Home რუბრიკები პოლიტიკა ქართული პოლიტიკის მთავარი მოჩვენება

ქართული პოლიტიკის მთავარი მოჩვენება

757

“სახლი მოჩვენებით” ინგლისურ ლიტერატურაში კარგად დამუშავებული სიუჟეტია _ ძველი შენობის ახალი მეპატრონეები ხვდებიან აჩრდილს, რომელსაც იმ ადგილთან ჩადენილი დანაშაული ან მძაფრი განცდა აკავშირებს. ის ვერა და ვერ ისვენებს, ღამღამობით დაეხეტება დერეფნებში, ოხრავს და სტუმრებსა თუ მასპინძლებს მოსვენებას არ აძლევს. ქართული პოლიტიკა ძალიან ჰგავს ასეთ “სახლს მოჩვენებით”, მთავარ მოჩვენებას კი მიხეილ სააკაშვილი ჰქვია.

გასულ კვირას ინტერნეტგამოცემა “უკრაინულმა რევოლუციამ” გამოაქვეყნა სატელეფონო მიმოწერა, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ერთ-ერთი თანაგუნდელის _ დავით საყვარელიძის. მიმოწერა შეიძლება პირობითად ორ ნაწილად გავყოთ _ დასაწყისში განიხილება უკრაინელი სამართალდამცავების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ცერცვაძის გათავისუფლების დეტალები, კერძოდ კი, ვინ წარმოჩნდება მისი ინტერესების მთავარ დამცველად _ სააკაშვილი თუ მისი ყოფილი თანაპარტიელი გივი თარგამაძე. ვინაიდან ეს თემა “ვიწროპარტიულია” და მნიშვნელობა მას მხოლოდ ამჟამინდელი თუ ყოფილი ნაციონალებისთვის აქვს, ეს მონაკვეთი შეგვიძლია გამოვტოვოთ. სიტყვამ (თარგამაძის ხსენებამ) მოიტანა და, ალბათ, ყველას გვსმენია ფრაზა “ყოფილი მზვერავები არ არსებობენ” ან “ყოფილი მეძავები არ არსებობენ” და, ალბათ, დასადგენი მხოლოდ ის არის, არსებობენ თუ არა ყოფილი ნაციონალები.

გამოჩენილმა პოლონელმა მწერალმა სტანსილავ ლემმა 1961-ში გამოქვეყნა გროტესკული რომანი “აბაზანაში ნაპოვნი დღიური”. ის აღწერს მომავლის სამყაროს, სადაც არც ომია, არც გაჭირვება, მაგრამ მთავარი გმირი (სწორედ მის დღიურს პოულობენ შთამომავლები) ვულკანური ლავით დაფარულ საიდუმლო ბუნკერში ხვდება. ის აღმოაჩენს ყველასაგან მივიწყებულ “მეხუთე პენტაგონს”, რომლის ფუნქციონერებს ჰგონიათ, რომ ისინი განაგრძობენ ომს: ბომბავენ ქალაქებს, გადაიბირებენ ჯაშუშებს, ხლართავენ ინტრიგებს და ა.შ. მაშინ, როდესაც დანარჩენ მსოფლიოს მათ არსებობაზე წარმოდგენა არ აქვს. დღევანდელი “ნაცმოძრაობა” რაღაცით ჰგავს იმ “მეხუთე(!) პენტაგონს” – მისი ხელმძღვანელები თავიანთ მიკროინტრიგებს ინერციით გლობალურ მნიშვნელობას ანიჭებენ. ერთი შეხედვით, ეს ძალზე სასაცილოა, თუმცა ლემის რომანის მთავარმა გმირმა ვერ გაუძლო ავადმყოფურ ატმოსფეროს, რომელიც ბუნკერში სუფევდა და თავი მოიკლა.

ინტერნეტში გავრცელებული ტექსტის მეორე ნაწილში საუბარია “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვაზე უზენაეს სასამართლოში. ციტატა:

საყვარელიძე: _ ბიჭები ჩამოვიდნენ თბილისიდან. მოკლედ, იმ ალავიძესა და ქათამაძეს გაეგზავნათ ამანათები და ჩაიბარეს, იქ, როგორც ვთქვით, დავუდასტურეთ, რომ თქვენ ხართ ჩვენი იმედი, მომავალი გარანტირებული გაქვთ ყველანაირად _ ასეც და ისეც, კარიერულად, ერთი _ მინისტრად, მეორე _ თავმჯდომარედ და რაღაც განსაკუთრებული კი არ გევალებათ. მოკლედ, თემა უნდა ააფეთქოთ-თქო. ზეწოლის, თვალთვალის, დატერორებისა და დაშინების რეჟიმში გვამყოფებენ და აღარ ავიტანთ ამას-თქო. ოდნავ გაახმოვანეთ და ან თუნდაც გარეთ გამოაჟონინეთ მაგ ინფორმაციას და დანარჩენს გვარამია მიხედავს-თქო. მაგათი ამბავი, ზოგადადაც ხომ ხედავთ, წასულია-თქო. თან გმირები და ხელშეუხებლებიც გამოხვალთ-თქო. მერე ტელეფონითაც მივანიშნე, რომ ჩვენ ვართ, რომ არ შეშინებულიყვნენ.

სააკაშვილი: _ ანუ იმედი გვაქვს?

საყვარელიძე: _ დარწმუნებული ვარ. გვარამიასაც ყველანაირად ეიმედება და თავისი ხაზით კონტაქტზეა. რაც მთავარია, ორივენი ამ უნიათოების მთავრობას ვერ იტანენ და ჩვენი მომხრეები არიან. უყურებენ, ჩამოეშალათ თავზე სასამართლოც და ისედაც ანგრევენ ქვეყანას”.

გვარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საუბარი შეიძლება ეხებოდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს _ პაატა ქათამაძესა და ბესარიონ ალავიძეს. ქათამაძე სააკაშვილის მმართველობის წლებში ჯერ ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო, შემდეგ _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ხოლო 2006_10 წლებში _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. რაც შეეხება ალავიძეს, ის 1999_2006 წლებში შსს-ში მუშაობდა, 2006_09 წლებში _ იუსტიციის საბჭოში, 2009_11 წლებში კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო.

ცხადია, განხილულ შემთხვევაში უდანაშაულობის პრეზუმფციით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ამასთანავე, ვიდრე ჰიპოთეზურ “ამანათებზე” მსჯელობას განვაგრძობთ, ალბათ, აუცილებელია, ორიოდე სიტყვით “რუსთავი 2”-ის საქმის მდგომარეობა აღვწეროთ.

უზენაესმა სასამართლომ დაარღვია საქმის განხილვის ვადა, რომელიც 25 იანვარს ამოიწურა. საზოგადოდ, ეს არ არის უნიკალური შემთხვევა, ასეთი რამ ამ ინსტანციაში დრო და დრო ხდება. უზენაესი სასამართლოს კოლეგიის განჩინების თანახმად, საქმეს განიხილავს არა 3 მოსამართლე, როგორც ადრე იგეგმებოდა, არამედ დიდი პალატა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნიუანსია, რადგან ამით პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებაზე მთელ სასამართლოს დაეკისრება. კოლეგიის განჩინების მიზანშეწონილობა ცალკე დისკუსიის თემაა, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარია ის, რომ განხილვის შემდომი გაჭიანურების ალბათობა საკმაოდ მაღალია. გამორიცხული არ არის, რომ ის თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. თუ ასე მოხდება, შემდეგ საქმეში ისევ პოლიტიკური ფაქტორი ჩაერთვება – საპარლამენტო არჩევნების წინ უცხოელი პარტნიორები ხელისუფლებას ლამის ღია ტექსტით მოუწოდებდნენ, “რუსთავი 2”-ისთვის ხელი არ ეხლო და, ალბათ, იგივე მოხდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ.

დროის გაჭიანურება ძალზე მნიშვნელოვანია სააკაშვილისთვის, რადგან იმ შემთხვევაში, თუ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშის ხელში გადავა და ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება, ეთერში ხშირი გამოჩენის შესაძლებლობას დაკარგავს, რის გამოც მისი გავლენა მხარდამჭერებზე შეიძლება მკვეთრად დაეცეს, რაც “ნაცმოძრაობის” დაშლის პირობებში სრული კრახის ტოლფასია. თუმცა ცხადია, უპირველესად, მას აინტერესებს სასამართლოს მიერ მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღება ან, სულ ცოტა, პროცესის დისკრედიტაცია, მთელი მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ უზენაესი სასამართლო ხელისუფლების ზემოქმედების ქვეშაა.

ამ ტექსტის გამოქვეყნებისთანავე, უმრავლესობის დეპუტატებმა სამართალდამცავებს მოუწოდეს გამოძიება დაეწყოთ. რაც შეეხება ერთ-ერთ ფიგურანტს, დავით საყვარელიძეს, მან ტელეკომპანია “იმედთან” საუბარში უარყო მიმოწერის ავთენტურობა და მიანიშნა იმაზე, რომ ის სუს-მა შეთხზა.

ორიოდე დღეში გაირკვა, რომ ჯერ კიდევ 14 იანვარს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, რომელსაც “საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების _ ბ. ალავიძისა და პ. ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართვა, რომლითაც დგინდება, რომ ხსენებულმა მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე _ უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები”.

კიდევ ერთი მონაკვეთი მიმოწერიდან:

სააკაშვილი: _ და სხვა მოსამართლეები? ხომ ბევრნი არიან და როგორ იქნება?

საყვარელიძე: _ ჯერ შემადგენლობაც არ დასახელებულა. როგორც კი დაასახელებენ, იმათაც წავემუშავებით, ვისთანაც აზრი აქვს, ვისთანაც არა და ვინც დაგვაპაშოლებს, უნდა გავაშავოთ ბოლომდე. პიარს გვარამია მიხედავს და გააფორმებს. ეგენი, ხომ იცი, ღამურებივით არიან _ ოღონდ საჯაროდ არ გამოაჭენო და მიკროფონი არ დაანახო, ხმას ვერ ამოიღებენ. ადვოკატების თავმჯდომარე ზაზაც მზადაა, რომ ბოლომდე გადაუაროს მაგათ, ენჯეოებიც მომართულნი არიან და, მოკლედ, მთელი ორკესტრი ამუშავდება.

სააკაშვილი: _ ოკ. მაგარია”.

6 თებერვალს კი გამოქვეყნდა სატელეფონო ჩანაწერი, რომლის მონაწილეთა ხმები ძალიან ჰგავს ზურაბ ადეიშვილისა და ნიკა გვარამიას ხმებს (გვარამიამ იმავე დღეს განაცხადა, რომ ადეიშვილთან ტელეფონით, ორი წელია, არ უსაუბრია). საუბრის შინაარსმა შეიძლება კიდევ უფრო გაამყაროს ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ნაციონალები მოსამართლეების მოსყიდვას ან სასურველი გადაწყვეტილების მიღებას სხვა უკანონო მეთოდების გამოყენებით ცდილობენ. ასეთ სიტუაციაში შეიძლება გაჩნდეს სერიოზული ეჭვი დიდი პალატის შემადგენლობაში ალავიძისა და ქათამაძის ყოფნის მიზანშეწონილობაზე (საუბარში ახსენებენ “ალავიძეს და იმ მეორეს”, აგრეთვე, 3 მილიონ დოლარს, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად).

ეს ისტორია, შესაძლოა, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ მოჩვენებად გადაიქცა. მას ქართულ პოლიტიკაში არსებითი ცვლილებების შეტანა აღარ ძალუძს, მაგრამ ჯერ კიდევ შეუძლია ბევრი რამ გააფუჭოს, როგორც მოჩვენებებს სჩვევიათ, “პოლტერგეისტი” მოაწყოს და ამით ყურადღება მიიპყროს. ძველ წიგნებსა და ფილმებს გავიხსენებთ, ეს ერთადერთი გზაა მოჩვენებისთვის, რომელიც ცდილობს, ადამიანები თავის ძლევამოსილებაში დაარწმუნოს. ამ ისტორიაში იმდენი აბსურდული, მეტიც, სრულიად იდიოტური რეპლიკა და დეტალია, რომ შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება: ამ საუბრებით თუ “ამანათებით” სააკაშვილი არა იმდენად კონკრეტული შედეგის მიღწევას ცდილობს, რამდენადაც პოლიტიკური “პოლტერგეისტის” მოწყობას. წინააღმდეგ შემთხვევაში იმის აღიარება მოგვიწევს, რომ ის საბოოლოდ დაემშვიდობა ადეკვატურობას.

ურთიერთობა ძებნილ სააკაშვილთან მხოლოდ და მხოლოდ სამართალდამცავების საქმეა. როდესაც მის უცნაურ განცხადებებზე (მიუხედავად იმისა, რეალურია მიმოწერა თუ არა) ამდენი დეპუტატი ამდენ კომენტარს აკეთებს, საზოგადოება შეიძლება მივიდეს დასკვნამდე, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობს, რათა განუსაზღვრელი დროით გაახანგრძლივოს იმ ბიპოლარული მოდელის არსებობა, რომლის ფარგლებში მოსახლეობამ “ქართული ოცნება” მხოლოდ იმიტომ უნდა აირჩიოს, რომ ის “ნაციონალურ მოძრაობაზე” ნაკლები ბოროტებაა. გამორიცხული არ არის, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ ის ამ მოდელის აქტუალიზებას კიდევ ერთხელ შეეცდება, რადგან ალტერნარიული სტრატეგია არ აქვს და, შესაძლოა, არც არასოდეს უფიქრია მასზე. ამ კონტექსტში განხილული ეპიზოდი შეიძლება დაუსრულებელი სერიალის ახალი სეზონის “საპილოტე სერიად” ჩავთვალოთ. თუ ეს მართლაც ასეა, ქართული პოლიტიკა უახლოეს მომავალში კვლავ წარსულის აჩრდილების ტყვეობაში დარჩება.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here