Home რუბრიკები ისტორია არქიეპისკოპოსი დიმიტრი – დავით აბაშიძე

არქიეპისკოპოსი დიმიტრი – დავით აბაშიძე

დიმიტრი, ერობაში დავით ილიას ძე აბაშიძე, გახლდათ თავრიზისა და სიმფეროპოლის არქიეპისკოპოსი, საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე, რუსეთის საეკლესიო კრების თავრიზის განყოფილების საპატიო თავმჯდომარე; ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება უფალს დაუკავშირა, უარი თქვა ყველა პრივილეგიაზე, რაც მას, როგორც შეძლებულ თავადიშვილს, უპრობლემოდ ჰქონდა; სამაგიეროდ მზად იყო, უყოყმანოდ გაეწირა თავი სარწმუნოების, მეფისა და სამშობლოსათვის.
დავით ილიას ძე აბაშიძე დაიბადა 1867 წლი 2 ოქტომბერს სიღნაღის რაიონის სოფელ ვეძისში (რომელიც მაშინ ტფილისის გუბერნიაში შედიოდა) ცნობილი და მდიდარი კახელი თავადის ოჯახში; 1891 წელს ოდესაში დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მაგრამ იურისტობაზე უარი თქვა და კიევის სასულიერო აკადემიას მიაშურა. პირველივე კურსზე სწავლისას, 1892 წელს, ბერად აღიკვეცა. 1896 წელს დაასრულა აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით და იმავე წელს დაინიშნა ტფილისის სასულიერო სემინარიაში მასწავლებლად. აქ მან გაიცნო სემინარიელი იოსებ ჯუღაშვილი. მოძღვარი ამაოდ ცდილობდა, რევოლუციური მოძრაობისათვის ჩამოეშორებინა ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც იმ პერიოდში პოეზიით იყო გატაცებული, გულწრფელად უმღეროდა თავის ბედკრულ ივერიას და მის აყვავებაზე ოცნებობდა. ღვთისმსახური პედაგოგის არაერთი მცდელობა ამაო აღმოჩნდა (გავა წლები და სტალინისა და მამა დიმიტრის გზები ერთხელ კიდევ შეიყრება, მათ ურთიერთობაზე ათასი მითქმა-მოთქმა გაჩნდება).

1897 წელს აბაშიძე ქუთაისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად გადაიყვანეს; ერთი წლის შემდეგ ისევ ტფილისის სემინარიაში დაბრუნდა – ამჯერად ინსპექტორად; 1900 წელს არქიმანდრიტი გახდა და ალექსანდროვის მისიონერთა სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა ვლადიკავკასთან ახლოს. 1902 წლის 23 აპრილიდან ალავერდის ეპისკოპოსი იყო, 1903-დან – გურია-სამეგრელოსი, 1905-დან – ბალტის, 1906-დან – თურქმენეთისა და ტაშკენტის, 1912-დან – თავრიზისა და სიმფეროპოლის.

პირველი მსოფლიო ომის დროს ეპარქია აქტიურად ეხმარებოდა ფრონტს, სამედიცინო დახმარებას უწევდა დაჭრილ ჯარისკაცებს. 1914 წელს აბაშიძემ გადაწყვიტა, შავი ზღვის ესკადრის რიგითი ღვთისმსახური გამხდარიყო. იგი მოხალისედ წავიდა ლინკორ “პანტელეიმონზე”, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოვდა “პანაგიით გიორგის ლენტზე”. მიუხედავად ამისა, 1915 წელს კადეტთა და ოქტომბრელთა გამოცემებში მისი საწინააღმდეგო კამპანია გაიშალა. მას ბრალს დებდნენ გერმანოფილობაში და რუსეთში გერმანული ძალადობის მხარდაჭერაში. არქიელის დასაცავად ხმა აღიმაღლეს ეპარქიის ღვთისმსახურებმა. ნ. ბორტოვსკიმ (რომელიც შემდგომ წამებით აღესრულა) გამოსცა ბროშურა, რომელშიც გამოააშკარავა “მემარცხენე პატრიოტთა” მხრიდან დიმიტრიზე ბინძური თავდასხმის ფაქტები. 1915 წელს მას თავრიზისა და სიმფეროპოლის არქიეპისკოპოსის წოდება მიენიჭა. არქიეპისკოპოსი დიმიტრი “მემარჯვენეებში” დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. იგი მზად იყო, სიამოვნებით გაეწირა თავი სარწმუნოების, მეფისა და სამშობლოსათვის. მეფის ჩამოგდების თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ მან მიმართა თავრიზის ეპარქიის მრევლს, რომ არ მისცემოდნენ სასოწარკვეთას და შეენარჩუნებინათ რწმენა: “გავუფრთხილდეთ ამ უძვირფასეს საგანძურს, ჩვენს მართლმადიდებლურ ქრისტიანულ რწმენას, რამეთუ ის ამჯერადაც დაამარცხებს ყველა მტერს; მოსპობს ყოველგვარ მზაკვრობას და ჩვენს მრავალჭირნახულ ქვეყანას ახალი ცხოვრებისკენ წაიყვანს, როგორც ეს არა ერთხელ მომხდარა ჩვენი სამშობლოს ისტორიაში”. იგი წინააღმდეგი იყო რელიგიის კერძო საქმედ გადაქცევისა, სახელმწიფოსა და სკოლისაგან ეკლესიის გამოყოფისა.

1917 წელს იგი, როგორც საეპარქიო კრების დელეგატი, მოსკოვში გაემგზავრა. აბაშიძე აირჩიეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით მართლმადიდებლური ეკლესიის მოწყობის განყოფილების თავმჯდომარედ; ღვთისმსახურებისა და ტაძრების, მონასტრებისა და ბერმონაზვნობის განყოფილებათა წევრად.

საომარ მოქმედებებში მონაწილეობისას მიღებული საბრძოლო გამოცდილება და საოცარი ბუნებრივი სიმამაცე დაეხმარა მას 1917 წლის ნოემბერში, წითელარმიელთა მიერ კრემლის აღების ტრაგიკულ დღეებში, კამჩატკის ეპისკოპოს ნესტორთან ერთად დამდგარიყო მართლმადიდებლური სიწმინდეებისა და ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად: “ჩემთვის დიდი ბედნიერება და პატივი იქნებოდა იუნკერებთან ერთად დაღუპვაო”. მონაწილეობდა საეკლესიო კრების დელეგაციაში, რომელიც მოსკოვის სამხედრო-რევოლუციურ კომიტეტს ეწვია და სასჯელის შესამსუბუქებლად შუამდგომლობდა მოსკოვში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლთ. 1918 წელს რუსეთის სამხრეთში აღმოჩნდა, სადაც 1919 წლის მაისში სტავროპოლში მონაწილეობდა სამხრეთ-აღმოსავლეთის საეკლესიო კრების ორგანიზაციაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ რუსეთის უმაღლესი საეკლესიო დროებითი სამმართველოს შექმნაში. იგი მოუწოდებდა ძმათამკვლელი ომის შეწყვეტისაკენ, ერთ-ერთ მის გზავნილში “რუსი მართლმადიდებელი ხალხისადმი” ნათქვამია: “ბევრი მძიმე ცოდვით წაიბილწა ჩვენი ხალხი ამ ცუდ დროში, როგორიცაა: შეთქმულება და ღალატი, სისხლისღვრა და ძმათაკვლა, უღმერთობა და სატანიზმი, შური და ქურდობა, გაურკვევლობა და ყაჩაღობა, უსაქმურობა და ლაყბობა… მართლმადიდებლებო! მოიკრიბეთ ძალა და გონი და ფეხზე დააყენეთ სამშობლო საქმით, სიტყვითა და აზრით, განაგდეთ თქვენგან ანტიქრისტეს ცდუნებანი, რამეთუ უფალი დაიფარავს და შეუნდობს თავის რჩეულთ”.

1918 წელს, როცა ყირიმი ცალკეული პოლიტიკური ძალების გააფთრებული ბრძოლების არენად იქცა, იგი ყირიმში დაბრუნდა. მასიური დახვრეტები, დაპატიმრებები, ქონების კონფისკაცია, გლეხებისათვის პროდუქტების წართმევა ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა. მოკლეს ოთხი მღვდელი. 1918 წლის მარტში ყირიმის აღების მუქარით უკრაინაში შეჭრილმა გერმანულმა ჯარებმა შექმნეს თავრიზის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, როგორც სუვერენული სახელმწიფო საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში. დიმიტრიმ წერილი მისწერა სრულიად რუსეთის არქიეპისკოპოს ტიხონს, რომელშიც სწორედ იმ დღეების შესახებაა მოთხრობილი. მასში გადმოცემულია ამ უდიდესი ღვთისმსახურის სულიერი განცდა და ტკივილი დატრიალებული ანტიქრისტიანული ქარიშხლის გამო, რომელიც თავს დაატყდა ყირიმის ეკლესია-მონასტრებს.

წერილის დასასრულს იგი თხოვდა პატრიარქს, ელოცა უბედური თავრიზისათვის, რომელიც მთლიანად გაპარტახდა და განადგურდა, არადა, სულ ცოტა ხნის წინათ მთელი ყირიმი წარმოადგენდა აყვავებულ და კეთილმოწყობილ მხარეს. 20-იანი წლებიდან ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტაძრებიდან თითქმის მთელი ვერცხლეულობა გაიტანეს, დაკეტეს მონასტრები და ეკლესიები. 30-იანი წლების ბოლოსთვის ყირიმში მხოლოდ ქალაქის სასაფლაოებთან და სოფლებში არსებული ეკლესიებიღა იყო მოქმედი.

ცხადია, მისი პოზიციის გამო აბაშიძეს რუსეთის ახალი მთავრობისაგან კარგი არაფერი ელოდა, მაგრამ, მიუხედავად დაჟინებული თხოვნისა თუ მოთხოვნისა, მან არ დატოვა რუსეთის საზღვრები თეთრგვარდიელებთან ერთად. მიტროპოლიტმა ანტონმა მის საქციელს “თვითმკვლელობა” უწოდა.

1922 წლის 22 ნოემბერს გაიმართა სასამართლო პროცესი. საქმე საეკლესიო საგანძურის გადამალვას ეხებოდა. რევტრიბუნალმა არქიეპისკოპოს დიმიტრის ცოდვებიც გაიხსენა. ბრალი მას პოპულარობაშიც ედებოდა – იგი მრევლის უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. წითლებს ის ტელეგრამაც ჩაუვარდათ ხელთ, რომელიც კოლჩაკის არმიისთვის აბაშიძის ფულად დახმარებას ნათელს ჰფენდა. ამჯერად, აბაშიძეს ერთი წელი მიუსაჯეს. ის მაშინვე ამნისტირებული იქნა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ისევ დააპატიმრეს და “კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის, რესპუბლიკის წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლისთვის” დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი დასამტკიცებლად სტალინს გაუგზავნეს. ამ უკანასკნელმა თავადს დახვრეტა დაპატიმრებით შეუცვალა. არავინ იცის, ეს სემინარიელი სოსო ჯუღაშვილის წყალობა იყო, თუ სსრ კავშირის “ფოლადის” მეთაურის – სტალინისა. ამ დროს არქიეპისკოპოსი დიმიტრი უკვე ავად იყო. ორი წლის წინათ სისხლდენის შემდეგ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. ავადმყოფობამ უდროოდ დააბერა. იგი საპყრობილიდან საპყრობილეში გადაჰყავდათ, ბოლოს სიმფეროპოლის ციხის საავადმყოფოში აღმოჩნდა, საიდანაც მან ყირიმის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა, რომლითაც ცდილობდა, დაერწმუნებინა თავმჯდომარე, რომ იგი არ წარმოადგენდა საფრთხეს მმართველი რეჟიმისათვის. საპრობილეში არქიელმა ორი წელი დაჰყო, დაკარგა მხედველობა. ბრმა არქიეპისკოპოსი 1924 წელს გაათავისუფლეს.

რადგან აბაშიძე ძალიან პოპულარული იყო ყირიმში და მოსახლეობის დიდი სიყვარულითა და მხარდაჭერით სარგებლობდა, ხელისუფლებამ  მას საცხოვრებლის არჩევა მისი ეპარქიის გარეთ შესთავაზა. მან კიევი აირჩია, რამეთუ აქ, ისევე როგორც მშობლიურ ივერიაში, ღვთისმშობლის წილხვედრი ადგილი ეგულებოდა. კიევი იყო მისი სულის ნავსაყუდელი. ციხიდან გამოსულმა ორი წელი იხეტიალა და კიევ-პეჩორის ლავრამდე მიაღწია, სადაც მრავალი დღის განმავლობაში პეჩორის წმ. მამების საფლავებთან ლოცვის შემდეგ სასწაული მოხდა: უფალმა მას ნაწილობრივ დაუბრუნა მხედველობა. 1926 წელს შეიმოსა სქიმით და ეწოდა ანტონი (რუსული ბერობის დამაარსებლის პატივსაცემად) და დაეყუდა ბერად ჩინეთის უდაბნოში. ამ დროს მისი სულიერი შვილი გახდა მეზობელ სენაკში მცხოვრები არქიმანდრიტი ერმოგენი (გოლუბევი), კალუგის მომავალი არქიეპისკოპოსი.

1930 წელს ლავრის დაკეტვის შემდეგ წმ. სქიმოსანი იძულებული გახდა ამქვეყნიურ ცხოვრებას დაბრუნებოდა – ცხოვრობდა კიევში, მორწმუნეთა ოჯახებში. გერმანელთა მიერ კიევის ოკუპაციის წლებში კვლავ ლავრის ქვაბულებში გადასახლდა და ლოცვები განაახლა. აქვე გარდაიცვალა 1943 წელს (ზოგიერთი ცნობით 1944 წელს). კიევში მას მიიჩნევენ განსაკუთრებულ მოღვაწედ, მლოცველად და შორსმჭვრეტ ბრძენად, ცნობილია მისი ლოცვებით განკურნების შემთხვევებიც.

როგორც ბეწვის ხიდზე, ისე გაიარა დავით აბაშიძემ ყველა რეჟიმში, მათ შორის ყველაზე არაადამიანურშიც; გაუძლო ყველა გამოცდას, სრულიად მიენდო უფალს და საკუთარ ტკივილებზე გავლით მიაღწია დიდ სულიერ თავისუფლებას.

მისი ცხოვრებიდან ჩანს, რომ ყველა მმართველი რეჟიმის (ყველაზე კაციჭამია და ყველაზე ლიბერალურისაც კი) დამარცხება შეიძლება, რომლებიც, თუმცა, სხვადასხვაგვარად, მაგრამ მაინც უქმნიან საშიშროებას ცხოვრებაში მთავარს – ადამიანის სულს.

მოამზადა

დარეჯან ანდრიაძემ

 

არასამთავრობო ორგანიზაციამ – “ისტორიული მემკვიდრეობა” გამოსცა ისტორიული დოკუმენტების კრებულთა სერია, რომელიც XVII-XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ეხება. კრებულები გამიზნულია მკითხველთა ფართო წრისათვის, რამეთუ პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე, მხოლოდ ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ასახავს წარსულ სინამდვილეს. თუკი გავითვალისწინებთ ისტორიული ფაქტებით მანიპულირების მზარდ და საშიშ ტენდენციას, გამოცემა ფრიად დროული და აქტუალურია. მსურველებს კრებულების შეძენა შეუძლიათ წიგნის მაღაზიებში. დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 38-41-97.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here