Home რუბრიკები საზოგადოება ნუშის კულტურა, ბაღის გაშენება და მოვლა

ნუშის კულტურა, ბაღის გაშენება და მოვლა

ნუში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

საქართველოში ნუშის კულტურა ფართოდ ყოფილა გავრცელებული სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს მთისწინეთში, როგორც საოჯახო ხემცენარე, რომელიც თითქმის ყველა ეზოში ჰქონდათ დარგული. მე-13 საუკუნეშიწიგნი სააქიმოისფურცლებზე სხვადასხვა სახის მრავალი დაავადების საწინააღმდეგო წამლის გვერდით დასახელებულია, როგორც თვით ნუში, ასევე მისი ზეთიც თირკმლის ტკივილის, ყურის დაავადების, შარდსადენი გზების, კანისა და სხვა დაავადებების მკურნალობისთვის.

ნუში გამოიყენება, როგორც ნედლ ხილად _ ნუგბარად, ისე საკონდიტრო მრეწველობასა და მედიცინაში. იგი შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა, ადრე ყვავილობის გამო ფუტკრისთვის კარგ საკვებ ბაზას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ამ კულტურის ნაყოფების მაღალი სასაქონლო, სამეურნეო, კომერციული და კვებითი ღირებულებები, რომლებიც კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ამ კულტურის გაშენების მიზაშეწონილობას.

ნუში ეკუთვნის ვარდყვავილოვანთა (Rosaceae) ოჯახს და სხვა კურკოვნებთან ერთად გაერთიანებულია ტყემლისებრთა ქვეოჯახში. ნუშის გვარში გაერთიანებულია 40-ზე მეტი სახეობა. საქართველოში ცნობილია ნუშის ადგილობრივი ჯიშები, როგორიცაა: გიკა, შირაქულა, ძეგვური, შაქარა, თხელნაჭუჭა, ლისი, პატარძეული #1 და #10, სიღნაღური, ქართული #5 და #8, კარდანახული, ფერანი და სხვ. მეტად პერსპექტიულად ითვლება ნუშის გარეული სახეობა, ქართული ნაგალა ნუში _ Amygdalus georgia, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია გავრცელებული (ტირიფონი, ნადარბაზევის ქედი, ალაზნის, სამგორისა და უდაბნოს ველზე).

ჩვეულებრივი ნუში 4-8 მეტრი სიმაღლის მრავაწლოვანი, ფოთოლმცვენი ხე-მცენარეა, ზოგჯერ გვხვდება 10-12 მეტრის სიმაღლის მცენარეებიც. აგრონომიული თვალსაზრისით, ნუშის ჯიში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ნაჭუჭი უნდა იყოს თხელი, რბილი, ფხვიერი. გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია მაგარნაჭუჭიანი ჯიში, როგორც უხვმოსავლიანი. გულის გამოსავალი უნდა შეადგენდეს 40-დან 65-70%-მდე, ხოლო ზეთის შემცველობა არანაკლებ 45-50 %- მშრალ ნივთიერებაზე გადაყვანით. გემო უნდა ჰქონდეს კარგი და სასიამოვნო.

ნუში, როგორც წესი, კარგად ვითარდება კირით მდიდარ ნიადაგებზე, ასევე, კარგად ვითარდება მცირედ დამლაშებულ ნიადაგებზეც, რამაც განაპირობა მისი ალაზნის ველზე გავრცელება. ნუშის თავისებურებას წარმოადგენს მისი ძალზე ადრე ყვავილობა, რაც დაკავშირებულია მისი მოკლე ბუნებრივი დასვენების პერიოდთან. რეგენერაცია და ყვავილობა ხშირ შემთხვევაში დაბალი ტემპერატურის პირობებში მიმდინარეობს, ყვავილობის პერიოდიც გახანგრძლივებულია 2 კვირამდე. ნუში ითვლება შედარებით ყინვაგამძლე მცენარედ, რადგან მას შეუძლია, გადაიტანოს ტემპერატურის ხანმოკლე დაცემა მინუს 25 გრადუსამდე.

ნუშის ჯიშების უმეტესობა თვითსტერილურია და ჯვარედინ დამტვერიანებას მოითხოვს, ამიტომ ნუშის პლანტაციის გაშენებისას საჭიროა მეხუთედი ნერგებისა დაირგოს სხვა ჯიშის, როგორც ეს თხილის შემთხვევაში ხდება. სავეგეტაციო პერიოდი 200 დღემდე გრძელდება. ნუშის თესლნერგები მსხმოიარობაში შედის დარგვიდან 4-5 წელიწადში, ხოლო ნამყენი ნერგები _ მე-3 წლიდან. 15-წლიანი ნუშის ხე, ნორმალური განვითარების შემთხვევაში სრულმსხმოიარობაშია. 30-40 წლის შემდეგ ხეები იწყებს მოსავლიანობის კლებას და შემდგომი 60 წელი დაბალ მოსავალს იძლევა. საქართველოში, განსაკუთრებით კახეთში, ვხვდებით საუკუნოვან ნუშის ხეებს.

ნუშის ხის ფესვთა სისტემა ვერ იტანს ტბების, გუბეების სიახლოვეს. ისეთი ადგილები, სადაც გრუნტის წყლები ნიადაგში 1-1,5 მეტრის სიმაღლეზეა და არ არის მოძრავი, ნუშისთვის საზიანოა. მცენარე ვერ ვითარდება, ფესვთა სისტემა განიცდის კვდომას. მცენარე დროზე ადრე ხმება, აქედან გამომდინარე, დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიან ნიადაგებზე ნუშის კულტურა ვერ ვითარდება.

თავისი ძლიერი ფესვთა სისტემით ნუში, შესაძლებელია, ისეთ ადგილებზე გაშენდეს, რომლებზეც სხვა კულტურების გაშენება-გავრცელება შეუძლებელია. საქართველოში ძალიან ბევრია ადგილი, რომლებზეც შესაძლებელია ნუშის კულტურის წარმატებით გაშენება-გავრცელება. კერძოდ, თბილისის გარეუბანში, მცხეთა-თიანეთის, კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის მეხილეობის ზონებში.

ნერგის გამოყვანა

1.საძირე. ნუშის კულტურის საუკეთესო ნიშან-თვისებების მქონე ჯიშებისა და ფორმების შენარჩუნების მიზნით გამრავლების ძირითადი წესია ვეგეტატიურად, მყნობით გამრავლება.

უპირველესად, საჭიროა, მიღებულ იქნეს ნუშის სტანდარტული საძირეები, ვინაიდან მყნობის წარმატება და ნამყენი ნერგის გამოსავლიანობა სანამყენე კომპონენტების (საძირე, საკვირტე მასალა) ხარისხზეა დამოკიდებული. საძირე და სანამყენე (კვირტი) _ ეს ორივე ნაწილი მყნობის შემდეგ ერთ მთლიან ორგანიზმს, ნამყენ მცენარეს ქმნის და თითოეული მათგანის ცხოველმყოფელობა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც საძირეს ენიჭება. პრაქტიკაში ნუშის საძირედ გამოიყენება ტყემალი, ატამი, ჭერამი, ქლიავი; მაგრამ ნუშის ძირითად საძირედ მაინც ჩვეულებრივი ნუში (მწარე ან ტკბილი) ითვლება.

საძირე თესლნერგების მისაღებად თესლის თესვა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა პირობებში ხდება, შემოდგომაზე და ზამთრის პირას _ ნოემბერ-დეკემბერ-იანვარში, სტრატიფიცირებული თესლით კი ითესება გაზაფხულზე.

ნუშის თესლში მიმდინარეობს რთული ფიზიოლოგიური პროცესები და 30-35 დღის შემდეგ თესლი იწყებს გაღივებას, ნაჭუჭი სკდება. ითესება თებერვლის ბოლოს _ მარტის პირველ დეკადაში 100 X 20 სმ კვების არეზე 5-6 სმ სიღრმეზე. ნუშის თესლის შემოდგომით დათესვისას საჭიროა ნათესარების დაცვა მავნებლებისგან (მღრღნელი) და ფრინველებისგან.

  1. თესლის დამზადება წარმოებს აპრობირებული ჯანსაღი სადედე ხეებიდან სრულ ბოტანიკურ სიმწიფეში. გადარჩევის შემდეგ თესლი მოთავსდება მშრალ ადგილას ლასტებზე, სათავსოში, სადაც უზრუნველყოფილია განიავება. გაშრობის შემდეგ თესლი თავსდება ტომრებში და დათესვამდე ინახება.

შემოდგომაზე თესვისას თესლი სტრატიფიკაციას არ საჭიროებს. გაზაფხულზე თესვისას კი ჩატარდება სტრატიფიკაცია 65-70 დღის ხანგრძლივობით ტენიან ქვიშაში (1 წილი თესლი, 2 წილი ქვიშა) 3-5 გრადუსი ტემპერატურის პირობებში.

დახურულ ფესვთა სისტემით ნერგის გაზრდა

დახურულ ფესვთა სისტემით ნუშის ნერგის წარმოებისთვის გამოიყენება პოლიეთილენის ტოპრაკები, მცირე მოცულობის პლასტმასის ჭურჭელი, სპეციალური ქოთნები და ა.შ.; მოსახერხებელია და იაფია პოლიეთილენის ტოპრაკები ზომით 40X20 სმ.

ნაზავად გამოიყენება: ფხვიერი მიწა, მდინარის შლამი, გადამწვარი ნაკელი, ტორფი. საუკეთესო ნაზავია გადამწვარი ნაკელი და კორდის მიწა _ შეფარდებით 1:1. დასათესი ჭურჭლის ნაზავით შევსების შემდეგ იგი ირწყვება და ნუში მასში სათითაოდ ითესება 5-6 სმ სიღრმეზე.

ნერგების მოვლა ითვალისწინებს მორწყვას, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლას, ფესვურ და ფესვგარეშე გამოკვებას. გამოიყენება კრისტალონი _ 300 გრ 100 ლ წყალში. გამოკვება და შესხურება ხდება 3-ჯერ 10-10 დღის ინტერვალით.

  1. მყნობა. ნუშის მყნობა ტარდება კვირტით _ ზაფხულის ბოლოს აგვისტოს მეორე ნახევრიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე. შეხორცების შემდეგ დახურულ ფესვთა სისტემით აღზრდილი ნამყენი გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე, კვირტების ზრდის დაწყებისას, გადაირგვება ბაღში. ტრადიციულად, სანერგიდან მიღებული ნამყენის შტამბის სიმაღლე 60-70 სმ-ია.

ნუშის ბაღის გაშენება

ადგილის შერჩევა და მომზადება. ნუშის სამრეწველო ბაღის გაშენებისას, პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ სითბოს რეჟიმი, გაზაფხულის გვიანი წაყინვების საშიშროება, ნალექების რაოდენობა, ქარების სიძლიერე და მიმართულება, ნიადაგის ტიპი. ბაღებისთვის უნდა შეირჩეს ღრმა, სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი ნიადაგები. ბაღი უნდა გაშენდეს ქარებისგან ბუნებრივად დაცულ ადგილებში ან მოეწყოს ქარსაფარი ზოლები _ 3 წლით ადრე. ნაკვეთი წინასწარ უნდა გასუფთავდეს ქვა-ღორღისგან, ბუჩქნარისგან, სასურველია მრავალწლოვანი ბალახების თესვა და შემდეგ მისი ჩახვნა ორგანულ-მინერალურ სასუქებთან ერთად.

ბაღის გაშენებამდე ნიადაგი უნდა მოიხნას ღრმად 50-60 სმ-ზე, ხვნა უნდ ჩატარდეს 30 სექტემბრამდე. ძირითადი ხვნის შემდეგ ნაკვეთი უნდა მოშანდაკდეს და დაიგეგმოს. უხვი მოსავლის მიღებისა და მცენარის პროდუქტიულობის პერიოდის გახანგრძლივებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კვების არის დადგენას, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ჯიშური თავისებურება, ნიადაგური პირობები, რელიეფი და სხვ. ღრმა ნიადაგებზე კარგ შედეგს იძლევა 7X8, ღორღიან ნიადაგებზე 7 X 5 კვების არეზე გაშენება. ნუშის ნერგის დარგვა შესაძლებელია როგორც შემოდგომით, ისე გაზაფხულზე _ უპირატესობა ენიჭება შემოდგომით გაშენებას; დასარგავი ორმოები ამოიღება 40X50 სმ სიღრმეზე. დარგვის წინ ორმოებში შეიტანება ორგანულ-მინერალური სასუქები _ ნაკელი 12-15 კგ; ნიტროამოფოსკა 100-120 გრ; დარგვის შემდეგ ნიადაგი უნდა მოიტკეპნოს, გაუკეთდეს ჯამები და მოირწყას.

უხვი და მაღალხარისხოვანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია ბაღის განოყიერება მინერალური და ორგანული სასუქებით. საკვები ელემენტებიდან ნუშის კულტურას განსაკუთრებით სჭირდება ფოსფორი, კალიუმი და აზოტი. მინერალური სასუქები დადებით შედეგს იძლევა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივი გამოყენების პირობებში. მათი ეფექტი განსაკუთრებით დიდია ნაკელთან ერთად შეტანის შემთხვევაში. მინერალური სასუქების დოზებისა და ვადების დადგენა ხდება ნიადაგობრივ-კლიმატური პირობების, მცენარის ასაკის, ჯიშური თავისებურებებისა და გამოყენებული სასუქების თვისებების გათვალისწინებით.

ნუში გვალვაგამძლე კულტურაა, მაგრამ ვეგეტაციის პერიოდში მცენარის 3-4-ჯერ მორწყვა დადებით შედეგს იძლევა _ იზრდება მოსავლიანობა და უმჯობესდება ხარისხი.

სხვლა-ფორმირება. ნუში ბუნებრივად ივითარებს ცოცხისებურ, განიერ-პირამიდულ, მომრგვალო-პირამიდულ, დახრილტოტებიან ფორმის ვარჯს.

ნუშის სანაყოფე ნაზარდები არ საჭიროებს დამოკლებას. შემოდგომაზე ვარჯი უნდა გასუფთავდეს ჩახშირებული და ხმელი ტოტებისგან, რათა გაუმჯობესდეს ვარჯის განათება და სანაყოფე ტოტების სწრაფი განვითარება. ნუშის ხის გაახალგაზრდავების დროს უნდა დამოკლდეს ახალგაზრდა ტოტები და გამოიხშიროს სანაყოფე მობერებული ტოტები. გასხლული და ფორმირებული ნუშის ნარგაობა ივითარებს ჯიშისთვის დამახასიათებელ ვარჯის ფორმას.

ნუშის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა მოიცავს აგროტექნიკური, პროფილაქტიკური და ქიმიური ბრძოლის ღონისძიებების თანმიმდევრულ ჩატარებას. პროფილაქტიკური ღონისძიებებიდან აუცილებელია დაავადებული, დაზიანებული, გამხმარი ნაწილების (ტოტები, ფოთლები, ნაყოფები) შეგროვება და დაწვა, შტამბის ჩამოფხეკა, კირწყლის წასმა. მცენარეების დროული გასხვლა, ნასხლავის დაწვა, გადანაჭრებზე ბაღის მალამოს წასმა. ბრძოლის ქიმიური მეთოდებიდან ფოთოლცვენის შემდეგ შემოდგომაზე ან ზამთრის ბოლოს, კვირტების დაბერვამდე, საჭიროა, ჩატარდეს 3-4%-იანი ზეთოვანი ემულსიისა და 0,2%-იანი ბი-58 ან ზოლონის ხსნარით მცენარეების დამუშავება (3-4 ლ ზეთოვანი ემულსია + 0,2 ლ ბი-58 ან ზოლონი 100 ლ წყალში).

დაავადების წინააღმდეგ კვირტების დაბერვამდე, აუცილებელია, მცენარეებს შესხურდეს 3-4 %-იანი ბორდოს სითხე. მეორე წამლობა უნდა ჩატარდეს უშუალოდ ყვავილობის დაწყების წინ, ხოლო ყვავილობის დამთავრებისთანავე მომდევნო ორი წამლობა ტარდება 12-14 დღის ინტერვალით. ფუნგიციდებიდან გამოიყენება ანტრაკოლი, კუპროქსატი, ბორდოს ნარევი, ზატო, დელანი და სხვ., ხოლო ინსექტიციდებიდან დეცის პროფი, კოფიდორ მაქსი, კალიფსო, ფასტაკი და სხვ.

მოსავლის აღება. ნუშის საადრეო ჯიშები მწიფდება აგვისტოს პირველი დეკადიდან თვის ბოლომდე, საგვიანო ჯიშები კი _ სექტემბრის მეორე-მესამე დეკადაში. მომწიფებული ნაყოფების ლენჯო ყვითლდება და იხსნება. ეს ყველაზე კარგი პერიოდია მოსავლის ასაღებად. ჩამოცვენილი და დაკრეფილი ნაყოფი უნდა განთავისუფლდეს გარე გარსისგან, გაიშალოს მშრალ ადგილზე გაფანტულ სინათლის შუქზე. პერიოდულად უნდა მოხდეს არევა. გამშრალი, გადარჩეული საღი ნაყოფ უნდა მოთავსდეს ჰაერგამტარ ტოპრაკებში და დალაგდეს სარდაფში, რომელიც პერიოდულად ნიავდება.

იუზა ვასაძე,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;

ნუგზარ შენგელია,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here