ცაგერის რაიონის მკვიდრ ია ასათიანს, რომელიც სოციალურად დაუცველი გახლავთ, “ლიბერთი ბანკის” ცაგერის ფილიალმა საარსებო მინიმუმი _ პენსია და სოციალური დახმარების თანხა, ჯამში 140 ლარის ოდენობით, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, 2 თვით დაუყადაღა. ქალბატონ იას ოჯახში ორი მძიმე ავადმყოფი _ ინსულტიანი მეუღლე და შიზოფრენიით დაავადებული მული ჰყავს, თუმცა მისი მძიმე ეკონომიური მდგომარეობა სახელმწიფოს ფეხზე ჰკიდია. მეტიც, სახელმწიფომ ქალბატონი იას ოჯახი მის დაქვემდებარებაში მყოფ სტუქტურებსა და ე.წ კერძო “ლიბერთის ბანკს” საჯიჯგნად მიუგდო.
ია ასათიანი:
_ ხელისუფლებამ და “ლიბერთი ბანკმა” ჩემს ოჯახს უკანასკნელი ლუკმაპურის ფული წაართვეს. ორი უმძიმესი ავადმყოფი 2 თვის მანძილზე ალალბედზე, უწამლოდ და უსაკვებოდ დამიტოვეს. ქმარს ინსულტი აქვს გადატანილი, მული კი შიზოფრენიითაა დაავადებული, ორთავეს თვეში 400-500 ლარის მხოლოდ წამლები სჭირდება, საკვებზე რომ აღარაფერი ვთქვა. მათი შემყურე მხოლოდ პენსიისა და სოციალური დახმარების იმედად ვერ ვიქნებოდი, ამიტომ სკოლის წინ ჩემი ძმის შეჭედილი ჯიხური დავდგი, რომელშიც ნისიად აღებულ რვეულებს, პასტებსა და ფანქრებს ვყიდდი. მეგონა, ამით ოჯახს ცოტათი მაინც დავეხმარებოდი, მაგრამ ამ ქვეყანაში გაცლის ვინმე სულის მოთქმას? სალარო აპარატის უქონლობის გამო საგადასახადომ 500 ლარით დამაჯარიმა. როგორ უნდა მეყიდა სალარო აპარატი, როცა ჯიხური თვეში მხოლოდ 80-90 ლარს მიტოვებდა მოგებას.
საგადასახადოს წარმომადგენლებს ლამის დავუჩოქე _ ჯარიმა არ დამაკისროთ, ისედაც არაფერი მიდევს ამ ჯიხურში უფულობის გამო-თქო, ოჯახის მძიმე მდგომარეობაც ავუხსენი, მაგრამ რას შეაგნებინებ უგულო ცინიკოსებს. ისე გამომიწერეს 500-ლარიანი ჯარიმა, თითქოს 500 ლარი ერთად დაწყობილი ამ მთავრობის შემხედვარეს ოდესმე მენახა.
ჩემი პენსია და სოციალურად დაუცველობის დახმარება სულ 140 ლარს შეადგენს, ჯიხურიდან კი თვეში, როგორც გითხარით, 80-90 ლარი მრჩება. როგორ დამეფარა ამ სახსრებით 500-ლარიანი ჯარიმა, ჯიხურის ვალები ან როგორ მეყიდა ორი ინვალიდისთვის წამლები?! სხვა რა გზა მქონდა, ჯარიმის გადაფარვა ყოველ თვეში 5 ლარის ოდენობით დავიწყე. გარკვეული თანხა ასე წვალებ-წვალებით გადავიხადე.
ერთ დღეს კი, როცა პენსიის ასაღებად, ჩვეულებისამებრ, “ლიბერთი ბანკში” მივედი, აღმოჩნდა, რომ პენსიაც და სოციალური დახმარებაც დაყადაღებული იყო. მიზეზად 500-ლარიანი ჯარიმის დაფარვა დამისახელეს. მაშინვე “ლიბერთი ბანკის” ფილიალის მმართველის ნახვა მოვითხოვე. როცა მასთან კაბინეტში ამიყვანეს, დაყადაღების ნებართვის დოკუმენტის ჩვენება მოვთხოვე, თუმცა მსგავსი ვერაფერი წარმომიდგინა, მაგრამ არც კუთვნილი თანხის აღების ნება მომცა. მაშინვე სოციალური მომსახურების სააგენტოს ცაგერის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელს _ ჯონი ხალიანს მივმართე, რომელიც აღნიშნული ფაქტით გაოგნდა და მითხრა, ბანკს არანაირი უფლება არ აქვს, საარსებო მინიმუმი დაგიყადაღოსო. შემდეგ ცაგერის აღმასრულებელთან მივედი. მანაც იგივე გამიმეორა. ჩემ თვალწინ დაურეკა “ლიბერთი ბანკის” მმართველს, რომელთანაც მე გახლდით, და უთხრა, ამ ფაქტის გამო პრობლემები შეგექმნებათო, მაგრამ მმართველმა უტიფრად უპასუხა, ჩემს პრობლემებს ნუ დაეძებ, ეს ბრძანება ზემოდან მოდისო. არც ის აუხსნია ჩემთვის არავის, სად ზემოდან იყო გაცემული ბრძანება. რადგან აღმასრულებელიც ვერაფერს გახდა, ხელი ჩავიქნიე, აღარც ადგილობრივი ხელმძღვანელობისთვის მიმიმართავს, მაინც ყველანი ერთნი არიან, როდის იყო ძაღლი ძაღლის ტყავს ხევდა.
მთელი ორი თვის მანძილზე მეზობლებისა და ნათესავების იმედად ვიყავი. ისინი მაძლევნდნენ მონაცვლეობით საკვებისა და წამლების ფულს. ხელისუფლებამ ჩემი ეს გაძაღლებული მდგომარეობა არ იკმარა და ბოლოს ჯიხურიც ამაღებინა, ტერიტორიის იერსახეს აუშნოებსო. ასე გამიმეტეს სააკაშვილის გამოზრდილმა ლეკვებმა. მინდა, სააკაშვილს ვუთხრა (თუ, რა თქმა უნდა, პრესას ეცნობა): _ არ შეგრჩება გაჭირვებული ხალხის ლუკმა, ჩვენით ამდიდრებ ბიუჯეტს? ღმერთის გეშინოდეს!
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარს ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი კარლო კოპალიანი აკეთებს:
_ ეს ფაქტი უპრეცედენტო შემთხვევაა. ხელისუფლება საზოგადოებას ერთი ხელით დახმარებას აძლევს, თუ შეიძლება ამ გროშებს დახმარება დაერქვას; მეორე ხელით კი _ ართმევს. პირადად ვიცნობ ია ასათიანს და მის უპატიოსნეს, საოცრად გაჭირვებულ და გაღატაკებულ ოჯახს. გაოგნებული ვარ ამ ფაქტით. კანონის მიხედვით, თუკი ოჯახს სახელმწიფო ვალი გააჩნია, ჯერ სასამართლო უნდა შედგეს, შემდეგ საკითხი სააღმსრულებლო ბიუროს გადაეცეს და უნდა აღსრულდეს ის, რასაც აღმასრულებელი გადაწყვეტს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ასათიანის ოჯახს უკანასკნელი ლუკმაპურის შესაძენი თანხა უკანონოდ წაართვეს. ეს უკვე 37 წლის მეთოდების დანერგვაა… საგადასახადოს ვალის ამოღებისას ამგვარი გადამისამართების უფლება არავის აქვს. გამოდის, რომ “ლიბერთი ბანკი” და საგადასახადო ერთ სისტემას წარმოადგენენ. “ლიბერთი” რომ რეალურად ყოფილიყო კერძო ბანკი, მსგავს შემთხვევას არ დაუშვებდა _ ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის გარეშე რომელი ბანკი აყადაღებს საარსებო მინიმუმს საგადასახადო ვალების გამო?!
“საქართველო და მსოფლიო” ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით “ლიბერთი ბანკის” სათაო ოფისსაც დაუკავშირდა. ბანკის პიარსამსახურმა ჯერ ინფორმაციის გაცემაზე გვითხრა უარი: კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ სახის ინფორმაციების გასაჯაროება ბანკს ეკრძალებაო. შემდეგ კი ბანკმა თავისი პოზიცია მაინც დააფიქსირა, თანხის დაყადაღება კატეგორიულად უარყო და ბანკის პრესამსახურის წარმომადგენელმა თითი ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სოციალურ სააგენტოსკენ გაიშვირა:
“ჩვენ კერძო ორგანიზაცია ვართ. აქედან გამომდინარე, არანაირი უფლება არ გვაქვს, ვინმეს რამე დავუყადაღოთ. როგორც ჩანს, ქალბატონის თანხა ჩვენამდე არ მოსულა, ეგ სოცსააგენტოს საქმეა, დაყადაღების განკარგულებას ის გასცემდა. სხვათა შორის, არ ვარ დარწმუნებული, ნამდვილად უარყო თუU არა სოცსააგენტოს წარმომადგენელმა თანხის დაყადაღება ქალბატონთან საუბარში, შესაძლოა, რომ ეს კონკრეტული პიროვნება სულაც არ იყო საქმის კურსში თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება “ლიბერთი ბანკის” ცაგერის ფილიალის განმარტებას, რომ თანხის დაყადაღება ზემოდან დაავალეს, მან, უბრალოდ, სწორად ვერ გადმოსცა რეალობა, დოკუმენტაცია კი ნამდვილად უნდა წარედგინა ქალბატონისთვის. ჩვენ ცაგერის ბანკის მმართველს ეს წუთია ვესაუბრეთ. მან აღნიშნა, რომ ქალბატონმა ბანკი უპრეტენზიოდ დატოვაო.
მინდა, გითხრათ, რომ თქვენ მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ მთელი ბანკი ააფორიაქა და აღნიშნული შემთხვევის დეტალური შესწავლა დაიწყო. თუ ქალბატონს ამ კონკრეტულ საქმეში რაიმე დარღვევა არ აქვს და მხოლოდ გაურკვევლობის მსხვერპლია, ჩვენ მას აუცილებლად დავეხმარებით. ხომ უნდა დავანახოთ ამ პიროვნებასაც და თქვენც, რომ თანხა ჩვენ არ ჩამოგვიჭრია”.
მოამზადა ეკა რობაქიძემ