Home რუბრიკები საზოგადოება ტარას იჩქიტიძე: როგორც სნაიპერმა, სტალინგრადში 18 გერმანელი გავანადგურე, სულ კი დიდი სამამულო...

ტარას იჩქიტიძე: როგორც სნაიპერმა, სტალინგრადში 18 გერმანელი გავანადგურე, სულ კი დიდი სამამულო ომის პერიოდში _ 59 ფაშისტი

1265

1943 წლის 2 თებერვალს საბჭოთა მეომრებმა სტალინგრადის მისადგომები ფაშისტი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს. მას შედეგ 74 წელიწადი გავიდა.

სტალინგრადის ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა მეორე მსოფლიო ომში. გერმანიის მთავარსარდლობას სურდა, დაეპყრო ქალაქი სტალინგრადი და მდინარე ვოლგის მარცხენა სანაპირო, რომელზეც გადიოდა მთავარი სატრანსპორტო გზა საბჭოთა კავშირის ევროპულ და აზიურ ნაწილებს შორის. 1941 წლის დეკემბერში იმის გამო, რომ არმია მზად არ იყო ზამთარში საომრად, გერმანელთა შეტევა მოსკოვზე შეჩერდა და საბჭოთა ჯარების კონტრშეტევის შედეგად უკანაც დაიხიეს.

სტალინგრადი იყო მთავარი ინდუსტრიული ქალაქი ვოლგის სანაპიროზე, აქ გადიოდა მნიშვნელოვანი მაგისტრალი, რომელიც აერთებდა კასპიის ზღვას ჩრდილოეთ რუსეთთან. ქალაქის დაპყრობით ჰიტლერი უზრუნველყოფდა მარცხენა ფლანგის უსაფრთხოებას ჯარისთვის, რომელიც კავკასიას უტევდა.

გარდა ამ სტრატეგიული მნიშვნელობისა, სტალინგრადის დაპყრობა ჰიტლერს იმიტომაც სურდა, რომ ქალაქს სტალინის სახელი ერქვა.

1942 წლის 17 ივლისს ქალაქზე დაიწყო გერმანელთა შეტევა გენერალ ფონ ვაიხსის მეთაურობით. ამ შეტევაში გერმანელთა მხრიდან მონაწილეობდა 250 ათასი მებრძოლი, ხოლო სტალინგრადის დაცვას ხელმძღვანელობდა გენერალი ვასილ გორდოვი 187 ათასი კაცით. გერმანელებს ეხმარებოდნენ იტალიის, უნგრეთისა და რუმინეთის სამხედრო შენაერთები. სტალინგრადს აღმოსავლეთიდან იცავდა ვოლგა, მეორე მხარეს კი თავმოყრილი იყო დამატებითი ძალები ქალაქის დასაცავად, რომელსაც მეთაურობდა ვასილ ჩუიკოვი.

ქალაქის მოსახლეობა, მათ შორის, ქალები და ბავშვები, მუშაობდნენ თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობაზე. 28 ივლისს სტალინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ყველას, ვინც უკან დაიხევდა და ფრონტს მიატოვებდა, დახვრეტდნენ. 23 აგვისტოს გერმანელებმა დაბომბეს ქალაქი და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლეს. პირველი დარტყმა მიიღო 1077-ე საზენიტო პოლკმა, რომელიც, ძირითადად, ბრძოლებში გამოუცდელი ახალგაზრდა მოხალისე ქალებით იყო დაკომპლექტებული. მიუხედავად ამისა, ისინი ბოლომდე ებრძოდნენ გერმანელთა მე-16 სატანკო დივიზიას, მანამ, სანამ პოლკის 37-ვე ბატარეა არ განადგურდა. ქალაქის მოსახლეობისა და მუშებისგან შეიქმნა მოხალისეთა ბატალიონები. სტალინგრადის სატრაქტორო ქარხანა გადაკეთდა და დაიწყო ტანკების წარმოება. საბრძოლო ტექნიკა ქარხნიდან პირდაპირ ფრონტზე მიდიოდა, ისე, რომ ზოგჯერ შეღებვასა და სამიზნე მოწყობილობის დაყენებასაც ვერ ასწრებდნენ.

1942 წლის 13 სექტემბერს გერმანელებმა დაიწყეს სტალინგრადის შტურმი. თუ ადრე საბჭოთა ჯარები ქალაქის შემოგარენში იბრძოდნენ, ახლა უკვე ქუჩებში გაჩაღდა ბრძოლები, იბრძოდნენ ყველა შენობისა და სართულისთვისაც კი. ქალაქის რკინიგზის ცენტრალური სადგური ცამეტჯერ გადავიდა ხელიდან ხელში. სექტემბრის ბოლოს გერმანიამ შეტევაში ჩართო მე-6 არმიისა და მე-4 სატანკო არმიის ძალები, მაგრამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია _ სტალინგრადი ვერ დაიპყრო. ამასთანავე, გერმანელთა შეტევა შეჩერებულ იქნა კავკასიის მისადგომებთანაც…

გვესაუბრება ამ სასტიკი ბრძოლის მონაწილე, სერჟანტი ტარას იჩქიტიძე. ბატონი ტარასი, დიდი სამამულო ომის ვეტერანი, რომელიც საქართველოში არანაირი შეაღავათით არ სარგებლობს და ჩეულებრივ პენსიას იღებს, პრეზიდენტმა ორი წლის წინათ ღირსების ორდენით დააჯილდოვა, მაგრამ ამით მის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. უფრო მეტიც, გასული წლის დეკემბერში გაურკვეველი მიზეზით მოუხსნეს სოციალურად დაუცველის სტატუსი.

_ 2 თებერვალი სტალინგრადის გათავისუფლების დღეა. მას შემდეგ 74 წელიწადი გავიდა. როცა ასეთი დღეები ახლოვდება, სევდა მიპყრობს, ვნერვიულობ, ღამეები არ მძინავს, ყველა კადრი თვალწინ მიდგას. სამამულო ომში მოხალისედ წავედი. მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე. ჩემი ორი უფროსი ძმა უკვე ფრონტზე იყო და მეც მინდოდა, მებრძოლა. სკოლა დამთავრებული არ მქონდა, ომში წასვლის გადაწყვეტილება რომ მივიღე. გადაწყვეტილებას რომ აღარ შევცვლიდი, სტალინის სიტყვის მოსმენის შემდეგ მივხვდი. რადიოთი ბელადის სიტყვა მოვისმინე. ის სამშობლოს დასაცავად უხმობდა ყველას, ვისაც ბრძოლა შეეძლო, ხოლო მათ, ვისაც არ შეეძლო, მოუწოდებდა, ჯარისკაცების საკვებსა და თბილ ტანსაცმელზე ეზრუნათ

შინიდან ორჯერ გავიპარე. პირველ ჯერზე, ჩემი წლოვანება რომ შეიტყვეს, უკან დამაბრუნეს, მაგრამ შემდეგ ცდაზე წამიყვანეს. ახლაც თვალწინ მიდგას ის ამბავი, რაც გაწვევის ადგილზე ხდებოდა _ ტიროდნენ, ეთმანეთს ეხვეოდნენ, საყვარელ ადამიანებს ემშვიდობებოდნენ… ზოგს _ სამუდამოდ…

ათ ახალგაზრდასთან ერთად წამომიყვანეს ჩემი რაიონიდან თბილისში. 1942 წლის 5 მაისი იყო. დედაქალაქშიც ყველა ტიროდა, აქაც ერთმანეთს თვალცრემლიანი ემშვიდობებოდნენ. ნავთლუღის მიმღებ პუნქტში აღმოვჩნდით, თმა გადაგვპარსეს, მატარებელში ჩაგვსვეს და წაგვიყვანეს. ვფიქრობდი, სადმე გავჩერდებით და დედას წერილს მივწერ-მეთქი, მაგრამ 38 დღე-ღამე ვიარეთ და ვლადივოსტოკში ჩავედით. საბოლოოდ, კუნძულ სახალინზე ისე აღმოვჩნდი, რომ დედას წერილი ვერ გავუგზავნე.

სახალინზე ფიცი დავდეთ და მესაზღვრეების ნაწილში ჩავირიცხე. მძიმე დღეები დამიდგა. ყოველღამე, სულ ცოტა, ორჯერ მაინც განგაში ცხადდებოდა, ბევრს გვარბენინებდნენ. ცოტა ხანში მივიღეთ განკარგულება, რომ ფრონტზე უნდა წავსულიყავით. ორი თვის შემდეგ მოვხვდი კუიბიშევში, სადაც ჩვენი ნაწილი დააკომლექტეს და 62-ე არმიას შეუერთეს. დივიზია 45-ე იყო. გამოგვიცხადეს, რომ სტალინგრადში უნდა ჩავსულიყავით.

მივადექით სტალინგრადს. საშინელი სიცივე იყო, ვოლგა გაყინული დაგვხვდა, მაგრამ კატერით როგორღაც უნდა გადავსულიყავით. წინ საშინელი სურათი მოჩანდა _ ცეცხლის ალში იყო გახვეული მთელი ქალაქი.

კატერით ორასი მეტრი ძლივს გავცურეთ და უცებ ძრავა გაუფუჭდა, კატერი ყინულს ვეღარ ამტვრევდა. ოთხი საათის განმავლობაში მივცურავდით. ნაპირს რომ მივუახლოვდით, დაიძახეს, _ გადახტითო და ყველანი გადმოვხტით, მაგრამ ვოლგიდან ბევრი ვერ ამოვიდა… შევედით ცეცხლმოდებულ სტალინგრადში. ქალაქის ქუჩებში დაღუპულთა გვამები ეყარა, მათ შორის, უამრავი ბავშვისა და ქალის, დაბომბვისგან საშინელი მტვერი იდგა. იმ ღამეს არ მიძინია… დილით ჩვენთან მოვიდნენ და ბატალიონი ჩამოაყალიბეს. მეთაურად ლეიტენანტი შარიკოვი დაგვინიშნეს.

ბავშვობაში შურდულიდან კარგად ვისროდი, ამიტომ, როცა იარაღს გვირიგებდნენ, ვთქვი, კარგი სნაიპერი ვარ, ამ საქმეში გამოვდგები-მეთქი. კარაბინი მომცეს. სნაიპერის მოვალეობა ნეიტრალურ ზონაში ბრძოლაა. სტალინგრადში ქარხანა იყო, “წითელი ოქტომბერი”. სწორედ ამ ქარხნის ტერიტორიაზე ვიბრძოდი წინა ხაზზე ორ თვის განმავლობაში. 1943 წლის 14 იანვარს დამჭრეს.

გერმანელები და ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით. მათი სანგრებიდან ამოსული კვამლი ჩანდა, ხმა გვესმოდა, მაგრამ ერთმანეთს ვერ ვხედავდით, რადგან ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული. როცა გერმანელმა მესროლა, მივხვდი, რომ დამჭრა, მაგრამ სროლა მოვასწარი. დიდხანს ვიყავი მიწაზე გართხმული, მეგონა, კიდევ მესროდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოვკალი.

საველე პირობებში გაშლილ ლაზარეთში შევედი, ჭრილობა დამიმუშავეს, აუცილებელი აღმოჩნდა ჩემი ჰოსპიტალში გადაყვანა. ჩემზე უმცროსი გოგო იყო ერთი, რომელმაც, როგორც კი მოსაღამოვდა, ციგაზე დამაკრა და წამიყვანა. გზა არ იყო, ვოლგის ნაპირზე მოვდიოდით. თითქმის მთელი ღამე მატარა, 8 კილომეტრი გამოვიარეთ და ბორანთან მიმიყვანა.

მხოლოდ ჰოსპიტლიდან მოვახერხე დედისთვის სამკუთხა წერილის გაგზავნა. დედას ჩემი წერილი რომ წაუკითხავს, გონება დაუკარგავს და რამდენიმე დღის შემდეგ დაღუპულა კიდეც ახალგაზრდა ქალი. რვა თვის განმავლობაში ჩემზე არაფერი იცოდა

მალე გამოვჯანმრთელდი და ფრონტს დავუბრუნდი. ვიბრძოდი ბელორუსიაში, დიდი ბრძოლები გადამხდა დნეპროპეტროვსკში, ზაპოროჟიეში, ნიკოლაევში, ოდესაში… იქაც დამჭრეს, მერე _ პოლონეთშიც. პოლონეთი და გერმანია ფეხით მაქვს მოვლილი.

ფრონტიდან სამივე ძმა დავბრუნდით.

როგორც სნაიპერმა, სტალინგრადში 18 გერმანელი გავანადგურე, სულ კი დიდი სამამულო ომის პერიოდში _ 59 ფაშისტი. ორჯერ დაწერეს გაზეთში ჩემზე.

მას შემდეგ ბევრი კარგი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ბევრიც _ ცუდი, მაგრამ დიდი სამამულო ომის დღეები ვერაფერმა დამავიწყა.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here