GEWORLD.NET:
(2011 წლის ივლისის სამომხმარებლო ფასების შესახებ)
2011 წლის ივლისში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე 1.6-პროცენტიანი დეფლაცია – ფასების საერთო დონის 1.6%-იანი შემცირება დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ფასების კლება, ძირითადად, სეზონურ ფაქტორს – სურსათის გაიაფებას (-5.3%-ით) უკავშირდება. მნიშვნელოვნად გაიაფდა წინა თვესთან შედარებით ხილი (16.3%-ით) და ბოსტნეული (23.3%-ით).
მაგრამ ფასების შემცირება წინა თვესთან შედარებით არ არის 2011 წლის ივლისის ექსკლუზივი. ოცდამეერთე საუკუნის დადგომიდან ფასები არ შემცირებულა მხოლოდ სამი – 2004, 2006 და 2007 წლების ივლისში.
რა თქმა უნდა, მომხმარებლისთვის ცალსახად უკეთესია, როცა ფასები ზრდის ნაცვლად მცირდება. მაგრამ რამდენად რეალურია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ეს, ერთი შეხედვით პოზიტიური გზავნილი?
რამდენიმე მაგალითი.
დავიწყებ მომხმარებელთა დიდი ნაწილისათვის ყველაზე მტკივნეული თემით – თბილისში სამარშრუტო მიკროავტობუსებზე ფასების გაძვირებით. ფასებზე დაკვირვებას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ატარებს ყოველი თვის მეორე დეკადაში. ასე რომ, სამარშრუტო ტაქსების გაძვირება მხოლოდ „ყუით“ თუ მოახდენდა გავლენას ივლისის ფასების ინდექსზე. 10-დღიანი დაკვირების შედეგად 8 დღის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსები ძველი, „გაუძვირებელი“ ტარიფით მოძრაობდნენ. ჩვენი შეფასებით, სამარშრუტო ტაქსებზე ფასების გაძვირება ფაქტობრივზე ერთი კვირით ადრე, 11 ივლისიდან რომ დაწყებულიყო, მისი გავლენა ფასების ზრდაზე თბილისში – 0.9 პროცენტით, საქართველოში კი – დაახლოებით 0.4 პროცენტით მეტი იქნებოდა. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი რეალურად უკვე გრძნობს ფასების ზრდას, იძულებულია, უფრო ღრმად ჩაიყოს ჯიბეში ხელი, თუმცა ეს მდგომარეობა ადექვატურად ჯერ არ აისახება ფასების ინდექსში. ამის გამო ივლისის დეფლაცია გარკვეულწილად გაბერილია (მდგომარეობას იმაზე უკეთესად წარმოაჩენს, ვიდრე რეალურადაა). რეალურად, მარტო სამარშრუტო ტაქსების გაძვირების გამო, იგი დეკლარირებულზე ¼-ით ნაკლები უნდა იყოს.
მაგრამ, მოდი ვიყოთ შემწყნარებლურნი. ყველაფერს სტატისტიკოსთა „ბოროტ ნებას“ ნუ დავაბრალებთ. დამტკიცებული მეთოდიკა მათ რაიმე იმპროვიზაციის საშუალებას არ აძლევს, ხშირად კი თავად ცხოვრებაა იმდენად ცვალებადი, რომ ყველაფრის გათვალისწინება ვერ ან არ ხერხდება ამ მეთოდიკაში. მაგალითად, მოქმედი მეთოდიკით, ფასების ინდექსში ვერ აისახება ის ცვლილებები, რაც ხდება ყოველი თვის პირველ და მესამე დეკადაში, თუ ისინი ასევე არ დაფიქსირდა მეორე, ფასებზე დაკვირვებისათვის შერჩეულ დეკადაში. სტაჟიან მძღოლებს კარგად უნდა ახსოვდეთ ქარიშხალ „კატრინასთან“ დაკავშირებული მსოფლიო აჟიოტაჟი და საწვავის მომატებული ფასების 18-დღიანი ეპოპეა თბილისსა და მთელ საქართველოში 2005 წლის 22 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე, როდესაც ფასებმა მკვეთრად მოიმატა და შემდეგ საწყის მდგომარეობას ისე დაუბრუნდა, რომ ინფლაციის მაჩვენებელზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა იმ დღეების განმავლობაში ჩვენს მძღოლებს რამდენიმე ათეული მილიონი ლარით მეტის გადახდა მოუწიათ გაძვირებული საწვავის შეძენისას.
ფასები გაძვირებული იყო, თუმცა ეს მოკლევადიანი გაძვირება სტატისტიკის მზერის მიღმა დარჩა. ის ხომ, დამტკიცებული მეთოდიკით, ფასებს მხოლოდ მეორე დეკადის მდგომარეობით აკვირდება.
ფასების დონეზე დაკვირვებისას გასათვალისწინებლია, აგრეთვე, „ათვლის წერტილი“, რა პერიოდთან ხდება შედარება. შეიძლება ფასები ა(აღ)რ იცვლებოდეს… მათი საარაკოდ მაღალი დონის გამო. მაგრამ ჩვენ ხომ არა ვართ კმაყოფილი, როდესაც ავადმყოფს რამდენიმე დღე მაღალი სიცხე აქვს? და მგონი, არც მაშინ, თუკი თერმომეტრი ნახევარ გრადუსზე მეტს „ვერ იმეტებს“ შესამცირებლად?!
კი, ივლისში ფასების დონე შემცირდა, მაგრამ ისინი მანამდე ისეთ მაღალ ორბიტაზე იყვნენ გასულნი, რომ მცირეოდენი დაკლება მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენდა, თანაც, გასული წლის ივლისთან შედარებით, ფასები საგრძნობლად – 8.5 პროცენტითაა მომატებული, მათ შორის სურსათზე – 16.8%-ით, აქედან პურსა და პურპროდუქტებზე – 21.9%-ით, ხორცზ – 26.1%-ით…
ეს წარმატებაა?!
გასათვალისწინებელია, რომ ამჟამინდელი ფასები თვით ლარისა და დოლარის ოფიციალური კურსითაც კი საქართველოში მაღალია ამერიკასთან შედარებით: ბენზინსა და საქონლის ხორცზე – 35-35%-ით, კვერცხზე – 25%-ით, ბანანსა და ფრინველის ხორცზე – 50-50%-ით. ბიგ მაკის ფასი „ჩვენებურ“ „მაკდონალდსში“ ამერიკულის 82 პროცენტია, მაშინ, როდესაც საშუალო ხელფასი მხოლოდ 12 პროცენტის დონეზეა.
და კიდევ ერთი „სტატისტიკური საიდუმლო“. სამომხმარებლო ბაზარზე თითქმის 70 პროცენტი იმპორტირებული საქონელია. იმპორტის უდიდეს ნაწილზე ანგარიშსწორება, როგორც წესი, აშშ დოლარებში ხორციელდება. ლარის კურსი აშშ დოლართან 2011 წლის ივლისში, ერთი წლის წინანდელთან შედარებით, თითქმის 1/10-ით გამყარდა (1.8429-დან 1.6658-მდე). ამიტომაც ფასების საერთო დონის შემცირებაში ეროვნული ვალუტის გამყარების წვლილიც უაღრესად თვალსაჩინოა. იმპორტირებული ხანგრძლივი მოხმარების საქონლის შესაძენად 2011 წლის ივლისში, ერთი წლის წინანდელთან შედარებით, საშუალოდ 6-7 პროცენტით მეტი დოლარი იყო საჭირო.
ახლა კი მოდი ერთხმად გავიმეოროთ: საქონელი გაიაფდა, დეფლაციაა!!!