Home რუბრიკები სამართალი «ნაცებმა» გასულ მარიამობას მიცვალებული შეიწყალეს!..

«ნაცებმა» გასულ მარიამობას მიცვალებული შეიწყალეს!..

ტყუილი ყოფილა ეს ანდაზა ან «ნაცებსავით» «მოხერხებულ» ხალხზე არ ვრცელდება, რადგანაც ანანია სალუქვაძე ა. წ. 25 აგვისტოს როგორც იქნა, «რესბალნციდან» ბადრაგის თანხლებით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს, ანუ რამდენიმე საათში მისი ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა. ეს იყო და ეს ამათი ჰუმანურობის «პრედელი», თორემ ანანია იმთავითვე, ანუ შარშან ოქტომბერში, როდესაც შეთითხნილი ბრალდებით დააპატიმრეს, მძიმე ავადმყოფი იყო.

ინფექციურში ჩემი მეგობრის გარდაცვალებამდე 15 წუთით ადრე «იქიდან» დარეკეს და ბრძანეს – ბადრაგი მოხსენით, პრეზიდენტმა შეიწყალაო!.. იქ შაშკინის უწყებას არ «დაეწერა» მიცვალებული და აქ შეწყალებულთა სია ერთი კაცით გაზარდეს. აი, ამას ჰქვია ორი კურდღლის ერთად დაჭერა, «ნაცებისთვისაც» კი ჯერჯერობით გაუგონარი ცინიზმის თანხლებით.
რა არ ვიღონე, ვინ არ შევაწუხე, რომ, იქნებ, ანანია სალუქვაძისთვის სასჯელი გადაევადებინათ.

მაგრამ – ამაოდ, მძიმე ავადმყოფს მაინც მიუსაჯეს 10 წელი. ინფექციურში როცა «ახარეს», თავისუფალი ხარო, სიმწრით გაიღიმა, ამათი დედაც და ამათი შეწყალებაც, მე ისედაც თავისუფალი ვარ, მივდივარო და… – ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები…

ის იყო დიდი მამა-პაპის ღირსეული შთამომავალი, ნიჭიერი პოეტი და პროზაიკოსი, მაგრამ ამ მხრივ ფართო საზოგადოებისთვის უცნობი, სამაგიეროდ თავისი კაცობით, ნაღდი ქალაქელობით თბილისში კარგად ცნობილი ძველი ვერელი, ყველასათვის საყვარელი კაცი.

ჩემი მეგობრის სეხნია და ბაბუა, უფროსი ანანია სალუქვაძე 1918-21 წლების პარლამენტის წევრი, მწერალი, პუბლიცისტი, ემიგრაციაში არ გაჰყოლია მენშევიკებს და სადღაც გადასახლებაში, ყაზახეთის სტეპებში, ამოხდა სული.

მისმა შვილმა, შოთა სალუქვაძემ შეუძლებელი შეძლო და მამის ტანჯული ძვლები საბურთალოს სასაფლაოზე მიაბარა მიწას და მის გვერდით მერაბ ბერძენიშვილის მიერ დაპროექტებულ აკლდამაში რამდენიმე წლის შემდეგ თავადაც პოვა განსასვენებელი.

42 წლის ვაჟკაცს, ქართული ტელევიზიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, თეატრმცოდნესა და ნიჭიერ ლიტერატორს შოთა სალუქვაძეს კომუნისტებმა გაუხეთქეს გული, ანუ ამ ოჯახის სამი თაობა სხვადასხვა დროს შეიწირა ხელისუფლებამ: ანანია უფროსი – ბოლშევიკებმა, შოთა – კომუნისტებმა და ჩემი სიყრმის მეგობარი – ნაცების ნულოვანმა ტოლერანტობამ.

დასასრულ, მკითხველს დიდის მოკრძალებით ვთავაზობ ანანიას ერთ ლექსს, რომელიც, შინაარსიდან გამომდინარე, იქნებ, ვინმეს ციხეში დაწერილი ეგონოს, მაგრამ ეს ლექსი ამ ორი წლის წინათ ჩემთან სტუმრობისას სუფრაზე ექსპრომტად დაწერა:

ძველი თბილისის

ვიწრო ქუჩებში

ზამთრის ნაგავი

ქარმა ახვეტა.

ძვირფასო, გუშინ

მართლმსაჯულებამ

გამომიტანა მაინც

დახვრეტა!

რა საჭიროა ამდენი ფიქრი

ანდა რად გინდათ

ამდენი განსჯა?

ჩასაფრებული

სიკვდილი გვიცდის,

სიკვდილი ხვედრია და

არა – დასჯა!..

და აუხსენით იმ

ძველ მეგობრებს,

ვინც იშუშებდა

ჩემთან იარებს,

რომ ცოცხალია

ის «ქუჩის ბიჭი»,

ის «ძველი ბიჭი»,

მოხეტიალე!..

 

P.S. 50-ს გადაცილებულ მძიმე ავადმყოფს რომ 10 წელიწადს მიუსჯი, დახვრეტაა, აბა, რა ოხრობაა!.. ძალიან მიმძიმს ანანიაზე წარსულ დროში საუბარი – სულ სხვა რამ ყოფილა სიყრმის ჯიგარი. ერთი მოთხრობა ლიტერატურულ ჟურნალ «ხელეურში» დავაბეჭდვინე, რის შესახებაც იცოდა, ინფექციურშიც უჩვენებიათ, მაგრამ… მომავალშიც ვეცდები, ჩემი მეგობრის ბოლომდე დაუხარჯავი ნიჭის ნაჟურის სხვა ნიმუშებიც გავხადო მკითხველისთვის ხელმისაწვდომი. ამაში ვხედავ ჩვენი მეგობრობის სიკვდილის შემდეგ გაგრძელებას. ეს იქნება ჩემი შერმადინობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here