Home რუბრიკები საზოგადოება საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემები 2018 წლამდე ჩერდება

საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემები 2018 წლამდე ჩერდება

509

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემები 2018 წლამდე, დროებით ჩერდება. მაღლაფერიძის თქმით, მის მიერ დღეს წარდგენილი 3-წლიანი გეგმა სამეურვეო საბჭომ, ე.წ. ბორდმა უნდა დაამტკიცოს. 

„საჭიროა ფინანსები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც ყველა ტელევიზიას გააჩნია და ამას არა. ამიტომაც, საჭიროა, 2018 წლამდე შევაჩეროთ გადაცემები და შესაბამისი ფლატფორმა მოვამზადოთ. ჩვენ დროებით ვაჩერებთ გადაცემებს, რათა არ გაჩერდეს მაუწყებელი. ეს ჩვენი კონკრეტული გეგმა, ანალიზი და საექსპერტო დასკვნაა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. მისივე თქმით, ტელევიზიაში ყველა გადაცემა, გარდა საინფორმაციო გამოშვებებისა, უნდა გაჩერდეს და ასევე, თანამშრომლების ოპტიმიზაცია მოხდეს.

მაღლაფერიძის განცხადებით, არავის მოხსნა და არაფრის დახურვა არ იგეგმება. გამართულ პრესკონფერენციაზე მან ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ გამოხატავს რომელიმე კერძო პირის, გარკვეული ჯგუფის პოლიტიკურ ან ფინანსურ ინტერესებს.

,,ალბათ დადგა დრო, როდესაც უნდა გამოვნახოთ მცირეოდენი დრო და ვიფიქროთ ხოლმე, როგორი უნდა იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ფინანსდება ჩვენი ჯიბიდან და ერთადერთი ტელევიზიაა, რომელიც არ გამოხატავს რომელიმე კერძო პირის ან გარკვეული ჯგუფის პოლიტიკურ თუ ფინანსურ ინტერესებს, გამოხატავს და უნდა გამოხატავდეს მთელი საზოგადოების ინტერესებს. გუნდმა, ვინც ვართ მოვამზადეთ ჩვენი ხედვა, როგორც ვხედავთ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” განვითარებას. დასაწყისშივე მინდა მოვსხიპო ის აჟიოტაჟი, რომ თითქოს ჩვენ ვიღაცის მოხსნას ვაპირებთ, ან თითქოს რაღაცების დახურვას ვაპირებთ. ასეთი არც განზრახვა გვაქვს, არც სურვილი გვაქვს და რაც მთავარია, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ამის უფლებამოსილება არ გვაქვს და ყველას ვთხოვ, ამ თემებზე სპეკულაცია დავამთავროთ. ჩვენ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან თემაზე გვაქვს საუბარი – როგორი ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” გვინდა”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მოძრაობა „მწვანე მუშტის” მიერ აქცია გაიმართა, სადაც „რეალური სივრცის“ შესაძლო დახურვას აპროტესტებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here