Home რუბრიკები პოლიტიკა რადიკალურ ისლამზე უფრო საშიში

რადიკალურ ისლამზე უფრო საშიში

647

საქართველოსგან განსხვავებით, სადაც გიულენის საგანმანათლებლო სისტემის შემოჭრას მედიისა და ხელისუფლების მხრიდან სრულიად გაუგებარი იგნორირება მოჰყვა, ხოლო თურქეთში ივლისის პუტჩზე რეაქცია ისეთი იყო, თითქოს სადღაც, ჩვენი პლანეტის გადასაკარგავში განხორციელდა და არა აქვე, ყურისძირში, აზერბაიჯანში მყისვე გამოეხმაურნენ.

ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი “კავკასიონი” 15 ივლისის მოვლენების კვალზე დაუყოვნებლივ დახურეს და მხოლოდ მას შემდეგ განაახლებინეს მუშაობა, რაც თურქი დამფუძნებლები აზერბაიჯანელებით შეცვალეს. ერთ-ერთი უმსხვილესი და პოპულარული კერძო ტელეარხი ANS-ი დახურეს, როგორც კი მან ფედჰულა გიულენისთვის ჩამორთმეული ინტერვიუს ეთერში გასვლა დააანონსა.

რა ფინანსები კვებავს გიულენისტებს?

ფედჰულას ხალხი მილიარდერად მიიჩნევს, მაგრამ ვერავინ ამბობს, საიდან, რა გზებითა და საშუალებებით შეძლო მან ამ მილიარდების დაგროვება.

ექსპერტ სემენ ბაღდასაროვის ცნობით, ფედჰულა გიულენის საგანმანათლებლო იმპერია 26 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. “ეს სკოლები და უნივერსიტეტები ოფიციალურად მუშაობენ, იხდიან გადასახადებს, შეიძლება მიახლოებით გამოვიანგარიშოთ მათი შემოსავალი და მოგება, _ ამბობს ანალიტიკოსი, _ მაგრამ სპონსორების მიერ გაწეული ხარჯები, კორპორაციებისა და კერძო პირების მიერ გაცემული ფულისა და კერძო პირების შემოწირულობების დათვლა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული”.

სპეციალისტების აზრით, მსოფლიოში გიულენისტების რაოდენობა 5 მილიონს აღწევს, ხოლო იმათი რაოდენობა, ვინც მათ თანაუგრძნობს, გაცილებით მეტია, ამიტომ ძნელდება მისი მოძღვრების წინააღმდეგ ბრძოლა, მისი საგანმანათლებლო ქსელის სხვა პრინციპებზე აგებული სისტემით ჩანაცვლება. “მართალია, გიულენის სკოლების საპირწონედ ერდოღანმა დააარსა ფონდი “მაარიფი”, მაგრამ თურქეთში არ არის იმდენი მასწავლებელი, რომ მათით ჩაანაცვლოს მსოფლიოს 164 ქვეყანაში მოქმედი გიულენის სკოლების მასწავლებელთა კოლექტივები”, _ წერს ექსპერტი აგიჰ ალესკერი.

შენ ჭამდი მათ პურს და სვამდი მათ წყალს

არის თუ არა გიულენიზმი ისლამური მოძღვრება, ანალიტიკოსი ელხან შაჰინოღლუ ასე უპასუხებს: “…გიულენიზმს ისლამთან ცოტა რამ აქვს საერთო. გიულენი ხვდება რომის პაპს, იცავს ისრაელს, ნებას რთავს ქალებს, იარონ თავსაბურავის გარეშე და მოკლე კაბით; მამაკაცებს შეუძლიათ დალიონ ალკოჰოლური სასმელები. ეს ყველაფერი კი ისლამის კანონებს ეწინააღმდეგება… გიულენის პროექტი გაუგებარია ობივატელისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც, მისი გაკონტროლება ძნელია, რადგან იგი გაზავებულია პოლიტიკურ სისტემაში”.

გიულენიზმს, _ განაგრძობს შაჰინოღლუ, _ ნარკოდამოკიდებულების მსგავსად მხოლოდ სისხლის ანალიზით თუ გაარკვევ, გარეგნული სიმპტომები არ გააჩნია _ ყველაფერი არსშია ჩაქსოვილი: “თუ ვაჰაბიტს იოლად გამოარჩევ _ მოშვებული წვერით, ქადაგებით, გიულენისტებს _ ვერაფრის დიდებით: “ამ ბიჭებში ჩიპია ჩანერგილი”.

აგიჰ ალესკერი კი ასე ახასიათებს ამ მიმდინარეობას: “ჩვენ წინაშეა სტრუქტურა, რომელიც იმართება ზემოდან ქვემოთ კიბის მსგავსი სისტემის მიხედვით. მწვერვალზე დგას გიულენი. მას მოსდევს “შვიდეულის საბჭო”, რომლის წევრები, როგორც წესი, კურირებენ გარკვეულ ქვეყნებს და პასუხს აგებენ ორგანიზაციის ყველა საქმეზე. მათ განეკუთვნებიან ქვეყნის იმამებიც. ყველა ქვეყანაში არის სხვადასხვა კატეგორიის იმამები; მაგალითად, იმამები, რომლებიც კურირებენ პოლიციას, სახელმწიფო დაწესებულებებს. ამათ გარდა, არის ქალაქის იმამი, რომელიც ქვეყნის იმამს ემორჩილება, თვითონ მას კი ემორჩილება იმამი, რომელიც საცხოვრებელ სახლებზეა პასუხისმგებელი. იმამებს ზუსტი იერარქია აქვთ დაწესებული. ამ ქსელის რომელიმე წევრს შვილი თუ შეეძინება, მას სახელს დაარქმევენ ინფორმაციის გადაცემის გზით უმდაბლესი რგოლიდან თვით გიულენამდე და ზემოდან ქვემოთ შეატყობინებენ (როგორც დირექტივას). იმის გამო, რომ თურქეთში ბავშვებს ჩვეულებრივ ორმაგ სახელს არქმევენ, უმეტეს შემთხვევაში, ერთ-ერთი სახელი გიულენია”.

აქ ერთი დეტალია საინტერესო: მეორე სახელი პასპორტში არ იწერება, რადგან მაშინ გიულენისტების გამოვლენა უადვილესი იქნებოდა.

გიულენის მოძღვრების ექსპერტები თვლიან, რომ ამ მოძრაობის ქვაკუთხედია ზნეობის, ერთგულებისა და თავდადების საკითხები. თურქული სკოლებისა და უნივერსიტეტების მოსწავლეებსა და სტუდენტებს მუდმივად შთააგონებენ, რომ ისინი არარაობანი არიან, რომ ყველაფერი, რასაც მიაღწიეს, იმ ორგანიზაციის წყალობაა, რომელსაც ერთგულებით უნდა გადაუხადონ ვალი.

სასწავლო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას ასე აღგვიწერს თურქი ხალხების კონგრესის პრეზიდენტი ედილ მარლის უულუ:

“14 წლისა პოლიციის კოლეჯში მიგაბარებენ, შემდეგ ოთხ წელიწადს პოლიციის აკადემიაში გაატარებ. 8 წლის განმავლობაში სახელმწიფო შეგინახავს. შენ მისი ძაღლივით ერთგული ხდები. სწავლების პროცესში ორი მხრიდან ახდენდნენ ჩვენს დამუშავებას. პირველები გიულენისტები იყვნენ, მეორენი _ ნაციონალისტი-თურანისტები (ალტაიდან ბოსფორამდე ერთიანი პოლიტიკური სივრცის შექმნის იდეის მიმდევარნი). თანდათან, თითქმის შეუმჩნევლად და ძალდაუტანებლად გადაგიბირებენ: ჯერ სტუმრად მიგიწვევენ. იმ მშობლების შვილები, რომელთაც ოჯახში ჩაიც კი არ აქვთ, უცებ სადღაც გაიქცევიან და საკვებით სავსე პარკებით დაბრუნდებიან. მე ვხედავდი, როგორ იწერდნენ თავიანთ ბლოკნოტებში, რამდენი დაეხარჯათ საკვების საყიდლად, რამდენი _ გზის ფულად. მაშინ ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით… შემდეგ გაირკვა, რომ შენ ჭამდი მათ პურს, სვამდი მათ წყალს, დავალებული ხარ მათგან და ვერაფერზე უარს ვერ ეტყვი.

შემდეგ გაგაგზავნიან საზაფხულო ბანაკებში, სადაც უფრო ინტენსიურად დაგამუშავებენ. გაგიჩნდება დიდ და ძლიერ სტრუქტურასთან თანაზიარობის გრძნობა, განგიმტკიცდება ნდობა მისდამი.

ბიჭებს, რომლებმაც ეს ყველაფერი გაიარეს, თითქოს ჩაენერგებათ რაღაც ჩიპი. მათ ვერ წარმოუდგენიათ, იცხოვრონ ამ თემის (საზოგადოების) მიღმა, მაგრამ, თუ ვინმე გაბედავს და გადააბიჯებს საზღვარს, მას ყველა შესაძლებლობას მოუსპობენ. თუ დაქირავებული მენეჯერია, დაითხოვენ, თუ ბიზნესმენია, ყველა ბიზნესკონტრაქტს გაუწყვეტენ და გააკოტრებენ. მათ ოჯახის დანგრევაც კი ხელეწიფებათ, რადგან თემის წევრებს ხშირად იმამები ურჩევენ, შეირთონ ისეთი ქალი, რომელიც გიულენის იდეალების თანამოაზრეა

შეიძლება ნაჯახით თავის მოკვეთა, რასაც რადიკალი ისლამისტები სჩადიან, მაგრამ შეიძლება ადამიანი სხვაგვარადაც “მოკლა”: მოუსპო სოციალური სტატუსი, დააკარგვინო სამუშაო, სახელი გაუტეხო ახლობლებსა და ნათესავებში, მოკლედ, დესოციალიზაცია მოახდინო მისი”.

გიულენისტებმა არმიაშიც შეაღწიეს, საქმეში ჩახედულნი ამტკიცებენ, რომ სამხედრო მოსამსახურე შეიძლება საგანგებოდ დაეთროთ, რათა ტვინიდან გამოერეცხათ ყურანის პრინციპების ერთგულების მცდელობაც კი. ვიცეპოლკოვნიკის ჩინამდე ოფიცრების 90 პროცენტი გიულენისტია. ისინი, უმთავრესად, ღარიბი ოჯახებიდან გამოსული ახალგაზრდები არიან, რომლებიც არმიის შემწეობით ელიტაში მოხვდნენ. ამის გამო ემადლიერებიან გიულენს.

2007 წელს თურქეთის პოლიციამ აღმოაჩინა მანამდე უცნობი ულტრანაციონალისტური ქსელი სახელწოდებით “ერგენეკონი”, რომელსაც შემდგომ “სიღრმისეული სახელმწიფო” დაარქვეს. ამ ქსელში გაერთიანებული იყვნენ არა მხოლოდ არმიისა და პოლიციის ოფიცრები, არამედ ჟურნალისტებიც და აკადემიკოსებიც, რომლებიც თურქეთში ისლამური წესების ოპოზიციის ბირთვს წარმოადგენდნენ. ასობით ადამიანი დააპატიმრეს მაშინ. ზოგიერთი მკვლევარი შემდგომ აცხადებდა, რომ შეთქმულების დამამტკიცებელი მასალები გაყალბებული იყო და, საერთოდ, საეჭვოა, იყო თუ არა ასეთი შეთქმულება. დაპატიმრების ნებართვას გიულენისტიპროკურორები გასცემდნენ. იმათ ადგილზე, ვინც მაშინ ციხეში გაამწესეს, მივიდნენ სხვები, რომელთა უმრავლესობა, ასევე, გიულენისტები იყვნენ.

ასე შეძლო ფეთჰულა გიულენმა, აეღო ყველაზე მიუდგომელი ციხესიმაგრე _ არმია, ბოლო წინაღობა, თურქეთში ძალაუფლების ხელში ჩასაგდებ გზაზე რომ იყო აღმართული.

ერთი მედლის ორი მხარე

სწორედ ასე ახასიათებენ ერდოღანსა და გიულენს ანალიტიკოსები. 2010 წლამდე ისინი ერთ მიზანს ერთგულებდნენ: დაესუსტებინათ არმიის გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ისინი ბუნებრივი მოკავშირეები იყვნენ და ასეთივე ბუნებრივი მტრები გენერლებისა, რომლებიც აღიზარდნენ ქემალ ათათურქის იდეებზე.

აქვე განვმარტოთ, რომ სამხედროების უფლებამოსილება, როგორც თურქეთის რესპუბლიკური მოწყობის დამცველებისა, ჩაწერილია კონსტიტუციაში, რაც მათ ნებას აძლევს, ნებისმიერ მომენტში ხელთ იგდონ ძალაუფლება. ისიც სათქმელია, რომ უკანასკნელ ათ წელიწადში ერდოღანმა არმიის გავლენა და პრესტიჟი მნიშვნელოვნად დააკნინა.

პოლიტიკოსსა და იმამს შორის ბზარი 2010 წლის მაისში გაჩნდა, როცა ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 6 გემი შეეცადა, გაერღვია ღაზის სექტორის ებრაელთა ბლოკადა. ამ აქციის _ “თავისუფალი ფლოტილიის” უკან იდგა თურქეთი. მაშინ ფედჰულა გიულენმა საჯაროდ დაგმო თურქეთის ხელისუფლების მოქმედება და შეაფასა, როგორც კონტრპროდუქტიული. დაპირისპირება გაღრმავდა 2013 წელს თურქეთში გამჟღავნებული კორუფციული სკანდალის კვალზე, რომელიც მასშტაბური ოპერაციის _ “დიდი ქრთამის” შედეგების გასაჯაროების შედეგად აგორდა. სკანდალში ჩათრეული აღმოჩნდნენ მნიშვნელოვანი სამინისტროების ხელმძღვანელები, ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, პირადად ერდოღანისადმი ლოიალურად განწყობილი სახელმწიფო მოღვაწენი.

იდეოლოგიური დაპირისპირება ხელისუფლებისთვის ბრძოლაში გადაიზარდა: ერდოღანმა ყოფილი მოძღვრის გავლენის ნიშნები საბოლოოდ ჩამოიბერტყა, _ მიიჩნევს პოლიტოლოგი ჯავიდ მოვსუმლი.

ამ ფონზე რის მიღწევა სურს გიულენს? ერთი შეხედვით, იგი ქადაგებს მოთმინებას, მორჩილებას, ცხოვრების სწორ წესს, მაგრამ სინამდვილეში რა სურს იმამს, არავინ იცის. ერთი რამ ცხადია: პოლიტიკურ ასპარეზზე იგი თავისი მომხრეების განსაკუთრებულ ადგილსა და როლზე აცხადებს პრეტენზიას.

გიულენის მოძრაობა, გარკვეული აზრით, “ალ ქაიდასადაისლამურ სახელმწიფოსქმედებაზე უფრო საშიშია”, _ აცხადებს ელხან შაჰინოღლუ.

ექსპერტების ერთი ნაწილის აზრით, გიულენის მიზანია იდეალური მუსლიმური სახელმწიფოს აშენება, მაგრამ სხვა ანალიტიკოსების მტკიცებით, იგი ისწრაფვის “ოქროს შთამომავლობის”, სუპერადამიანების აღსაზრდელად, რომლებიც ასეთ სახელმწიფოს შექმნიან. აღმოსავლური სიბრძნე ქადაგებს: “მტრის დამარცხება თუ გსურს, აღზარდე მისი შვილები”. აქ უნდა ვეძებოთ გიულენის საგანმანათლებლო მსოფლიო ქსელის სათავე: ასეთი სკოლების ყველაზე დიდი რაოდენობა, თურქეთის შემდეგ, აშშ-ია, სადაც მათი რიცხვი 150-ს აღწევს.

გიულენმა განუხორციელებელი პუტჩის შედეგად დათმო პოზიციები თურქეთში და ანკარისადმი ლოიალურად განწყობილ ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, მაგრამ გაიძლიერა მდგომარეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე ექსპერტები მოვლენების ასეთ განვითარებას წინასწარმეტყველებდნენ: აშშ-ში დღეს პრეზიდენტი შავკანიანი კაცია, ხვალ იქნება ქალი, ზეგ _ გიულენისტი.

დღეს აშკარაა, რომ ასეთ პერსპექტივას საფუძველი გამოეცალა.

არმაზ სანებლიძე

(უცხოურ პუბლიკაციებზე დაყრდნობით)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here