Home რუბრიკები ეკონომიკა აგვისტოში ინფლაციამ 10 პროცენტს მიაღწია, ლარს “გოცირიკებად” მონათლული კუპონის ბედის გაზიარება ემუქრება

აგვისტოში ინფლაციამ 10 პროცენტს მიაღწია, ლარს “გოცირიკებად” მონათლული კუპონის ბედის გაზიარება ემუქრება

ეროვნული ბანკი ინფლაციის ზრდას, მეორე თვეა, ადასტურებს. ქვეყნის მთავარი ბანკის ინფორმაციით, ივლისში არსებული 7-პროცენტიანი ზრდის შემდეგ აგვისტოში წლიური ინფლაცია უკვე 9,5%-მდე გაიზარდა. ამის ძირითადი მიზეზი კი სურსათის გაძვირებაა, რაც, თავის მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდამ გამოიწვია. ბანკის ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში ხორბლის საერთაშორისო ფასი 4.3%-ით, ხოლო შაქრის 13.5%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკის პროგნოზითვე, არსებული ტენდენცია ინფლაციის მოსალოდნელ ზრდაზე მიუთითებს.
წლის დასაწყისიდან დღემდე ეროვნული ვალუტა პერმანენტულად უფასურდება. 2010 წლის 1 იანვრიდან 11 მაისამდე ლარი დოლარის მიმართ 1,69-დან 1,77%-მდე (4,7%-ით) გაუფასურდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყნის ეროვნული ვალუტის გაუფასურება იმპორტს აძვირებს, ხოლო საქართველოს საგარეო ვაჭრობაში იმპორტირებული პროდუქციის წილი 75%-ს შეადგენს, ხოლო ექსპორტი – მხოლოდ 25%-ს, მაშინ ცხადი ხდება, რომ ლარის გაუფასურება ინფლაციის პირდაპირი მასტიმულირებელია.

მიმდინარე წელს დაწყებული ლარის კურსის გაუფასურება იმპორტიორებმა მალევე ასახეს პროდუქციის ფასზე. იმპორტიორები ერთიმეორის მიყოლებით ზრდიან ფასებს. პროდუქციის გაძვირების პარალელურად, 2010 წლის იანვრიდან დღემდე, ინფლაციაც ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

ფაქტია, რომ ლარის კურსის გაუფასურება პირდაპირ აისახება საქართველოში არსებული პროდუქციის უმეტესი ნაწილის გაძვირებაზე, რაც ინფლაციის ზრდას იწვევს, რომლის გამოც ეროვნული ვალუტის დაკარგული მსყიდველობითი უნარიანობა კიდევ უფრო აკნინებს მოსახლეობის ფინანსურ შესაძლებლობებს. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე მინიმალური ჩარევით ცდილობს ფონს გასვლას და ცდილობს, ლარის კურსის ფორმირება მთლიანად ბაზარს მიანდოს.

ფაქტია, რომ დოლარის მიმართ ლარის კურსის დაცემამ, ბაზარზე ფასების და, შესაბამისად, ქვეყანაში ინფლაციის დონის ზრდა გამოიწვია. საინტერესოა ამ მხრივ ეროვნული ბანკის ინერტულობა, რომელსაც ამ პროცესების შეჩერება (მისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების შემსუბუქება მაინც) ორივე ეტაპზე შეუძლია. ერთი, რომ კურსი სტაბილურად შეინარჩუნოს და მისი გაუფასურება არ დაუშვას, რაც შესაბამისად, იმპორტიორებს პროდუქციას აღარ გაუძვირებს. მეორე, თუ ლარის კურსის დადგენა სებ-ს ბაზარზე მინიმალური ჩარევით უნდა, მაშინ ინფლაციის შესამცირებლად უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში იმპორტის ხელშემწყობი პოლიტიკა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ამის გამოა, რომ დღეისათვის ქვეყანას უზარმაზარი უარყოფითი სავაჭრო დეფიციტი აქვს, რაც ერთ და ორ წელიწადში ვერ გამოსწორდება. ამ მდგომარეობიდან ქვეყნის ეკონომიკის გამოყვანა ეროვნულ ბანკს მარტოს გაუჭირდება, თუმცა მცირე შეღავათი რომ მისცეს ლარის კურსის არასტაბილურობისგან გაწვალებულ და ინფლაციისგან შემოსავალშემცირებულ მოსახლეობას, ეს მას უდავოდ ძალუძს.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეროვნულ ვალუტას უმძიმესი დრო უდგას.  “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტის, მერაბ ჯანიაშვილის განაცხადებით, ბოლო პერიოდში ლარის კურსის ვარდნა და მასთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენელთა სირაქლემის პოზა, იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ლარის კუპონიზაცია ხდება, რაც თავისთავად ლარის მიმოქცევიდან ამოღებას გულისხმობს. “დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი, უპირველეს ყოვლისა, გამოიწვევს უკონტროლო ინფლაციას. ლარის გაუფასურებით გამოწვეული პანიკა ადგილობრივ ბაზარზე ახშობს მოვლენების პროგნოზირების საშუალებას, შესაბამისად, ფასები  მაქსიმალური რისკების გათვალისწინებით დგინდება. ნებისმიერი საქონლისა და მომსახურების ღირებულება, ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან შედარებით, გაცილებით მეტი პროცენტით გაიზარდა,” – აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.

– ორი თვეა, რაც საქართველოში ინფლაციის ზრდა დასტურდება. ამას მსოფლიოში ფასების მომატებას უკავშირებენ. თქვენი აზრით, რითაა ეს გამოწვეული?

მერაბ ჯანიაშვილი:

– რა თქმა უნდა, საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე მოვლენები საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე გავლენას ახდენს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართულ ბაზრებზე შექმნილ თითქმის ყველა სექტორში მონოპოლიების წილი უფრო მეტია. ეს ყველაფერი ფასების ზრდას განაპირობებს. საერთაშორისო ბაზარზე ეს პრობლემა ასე მწვავედ არ დგას. იგი უფრო მეორეხარისხოვანია. საერთაშორისო ბაზარზე ერთადერთი, რაც გაძვირდა, ეს იყო ხორბალი. სხვა პროდუქტებზე ფასი სტაბილურია. ჩვენთან ეროვნული ვალუტის გაუფასურებამაც დიდი როლი შეასრულა ფასების მკვეთრ ზრდაში. ეროვნული ბანკი მიმდინარე პროცესებში არ ჩარეულა და, თუ არ ვცდები, ამის მერე ზუსტად სამ დღეში გააძვირეს იმპორტიორებმა პროდუქტები. იმპორტირებული პროდუქტის გაძვირებამ კი ჯაჭვური რეაქციით ადგილობრივი წარმოების გაძვირებაც გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სიტუაცია შედარებით სტაბილურია, გაზრდილი ფასები ისევ შენარჩუნდა. ფარმაცევტებმა 7-დან 15 პროცენტამდე გააძვირეს წამლები და შემდეგ მხოლოდ 3 პროცენტით გააიაფეს.

– ეროვნულ ბანკს თუ შეუძლია ამ მოვლენების შეჩერება და რა გზებით?

– ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი გააჩნია იმისათვის, რომ ინფლაცია შეაჩეროს: იგივე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით და ა.შ. როდესაც ინფლაცია ისპობა და მომენტალურად მკაცრდება პოლიტიკა, ეს იწვევს მიმოქცევაში არსებული ფულის ამოღებას და, შესაბამისად, საბანკო კრედიტების გაძვირებას. ეროვნულ ბანკს შეუძლია იმდენი ფული ამოიღოს მიმოქცევიდან, რომ ფული მხოლოდ მუზეუმებში დარჩეს საჩვენებლად, მაგრამ საკითხავია, რამდენად მისაღები იქნება ეს ეკონომიკისთვის. ეროვნული ბანკის დანაშაული უფრო ის იყო, რაც ივნისში მოხდა, რის გამოც ისე წარიმართა მოვლენები, რომ ინფლაციას სერიოზული ბიძგი მიეცა; და მეორე დანაშაულია მონოპლოზიაციის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს.

– არსებობს მოსაზრება, რომ ფასები ხელოვნურადაა გაზრდილი. თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია ეს?

– შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ერთადერთი წყარო გვაქვს, რომლითაც შეიძლება ვიმსჯელოთ. ესაა სტატისტიკის დეპარტამენტი, რომლის ობიექტურობასა და კომპეტენტურობაზე ბევრი აქამდეც თქმულა და ალტერნატიული ვარიანტი არ გაგვაჩნია, მაგრამ, როდესაც ქვეყანაში 9,5% ინფლაცია ფიქსირდება, ეს ისედაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და უნდა ვივარაუდოთ, რომ ქვეყანაში მდგომარეობა ამ მხრივ საკმაოდ სერიოზულადაა.

– თუ ინფლაციის დონე გაიზარდა, ლარის კუპონიზაცია რამდენად შეიძლება მოხდეს?

– დღევანდელ მდგომარეობაში ინფლაცია შეიძლება კიდევ გაიზარდოს, მაგრამ, როდესაც მოსავლის აღების დრო დგება საქართველოში, პროდუქტზე ფასები რეგულირდება ხოლმე. პროგნოზს ვერ გავაკეთებ, თუ რამდენად შეიძლება კიდევ გაიზარდოს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ივნისში ის საუბარი, რომელიც ლარის კუპონიზაციას შეეხებოდა, დღეს გამართლდეს. არა მგონია, სერიოზული საფრთხე შეექმნას ინფლაციის კუთხით საქართველოს იმაზე მეტი, რაც დღეს არსებობს. ის გეგმა, რაც ეროვნულ ბანკს ჰქონდა, რომ ინფლაციის დონე 6%-იან ზღვარს არ გადასცდენოდა, დღეს უკვე აქტუალური აღარაა.

 

თეო ტაბატაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here