საქართველოში შექმნილი მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარების ფონზე, საჯარო სექტორში პრემია-დანამატების ოდენობამ 321 758 000-ს მიაღწია. ეს მაშინ, როდესაც ქვეყანა უკეთესისკენ არ ვითარდება და ყოველდღიურ სიღარიბეს ასეული ათასობით ადამიანი ებრძვის. გამოდის, რომ მთავრობა ცუდად მუშაობს პრემიებს მაინც იღებს. ასეთი რამ ნორმალურ ქვეყანაში დაუშვებელია.
2016 წელს ჯამურად “პრემიისა” და “დანამატის” მუხლებით გაცემული საბიუჯეტო სახსრების ოდენობამ 321 მლნ 758 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს – 6%-ით, ხოლო 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს 11.2%-ით აჭარბებს. აუდიტის სამსახურის დასკვნით, 2016 წელს პრემიის სახით გაცემული შრომის ანაზღაურება, 2015 წელთან შედარებით, 5.1%-ით (3,734 ათასი ლარით) შემცირდა, მაგრამ დანამატის სახით გაცემული სახსრების მოცულობა 9.5%-ით (21,923 ათასი ლარით) გაიზარდა.
“ანალიზი გვიჩვენებს, რომ მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის #449 დადგენილების “საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” ამოქმედებამ შეზღუდა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე პრემიის სახით გაცემული თანხების ოდენობა, თუმცა გაიზარდა დანამატის სახით გაცემული საბიუჯეტო სახსრების მოცულობა. მიზანშეწონილია, საჯარო სექტორში სახელფასო პოლიტიკის საკითხის დარეგულირების მიზნით, დროულად ამოქმედდეს განახლებული “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები”, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
პრემიებისა და დანამატების განუხრელად ზრდას სისტემურ პრობლემად აღიქვამს ბიზნესის სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი. მისი თქმით, პრემია უნდა იყოს წამახალისებელი გასაცემელი, თუმცა ყოველთვე წახალისება, უბრალოდ, მიუღებელია და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მოახდინოს რეაგირება.
“ხალხი არ იქნება იმის წინააღმდეგი, რომ დანამატი ან პრემია გაიცეს კარგად შესრულებული სამუშაოსთვის, რაც ერთგვარი წახალისებაა ნებისმიერ სექტორში მომუშავე პირისთვის, მაგრამ ამან არ უნდა მიიღოს სისტემატური ხასიათი. ბოლო წლებში მოვლენები აბსოლუტურად სხვა კუთხით ვითარდება. ნებისმიერ მოხელეს პირობითად თუ აქვს 3 000 ლარი ხელფასი, ამდენივეს ან მეტს დამატებით იღებს პრემიის ან სახელფასო დანამატის სახით. ყოველთვე პრემიით წახალისება მიუღებელია და არც ერთ ნორმაში არ ჯდება. რაც შეეხება დანამატს, ის გაიცემა იმ შემთხვევაში, თუკი ვინმეს აქვს უნიფორმა შესაძენი ან ამ ფორმას სჭირდება მოვლა, ან იმ შემთხვევაში, თუ პირი ქალაქგარეთ ცხოვრობს და ყოველდღიურად უწევს ქალაქში ჩასვლა.
გასარკვევია, დაიწყო თუ არა დანამატებმა და პრემიებმა სოციალური ფუნქციის შესრულება, თუ რამე ტიპის სამართალდარღვევასთან გვაქვს საქმე? როდესაც წლის ბიუჯეტი არის გასაზღვრული, ნიშნავს, რომ ის ითვალისწინებს ხელფასის გაცემას და ამდენი პრემია-დანამატები ნამდვილად არ არის საჭირო. თუ მაინც გაიცემა ამ ოდენობის თანხა, მაშინ არასაბიუჯეტო ხარჯებზე უნდა ვისაუბროთ”, – განაცხადა ჩარგეიშვილმა.
ქვეყანაში შექმნილი არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს კერძო სექტორის მონიტორინგი და გადავიდეს საჯარო სექტორის რეგულირებაზე, პირველ რიგში, სწორედ პრემია-დანამატების კუთხით. ანალიტიკოსი ირაკლი მაკალათია ამბობს, რომ პრემიები უნდა გაიცეს მხოლოდ იმ თანამშრომლებზე, რომლებიც წარმატებით ასრულებენ საკუთარ მოვალეობას.
“ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონე დაბალია, მაღალია უმუშევრობა, ამ დროს კი საჯარო მოხელეების მიერ აღებული პრემია-დანამატები აქტუალური და მძიმე პრობლემაა. რაც დროს გადის, ეს სულ უფრო მახინჯ ფორმას იძენს. ამიტომ აუცილებელია მონიტორინგი. სახელმწიფო სხვადასხვა ეკონომიკურ რეგულაციას ატარებს ქვეყნის ეკონომიკაში და ერევა კერძო სექტორის საქმიანობაში. მან უნდა შეწყვიტოს კერძო კომპანიების რეგულირება, მისცეს მათ თავისუფალ ბაზარზე საქმიანობის შესაძლებლობა და სამაგიეროდ, გააქტიურდეს სახელმწიფო სექტორში. თუ ვინმეს სჭირდება კონტროლი და რეგულაცია, ეს საჯარო სექტორია.
პრემიები უნდა გაიცეს იმ თანამშრომლებზე, რომლებიც წარმატებით ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. ხელმძღვანელი პირები ხელქვეითებთან შედარებით არ უნდა იღებდნენ კოლოსალურ დანამატებს. აუცილებელია, კანონის დონეზე გაიწეროს, თუ რა სახელფასო დანამატს უნდა ელოდოს თანამშრომელი გარკვეული სამუშაოს შესრულების შემდეგ.
აუცილებელია, მივიღოთ კანონი, სადაც ჩაიწერება, რომ სამინისტროებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე ადამიანებს უფლება აღარ ექნებათ, საკუთარ თავს გამოუწერონ პრემია-დანამატები. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ისინიც დაქირავებული პირები არიან, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები აძლევენ ლეგიტიმაციას და ჩვენი გადასახადებით ფინანსდება მათი პრემიები. საზოგადოებას სრული უფლება აქვს, მონიტორინგი გაუწიოს ყველა ხარჯს და მოითხოვოს რეგულაციები, რაც აკრძალავს სახელფასო დანამატების არამიზნობრივად გაცემას”, – აღნიშნა საუბრისას მაკალათიამ.
პრემია-დანამატების ზრდის ტენდენციას დამახინჯებული სისტემის ნაწილს უწოდებს იურისტი ლევან ალაფიშვილი. მან იმედი გამოთქვა, რომ ივლისში დაგეგმილი კანონის ამოქმედებას ჯეროვანი რეფორმები მოჰყვება.
“სამწუხაროდ, წლების განმავლობაში შეუცვლელი და მახინჯი სისტემა მივიღეთ – ბიუროკრატია, როგორც დასაქმების ბიურო. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 320 000 ადამიანი მხოლოდ საჯარო სექტორშია დასაქმებული. არ შეიძლება, როდესაც საქმეს სჭირდება ორი ადამიანი, ახმარდე ათი ადამიანის რესურსს. ეს ყველა შემთხვევაში ნიშნავს არაეფექტურ მუშაობას და, როგორც მინიმუმ, ათივე თუ არა, ცხრა მაინც უსაქმურობაში იღებს გადასახადის გადამხდელთა ფულს. ეს არის სისტემა, რომელიც უნდა შეიცვალოს და რომელსაც სჭირდება პოლიტიკური ნება.
იმედი მაქვს, ივლისში დაგეგმილი კანონის ამოქმედებას მოჰყვება ჯეროვანი რეფორმა საჯარო სექტორში, რაც გამოიწვევს პრემია-დანამატების შემცირებას. დაზოგილი თანხა უფრო მეტად მოხმარდება იმ საქმეს, რაზეც ნამდვილად უნდა იხარჯებოდეს საბიუჯეტო რესურსი”, – განაცხადა ალაფიშვილმა.
“შეაყარე კედელს ცერცვი” წლებია უკვე დაუმსახურებელ პრემია-დანამატებზეა ლაპარაკი მარა ვინ კითხულობს, ვინ ასრულებს ზემდგომიდან.?ხალხს გვეშლება ნერვები, ხელისუფლებას სულ ცალ ფეხზე ვკიდივართ.