Home რუბრიკები საზოგადოება სასილოსე სიმინდის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

სასილოსე სიმინდის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

სიმინდი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

სასილოსე სიმინდის სასურველი წინამორბედებია: სამარცვლე სიმინდი, მრავალწლოვანი ბალახების კორდი, სოია, მზესუმზირა და თავთავიანი კულტურების ნაწვერალი. ასევე გამართლებულია მისი თესვა-მოყვანა აღმოსავლეთ საქართველოში _ საგაზაფხულო და სანათიბო, ხოლო დასავლეთში საშემოდგომო შუალედური კულტურების შემდეგ მეორე, დამატებითი მოსავლის მისაღებად.

აღმოსავლეთი საქართველოს დაბლობი ზონის სარწყავ მიწებზე მარტის პირველ ნახევარში შუალედურ კულტურად ნათესი შვრიანარევი ბარდის აღების შემდეგ უპირატესობა ეძლევა სიმინდი-სოიას და მზესუმზირა-სოიას ნარევის, ორ-ორი მწკრივის მორიგეობით, მზესუმზირის და სიმინდის 72-72 ათასი/ჰა-ზე, ხოლო სოიას 350 ათასი/ჰა-ზე სიხშირით თესვას.

დასავლეთი საქართველოს ბუნებრივი ტენით უზრუნველყოფილ პირობებში შუალედური კულტურების (ჭვავნარევი ბარდა) მოსავლის აღების შემდეგ უკეთეს შედეგს იძლევა სიმინდისა და მზესუმზირის 72-72 ათასი/ჰა-ზე სიხშირით თესვა.

სანაწვერლო სასილოსე სიმინდის თესვა-მოყვანა შეიძლება როგორც აღმოსავლეთი საქართველოს სარწყავ, ისე დასავლეთი საქართველოს ბუნებრივი ტენით უზრუნველყოფილ პირობებში. დადგენილია, რომ სანაწვერლო სიმინდი სწრაფად ვითარდება და მნიშვნელოვნად ამცირებს სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობას გაზაფხულზე ნათესთან შედარებით და ჰექტარზე საშუალოდ 150-200ც მწვანე მასის დამატებით მოსავალს იძლევა. ამასთანავე, სანაწვერლო სიმინდის შემჭიდროებულ ვადაში თესვისა და ნათესის თესვისთანავე მორწყვის შემთხვევაში ლაგოდეხის, ყვარლის, გურჯაანის, თელავის, მარნეულისა და გარდაბნის რაიონების დაბლობ, სარწყავ პირობებში ქერის ნაწვერალზე და ხორბლისგან ადრე განთავისუფლებულ მინდვრებზე შესაძლებელია 30-35 ცენტნერი მარცვლის მიღებაც. ამ შემთხვევაში უნდა დაითესოს შედარებით საადრეო ჯიშები და ჰიბრიდები, ხოლო სასილოსედ და მწვანე საკვებად _ მაღალმოზარდი ჯიშები და ჰიბრიდები. სავეგეტაციო პერიოდის უკეთ გამოყენების მიზნით, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ წინამორბედი კულტურების აღებისა და სანაწვერლო სიმინდის თესვას შორის პერიოდი.

აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ პირობებში აქტიური სავეგეტაციო პერიოდის უკეთ გამოყენებისა და სასილოსე მწვანე მასის მოსავლიანობის გაზრდის ერთ-ერთ საიმედო ღონისძიებაა ადრე გაზაფხულზე მწვანე საკვებად ან სასილოსედ ნათესი საგაზაფხულო შუალედური კულტურის (შვრიანარევი ბარდა) მოსავლის აღების შემდეგ მეორე მოსავლის მისაღებად სანათიბო სიმინდის თესვა-მოყვანა.

ნიადაგის დამუშავება

ნიადაგის დამუშავება ტარდება ზონისთვის რეკომენდებული წესით, ნიადაგის თვისებების, წინამორბედი კულტურის თავისებურების, ნაკვეთისდასარეველიანების და ეროზიისგან ნიადაგის დაცვის ღონისძიებების გათვალისწინებით.

თავთავიანი კულტურების ნაწვერალი, თუ მასზე მომდევნო წლის გაზაფხულზე სასილოსე სიმინდის თესვაა გათვალისწინებული, უნდა აიჩეჩოს მოსავლის აღებისთანავე 8-10სმ სიღრმეზე და მოიხნას მზრალად, ბარში _ 1 დეკემბრამდე, ხოლო შემაღლებულ ზონაში _ 15 ნოემბრამდე.

აღმოსავლეთი საქართველოს ბარში, შალაფით ძლიერ დასარევლიანებულ ნაკვეთებზე, ნაწვერალი უნდა აიჩეჩოს მინდორში შალაფას გამოჩენის შემდეგ საოში გუთნით 10-12 სმ სიღრმეზე. აჩეჩვიდან ორი კვირის შემდეგ ტარდება კულტივაცია თათებიანი კულტივატორით, თანმიყოლებული ფარცხით, ხოლო 10-12 დღის შემდეგ მინდორი გადაიხვნება საოში გუთნით 15-17 სმ-ზე პირველი დამუშავების გარდიგარდმო. მზრალად ხვნა ტარდება 22-27 სმ-ზე წინმხვნელიანი გუთნით.

აღმოსავლეთი საქართველოს ბიცობიანი ნიადაგების გაუმჯობესების მიზნით მარნეულის, სიღნაღის, გურჯაანის, გარდაბნის, საგარეჯოს რაიონებში 7-8 წელიწადში ერთხელ მზრალად ხვნის წინ ნიადაგში შეაქვთ 7-14 ტონა გაცრილი გაჯი, რომლის შემდეგ ხნული გადაიხვნება, გადახვნის წინ კი შეაქვთ 4-5 ცენტნერი ფოსფორიანი სასუქი. პირველ წელს ითესება იონჯამრავალწლოვანი კოინდრის ნარევი. ორი წლის სარგებლობის შემდეგ კორდი მოიხვნება საშემოდგომო ხორბლისთვის, ხოლო შემდგომ წლებში კულტურების მორიგეობა ხდება თესლბრუნვის მიხედვით.

დასავლეთ საქართველოში გაზაფხულზე სასილოსე სიმინდის ძირითად კულტურად თესვისთვის ნასიმინდარი ნიადაგი უნდა მოიხნას: იმერეთის დაბლობისა და კოლხეთის დაბლობის შემაღლებულ ნაწილში _ შემოდგომაზე, ზამთრის პირას ან ზამთარში, ხოლო კოლხეთის დაბლობ ნაწილში (სამტრედიის ქვემოთ) _ ზამთრის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე მინდორში გასვლის პირველი შესაძლებლობისთანავე. ამავე პერიოდში იხვნება დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ეწერი ნიადაგები, ზემო იმერეთის ალუვიური ნიადგები კი _ დეკემბრის დადგომიდან, როგორც კი ამინდი ამის საშუალებას მოგვცემს. მზრალად და ზამთარში მოხნული ნიადაგები თუ გაზაფხულზე დამჯდარია, ტარდება აოშვა 14-16 სმ სიღრმეზე თანმიყოლებული დაფარცხვით.

ქარისმიერი ეროზიის ზონაში (საგარეჯოს, გურჯაანის, თეთრიწყაროს, მარნეულის, მცხეთის რაიონებში) თავთავიანი კულტურების მოსავლის აღებისთანავე ნაწვერალი უნდა აიჩეჩოს საოში გუთნით ან ბრტყლადმჭრელი კულტივატორით 8-10 სმ სიღრმეზე, რათა უზრუნველვყოთ ზედაპირზე ნაწვერალის შენარჩუნება. ნაკვეთის ფესვურიანი სარეველებით დასარეველიანების შემთხვევაში აჩეჩვა ხდება უფრო ღრმად (8-10სმ). აჩეჩილი ნიადაგი მუშავდება 22-25 სმ სიღრმეზე ბრტყლადმჭრელი კულტივატორით ადრე გაზაფხულზე ტენის შენარჩუნების მიზნით. მზრალი უნდა დაიფარცხოს ბიგ-3 ფარცხით, ხოლო მზრალის თესვისწინა დამუშავება ტარდება კულტივატორ ბრტყლადმჭრელით (პკე-3.8).

ფერდობებზე წყლისმიერი ეროზიის საწინააღმდეგოდ ხვნა, ხნულის თესვისწინა დამუშვება, თესვა და ნათესის მოვლითი ღონისძიებები ტარდება ფერდობის გარდიგარდმო, განივად. 3-40 დახრილობის ფერდობებზე, განივად ხვნის გარდა, ჩამონადენი წყლის ნაკადის შეკავების მიზნით 2-3 წელიწადში ერთხელ ტარდება ღრმდად ხვნა 30-32სმ სიღრმეზე. 4-50 დახრილობის ფერდობობზე ტარდება ხნულის დაბაძოება, რაც ხორციელდება გუთნის ერთერთ განაპირა ტანზე გაკეთებული გადიდებული ფრთით. 7-80 დახრილობის ფერდობზე კარგ შედეგს იძლევა კულტურათა ზოლურად თესვა მრავალწლოვანი ბალახების, თავთავიანი და სათოხნი კულტურების ზოლების მორიგეობით.

ნიადაგის განოყიერება

სასილოსე სიმინდის გაზაფხულზე ძირითად კულტურად და ნაწვერალზე თესვის შემთხვევაში რთული მინერალური სასუქები (NPK) ნიადაგში შეტანილი უნდა იქნეს მოხვნის წინ ან თესვისას. გაზაფხულის ხნულზე თესვის დროს უნდა შეირჩეს ადვილადხსნადი სასუქი, როგორიცაა: ნიტროამაფოსკა (N16P16K16). მზრალზე თესვის შემთხვევაში კი დასაშვებია შედარებით გვიანხსნადი, მაგრამ ფოსფორის მაღალი შემცველობის სასუქების გამოყენება, როგორიცაა ამოფოსი (N10P45), სუპერფოსი (N12P24 + S + CA + MG.) და სხვ. რთული სასუქების შესატანი დოზა იანგარიშება ფოსფორზე, რადგან იგი შეგვაქვს ერთჯერადად და მან მთელი ვეგეტაციის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს მცენარე ამ ელემენტით, ხოლო აზოტზე მოთხოვნილება შეიძლება შეივსოს ვეგეტაციის პერიოდში ნათესის გამოკვებისას. კონკრეტულ პირობებში შესატანი დოზა იანგარიშება ნიადაგის ნაყოფიერების, მცენარის მიერ ნიადაგიდან მოსავლით გამოტანილი საკვები ელემენტების რაოდენობისა და დაგეგმილი მოსავლის გათვალისწინებით. შუალედური კულტურების _ შვრიანარევი სამარცვლე პარკოსნების შემდეგ ნათესი სასილოსე სიმინდისთვის შესატანი აზოტიანი სასუქის დოზა მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს.

თესლის მომზადება დასათესად

უნდა დაითესოს მხოლოდ პირველი კლასისა და პირველი კატეგორიის, ფუნგიციდით დამუშავებული თესლი. ეს უნდა დასტურდებოდეს აპრობაციის აქტითა და სახელმწიფო სერტიფიკატით. სასილოსე სიმინდი ითესება 70სმ მწკრივთაშორისებით, მაგრამ ბოლო წლებში გარე ეფექტების გაზრდისა და მწკრივთაშორისების დამუშავების გაადვილების მიზნით, ზოგიერთი მეურნე, როგორც სასილოსე, ისე სამარცვლე სიმინდს თესავს 75სმ მწკრივთაშორსებით. ტენიან და მძიმე თიხნარ ნიადაგებზე სასილოსე სიმინდი ითესება 4-6სმ სიღრმეზე, ტენით უზრუნველყოფილ მსუბუქ ნიადაგებზე _ 6-7სმ-ზე, ხოლო მშრალ, გვალვიან ზონაში _ 7-8სმ-ზე.

თესვის ნორმა იანგარიშება ჯიშისა და ჰიბრიდისთვის დადგენლი ოპტიმალური სიხშირის მიხედვით. კომპანია “ლომთაგორას” რეკომენდაციით, აღმოსავლეთ საქართველოში სასილოსედ უნდა დაითესოს “ლომთაგორა 1”, “ლომთაგორა 2” და “ლომთაგორა 3” 80-82 ათასი სიხშირით ჰექტარზე, როცა მწკრივში მარცვლებს შორის მანძილი 17-18სმ-ია, დასავლეთ საქართველოში კი რეკომენდებულია “ლომთაგორა1”-სა და “ლომთაგორა 2”-ის თესვა იმავე სიხშირით.

ნათესის მოვლა

სასილოსე სიმინდის თესვისას თესლის ჩათესვის სიღრმეზე თუ ნიადაგი მშრალია, ნათესი დათესვისთანავე უნდა მოიტკეპნოს ნაჭდევებიანი საგორავით, ხოლო ნიადაგის ზედაპირზე ქერქის წამოქმნის შემთხვევაში, მცენარის 3-4 ფოთლის ფაზაში დაიფარცხოს, რაც აუმჯობესებს ნიადაგის ჰაერაციას, სპობს ახლადაღმოცენებულ და აღმოცენების პროცესში მყოფ სარეველებს და ხელს უწყობს ნიადაგში ტენის შენარჩუნებას.

სასილოსე სიმინდის წმინდა ნათესი 3-5 ფოთლის ფაზაში უნდა დამუშავდეს რომელიმე ჰერბიციდით. ჰერბიციდის შესხურებიდან ერთი კვირის განმავლობაში ნიადაგის დამუშავება დაუშვებელია.

ნათესის პირველი კულტივაცია ტარდება მცენარის 3-5 ფოთლის ფაზაში 8-10სმ სიღრმეზე, მეორე _ 10-12 დღის შემდეგ იმავე სიღრმეზე. სარწყავ პირობებში მეორე კულტივაცია უნდა შეიცვალოს მწკრივთაშორისების დაბაძოებით.

ნათესის გამოკვება უნდა ჩატარდეს აზოტოვანი სასუქებით, როგორიცაა ამონიუმის გვარჯილა 300კგ/ჰა-ზე, ფოსფოშარდოვანა 250კგ/ჰა-ზე, კარბამიდი 250კგ/ჰა-ზე.

საჭიროების შემთხვევაში მავნებლების (ფარვანა, ხვატარი და სხვა) წინააღმდეგ საჭიროა ინსექტიციდის შესხურება მავნებლის გამოჩენისთანავე.

რეკომენდაცია მომზადებულია “აგროსამეცნიერო ჯგუფ “ლომთაგორას” მეცნიერთა მიერ და გათვლისწინებულია ჰიბრიდ “ლომთაგორას” 50-60 ტონა მწვანე მასის მისაღებად.

კახა ლაშხი,

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;

ზაურ ჯულუხიძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;

ზურაბ ჯინჯიხაძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;

ლუკა ლაშხი,

აგრარული უნივერსიტეტის ბაკალავრი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here