჩემგან ამოკრული!
ამ ჭიტლაყ-პანღურიდან დაახლოებით ერთ საათის შემდეგ რეზო ამაშუკელმა დამირეკა,_ შე ხურუშიანო, ეს რა მიქენიო, მაგრამ ადეკვატური პასუხი მიიღო, რასაც აქ ვერ გავიმეორებ.
მეორე დილას კი ვიღაც უცხო მამაკაცმა დარეკა ბინის ტელეფონზე და ჩემ ცოლს უთხრა, ბატონ რეზოს გულის შეტევა დაემართა და, თუ რამე მოხდა, დათო დაკრძალვაზე არ მოვიდესო. მობილურზე რომ დაერეკა იმ უცნობს, კიდევ ვიფიქრებდი, საიდანღაც შეიტყო ჩემი ნომერი-მეთქი, მაგრამ ბინის ტელეფონი ჩემი ცოლის გვარზეა და ნომერს მხოლოდ ბატონი რეზოს კარნახით თუ გაარკვევდა ანონიმი. შესაბამისად, სწორედ რეზო ამაშუკელის დავალება იყო ეს შანტაჟის ზარი. ამ ეჭვს ისიც მიმტკიცებს, რომ ბატონი რეზოს მკურნალმა ექიმმა არაფერი იცოდა პაციენტის ცუდად ყოფნის შესახებ.
რაც შეეხება ბაია ამაშუკელს, მას ამას წინათ შემთხვევით შევხვდი საჯარო ბიბლიოთეკაში. ეტყობა, წაკითხული ჰქონდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ჩემი პოსტი, სადაც მამამისს ვპირდებოდი, რომ “გაპანღურებას” არ ვაპატიებდი და “შებმა” დამიწყო, რათა რამე არ დამეწერა, _ ხომ იცი, ამით მტრის წისქვილზე დაასხამ წყალს, არ ღირს ამ თემის აჟიტირებაო და ა.შ.
კითხვაზე _ რას მერჩოდი, როცა თაკო ჩარკვიანისადმი მიწერილ წერილში ჩემზე წერდი _ “დათო მხეიძეზე “ლაზარეს” შეკრებაზე რეზოს მიმართ განხორციელებული დემარშის შემდეგ ჩემი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა. მიმაჩნია, რომ დემარშის დროსაც ვიღაცის დავალებას ასრულებდა და ამ წერილითაც იგივე გააკეთა იმიტომ, რომ, თუ (როგორც თავად წერს) ორი წელი ინახავდა ამ წერილს, რაღა მაინცდამაინც ახლა მოუნდა მისი გამოქვეყნება?” _ ქალბატონმა ბაიამ ჯერ საერთოდ უარყო, _ ასეთი რამ არ დამიწერიაო. ხოლო როდესაც აღვშფოთდი,_ როგორ, საპასუხო წერილისთვის მასალებს ვაგროვებ და ეგ პასაჟი, თითქოს მე ვიღაცის დაკვეთით მოვაწყვე დემარში და წერილი დავწერე, საგანგებოდ მაქვს ამობეჭდილი შენი ღია წერილიდან-მეთქი, მიპასუხა, ასეთი რამ არ მახსოვს და, შინ რომ მივალ, გადავიკითხავო.
ნეტავ, ახლა რას იტყვის? _ ეს ერთი, და მეორე _ პუბლიცისტობაზე პრეტენზიის მქონეს არ უნდა სჭირდებოდეს ახსნა, რომ “ორი წელი ვინახავდი” ფიგურალური ნათქვამია. ორი წლის განმავლობაში ლენინზე დაწერილ იმ ლექსებს ვინახავდი, რომლის ავტორობაც უარყო ბატონმა ჯანსუღ ჩარკვიანმა, ხოლო ორი წლის წინათ დაწერილი სტატია, რომელიც მხოლოდ ლენინზე “არდაწერილ” ლექსებს ეხებოდა, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მთავარი რედაქტორისა და ბატონი ჯანსუღის ერთ-ერთი მეგობრის თხოვნის გამო არ დაიბეჭდა. ახლა კი მუსულმან-რუსულმანობამ სრულიად სხვა შინაარსის სტატია დამაწერინა.
ბაია ამაშუკელი იმავე ღია წერილში თაკო ჩარკვიანს ამუნათებს:
“მისი (თაკო ჩარკვიანის) აზრით, მხეიძის წერილი პოეტ რეზო ამაშუკელის მითითებითა და რჩევით დაიწერაო”, ჩემო თაკო, ეს უკვე სერიოზული ბრალდებაა, ცილისწამებას თუ არ დავარქმევთ და ამაზე “ღირსებისა და პატივის შელახვისთვის” პასუხისმგებლობაც ეკისრება ადამიანს”…
ქალბატონო ბაია!
ჩემ მიმართ თქვენგან უსაფუძვლო ბრალდება ვიღაცის დაკვეთით დემარშის მოწყობისა და სტატიის დაწერის შესახებ ცილისწამება და ღირსების შელახვა არ არის? თუ არა, მაშინ დაასახელეთ ჩემი “ზაკაზჩიკები”…
თუმცა ნაწილობრივ დაასახელა კიდეც. საჯარო ბიბლიოთეკაში “ყურში ჩამჩურჩულა,” _ დემარშის დამკვეთი, თავდაპირველად, “ტარხუნა” (დავით თარხან–მოურავის “კლიჩკა” ყოფილა სკოლაში) გვეგონა, შენ ხომ იმ პერიოდში “პატრიოტთა ალიანსიდან” დეპუტატობის კანდიდატად განიხილებოდიო. თუმცა ვერაფრით მივხვდი, რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი შეიძლებოდა არსებულიყო ჩემ დეპუტატობის კანდიდატობასა და ბატონი დავით თარხან-მოურავისგან ჩემთვის დემარშის დაკვეთას შორის.
ისე, ქალბატონმა ბაიამ თავისი დაწერილი უარყო და, ალბათ, ამაზეც უარს იტყვის, _ მსგავსი არაფერი მითქვამსო.
აი კიდევ ერთი პასაჟი ბაია ამაშუკელის ღია წერილიდან:
“ან, იქნებ, ისიც უნდა დამეჯერებინა, რასაც ხალხში საუბრობენ, რომ “ჩარკვიანები, თაკოსთვის კულტურის მინისტრის მოადგილედ დანიშვნაზე უარის გამო, გაუნაწყენდნენ ბიძინა ივანიშვილსო. ხოლო, რადგან მამა ძველ პოზიციაზე დარჩა და ალასანიას ღალატი არ აპატია, ახლა ის გახდა ჩარკვიანების დაუძინებელი მტერიო”…
ღმერთო, ეს რა დღეში ვარ, უნებურად თაკო ჩარკვიანის ადვოკატი გავხდი!
ქალბატონო ბაია, რასაც თქვენ ხალხში საუბარს უწოდებთ, ცხონებული გივი ბერიკაშვილი წყაროზე საუბარს ეძახდა და, რასაც იქ საუბრობენ, როგორც წესი, სიმართლეა.
დიახ, ჩარკვიანები იმიტომ განუდგნენ ბიძინა ივანიშვილს, რომ თაკო ჩარკვიანი, სულ რაღაც, ერთ კვირას იყო კულტურის მინისტრის მოადგილე.
მაგრამ წყაროზე იმასაც ლაპარაკობენ, რომ ბაია ამაშუკელი სმირნოვების გაუხსნელი მუზეუმის დირექტორად დაინიშნა 2015 წლის მარტიდან და, ალბათ, შესაბამისი სოლიდური “აკლადითაც”, ხოლო ბატონი რეზო ბიძინას სტაჟიანი “სტიპენდიანტი” რომ არის, ეს ისეთი ძველი ამბავია, რომ წყაროზეც აღარ საუბრობენ.
აი ეს არის ბატონი რეზო ამაშუკელის “ერთგულების” საიდუმლო და არა ის, რომ იგი ძველ პოზიციებზე დარჩა და ალასანიას ღალატი არ აპატია!
ორივე პოეტი _ ბატონი ჯანსუღი და ბატონი რეზო _ შევარდნაძეს ერთგულებდა და მათი, რბილად რომ ვთქვათ, ფარული ქიშპიც ედუარდ შევარდნაძის ცეკას მდივნობის პერიოდიდან დაიწყო, ხოლო თეთრი მელას გაპრეზიდენტების შემდეგ ამ ქიშპმა, ვინ უფრო ახლოს იქნებოდა მეფის სუფრასთან, აპოგეას მიაღწია.
აი სხვა პასაჟი ბაიას ღია წერილიდან, რომელიც ორი კაპასი ქალის მიერ ერთმანეთის თმით თრევას უფრო ჰგავს, ვიდრე პუბლიცისტიკას:
“შენი და დათო მხეიძის ადგილზე კი საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დეზინფორმაციისთვის (“არიქა, რეზო ამაშუკელი 85 წლის კოლეგას სასიკვდილოდ იმეტებსო”), სულ “პაწია” (შენს საყვარელ ფრაზას ვიხმარ) ბოდიშს მაინც მოვუხდიდი რეზო ამაშუკელს თუ არა, ქართულ საზოგადოებას მაინც”…
ეს უკვე მეტისმეტია, ქალბატონო ბაია!
იმდენჯერ მახსენებთ ქალბატონი თაკოსადმი მიწერილ წერილში, რომ თავისუფლად შეგეძლოთ თქვენი პუბლიცისტური შედევრისთვის დაგერქმიათ “ღია წერილი თაკო ჩარკვიანსა და დავით მხეიძეს”. ქალბატონი თაკოსი არ ვიცი, მაგრამ მე ქართველ საზოგადოებასთან საბოდიშო არაფერი მაქვს იმიტომ, რომ, სიმართლის გარდა, არაფერი მითქვამს და, შესაბამისად, ქართველ (და არა ქართულ, როგორც თქვენ წერთ) საზოგადოებას შეცდომაში ვერ შევიყვანდი.
დღეს ისტორიას ჩვენი თანამედროვენი წერენ და ასეთი ისტორიის ფასი ნულის ტოლია, მაგრამ მოვა დრო და დაიწერება ნამდვილი ისტორია, რომელშიც ასახული იქნება, როგორ დაასმინა შინაგან საქმეთა მინისტრმა შევარდნაძემ მოსკოვში საქართველოს უანგარო მსახური ვასილ მჟავანაძე, _არიქა, საქართველო იმიტომ ცხოვრობს კარგად, რომ აქ კორუფცია ყვავისო; იმასაც პირუთვნელად შეაფასებს ისტორია, რა ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ნგრევაში მეოცე საუკუნის ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლებს, რომელთა უმრავლესობა შევარდნაძეს ჯიბეში ეჯდა, ჯერ ვასილ მჟავანაძის ჩამოგდების, შემდეგ ე.წ. ნეგატიურ მოვლენებთან ბრძოლაში; საქართველოს არცთუ უნაკლო, მაგრამ მაინც ეროვნული ხელისუფლების დამხობის საქმეში, რომელსაც საქართველოში დაბრუნებულმა შევარდნაძემ აეროპორტშივე უწოდა დემოკრატიული რევოლუცია და მადლობა გადაუხადა პუტჩისტ შემოქმედებით ინტელიგენციას ზვიად გამსახურდიას დამხობაში აქტიური მონაწილეობისთვის.
პუტჩისტებში სხვებთან ერთად რეზო ამაშუკელი და ჯანსუღ ჩარკვიანიც რომ განიხილებიან, საკამათო, ალბათ, არ არის…
იმ პუტჩის შედეგებს დღემდე იმკის საქართველო, ის პუტჩისტები, რომლებიც გამსახურდიას დასამხობად შემოსულ ბალტინის ტანკებს ტაშს უკრავდნენ, დღეს “რუსულმანებს” აგინებენ…
დასასრულ _ სიმართლის მთქმელს, რადგან ცხენი შეკაზმული არ მყავს, იმიტომ, რომ გაქცევას არსად ვაპირებ, ერთი გამოსავალიღა დამიტოვეს. ჟარგონით თუ ვიტყვი, შექმნილ ვითარებაში “ზადნის მიცემა” არ შეიძლება და არც ვაპირებ. ჰოდა, ვისაც ჩემი სიმართლე გეწყინათ, ერთად გამოდით. თუ ვერ მოგერევით, დაგთვლით მაინც, რამდენი ხართ… “მე იმ გვარისა ვარ, ვისაც უკან დახევა არ სჩვევია”.
დავით მხეიძე