Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ დაიშალა კორეული “ნაცმოძრაობა”?

რატომ დაიშალა კორეული “ნაცმოძრაობა”?

480

ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო სამხრეთ კორეასთან”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის გაზაფხულზე სეულის ბირთვულ სამიტში მონაწილეობის მიღების შემდეგ. მაშინ ვერავინ გაიგო, რა უნდოდა იმ სამიტზე ან რა გვაქვს კორეელებთან საერთო, თუმცა გარკვეული პარალელების გავლების შესაძლებლობა ხანდახან მართლაც ჩნდება _ ბოლო დროს სამხრეთ კორეის ყოფილი სახელისუფლო პარტიის ხელმძღვანელობა, ისევე, როგორც ნაციონალების ნაწილი საქართველოში, ცდილობს, არაპოპულარული ლიდერისგან და მასთან დაკავშირებული ნეგატივისგან გათავისუფლდეს.

1963-ში გენერალმა პაკ ჩონ ჰიმ ჩამოაყალიბა დემოკრატიული რესპუბლიკური პარტია, რათა საკუთარი დიქტატურისთვის პოლიტიკური დასაყრდენი შეექმნა. მას შემდეგ, რაც ის მოკლეს, ახალმა პრეზიდენტმა ჩონ დუ ჰვანმა მმართველ პარტიას სახელი შეუცვალა და სამართლიანობის დემოკრატიული პარტია უწოდა. 1990-ში, ორ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან შერწყმის შემდეგ, ის დემოკრატიული ლიბერალური პარტია გახდა, ხოლო 1995-ში ახალი კორეის პარტია ეწოდა; 1997-ში ის გარდაიქმნა დიადი ქვეყნის პარტიად; 2012-ში მას ეწოდა სენური (იგივე “სენურიდანი”, რომელიც შეიძლება ითარგმნოს, როგორც ახალი ჰორიზონტების პარტია). 2017 წლის 25 იანვარს მას გამოეყო ფუნქციონერების ნაწილი და დეპუტატების მეოთხედი, რომლებმაც მართალი პარტია შექმნეს, ხოლო დარჩენილებმა ძველ პარტიას სახელი კიდევ ერთხელ შეუცვალეს და სულ ახლახან, 8 თებერვალს თავისუფალი კორეა უწოდეს.

ყველაზე საინტერესო ჩვენთვის, ალბათ, დასკვნითი პერიოდია, რადგან ის “ნაცმოძრაობის” აქტუალურ მდგომარეობასთან ორი პარალელის გავლების შესაძლებლობას გვაძლევს. პირველად პარტიის ისტორიაში მოხდა მისი გაყოფა ორ ნაწილად, ამასთანავე, ბელადისტური ტიპის პოლიტიკური გაერთიანება ძველი ლიდერისგან გამიჯვნის აუცილებლობის წინაშე დადგა. თუ ადრე რებრენდინგი მეტწილად კოსმეტიკურ ხასიათს ატარებდა და “წარსულის ცალკეული შეცდომებისგან” გათავისუფლების ილუზიის შექმნას ემსახურებოდა, ამჟამად გარდაქმნა გაცილებით სერიოზული და მტკივნეულია. სანამ ბოლოდროინდელი კრიზისის დეტალებს ჩავუღრმავდებით, ალბათ, ერთ პარადოქსულ გარემოებას უნდა შევეხოთ, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიისთვის სახელის ანეგდოტურად ხშირ გადარქმევას, ერთი შეხედვით, ამომრჩეველთა გაღიზიანება უნდა გამოეწვია, სოციოლოგიური გამოკითხვები ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ამას მუდამ დადებითი ეფექტი მოჰქონდა, ანუ ამომრჩეველთა ნაწილი თითქოს ყველაფერს ივიწყებდა. საინტერესოა, დაივიწყებენ თუ არა ქართველი ამომრჩევლები, რომევროპული საქართველოიმ ნაციონალებმა შექმნეს, რომელთაც სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს?!

სენურის სასწრაფო რებრენდინგის მიზეზი ისაა, რომ ის ასოცირდება პრეზიდენტ პაკ კინ ჰესთან, რომლის რეიტინგი ცნობილი კორუფციული სკანდალის შემდეგ კატასტროფულად დაეცა _ 33%-დან 5%-მდე. 2016 წლის დეკემბერში მას უფლებამოსილება შეუჩერეს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ იმპიჩმენტს ხმა მისი პარტიის არაერთმა წევრმა მისცა, სკანდალმა სენურის მაინც სერიოზული დარტყმა მიაყენა. “რეალმეტრის” გამოკითხვის თანახმად, მის სავარაუდო კანდიდატს, პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ხან გენ ანს მომავალ არჩევნებში მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 15,3% დაუჭერს, ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება ოპოზიციის კანდიდატებს.

სამხრეთ კორეის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ქალის, პაკ კინ ჰეს, პოლიტიკური ბიოგრაფია ძალიან ტრაგიკულ გარემოებაში დაიწყო. 1974 წელს მამამისზე, პრეზიდენტ პაკ ჩონ ჰიზე, თავდასხმისას დაიღუპა დედამისი, ხუთი წლის შემდეგ კი მამაც მოუკლეს. საინტერესო დეტაილი: 1974 წლის თავდასხმისას პრეზიდენტი ტრიბუნასთან იდგა და მას შემდეგ, რაც მისი მომაკვდავი მეუღლე სცენიდან გაიყვანეს, მან სიტყვით გამოსვლა განაგრძო. დედის დაღუპვამ პაკ კინ ჰეს დიდი სულიერი ტრავმა მიაყენა; მას, როგორც გამოკვეთილ ინტროვერტს, ურთიერთობა მხოლოდ ვიწრო საახლობლო წრესთან ჰქონდა, უპირველეს ყოვლისა, საკმაოდ უცანური წარსულის მქონე პიროვნებასთან _ ჩხვე ტხე მინთან, რომელიც ჯერ ბუდისტი იყო, შემდეგ კათოლიკე გახდა, ბოლოს კი საკუთარი სექტა “ენსეგე” შექმნა; მისი სწავლება ქრისტიანობის, ბუდიზმისა და შამანიზმის უცნაურ კოქტეილს წარმოადგენს. ზოგადად, სამხრეთ კორეაში მსგავსი სექტები არცთუ იშვიათად იქმნება და ამ კონტექსტში შეგვიძლია ცნობილი მუნ სონ მენი გავიხსენოთ, მაგრამ პრეზიდენტმა პაკ ჩონ ჰიმ შეიტყო, რომ თვითგამოცხადებული მოძღვარი შემჩნეულია საეჭვო მაქინაციებში და ძალოვნებს მისი საქმიანობის გამოძიება დაავალა. ამის პასუხად მისმა ქალიშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პრეზიდენტი იძულებული გახდა, უკან დაეხია. როდესაც ის მოკლეს, პაკ კინ ჰე მარტო დარჩა. მის საუკეთესო (და, შესაძლოა, ერთადერთ) მეგობრად იქცა მისი სულიერი მოძღვრის ქალიშვილი ჩხვე სუნ სილი.

შემდგომ მმართველი პარტიის მესვეურებმა გადაწყვიტეს, ყოფილი პრეზიდენტის შვილი საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინათ; დიდი ალბათობით, მეგობრებმაც ურჩიეს, პოლიტიკოსი გამხდარიყო. მას შემდეგ, რაც 1998 წელს პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს, თანაპარტიელებს მალევე დაუმტკიცა, რომ მარიონეტად ვერ გადააქცევდნენ. 2004-ში პაკ კინ ჰე პარტიის თავმჯდომარე გახდა, რის შემდეგაც სენურიმ სხვადასხვა დონის არჩევნებში რამდენიმე ათეული გამარჯვება მოიპოვა და ამის გამო ახალ ლიდერს არჩევნების დედოფალი უწოდეს, თუმცა 2007-ში მან წააგო შიდაპარტიული პრაიმერი და პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში (შემდგომ კი პრეზიდენტი) ლი მენ ბაკი გახდა. ის საკმაოდ წარუმატებელი მმართველი გამოდგა; პარტიის რეიტინგი დაეცა. სიტუაციის გამოსასწორებლად პარტიაში შეიქმნა საგანგებო კომიტეტი, რომელსაც სათავეში პაკ კინ ჰე ჩაუდგა. მან პარტიის რებრენდინგი ჩაატარა, 2012-ში კი პრეზიდენტი გახდა.

მალევე გაირკვა, რომ ახალი პრეზიდენტი ცდილობს, ქვეყანა არა მინისტრებსა და მრჩევლებზე, არამედ დაახლოებული პირების ვიწრო წრეზე დაყრდნობით მართოს. მთავარ როლს მისი ძველი მეგობარი ჩხვე სუნ სილი ასრულებდა, რომელიც თავის საეჭვო ნაცნობებთან სამხრეთ კორეის პოლიტიკაზე განმსაზღვრელ ზემოქმედებას ახდენდა. პროკურატურის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ამ პირებმა გავლენა მოახდინეს ათეულობით სტრატეგიული საკითხის გადაწყვეტაზე, მაგალითად, ურთიერთობაზე ჩრდილოეთ კორეასთან, რომელსაც მოჰყვა ერთობლივი პროექტის _ “კესონის სამრეწველო რეგიონისშეჩერება. ჩხვე სუნ სილის ორი ფონდი მსხვილ ბიზნესმენებსწველიდა”. კომპიუტერში მისი სამდივნოდან აღმოაჩინეს საიდუმლო დოკუმენტები და პრეზიდენტის მეგობრების სია, რომელთა შორის იყვნენ შამანები, მკითხავები და სხვა საეჭვო პირები.

აქ ჩვენ პრეზიდენტ პაკ ჩონ ჰის მკვლელობას უნდა დავუბრუნდეთ. ის კორეის დაზვერვის ეროვნული სააგენტოს შეფმა კიმ ჯე გიუმ მოკლა. სასამართლოზე მან თქვა, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო დიქტატორის უარი, გაეგრძელებინა სექტა “ენსეგეს” თავკაცის _ ჩხვე ტხე მინის (ჩხვე სუნ სილის მამის) საქმიანობის გამოძიება. სეულში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთ მოხსენებაში, რომელიც “ვიკილიქსმა” გამოაქვეყნა, მასზე ნათქვამი იყო, რომ “ის ფლობდა სრულ კონტროლს პაკ კინ ჰეს სხეულსა და სულზე, რის გამოც მისმა შვილებმა უდიდესი სიმდიდრე მოიხვეჭეს”. ამ მოხსენების ავტორი, ამერიკელი დიპლომატი უილიამ სტენტონი აფრთხილებდა ვაშინგტონს, რომ ჩხვეს ოჯახმა (თავად “მოძღვარი” 1994-ში გარდაიცვალა) შეიძლება შეინარჩუნოს გავლენა პაკ კინ ჰეზე მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტი გახდება. ყოველივე ეს 2007 წლის პრაიმერის პერიოდში დაიწერა, მაშინ პაკ კინ ჰე დამარცხდა, მაგრამ 2012-ში სტენტონის გაფრთხილება თუ წინასწარმეტყველება ახდა.

მას შემდეგ, რაც ინფორმაცია პრეზიდენტის მეგობრებისა და მათი საქმინობის შესახებ გასაჯაროვდა, სამხრეთ კორეაში საშინელი სკანდალი დაიწყო. პრეზიდენტმა ხალხს ბოდიში სამჯერ მოუხადა, მაგრამ დემონსტრაციები მისი გადადგომის მოთხოვნით მაინც გრძელდებოდა. გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის სამ მეოთხედზე მეტი პაკ კინ ჰეს გადადგომას მოითხოვდა. ბოლოს პრეზიდენტმა სთხოვა პარლამენტს, მისი გადადგომა მიეღო, მაგრამ დეპუტატებმა საჭიროდ ჩათვალეს, ის იმპიჩმენტით გადაეყენებინათ. ახლა გადაწყვეტილება იმპიჩმენტის კანონიერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს. მან შეიძლება (ამის მცირე ალბათობა ნამდვილად არსებობს) გააუქმოს იმპიჩმენტი, როგორც ეს 2004 წელს პრეზიდენტს ნო მუ ჰენის შემთხვევაში გააკეთა, თუმცა ყველასათვის ცხადია, რომ პაკ კინ ჰეს პოლიტიკური კარიერა ნებისმიერ შემთხვევაში დამთავრებულია.

დღეს სამხრეთ კორეის ყოფილი მმართველი პარტია ცდილობს, დაშორდეს თავის ძველ თავმჯდომარესთან დაკავშირებულ ნეგატივს და ამან ნამდვილად შეიძლება გაგვახსენოსნაციონალური მოძრაობაშიგანვითარებული პროცესი, მაგრამ, გარეგნული მსგავსების მიუხედავად, ყურადღება მნიშვნელოვან განსხვავებასაც უნდა მივაქციოთ. “კორეული ნაცმოძრაობაშეიქმნა, როგორც საყრდენი დიქტატორისთვის და დასაწყისში ჩვეულებრივბელადისტურპარტიას წარმოადგენდა, მაგრამ პოლიტიკური ატმოსფეროს შეცვლისა და რეჟიმის შერბილების პარალელურად ის განვითარდა, მის შიგნით შიდაპარტიული დემოკრატიის ელემენტები გაჩნდა. პროცესი დასრულებული არ არის, მაგრამ საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ის ჩვეულებრივ თანამედროვე დემოკრატიულ პარტიად გარდაიქმნება. რაც შეეხებაქართულ ნაცმოძრაობას”, მიუხედავად იმისა, რომ ევოლუციისთვის გაცილებით ნაკლები დრო ჰქონდა, მან მაინც მოასწრო საბედისწერო შეცდომის დაშვება და იმის ნაცვლად, რომ მარცხის შემდეგ ნაწილობრივი დემოკრატიზაციისკენ წასულიყო, ნამდვილი პოლიტიკური სექტა შექმნა, სადაც ნებისმიერი განსხვავებული აზრი განიხილება, როგორც დანაშაული და ცოდვა; ეს პარტიის დაშლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა. “ნაცმოძრაობის” წარმატებული გარდაქმნა შესაძლებელი იყო, მაგრამ სააკაშვილის დიქტატორულმა მისწრაფებებმა მას ხელი შეუშალა, ამან კი “ნაცმოძრაობის” საბოლოო განადგურების ალბათობა გააათმაგა და ეს საქართველოსთვის, ალბათ, არც ისე ცუდია.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here