საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალი ამჟამად 15,3 მილიარდი დოლარია და ეს თანხა ჩვენი, მოქალაქეების, ჯიბიდან არის გადასახდელი, ამას თუ დავუმატებთ ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან გამოტანილ სესხებს, რომლითაც მოქალაქეების დიდი უმრავლესობა სარგებლობს, ნათლად წარმოჩნდება, რა საშინელ სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობაშია ადამიანების უმრავლესობა…
საქართველოს მოსახლეობა, რაც დრო გადის, მით მეტად ხდება ბანკის სესხებზე დამოკიდებული. თუ განვითარებულ ქვეყნებში კრედიტს კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად იყენებენ, საქართველოში სესხს ადამიანები ყოველთვიური ხარჯების გასასტუმრებლად იღებენ. სპეციალისტები ამ პროცესს საგანგაშოს უწოდებენ და ამბობენ, რომ სესხების რაოდენობის სწრაფი მატება ეკონომიკის დაბალი ზრდით არის განპირობებული. ამის თაობაზე იუწყება ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეების საინფორმაციო პორტალი commersant.ge
“კრედიტ–ინფოს” აღმასრულებელი დირექტორის _ სანდრო გომიაშვილის ინფორმაციით, მისი ორგანიზაციის ბაზაში საკრედიტო ჩანაწერების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2016 წლის იანვარში ბაზაში 12 500 000 ჩანაწერი იყო, 2017 წლის იანვრისთვის კი ამ მაჩვენებელმა 18 156 000-მდე მოიმატა. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში საფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების რაოდენობა 5 656 000 ერთეულით გაიზარდა. გომიაშვილის განცხადებით, ეს რეკორდული მაჩვენებელია.
“გაცემული სესხების ასეთი მაღალი ზრდა, პრაქტიკულად, არც ერთ წელს არ ყოფილა. 2016 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა დაახლოებით 4 მილიონი ერთეული იყო, 2017 წელს კი 5 655 000-ით გაიზარდა. მართალია, 18 მილიონში ზოგი სესხი უკვე დაფარულია, მაგრამ ფაქტია, რომ ზრდა დიდია. ასეთი მატება კი ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების გააქტიურებითა და საბანკო სესხების გაცემის გამარტივებით არის განპირობებული”, _ განაცხადა გომიაშვილმა.
ამჟამად “კრედიტ-ინფოს” ბაზაში 2 365 000 ფიზიკურ პირსა და 66 000 იურიდიულ პირზე არსებობს ჩანაწერი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ტიპის საკრედიტო ვალდებულება სწორედ ამდენ ადამიანს აქვს. ბოლო აღწერით საქართველოში სულ 3 720 400 ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად, გამოდის, რომ სესხით მოსახლეობის დაახლოებით 63,5% სარგებლობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 20 წლამდე ადამიანებზე სესხს, პრაქტიკულად, არც ერთი საფინანსო სტრუქტურა არ გასცემს, 70 წლის ზემოთ მყოფები კი კრედიტს აღარ იღებენ, გამოვა, რომ აქტიური მოსახლეობის 97%-ს სესხი ამძიმებს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 20-დან 70 წლამდე 2,428 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ექსპერტთა აზრით, გაცემული სესხების ასეთი რეკორდული მატება განპირობებულია ქვეყანაში ზოგადი ეკონომიკურ-სოციალური ფონის გაუარესებით. თუმცა მატება, შესაძლოა, კომერციული სტრუქტურები მიერ სესხების რესტრუქტურიზაციითაც იყოს განპირობებული.
პრობლემა არის ის, რომ გაცემული 5,6 მილიონი სესხიდან ნახევარზე მეტი შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც მოსახლეობის მიმდინარე საჭიროებებს ემსახურება და არა მათი კეთილდღეობის ზრდას. ეს სესხები იპოთეკასა და განვადებაზე რომ იხარჯებოდეს, კარგი იქნებოდა, რადგან მოსახლეობა გაიუმჯობესებდა პირობებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ამ სესხების დიდი ნაწილი მიდის მიმდინარე ხარჯების ანაზღაურებაზე, ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, კომუნალური გადასახადის გადახდაზე და ა.შ. ეს ძალიან ცუდია. სესხს იღებენ მიმდინარე დეფიციტის დასაფინანსებლად, რომელიც გამოწვეულია ლარის გაუფასურებით და იმით, რომ ეკონომიკა ნელი ტემპით ვითარდება.
უნიათო მთავრობის ხელში რა გასაკვირია ,რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ვალებში იხრჩობა…ხალხიდუმს,დაბეჩავებული და ყიველდღიური საზრუნავით ქანცგაწყვეტილი, უემოციო ხალხი.