Home რუბრიკები ეკონომიკა დემურ გიორხელიძე: თითქმის 11-პროცენტიანი ინფლაცია ჩვენთვის საგანგაშო მაჩვენებელია

დემურ გიორხელიძე: თითქმის 11-პროცენტიანი ინფლაცია ჩვენთვის საგანგაშო მაჩვენებელია

საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლების სიურპრიზებს, უკვე დიდი ხანია, შეეჩვია. გაზრდილი გადასახადები, ინფლაცია, უმუშევრობა, მოუწესრიგებელი და მოუქნელი ეკონომიკური ბაზარი, საგარეო ვალი – სწორედ ეს არის დღევანდელი ხელისუფლების შვიდწლიანი მონაპოვარი. რეალურად რა ეკონომიკური სურათია საქართველოში და უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ თუ არა სიტუაციის გაუმჯობესებას – სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე.- ხელისუფლება ნაციონალური ტელეარხების დახმარებით გაუთავებლად ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ საქართველოში ბიზნესგარემო უმჯობესდება და ვითარდება. ამის დასამტკიცებლად მოჰყავთ მსოფლიო რეიტინგები, სტატისტიკა, რომლის მიხედვით, საქართვე­ლო ხან პირველ (რეფორმატორული ქვეყანა), ხანაც მეთორმეტე ადგილზე გვევლინება (ბიზნესის კეთების სიმარტივით). მართალია, ეკონომიკაში რიცხვებს, გამოთვლებს, სტატისტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, რამდენად შეესაბამება ბოლოდროინდელი მსოფლიო რეიტინგები ქვეყნის რეალურ ეკონომიკურ სურათსა და მდგომარეობას?
– თავისთავად ის, რომ საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში მეთორმეტე ადგილზეა, ცუდი სულაც არ არის და, საერთოდ, ამდაგვარ რეიტინგებში რაც უფრო მაღალ საფეხურებზე ვიქნებით, ქვეყნისთვის უკეთესია. მაგრამ რეიტინგების დანიშნულება ერთადერთია – მიიქციოს ყურადღება და, შესაბამისად, უცხოელს გაუჩინოს ამ ქვეყანაში მოქმედების სურვილი. უცხოური ინვესტიციები და ზოგადად, უცხოელის შემოსვლა ქვეყანაში აუცილებელია, მაგრამ ეკონომიკური განვითარების საფუძველი არის არა მარტო უცხოური ინვესტიციები, არამედ შიდა რესურსების მაქსიმალური მობილიზაცია და განვითარების კვალის მიგნების მუდმივი მცდელობა. ეს გულისხმობს შიდა, ყველაზე დიდი – ადამიანური რესურსის ამოქმედებას და იმის მიღწევას, რომ ადამიანმა საკუთარი ლეგალური შრომის საფუძველზე შექმნას დოვლათი ისეთ გარემოში, სადაც, კანონიერების, კონკურენციის, სამართლიანობის თვალსაზრისით, მას პრობლემები არ შეექმნება. ეს რეიტინგები შინაგანად სწორედ ამას გულისხმობს. მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენთან რეიტინგი ერთია და რეალობა – მეორე; მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი და სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც ძალზე საგანგაშოა, 10,5%-ია. დასავლურ განვითარებულ ქვეყანაში ინფლაცია ასეთი მაღალი რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა კატასტროფის ტოლფასი. თუმცა, მათგან განსხვავებით, ჩვენ შევეჩვიეთ უმუშევრობას, ცხოვრებისეულ მიზერულ სტანდარტებს და, ბუნებრივია, ამის გამო ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს.- თქვენი შეფასებით, რამ გამოიწვია ქვეყანაში ინფლაცია, რომლის მაჩვენებელი წლის ბოლომდე ორნიშნა რიცხვი იქნება და 10,5% მიაღწევს? – სტანდარტული სქემა ასეთია: როდესაც ეკონომიკა ვითარდება, ინფლაცია არის ეკონომიკური ზრდის შედეგი. თუმცა საქართველოში მიმდინარე ინფლაცია არ არის დაკავშირებული ეკონომიკური ზრდის პროცესთან, ანუ ჩვენთან ინფლაციის გამომწვევი მიზეზები აბსოლუტურად სხვა არის. ეს შედეგია იმისა, რომ ჩვენთან არის არაკონკურენტული გარემო, უმძლავრესი მონოპოლიები. ეს ყოველივე კი ქმნის ისეთ პირობებს, როდესაც ძლიერ ჯგუფებს შეუძლიათ საკუთარი თამაშის წესების დადგენა ეგრეთ წოდებული კარტერული გარიგებების გზით. სწორედ ამის შედეგებს ვგრძნობთ დღეს საკუთარ თავზე. – როდიდან უნდა ველოდოთ რეალურად ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას?- ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება არ არის მარტო  ობიექტურ გარემოებებზე დამოკიდებული. არსებობს სხვა რეალური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. ეს იყო მსოფლიოში ბოლო ორი წლის განმავლობაში განვითარებული ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც თავისთავად იმოქმედა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, არსებულ სიტუაციაზე ზემოქმედება არ შეუძლია. მაგრამ არის ერთი რამ, რაც ჩვენს ხელშია და ეს არის ხელისუფლების ნება და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. აი, ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამ მძიმე სიტუაციიდან თავის დასაღწევად.- ამ ვითარებაში სრულიად ლოგიკური იქნება, თუ ვიფიქრებთ, რომ ფასების მუდმივი ზრდა მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება… – ამის შესახებ ბოლო ორი წლის განმავლობაში მე არა ერთ ინტერვიუში მივუთითებდი. მძლავრი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს ყველა ქვეყნის მთავრობა ცდილობდა, შეემსუბუქებინა კრიზისის შედეგები. ისე გავიდა კრიზისის დაწყებიდან თითქმის წელიწადნახევარი, რომ საქართველოს მთავრობას მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად და შესაცვლელად არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს. პირიქით, იყო განცხადებები, რომ კრიზისი საქართველოს არ შეეხება და ამ სიტუაციიდან ადვილად გამოვალთ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც თვალშისაცემი გახდა კრიზისის რეალური სურათი საქართველოში, მთავრობამ დაიწყო რაღაც ნაბიჯების გადადგმა. თუმცა ის, რაც გააკეთა, მე მიმაჩნია სრულიად არასაკმარისად (ამ კუთხით მთავრობის აქტიურობა საკმარისი რომ ყოფილიყო, უმუშევრობას მცირედით მაინც დაეტყობოდა). მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატებში ყოველთვე აკვირდებიან, თუ რამდენი ახალი განაცხადი შევიდა შემწეობის მიღებაზე. სწორედ ამ მონაცემებით ადგენენ უმუშევრების რაოდენობას. თუმცა ჩვენ ასეთი მაჩვენებლებით ჩვენი მთავრობა არ გვესაუბრება. აქ არ არსებობს ხელმოსაკიდი, რეალური მონაცემები დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, მთავრობა გეტყვის, რომ ის ყველაფერს აკეთებს. თუ ეს ასეა, მაშინ ეს ყოველივე უნდა აისახოს ისეთ მონაცემებში, რომელსაც ყველა წამყვანი ქვეყნის მთავრობა იყენებს და ეყრდნობა. მე მჭირდება ისეთი მაჩვენებლები, რომლებიც ასახავს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას რიცხვებში.- უმუშევრობა იყო და კვლავ რჩება ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად. რეგიონები ხალხისგან დაიცალა – ზოგი თბილისში წამოვიდა, ზოგმაც ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთს მიაშურა. ამ ფონზე პრეზიდენტი სააკაშვილი გაუთავებლად გვესაუბრება უცხოური ინვესტიციებით გახსნილ საწარმოებზე. თვეში ერთხელ ან ორჯერ გახსნილი ასკაციანი მცირე საწარმო რამდენად ამოიყვანს ქვეყანას უმუშევრების ჭაობიდან?- ნებისმიერ ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემის გადაჭრას მცირე და საშუალო ბიზნესი უზრუნველყოფს. ის “გაიწოვს” სამუშაოს მძებნელთა გარკვეულ რაოდენობას, რომლებსაც თავიანთი შრომისა და ნიჭის მიხედვით სურთ შემოსავლის მიღება. ყველა ქვეყანაში არის ორიენტირი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, ამ ფონზე ეს საკითხი საქართველოში იგნორირებულია. ეკონომიკის გასავითარებლად ყოველთვიურად იმდენი მცირე საწარმო უნდა იხსნებოდეს, რომელთა გახსნაზეც პრეზიდენტის მისვლა ფიზიკურად შეუძლებელი იქნება (თვეში ერთხელ გახსნილი მცირე საწარმოსგან განსხვავებით). ფინანსური ინფრასტრუქტურა არ არის ქვეყანაში, არც სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკაა მოქნილი და პრობლემაზე ორიენტირებული. რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ სახელმწიფოს საბიუჯეტო პოლიტიკაში არაფერი იყო გათვალისწინებული მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისთვის, გარდა იმ მცირე პროგრამებისა, რომლებსაც რეალური შედეგის მოტანა უმუშევრობის აღმოსაფხვრელად არ შეეძლო. სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი სფერო ფუნდამენტალურ მიდგომას მოითხოვს. რაკი ეს მიდგომა არ არსებობს, ჩვენ ამიტომაც ვბუქსაობთ ერთ ადგილზე და არ გვაქვს ხელშესახები რეალური შედეგები.         – ბატონო დემურ, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 მილიარდ 788 მილიონ ლარამდე იზრდება. ამ საგარეო ვალიდან საქართველოს 2011 წლისთვის მოუწევს 325 მილიონი ლარის გადახდა. საიდან, რა რესურსებიდან მოახერხებს ჩვენი მთავრობა ბიუჯეტიდან საგარეო ვალის დაფარვას მაშინ, როცა ინვესტორების სიხალვათე, გასული წლის მონაცემებთან შედარებით, წლეულს აშკარად შეიმჩნევა? აგრეთვე, გავითვალისწინოთ, რომ 2013 წელს საქართველოს აუცილებლად მოუწევს ნახევარი მილიარდი დოლარის ევრობონდების ვალის დაფარვა, რომელსაც პროცენტიც ემატება…- როგორც ვიცი, პროცენტების გადახდა უკვე მიმდინარეობს. ყოველ შემთხვევაში ის ძირითადი თანხა, რაც ევრობონდებიდან არის მოზიდული, 500 მილიონი დოლარია. 2013 წელს კი ამხელა ვალის ერთიანად გადახადის შესაძლებლობის რესურსს დღეს ვერ ვხედავ. რაც შეეხება საგარეო ვალს. სამწუხაროდ, საქართველოს საგარეო ვალი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდა. ჩვენნაირი სუსტი ეკონომიკის პირობებში საგარეო ვალის ასეთი სწრაფი ზრდა არავითარ შემთხვევაში სასურველი არ არის. ამ შემთხვევაში, ბიუჯეტს დიდი დაწოლა ექნება ვალის მომსახურებისთვის. ჩვენ უკვე ვიცით ამის მაგალითები მსოფლიო პრაქტიკიდან. რამდენიმე წლის წინათ ისეთი წარმატებული ქვეყანაც კი, როგორიც ირლანდია იყო, დღეს დეფოლტის წინაშე დგას და საქართველოს ამ პირობებში მეტი სიფრთხილე სჭირდება, რადგან ვალის აღება იოლია, გასტუმრება კი – რთული.

ესაუბრა

ოთარ დალაქიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here