ასეთია არჩევანი. ევროპამ კანონმდებლობა გაამკაცრა. ემიგრანტები, რომლებმაც ვერ შეძლეს ევროპაში ბინადრობის უფლების მოპოვება, სერიოზული საფრთხის პირისპირ დადგნენ. ქართველი ემიგრანტების ტკივილიანი ცხოვრების შესახებ “საქართველო და მსოფლიო” ყოველ ნომერში მოგითხრობთ. უფრო სწორად, სამშობლოდან გაქცეული ჩვენი თანამემამულეები თვითონ საუბრობენ იმ მონურ ყოფაზე, რომლის გაძლებაც უწევთ.
როგორც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების პატარებისთვის არის წარმოუდგენილი რიწის ტბის სამოთხისებრი სილამაზე, ასევე შორეულია ევროპაში დაბადებული ქართველებისთვის მათი სამშობლო.
თითქმის ყოველდღე მიწევს ურთიერთობა ევროპაში გადახვეწილ ადამიანებთან. ახლახან ერთ-ერთ მათგანს ვკითხე, ჩამოდიოდა თუ არა თავისი დეიდაშვილის ქორწილში. პასუხი მოკლე იყო: “ვერ ჩამოვდივარ… ამ ცხოვრების დედაც…”
ამ ცხოვრებამ აიძულა მთელი ოჯახი, საბერძნეთში გადახვეწილიყო. ელენე 5 წლის იყო, როცა ათენში წაიყვანეს. ახლა 8 წლისაა და, მიუხედავად იმისა, რომ სახლში ყველა ქართულად ელაპარაკება, ბევრი ქართული სიტყვის მნიშვნელობა არ ესმის და ბერძნულად უხსნიან, რას ნიშნავს, მაგალითად, “ოცდათვრამეტი”. ბერძნულად კი გამართულად საუბრობს…
ამ ოჯახს გამოძევების საფრთხე არ ემუქრება – მათ იქ მუშაობის უფლება აქვთ. მაგრამ ასეულათასობით ქართველ არალეგალს მცხუნვარე აგვისტოს გატარება ციხეში მოუწევს. ამ დროისთვის საბერძნეთის ხელისუფლება სპეციალური ბანაკების მშენებლობას დაამთავრებს და ნადირობაც დაიწყება.
ქართველი ემიგრანტები შეშფოთებას ვერ მალავენ. რა მოელით? პერსპექტივა ნულის ტოლია. საბერძნეთის ხელისუფლება მათ არჩევანს სთავაზობს – ციხე ან 1000 ევრო და ქვეყნიდან წასვლა. წინა ნომერში სალონიკის ქართული საზოგადოება “საქართველოს” პრეზიდენტი ელგუჯა მინაძე გულისტკივილით საუბრობდა იმ უყურადღებობაზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება იჩენს თანამემამულეთა მიმართ. ახლა კი, პარლამენტში გამოსვლისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, უკანასკნელი წლების მანძილზე ბევრი ქართველი გავიდა საზღვარგარეთ, რომელთაც გაუჩნდათ შვილები და ეს ბავშვები საქართველოში აუცილებლად უნდა დაბრუნდნენო.
ცინიზმი ამაზე შორს ვერ წავა! “ეს ბავშვები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ!” მათი მშობლები? და რომ დაბრუნდნენ, აქ რას სთავაზობთ ამ ბავშვების მშობლებს, რით გამოკვებონ, როგორ მისცენ განათლება შვილებს? ისეთი დედებიც ვიცი, შვილის სწავლის საფასურის გადასახდელი სახსარი რომ არ ჰქონდათ, ევროპაში გადაიხვეწნენ და ჭაპანწყვეტით მოპოვებულ ფულს უგზავნიან.
ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა თანაბრად უნდა ჰქონდეს ყველა ქართველსო, – აცხადებს პრეზიდენტი. ამ ქვეყანაში პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კი არა, არსებობის საშუალება აღარ აქვთ ადამიანებს და იმიტომ გარბიან საქართველოდან. გამოკითხეთ და გაიგებთ, რომ სამშობლოდან წასვლის სურვილით შეპყრობილია მთელი ერი.
არადა, სად გარბიხარ, როცა დამხვდური მხოლოდ ასეთ ალტერნატივას გთავაზობს – ციხე ან 1000 ევრო და ევროპული ჭიტლაყი!
ბონდო მძინარაშვილი